- გვიამბეთ თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ, რომ მეღვინე გამხდარიყავით?
- ყველაზე ხშირად ჩემი თაობის ადამიანებს ესმოდათ, რომ ესა და ეს ადამიანი ამდენ ღვინოს სვამდა, ამა და ამ ადამიანს ამდენი ღვინო აქვს ოჯახში და ა.შ. სულ მიკვირდა ამდენ ლიტრს როგორ აკეთებდნენ ან საიდან ჰქონდათ, რადგან რამდენი ყურძენიც არ უნდა მოეწიათ, ე.წ. მარნებში უნდა ჩაებარებინათ. როდესაც ვკითხულობდი, რატომ ხდებოდა ასე, მპასუხობდნენ, რომ აუცილებელი იყო, რადგან კოლექტივის ვენახები იყო, ასევე თავიანთ ეზოში მოყვანილ ყურძენსაც მიაყოლებდნენ, შემდეგ კი დღეები იყვნენ რიგში, რათა ყურძენი ჩაებარებინათ, შემდეგ კი თვეები ელოდნენ კაპიკების აღებას. ამ ყველაფრის პარალელურად მარნებიდან ჭაჭა მოჰქონდათ და რას აკეთებდნენ ყველას კარგად მოგვეხსენება.
როდესაც წამოვიზარდე და ყველაფერი დეტალურად გავიაზრე, მივხვდი, რომ იმ დროში ეს თავის გადარჩენის ერთ-ერთი შანსი იყო. ვფიქრობ, 80-იანმა და 90-იანმა წლებმა საერთოდ გაანადგურა ღვინის კულტურა იმერეთში. ბავშვობიდან მოყოლებული სულ ვფიქრობდი, რომ ოდესღაც შევძლებდი ჩემი მცირე მარანი მქონოდა და ჩემს ვენახებში მოწეული ყურძნისაგან დამემზადებინა ღვინოები. ამ ყველაფერს კი ის ჰქონდა საფუძვლად, რომ ჩემი ყველა წინაპარი ამზადებდა ოჯახში ღვინოებს და ეს კულტურა საუკუნის განმავლობაში არსებობდა ჩვენს ოჯახში, ოთხი ერთეული ქვევრი ჰქონდათ, რომლებიც დღემდე არსებობს. მინდოდა, ჩემი შრომა ყველასთვის მოტივაციის მიმცემი ყოფილიყო და ამ მონდომებას ვინმე დაეფიქრებინა. მცირე მარნების არსებობა ზრდის ცნობადობას, აყალიბებს ღვინის კულტურას, წარმოაჩენს იმერულ ღვინოებს. ბოლოს და ბოლოს, საქართველო ხომ ღვინის სამშობლოა, 8000 წლიანი ისტორიით.
- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და თქვენთვის რომელი ჯიშია განსაკუთრებით საინტერესო?
ჩვენი ძირითადი ვაზის ჯიშებია ციცქა ცოლიკაური, ასევე მცირე რაოდენობით ოცხანურის საფერე და ალადასტური. ციცქა ცოლიკაური, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან არომატული, გემრიელი და ხალისიანი ღვინოა, ოდითგანვე ეს ჯიშები იმერეთიდან იყო ცნობილი და იმერეთის კულტურის ნაწილია. თუმცა, ვფიქრობ, უცილებლად გავაშენო კრახუნა, რომელიც ასევე ძალიან საინტერესო და ხალისიანი ღვინოა, იმერეთისათვის დამახასიათებელი.
- რა სახის სირთულეები/დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?
სირთულეებს რაც შეეხება, მე პირადად არანაირი განათლება არ მაქვს ამ მიმართულებით და თეორიული ცოდნა არ მიმიღია. ვიცი მხოლოდ ოჯახში და საახლობლო-სამეგობროში გაზიარებული ინფორმაცია, რომელსაც დღემდე ვიყენებ, შეიძლება ითქვას, რომ თვითნასწავლი მეღვინე ვარ. ყველაზე მეტად საჭიროა ცნობიერების ამაღლება ხალხში, საინტერესო ვორკშოპების ჩატარება, თეორიული კურსების სიხშირე, მაგალითად, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა შექმნას პროფესიონალთა ჯგუფი,(მეღვინეები,მევენახეები) სოფლებში ჩაატაროს შეხვედრები, დეგუსტაციები, რაც ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას და კულტურის ჩამოყალიბებას.
- როგორია ღვინის დაყენების თქვენეული ტექნოლოგია და პროცესი?
- ტრადიციულად, ოჯახში ყურძენს 10-20 ოქტომბრის შუალედში ვკრეფდით, შესაბამისად, მეც ვაგრძელებ ამ ტრადიციას. ვფიქრობ, იდეალური დროა, გამომდინარე იქიდან, რომ ყურძენი მაქსიმალურად მწიფდება და იღებს შაქრიანობას, დაწურვის დროს მექანიკურად ვაცლით კლერტს, ჭურში ვასხამთ პირველ წვენს ე.წ ქაშერს და და ვაძლევთ მცირე რაოდენობის ჭაჭას რომ დუღილს შეუწყოს ხელი, ხოლო ე.წ მეორე წვენს ვასხამთ კასრებში და ისე ვადუღებთ შესაბამისი მცირე რაოდენობის ჭაჭით. როდესაც ქვევრში დუღილი დასრულდება აყალო მიწით ვგნისავთ და დაახლოებით დეკემბერში ვამოწმებთ რა მდგომარეობაა, ისევ ვგნისავთ ჭურს და უკვე ზამთარს რომ გამოივლის, შემდეგ ვხსნით ქვევრს და გადაგვაქვს შედარებით მცირე ზომის ქვევრში. რაც შეეხება კასრებს, დუღილის პროცესს ვაკვირდებით და საბოლოოდ რომ დასრულდება, შემდეგ გადამაქვს მინის 50 ლიტრიანებში. ძირითადად გამოდის ნახევრად მშრალი ღვინოები, ჩემი აზრით, იმერულ ღვინოს უხდება მოტკბო-მომწარო გემოები. თუმცა, ალბათ ამას ბაზარი მაჩვენებს, სამომავლოდ როგორ წავიდე, ვფიქრობ, ყველანაირი ღვინო უნდა იყოს მარანში.
- როგორია თქვენი და თქვენი მარნის სამომავლო გეგმები და რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?
- ჩემი მარნის სამომავლო გეგმა უპირველესად დამატებითი ვენახების გაშენებაა, რომლისთვის მზადება დაწყებული მაქვს. ვფიქრობ, რომ სამეზობლოში ორი ადამიანი დავასაქმო და უფრო აქტიურ ფაზაში შევიდე. გეოგრაფიული მდებარეობიდან და ოჯახის ტრადიციიდან გამომდინარე, შესაძლებელია სამი ერთეული კოტეჯის დადგმა ჩემს კერძო საკუთრებაში, სამომავლოდ გათვლილი მაქვს აგრო და გასტრო ტურიზმის მომსახურება. ყველა ადამიანს ვურჩევდი და ვეტყოდი, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია, არ დანებდნენ და ყველაფერი გამოუვათ.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი