Home
ქართული | English
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„სუპერნატურალში“ 100-მდე ღვინის მარანი მონაწილეობდა

ლევან სეფისკვერაძე

28 ივნისს თბილისში, საპრეზენტაციო სივრცე „ნინოშვილის ბაზარში“, „სუპერნატურალ ჯგუფის“ ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს დახმარებით, ბუნებრივ ღვინის ფესტივალი სუპერნატურალი“ გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობა ქართული ბუნებრივი ღვინის მწარმოებელმა 100-მდე მცირე მარანმა მიიღო და ეს ამ ღონისძიების ისტორიაში მარნების სარეკორდო რაოდენობაა.

ფესტივალი ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა მეღვინის ვახტანგ ფაღავას ხსოვნას ეძღვნება. ფესტივალის ორგანიზატორები ვახოს მეგობრები არიან, რომლებიც ქვევრის ღვინისა და ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციისა და მხარდაჭერის მიზნით 2017 წლიდან ატარებენ ამ ღონისძიებას.

ვალო იმერლიშვილი, „იმერლიშვილების მარანი“: „უკვე რამდენიმე წელია, რაც ამ ფესტივალში ვმონაწილეობთ და ყოველ წელს ღონისძიება უფრო და უფრო იხვეწება. აქ მხოლოდ ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი მეღვინეები არიან წარმოდგენილნი და ჩვენც, როგორც ამ იდეოლოგიის მომდევრები, მხარს ვუჭერთ მსგავსი ღონისძიებების სიმრავლეს. ჩვენ კახეთიდან ვართ და ღვინოც შესაბამისად კახური გაქვს. წარმოდგენილი გვაქვს რქაწითელი ქვეშავიანთგორადან, ასევე რქაწითელი სახელად „ზურას ღვინო“ და რქაწითელი სახელად „ლევანას ღვინო“ სოფელ მელაანიდან“.

დავით გრემელაშვილი, „გრემელაშვილის მარანი“: „სტუმრებს დღეს ვთავაზობთ რქაწითელს სოფელ შალაურიდან 2023-2024 წლის მოსავლების. ღვინო დაყენებულია ქვევრში სრულ ჭაჭაზე და მერე გადავიტანეთ უჟანგავი ფოლადის ჭურჭელში. ამ ფესტივალზე ჩემთვის მნიშვნელოვანია ნატურალური ღვინის მიმდინარეობის გვერდში დგომა. ასევე ჩემთვის ძალიან საინტერესოა წარმოდგენილი სხვადასხვა ღვინის გასინჯვა“.

ღონისძიებაზე იყიდებოდა მრავალნაირი ხელნაკეთი ნივთი და სხვადასხვა ხელოვანისა და ხელოსნის ნაკეთობათა ფართო არჩევანი იყო. ფესტივალი მუსიკალურად საკმაოდ ორიგინალურად იყო გაფორმებული შემსრულებლების: Tami, Kirk Vinyl Selection and Gio Frangishvili მიერ.

ნიკოლოზ კალანდაძე, მარანი „მზის თვალი“: „დღეს შვიდი სახეობის ღვინოს ვთავაზობთ ხალხს. უმეტესობა არის ქვევრში დაყენებული ტრადიციული კახური მეთოდით. ასევე გვაქვს ერთი პეტ-ნატი. ჩვენი  მარანი არის კარდენახში. ვენახები გვაქვს ბაკურციხეში და ახოებში. ეს არის საოჯახო მარანი. 2016 წელს დაიწყო მარანში ღვინის დაყენება და მე ბოლო 4 წელია, რაც ამ საქმეში ვარ ჩართული. ჩვენი ძირითადი მიმართულება არის ქვევრის ღვინო და ეს ფესტივალი ამ ტიპის ღვინის პოპულარიზაციისთვის ზედგამოჭრილია“.

ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მეღვინე თამუნა ბიძინაშვილის თქმით, ღონისძიებამ არა მხოლოდ ღვინის მრავალფეროვნება წარმოაჩინა, არამედ ხელი შეუწყო იმ მეღვინეების ცნობადობას, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა მეთოდებით აწარმოებენ ღვინოს. ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალი იმთავითვე ორიენტირებულია მცირე და საშუალო მარნებზე, რაც მნიშვნელოვანია ქართული ტრადიციული მეღვინეობის მხარდაჭერის თვალსაზრისით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული