ღვინის კულტურა საქართველოს არა მხოლოდ ისტორიისა და იდენტობის ნაწილია, არამედ თანამედროვე ეკონომიკური და ტურისტული განვითარების ერთ-ერთი სტრატეგიული ღერძიც. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ღვინის ტურიზმი სულ უფრო მეტად ვითარდება, მაგრამ განვითარებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვები, რომლებიც ამ სფეროში არსებულ პრობლემებს მიემართება.
ამ და სხვა საკითხებზე ვესაუბრეთ „ჯორჯიან თრეველ გრუპის“ შემომყვანი ტურიზმის განყოფილების უფროსს, თამუნა კურტანიძეს. მასთან ინტერვიუ არა მხოლოდ საქართველოში ღვინის ტურიზმის პრობლემებზე, არამედ იმ პერპექტივებზეცაა, რაც ქართული ღვინის ტურიზმს გააჩნია.
- 2025 წლის სეზონის მონაცემებით, როგორია ქართული ღვინით დაინტერესებული უცხოელი სტუმრების სტატისტიკა?
- 2025 წლის პირველი კვარტლის ტურიზმის სტატისტიკა უკვე გამოქვეყნდა და ოფიციალურად 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით მცირე ზრდაც კი ფიქსირდება. ტურისტების 80 %-ზე მეტი ქართული სამზარეულოთი და ღვინითაა დაინტერესებული. ასევე 30%-ზე მეტია ღვინითა და კულინარიით დაინტერესებული ადგილობრივი ტურისტების რაოდენობა. საქმე ისაა, რომ ღვინოსა და კულინარიაში საერთო სტატისტიკა გვაქვს და ცოტა რთულია ცალკე ღვინის ტურიზმით დაინტერესებული მოგზაურობის გამოყოფა. სავარაუდოდ, ინტერესი ქართული ღვინის მიმართ ციფრების დონეზე სულ მცირე იმავე ნიშნულზეა, სადაც ბოლო წლების განმავლობაში იყო. მარნებისა და ღვინის სასტუმროების მზარდი რაოდენობა და ამ სფეროში მეტი ინვესტიცია ზრდის ტენდენციაზე უფრო უნდა მიუთითებდეს.
- რა ძირითად გამოწვევებს და ხელისშემშლელ ფაქტორებს ხედავთ დღეს ქართული ღვინის ტურიზმის განვითარებაში?
- გამოწვევები იგივეა, რაც მთლიანად ტურიზმში. საერთო ფონი, არასტაბილურობა და ომები რეგიონში ის ფაქტორებია, რომლებიც გავლენას ახდენს მთლიანად ტურიზმზე და მათ შორის - ღვინის ტურიზმზეც. გარდა ამისა, ღვინის ტურიზმის სპეციფიკიდან გამომდინარე, აქაც თავს იჩენს იგივე პრობლემა, რაც ზოგადად ღვინის ინდუსტრიაზე ახდენს გავლენა - ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მოხმარების შემცირება მთელ მსოფლიოში.
საქართველოს შემთხვევაში, სავარაუდოდ, ის ტენდენციაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ 2025 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკით, ტოპ 15 ქვეყანას შორის უმრავლესობა ისეთი ქვეყნებია, სადაც ტრადიციულად ღვინის მოხმარება და პოპულარობა საკმაოდ დაბალია.
- რა დონის მზადყოფნა აქვთ ადგილობრივ გიდებს, მეწარმეებს და მარნების მფლობელებს საერთაშორისო სტანდარტების მომსახურებისთვის?
- საკმაოდ ბევრ საწარმოსა და მარანში ვარ ნამყოფი და უმრავლესობა ძალიან კარგ დონეზეა. ძირითად შემთხვევაში, კარგად არიან მორგებული ბაზრის მოთხოვნებს. რა თქმა უნდა, არის პრობლემებიც, მაგრამ ის ადამიანები, ვინც ტურიზმის სფეროში მუშაობენ, საკმაოდ ღია არიან განვითარებისთვის და ესმით, რომ განვითარების გარეშე ეს საქმიანობა ვერ მოიტანს შედეგს. ხშირად მოგვმართავენ გამოცდილების გაზიარებისთვის და აქტიურად თანამშრომლობენ ტურიზმის სექტორთან.
- რა ტიპის გამოცდილებას ეძებს დღეს ღვინის ტურისტი საქართველოში?
- გააჩნია ტურისტის ინტერესს. ღვინის მცოდნე და მოყვარული ტურისტი ეძებს განსაკუთრებულ, აუთენტურ გამოცდილებას. დაინტერესებულია ოჯახური მარნებით, უნიკალური ღვინით და კომუნიკაციით მეღვინეებთან. მასობრივი ტურიზმის პირობებშიც შესაძლებელია ეს ნიშა შევინარჩუნოთ. საბედნიეროდ, ისეთი ადგილებიც მრავლადაა, რომლებიც დიდი რაოდენობის მომხმარებელზეა გათვლილი და მაღალი ხარისხის ღვინოსაც სთავაზობს.
ისეთი ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების რაოდენობის ზრდა, სადაც ღვინის მიმართ ინტერესი ძალიან დაბალია, რა თქმა უნდა, ღვინის ტურიზმის განვითარებაზე ნაკლებად აისახება.
- როგორია თქვენი ხედვა — რა პოტენციალი აქვს საქართველოს ღვინის ტურიზმს გლობალურ კონტექსტში?
- პოტენციალი საკმაოდ დიდია. მთავარია მისი სრულად და სწორად გამოყენება. ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინება და ასევე საკუთარი ნიშის შენარჩუნება. საქართველო მნიშვნელოვანი იქნება ღვინის ტურიზმის რუკაზე მანამ, სანამ უნიკალურობასა და მაღალ ხარისხს შევინარჩუნებთ.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი