– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?
–სახლი გვინდოდა გვქონოდა ქალაქგარეთ, ასე ვთქვათ, თბილისიდან გასაქცევი ადგილი. ახლომახლო რომ ვერ შევწვდით, მოშორებით დავიწყეთ ძებნა. ჩემმა დეიდაშვილმა, აკო ნარიმანიძემ, გვითხრა, კახეთს რა ჯობიაო და ჩვენც იქით გავეშურეთ. თელავთან ახლოს ძველი სახლი ვიყიდეთ, მარნით და გავერანებული ვენახით. წარმოდგენა არ გვქონდა, როგორ უნდა მოგვევლო ვენახისთვის. დავიწყეთ სწავლა, მოძიება და ამ ჩვენმა საყვარელმა პატარა ვენახმა მიგვიყვანა ახლა უკვე ჩვენთვის უძვირფასეს ადამიანებამდე, ბიომეღვინეებამდე, კახა ბერიშვილამდე და იაგო ბიტარიშვილამდე, რომლებიც მგონი შევაწუხეთ ჩვენი შეკითხვებით, ასევე „ღვინის კლუბამდე“ და შემდეგ უკვე „ასოციაცია ბუნებრივ ღვინომდე“, სადაც ბევრი საოცარი ადამიანი გავიცანით. სწორედ მათი რჩევებით, ასევე „ღვინის კლუბის“ საიტიდან გადმოწერილი ძველი წიგნებისა და ახალგამოცემული ლიტერატურის დახმარებით, ნელ-ნელა შევუდექით საქმეს და 2017 წელს დაარსდა კიდეც ჟუკა-სანოს მარანი. ჟუკა იმიტომ, რომ ჟურული ვარ და მეგობრები ბავშვობიდან ასე მეძახიან, ჩემი ქმარი კი სანოძეა, მეგობრებისთვის - სანო.
– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?
– ჩვენს ვენახში, ძირითადად, რქაწითელი ხარობს, ნაკლები - მწვანე და სულ რამდენიმე ძირი იყალთოს წითელი. გვაქვს ორი პატარა სავენახე და ძალიან გვინდა იქ იყალთოს წითელისა და სიმონასეულის გაშენება. თუმცა, ჯერ არ გადაგვიწყვეტია, ალბათ ჯერ მცოდნე ხალხს დავეკითხებით.
– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?
–ღვინოს მესამე წელია ვაყენებთ. პირველი ორი წელი ერთად ვაყენებდით რქაწითელსა და მწვანეს. შარშან 100-ლიტრიან ქვევრში ვცადეთ რქაწითელი-იყალთოს წითელი და ძალიან კარგი გამოვიდა. წელს ცალკე დავწურეთ რქაწითელი, ცალკე - მწვანე და ისევ შევურიეთ რქაწითელი იყალთოს წითელთან. ანუ, უკვე სამი სახეობის ღვინო გვექნება. გამორჩეული რით არის, ვერ ვიტყვი. უბრალოდ, ძალიან გემრიელია.
– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?
– პირველივე ღვინო „ჯივინოსა“ და „ღვინო ანდერგრაუნდში“ გაიყიდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი, „ანდერგრაუნდი“ ჩემთვის არის დიდი მეღვინეების და მათი ღვინოების სახლი. იმ ოჯახივითაა, რომელიც ყოველთვის მინდოდა ჩემიც ყოფილიყო. ახლა იქ სოლიკო ცაიშვილის, კახა ბერიშვილის, იაგოს, რამაზ ნიკოლაძის, ჯონ ოქროს, ზურა მღვდლიაშვილის ღვინოების გვერდით, ჩემი „რქაწითელი-მწვანეც“ რომ დევს, დიდი პატივია ჩემთვის.
– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?
– ჩვენი ღვინო გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში იყიდება.
– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?
- მართალი გითხრათ, სირთულეებზე ვერც ვერაფერს ვიტყვი. რთველისა და დაწურვისას, შემდეგ ჭაჭის ჩარევისას, ქვევრებიდან ღვინის ამოღებისას, ბოცებში გადატანილი ღვინის მოვლისას ძლიერ დაღლას და ღამეების თენებას თუ არ ჩავთვლით, რაღაცნაირად ადვილად და სწრაფად განვითარდა მოვლენები ჩვენი მარნის გარშემო. შეიძლება ითქვას, თითი არ გაგვინძრევია ღვინის გასაცნობად-გასაყიდად. თავისით მოხდა ყველაფერი. ქეთო ნინიძეა ჩვენი კეთილი „მეკვლე“. ის გვესტუმრა ერთ საღამოს მარანში, მაშინ მუშაობდა წიგნზე სახელწოდებით „ნელი დუღილი“, ქალ მეღვინეებზე წერდა. იმ საღამოს დააჭაშნიკა ჩვენი ღვინო, ძალიან მოეწონა და მას მერე დაიწყო და დაიწყო... ახლა მთლიანად გაყიდულია ჩვენი 2017-ის და 2018-ის ღვინოები. თუმცა, წელს მივხვდით, რომ ძალიან გვჭირდება, პირველ რიგში, ჭურჭელი, რომელშიც ქვევრიდან ამოღებულ ღვინოს შევინახავთ. ახლა მხოლოდ ბოცები გვაქვს და ალბათ ჯობს, ერთი სახეობის ღვინო ერთ დიდ ჭურჭელში ინახებოდეს და არა 20-მდე ბოცაში და ყოველი ბოცისას სხვადასხვანაირი გემო ჰქონდეს.
– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?
- მე ვფიქრობ, ქართული ღვინის კულტურის განვითარება იწყება და მთავრდება მევენახე-მეღვინით, მარნით, ვენახის და ღვინისადმი ჩვენი დამოკიდებულებით. მგონი ერთადერთი რამ გვევალება, კარგი ღვინოები დავაყენოთ. ეს თავისთავად გახსნის გზას ბაზრისკენაც, განავითარებს ქართული ღვინის კულტურასაც და მთელ მსოფლიოს მოახედებს ჩვენი მარნებისკენ.
– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?
– მე თვითონ ვარ დამწყები მევენახე-მეღვინე, აბა, ვის რა უნდა ვურჩიო. უბრალოდ ვუსურვებ მათ დონ კიხოტობას, დინების საწინააღმდეგოდ ცურვას, გიჟობას, უკომპრომისობას საკუთარ თავთან.
მარნის დასახელება: ჟუკა-სანოს მარანი
მარნის მისამართი: თელავი, სოფ. რუისპირი
ტელეფონი:+995 558910368
ელფოსტა: takojuruli@gmail.com
ვებ/ფეისბუკ გვერდი: Zhuka-Sano Wine Cellar /ჟუკა-სანოს მარანი
თქვენი კომენტარი