თამარ მღებრიშვილი
როდესაც ვფიქრობდი, საიდან უნდა დამეწყო მალხაზ ხარბედიაზე წერა, პირველად თავში ეს ლათინური სენტენცია მომივიდა - In vino veritas (ღვინოშია ჭეშმარიტება), რომელიც მისი ბიოგრაფიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაკვეთს ძალიან კარგად აღწერს.
მალხაზ (მახო) ხარბედია — მწერალი, ლიტერატურისმცოდნე, ჟურნალ არილისა და ცხელი შოკოლადის მთავარი რედაქტორი, ღვინის კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ყველას მეგობარი და ჭეშმარიტების მაძიებელი.
ბოლო წლების განმავლობაში მალხაზ ხარბედია ავტობიოგრაფიასა და ავტოფიქციაზე მუშაობდა, ამ თემას მიუძღვნა თავისი ბოლო წიგნიც „შეთხზული მე“, სადაც ძალიან ხშირად საკუთარ თავს ფრანგ ფილოსოფოსთან, რუსოსთან აიგივებდა. ბევრი ჰქონდათ საერთო, ამაზე ვრცლად წერს წიგნის ბოლო თავში „მე“-ც და გავედით“.
„რუსო იმასაც წერს, რომ ცოდნის წყურვილი ლამის მანიად, სიგიჟედ ექცა და რომ იგი სულ მუდამ ახალ ცოდნას ესწრაფოდა და დღენიადაგ ბუტბუტებდა თავისთვის, იმეორებდა რაღაცას, არადა გვახსოვს, რომ საზეპიროებს რუსო ცუდად იმახსოვრებდა, მეც ცხოვრების მანძილზე სულ 3-4 ლექსი ვიცოდი.“
რუსოზე დაწერილი ეს ტექსტი რეალურად მალხაზ ხარბედიას ხასიათს აღწერს, ცოდნის წყურვილით შეპყრობა, მანიად და სიგიჟედ ქცეული სწრაფვა ახლის შემეცნებისკენ მისი მთავარი დამახასიათებელი თვისებები იყო.
ბოლო დღეების განმავლობაში ათობით და ასობით ტექსტი დაიწერა მალხაზ ხარბედიას შესახებ, ახლა ის ადამიანები, რომელთა ნაწერებსაც დიდი ენთუზიაზმით კითხულობდა, მის შესახებ წერენ „რომ არა მალხაზ ხარბედია...“ და ყველაფერი ნათქვამია.
ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის არილმა 2022 წელს პრემია საბაც მიიღო, რაც კიდევ ერთი დადასტურება იყო იმისა, რომ 90-იან წლებში დაარსებული ჟურნალი, რომლის სახელწოდებაც ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით რაიმეზე დამდგარ მზის შუქს აღნიშნავს, წლების განმავლობაში ნამდვილად ანათებდა მთელ ქვეყანაში ჩამოწოლილ სიბნელეს.
ვინ იყო მალხაზ ხარბედია ქართული ლიტერატურისთვის ამაზე ვრცლად და ძალიან ბევრჯერ დაიწერება, მე კი მინდა ამჯერად იმაზე ვისაუბრო, თუ ვინ იყო მალხაზ ხარბედია ქართული ღვინისთვის.
ყველაფერი 2000-იანი წლებიდან იწყება, როდესაც მალხაზ ხარბედიამ ვაზისა და ღვინის შესახებ ყოველკვირეული გაზეთის (ჟურნალის) დაარსებაზე დაიწყო ფიქრი. 2005 წელს, როდესაც გაზეთ „24 საათის“ კულტურის რედაქტორი იყო, მამუკა ფაჩუაშვილთან ერთად გადაწყვიტა, რომ გაზეთს ახალი რუბრიკა დამატებოდა, სადაც ვაზისა და ღვინის შესახებ სტატიები დაიბეჭდებოდა.
ხშირად წერენ, რომ მალხაზ ხარბედია უკომპრომისო იყოო, არ უყვარდა დათმობები, დაუსრულებელი საქმეები და ბუნებრივია, რომ ღვინის ამბავიც ლოგიკურად გაგრძელდა.
2006 წელს ჯერ გაზეთი „მარანი“ შეიქმნა, რომელზეც თამუნია სუხიაშვილთან, ნანა კობაიძესთან, ინა არჩუაშვილთან, თამაზ ჩხეიძესთან, ირმა იანტბელიძესთან, ქეთი ადეიშვილთან და ალეკო ცქიტიშვილთან ერთად მუშაობდა.
2007 წელს გაზეთ „მარანის“ საფუძველზე გაკეთდა საიტი და ღვინის ფორუმი, სადაც თავი მოიყარეს ყველაზე აქტიურმა მევენახე-მეღვინეებმა, ენთუზიასტებმა, ღვინის ჟურნალისტებმა, იმ ადამიანებმა, რომლებსაც აინტერესებდათ და სჯეროდათ, რომ ქართული ღვინო ახალ გზას იპოვიდა.
2009 წელს დაფუძნდა კლუბიც და ამ იდეის განხორციელებაში მალხაზთან ერთად იყვნენ ანა ჭეიშვილი, სოლიკო ცაიშვილი, იაგო ბიტარიშვილი, ალეკო ცქიტიშვილი, ავთო კობახიძე, ალექსი შავგულიძე, გიორგი სიმონგულაშვილი, დიტო კობეშავიძე, გივი აფაქიძე. ამავე წელს გადაწყდა ფესტივალის ჩატარებაც, რომელსაც დღეს „ახალი ღვინის ფესტივალის“ სახელით ვიცნობთ.
მალხაზ ხარბედია ამბობდა, რომ ამ ფესტივალის მთავარი იდეა და პრინციპი თანასწორობა და ერთიანობა იყო, რაც წლების განმავლობაში უცვლელად შეინარჩუნა.
უკვე 2014-2015 წლებში ღვინის საინფორმაციო ცენტრიც დაარსდა, სადაც ყოველდღიურად ქართული და უცხოური ღვინის შესახებ იწერებოდა.
ახალი ღვინის ფესტივალთან ერთად მალხაზ ხარბედიას სახელთანაა დაკავშირებული შემდეგი ფესტივალები: „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ და „ცქრიალა ღვინის ფესტივალი“, რომლებიც დღემდე იმართება.
2012 წლიდან ღვინის კლუბმა ახალი პროექტების განხორციელება დაიწყო, მათ შორის იყო ღვინის გზამკვლევის რამდენიმე გამოცემა, პროექტი "ღვინის სოფელი", "Wine Passport".
2019 წელს, კოვიდ პანდემიის დროს, როდესაც ქვეყანა და ცხოვრება თითქოს გაჩერდა, მალხაზ ხარბედია არ გაჩერებულა. თითქმის სამი წლის განმავლობაში მუშაობდა წიგნზე “წიგნის ნადიმები” (ესეები ლიტერატურულ გასტრონომიაზე), რომელიც 2021 წელს გამოიცა. ამავე წელს დაიბეჭდა ესეები ლიტერატურულ პანდემიებზე „თხრობა და განკურნება“, რომელშიც ასეთი თავი გვხვდება — „სმა იზოლაციაში“. აქ მალხაზ ხარბედია წერს:
„ამ ქვეყანაში ხომ ერთად სმა გვიყვარს, თითქმის ყოველთვის ვუჭახუნებთ ჭიქებს, ეს კი სიმბოლურად ნიშნავს, რომ ერთი ჭიქიდან მეორე ჭიქაში უნდა გადაიქცეს ღვინო, ურთიერთზიარება მოხდეს. დამტკიცდეს, რომ არ ვთაკილობთ ერთმანეთს. ვსვამთ განსხვავებულებს, ყველანი ერთი სასმისიდან, ხანდახან წყვილი სასმისითაც. ორ გუნდად ვიყოფით. ვსვამთ ვახტანგურებს, შემდეგ ვკოცნით ერთმანეთს. ზოგადად, სიმთვრალეში ბევრს ვიკოცნებით. ახლა კი იძულებულნი ვართ, მარტო ვსვათ, კოცნების გარეშე.“
თამარ ბაბუაძესთან ინტერვიუში ამბობს, რომ ჰედონისტია, თან მარტოობის მოყვარული, მაგრამ ურთიერთობებზე შეყვარებულიც, ურთიერთობებზე, რომლებშიც სიყვარულია, განსხვავებულების დალევაა, ვახტანგურებია, ბევრი კოცნა და ურთიერთზიარებაა.
მალხაზ ხარბედია თვითონაც აყენებდა ღვინოებს, ბოლო წლებში ჩარდახში „გადასახლდა“, სადაც ვაზს უვლიდა, წიწკანებს აფრთიანებდა და თავისუფლების გზაზე უშვებდა. თავის ღვინოს „კალამი / Calamus Wines“ დაარქვა, დიქოტომიური შინაარსი მოუძებნა — ვაზის კალამი და საწერი კალამი, ანუ ის, რასაც ცხოვრება მიუძღვნა.
კიდევ ბევრი რამაა მალხაზ ხარბედიას შესახებ სათქმელი, დასაწერი და მოსაყოლი, ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასააზრებელი, რასაც დრო მისცემს მიმართულებას.
მანამდე კი, როგორც თვითონ იტყოდა „ჩვენი დევიზი უცვლელია: „ყველა ღვინისათვის, ღვინო ყველასათვის!“
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი