Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სამეგრელოს მეღვინეობის რეგიონი

ნიკოლოზ გელაშვილის წიგნიდან, “მეღვინეობა” (1961) 
სამეგრელო მოიცავს: ზუგდიდის, ხობის, აბაშის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, ცხაკაიას და გეგეჭკორის ადმინისტრაციულ რაიონებს, იგი მდებარეობს საქართველოს ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში. სამეგრელოს ესაზღვრება: აღმოსავლეთით იმერეთი, დასავლეთით შავი ზღვა, სამხრეთით გურია და ჩრდილოეთით – სვანეთი და აფხაზეთი.
მევენახეობა-მეღვინეობა სამეგრელოში უძველესი დროიდანაა ცნობილი. აქ ეს დარგი ვაზის სხვადასხვა ავადმყოფობის გაჩენამდე და ფილოქსერის შემოჭრამდე ყვაოდა, ცნობილია, რომ გასული საუკუნის 80-იან წლებში ვენახების ფართობი სამეგრელოში იყო 14,200 ჰექტარი და ღვინოებიც საკმაოდ მაღალი ღირსების დგებოდა. ცნობილი ფრანგი მოგზაური ჟ. შარდენი წერს: "მეგრული ღვინო მაგარია, დიდსხეულიანი, სასიამოვნო გემოსი და ჯანმრთელობისათვის მარგებელი”-ო. შემდეგში მთელი რიგი მიზეზების გამო ვენახების ფართობი საგრძნობლად შემცირდა.
მევენახეობის აღდგენა-განვითარებას სამეგრელოში, ისევე როგორც საქართველოს სხვადასხვა მხარეში ყურადღება ექცევა მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ.
აგროკლიმატური მაჩვენებლების მიხედვით სამეგრელოს ტერიტორიას ყოფენ შემდეგ ზონებად: 1)შავი ზღვის სანაპირო, 2) დაბლობი, 3) მთისპირა და 4) მაღალმთიანი.
პირველი და მეორე ზონები მევენახეობა-მეღვინეობის თვალსაზრისით საყურადღებო არ არის, რაც იმითაა გამოწვეული, რომ აქ ნალექები გადაჭარბებულია და გრუნტის წყლები ახლოსაა. ყველაფერი ეს ძლიერ უარყოფითად მოქმედებს ვაზის კულტურისა და ღვინის ღირსებაზე. მაგრამ სამაგიეროდ ამ მხარეში ხელსაყრელი პირობების გამო ძლიერ კარგ შედეგებს იძლევა სუბტროპიკული კულტურები. არც მაღალმთიანი ზონაა ხელსაყრელი ვაზის კულტურისათვის მკაცრი კლიმატის გამო. მევენახეობა-მეღვინეობის თვალსაზრისით სამეგრელოში მხოლოდ მესამე-მთისპირა ზონაა საყურადღებო. თუმცა ამ ზონაში ნალექების რაოდენობა ნორმალურზე მეტია, მაგრამ მაინც თუ კი შერჩეული იქნება შესაფერისი დაქანებანი და ნიადაგები (რის საშუალებაც ამ მხარეში საკმაოდ მოიპოვება), შეიძლება მივიღოთ მაღალი ღირსების ღვინოები.
სამეგრელოში უმეტესად გავრცელებულია იმერული ვაზის ჯიში ცოლიკოური. იგი მდიდარია ადგილობრივი ჯიშებითაც, რომელთაგან ხარისხოვანი მეღვინეობის თვალსაზრისით განსაკუთრებით საყურადღებოა – ოჯალეში.
ცალკეული ადმინისტრაციული რაიონების მიხედვით მევენახეობა-მეღვინეობის თვალსაზრისით სამეგრელოში შემდეგი მდგომარეობაა:
1. ზუგდიდის რაიონი. ხარისხოვანი მეღვინეობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია რაიონის მთისპირა ზონა, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 70-350 მეტრამდეა. ვენახები გაშენებულია მთელ რიგ სოფლებში, რომელთაგან შედარებით დიდი მასივებია: ჯიხასკარის, ორჯონიკიძის, აბასთუმნის, ჭითაწყაროს, ახალსოფლის, გრიგოლიშის, ჭაქვინჯის, ნარაზენის, ჭკადუაშის, ჩხორიის, ოდიშისა და ზუგდიდის მიდამოებში. აქ განსაკუთრებით აღსანიშნავია ჭკადუაშისა და კორცხელ-რიყის ზონა, სადაც ცოლიკოურიდან საკმაოდ მაღალი ხარისხის ღვინო დგება.
2. წალენჯიხის რაიონი. ვენახები უმთავრესად გავრცელებულია: ხობისწყლის, ჭანისწყლისა და ენგურის ხეობების ზემო წელში, სადაც მეღვინეობის თვალსაზრისით საყურადღებოა შემდეგი სოფლები: ობუჯი, ნაკიფუ, წალენჯიხა, ფუქი, ჯგალი, საჩინო, ჯვარი, ჭალე, მუჟავა, ქალაღალი და სხვ.
რაიონში ძირითადი ვაზის ჯიშია ცოლიკოური. ადგილობრივი ჯიშებიდან საყურადღებოა: ოჯალეში, პანეში და ავშილური.
წალენჯიხის რაიონი მეტად პერსპექტიულია სამეგრელოში ხარისხოვანი მეღვინეობის თვალსაზრისით.
3. ჩხოროწყუს რაიონი. ვენახები უმთავრესად გაშენებულია მთისპირა ზონაში მდ. ხობისწყლისა და ოჩხომურის ხეობების შემდეგ სოფლებში: ახუთში, მუხურში, კირცხში, ჭოღაში, ხაბუმეში, ნაფიჩხოუში, ზუმში, ლეწურწუმეში, თაიაში, ჩხოროწყუში, ქვედა ჩხოროწყუში, ნაკიანში და ლესიჭინეში, რომელთაგან ხარისხოვანი მეღვინეობის თვალსაზრისით საყურადღებო სოფლებია: კირცხი, ჭოღა, მუხური და ლეწურწუმე. რაიონში მეტწილად გავრცელებულია ცოლიკოური.
4. ცხაკაიას რაიონი. ამ რაიონში ვენახები უმთავრესად გავრცელებულია მდ. ტეხურისა და ცივის ხეობებში.
მდ. ტეხურის ხეობაში მარცხენა ნაპირზე ვენახების ნარგაობათა მხრივ მნიშვნელოვანია სოფ. გეჯეთის მიდამოები, ხოლო მარჯვენა მხარეზე – ცხაკაიას, შხეფის, ძველი სენაკის, ნოქალაქევის, ბეთლემისა და ლეძაძამეს მიდამოები.
მდ. ცივის ხეობაში კი მარჯვენა მხარეზე მევენახეობა-მეღვინეობის მხრივ მნიშვნელოვანი სოფლები: ხორში და ზანა, ხოლო მარცხენა მხარის გაყოლებით – სოფ. ეკი, უშაფათი და ფოცხო.
ხარისხოვანი მეღვინეობის თვალსაზრისით რაიონში მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ძველი სენაკი-ნოქალაქევისა და ფოცხო-უშაფათის მიკრორაიონები.
ამ რაიონშიც ძირითადად გავრცელებულია ცოლიკოური, ძლიერ პერსპექტიულია ადგილობრივი ვაზის ჯიშებიდან ოჯალეში და ჭვიტილური.
5. გეგეჭკორის რაიონი. საწარმოო მნიშვნელობის ვენახები გაშენებულია მდინარე ტეხურისა და აბაშის ხეობების შუა და ზემოწელის მარჯვენა და მარცხენა ნაპირის გასწვრივ მთელ რიგ სოფლებში, რომელთაგან სიდიდით გამოირჩევა: სალხინოს, გეგეჭკორის, ნაგვაზაოს, ხუნწის, თამაკონის, ბანძისა და ჭოლევის მიკრორაიონები. ამ რაიონში ხელსაყრელი ბუნებრივი პირობების გამო და განსაკუთრებით ტეხურისა და აბაშის ხეობათა შუა ზონაში შესაძლებელია დამზადდეს როგორც თეთრი, ისე წითელი მაღალხარისხოვანი ღვინოები. ამ ზონაში ყურადღებას იპყრობს ადგილობრივი წითელ ყურძნიანი ვაზის ჯიში – ოჯალეში, რომელიც იძლევა თავისებურ, ორიგინალურ, ჰარმონიულ, შინაარსიან სუფრის წითელ მაღალი ღირსების ღვინოს.
აბაშისა და ხობის ადმინისტრაციული რაიონები არახელსაყრელი ბუნებრივი პირობების გამო უვარგისია მევენახეობა-მეღვინეობის წარმოების თვალსაზრისით.
საერთოდ შეიძლება ითქვას, რომ ვინაიდან სამეგრელოში უმთავრესად მიიღება შედარებით მცირე ალკოჰოლისა და ზედმეტი მჟავიანობის შემცველი ღვინოები, აქ შეიძლება დამზადდეს როგორც საკონიაკე ღვინომასალები, ისე ალაგ-ალაგ საკმაოდ მაღალხარისხოვანი ევროპული ტიპის ღვინოები, მეტადრე ოჯალეშიდან.
 
ფოტოზე: ოჯალეში
 
პუბლიკაცია ხორციელდებაღვინის კლუბისსაგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული