Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის დაგემოვნება - პრაქტიკული კურსი

ნინა ახლოური

როდესაც რაღაც ძალიან გვიყვარს, ბუნებრივად გვიჩნდება სურვილი, უფრო მეტი გავიგოთ მის შესახებ. გამონაკლისი არც ღვინოა, თუმცა რაიმე კონკრეტული კერძისა თუ ნივთისგან განსხვავებით, მის შესახებ ზუსტი და მოკლე ინფორმაციის მიღება არაფერს მოგვცემდა. ღვინის გემური თუ არომატული თვისებების დასაფასებლად, საჭიროა არა მხოლოდ გემოსა და ყნოსვის კარგი რეცეპტორები, არამედ იმის კარგი ცოდნაც, თუ როგორ დავაგემოვნოთ სასმელი, რომ მან თავისი საუკეთესო მხარეები გვიჩვენოს.

დღეს წიგნის მაღაზიები თუ ინტერნეტ ბიბლიოთეკები აღნიშნული მიმართულებით უამრავ წიგნს და სახელმძღვანელოს გვთავაზობს, რომელთა შორის არჩევანის გაკეთება შესაძლოა ისე რთულად მოგვეჩვენოს, რომ სულაც ხელი ავიღოთ ამ იდეის განხორციელებაზე. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ღვინის მოყვარულ მკითხველს წელს ახალი წიგნი შესთავაზა, რომელსაც «პრაქტიკული კურსი. ღვინის დაგემოვნება» ჰქვია. ის უბრალო მოკვდავისთვის გასაგებ ენაზე გვიყვება ღვინის შესახებ, რაც უდავოდ დიდ უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს სხვა მსგავსი, ზოგჯერ ძალიან რთულად დაწერილი, ზოგჯერ კი მწირი ინფორმაციის შემცველი, უსარგებლო წიგნების ფონზე.

წიგნის ავტორი ჟურნალის Observer ღვინის განყოფილების კორესპონდენტი და სარეკომენდაციო საიტის www.thewinegang.com ხუთი წევრიდან ერთ-ერთი, დეივიდ უილიამსია. ის ასევე ჟურნალის The World of Fine Wine რედაქტორის თანაშემწეც გახლავთ და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ღვინის შესახებ უკვე თხუთმეტი წელია წერს. «A little course in... Wine Tasting» ბრიტანულმა გამომცემლობამ Dorling Kindersley Limited გასულ წელს გამოსცა. ქართული გამოცემა მისგან იმით განსხვავდება, რომ მას პატარა ნაწილი დაემატა ქართული ღვინის შესახებ, რომლის ავტორიც ღვინის კლუბის პრეზიდენტი და ღვინის კრიტიკოსი, მალხაზ ხარბედია გახლავთ. იგი ასევე ამ წიგნის მთავარი რედაქტორიცაა. 

როგორც ეს მოსალოდნელი იყო, წიგნის მთავარი ნაწილი ღვინის დეგუსტაციასთან დაკავშირებულ დეტალებს შეეხება. დასაწყისში ავტორი მარტივ რჩევებს გვაძლევს იმის შესახებ, თუ როგორ მივიღოთ სასმელისგან მაქსიმალური სიამოვნება ჭიქის სწორად შერჩევის წყალობით. დამწყები მოყვარულები აღმოაჩენენ, რომ ბურგუნდიული ღვინის ფუჟერით დალევა დიდი შეცდომა იქნება, რადგან ამ უკანასკნელში არომატი უცებ დაიკარგება. აქვე ყურადღება არის გამახვილებული სასმელის იდეალურ ტემპერატურაზე. ავტორი მოკლედ საუბრობს იმ განსაკუთრებულ არომატებზეც, რომლებიც კონკრეტული ტიპის ღვინოებისთვის არის დამახასიათებელი.

წითელი, თეთრი და ვარდისფერი ღვინის ზოგად აღწერასთან ერთად, წიგნში ყურადღება თითოეულის რამდენიმე სახეობაზეა გამახვილებული. დეგუსტაციის კურსის მოწყობის შემდეგ, უკვე რთული აღარ იქნება რისლინგის მუსკადესგან, ბოჟოლეს - სირასგან, ესპანური როსადოს - კალიფორნიული ზინფანდელისგან გარჩევა. ამ ეტაპს უფრო სერიოზული, დამატებითი უნარების ნაწილი მოსდევს, რომელიც მკითხველს ვაზის ჯიშებთან ერთად, სახელგანთქმულ ღვინოებს ახლოს გააცნობს და მსოფლიოს სხვადასხვა ღვინის რეგიონში ამოგზაურებს. ამგვარად, მკითხველი აღმოაჩენს, რომ ალუბლისფერი ღვინო, ტყავის პიკანტური გემოთი და შავი მწიფე ხილისა და ქონდრის თანმდევი სურნელით, რონის ხეობის პირმშოა, ხოლო თუ ბუკეტში მარწყვისა და ქოქოსის ნოტები ფიგურირებს, თავად სასმელს კი თამბაქოსა და ჩირის გემო დაჰკრავს, საქმე რიოხასთან ჰქონია. ეს «მოგზაურობა» კიდევ უფრო საინტერესო ხდება, როდესაც ავტორი ახალი სამყაროს ღვინოების აღწერაზე გადადის. ევროპელი მკითხველი შორეული ახალი ზელანდიის ვენახებში «ტრანსპორტირდება», სადაც გრილი კლიმატის, თბილი მზისა და ოკეანიდან მონაბერი ნიავის წყალობით, პინო ნუარი განსაკუთრებულ არომატებს იძენს. ამ დახასიათებების კითხვა მოსაწყენი არავითარ შემთხვევაში არ არის, რადგან, პირველ რიგში, წარმოსახვას ავარჯიშებს და მეხსიერებაშიც დიდხანს რჩება. «მდიდარი და ჰედონისტური, როგორც კალიფორნიის ოქროსფერი მზე» - ასე ახასიათებს უილიამსი კალიფორნიულ შარდონეს, რითაც კიდევ უფრო ამაღელვებელს ხდის დეგუსტაციისთვის მზადების პროცესს.

სახელმძღვანელოში ვხვდებით ნაწილს, რომელიც ღვინოზე მუხის, კლიმატის, ასაკის ეფექტზე ვრცლად გვიყვება და ალბათ ღვინით შედარებით სერიოზულად გატაცებულ ხალხს დააინტერესებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს თემებიც საკმაოდ მარტივად არის გადმოცემული და ძალიან იოლად იკითხება. ამის შემდეგ ავტორი კვლავ ღვინოების აღწერას უბრუნდება, თუმცა ახალი სადაგუსტაციო ტესტი ამჯერად სრულიად განსხვავებულ სახეობებზე აკეთებს აქცენტს. საუბარია ისეთ იშვიათ ღვინოებზე, როგორებიცაა ფრანგული ყვითელი ღვინო, რეცინა, ცქრიალა შირაზი, ამარონე დელა ვალპოლიჩელა...

ცხადია, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ქართული ღვინოების განყოფილება, რომელიც მკითხველს ღვინის სამშობლოს ვაზის ჯიშებს აცნობს. ბუნებრივია, აქ ვხვდებით ცნობილი ღვინოების დეტალურ აღწერასაც. ქართული ღვინოების ნაწილი წიგნში მცირე ადგილს იკავებს, თუმცა ძირითად ინფორმაციას ამომწურავად იძლევა და ისევე შესანიშნავად არის დასურათებული, როგორც სახელმძღვანელოს დანარჩენი ნაწილი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცალკე თავი აქვს დათმობილი ქვევრის ფენომენსა და ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდებსაც.

წიგნის ბოლო თავი, რომელიც განსაკუთრებით დააინტერესებს გურმანებს, როგორც უკვე მიხვდით, ღვინისა და კერძის შეხამებას ეძღვნება. აქ მთავარი როლი სადეგუსტაციო კურსს ენიჭება, რომელიც საუკეთესო კომბინაციების აღმოჩენას გვთავაზობს. ავტორი აღნიშნული თავის დასაწყისში ერთ პრაქტიკულ რჩევას გვაძლევს - «საკვებისა და ღვინის შეთავსების თაობაზე ერთადერთი მთავარი წესი უნდა გვახსოვდეს: «თუ მოგწონს, ესე იგი შეიძლება». აქ ბევრ ნაცად კომბინაციაზეა საუბარი და ისეთ აპრიორულ ჭეშმარიტებას გვაზიარებს, როგორიც ახალგაზრდა, მშრალი თეთრი ღვინის ზღვის პროდუქტებთან, მაგარი წითელის - შემწვარ ხორცთან დაწყვილებაა. ბოლოში მეტი თვალსაჩინოებისთვის ცხრილიც არის წარმოდგენილი, რომელიც, უდაოდ, ბევრ დამწყებს გამოადგება, თუმცა, ცხადია, აქსიომად არ უნდა იყოს მიღებული, რაც ექსპერიმენტების ჩატარებას შეუძლებელს გახდიდა. თუ ეს ცხრილი ცისფერი ყველის ვარდისფერ ღვინოსთან შეხამებას კატეგორიულად არ გვირჩევს, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ როკფორისა და პროვანსული, მსუბუქი, ტკბილი ვარდისფერი ღვინის დაწყვილება სიამოვნებას არ მოგვანიჭებს. როგორც თავად ავტორიც აღნიშნავს, ამ საქმეში გემოვნება მეტად სუბიექტური რამაა და საბოლოოდ, უმთავრესი არბიტრიც.

იქიდან გამომდინარე, რომ წიგნი, უმთავრესად, დეგუსტაციის მეშვეობით ცოდნის მიღებაზეა ორიენტირებული, განსაკუთრებით სასარგებლო იქნება მათთვის, ვისაც აინტერესებს, თუ რას ნიშნავს, მაგალითად, ღვინის სხეულიანობა და უჭირს სასმელში ცალკეული არომატებისა თუ ტონების აღმოჩენა. ქართველი მკითხველისთვის, ცხადია, იოლი არ იქნება ამ დეგუსტაციების სრულყოფილად ორგანიზება ბაზარზე არსებული ღვინის არცთუ მდიდარი ასორტიმენტის გამო, თუმცა ქართულ ღვინოს, უთუოდ, უკეთ გაიცნობს და დააფასებს. რაც მთავარია, ეს კურსი ღვინის მოყვარულებს ამ შესანიშნავი სასმლისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღებას და მასში საუკეთესო თვისებების აღმოჩენას ასწავლის, ეს კი, ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია იმ ქვეყნისთვის, სადაც ღვინის დაყენების ასეთი ხანგრძლივი, მისი მოხმარების კი არცთუ მაღალი კულტურა არსებობს.

© ღვინის კლუბი /Weekend



მოგესალმებით მინდა შევიძინო0 წიგნი ღვინის დაგემოვნება და გთხოვთ მირჩიოთ როგორ მოვიქცე პატივისცემით ინდირა


მსურს შევიძინო წიგნი პრაქტიკული კურსი ღვინის დაგემოვნება

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.