Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გლობალური ღვინის წარმოებამ 1961 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს მიაღწია კლიმატური და საბაზრო წნეხის ფონზე

გასულ კვირას ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OIV) პრესკონფერენციაზე წარადგინა ღვინის სექტორის წლიური ანგარიში, რომელიც გასულ წელს მოიცავს. ანგარიშში ინდუსტრიის წინაშე მდგარ სერიოზულ გამოწვევებზეა საუბარი, როგორიცაა კლიმატური ცვლილებები, მომხმარებელთა ქცევის ტრანსფორმაცია და გეოპოლიტიკური არასტაბილურობა. როგორც ცნობილი გამოცემა, vinetur, წერს, OIV-ის გენერალურმა დირექტორმა ჯონ ბარკერმა აღნიშნა, რომ აუცილებელია საერთაშორისო თანამშრომლობა და ადაპტაცია, რათა სექტორი გახდეს უფრო მდგრადი და სიცოცხლისუნარიანი. 

2024 წელს ღვინის მსოფლიო წარმოება შეფასდა 225.8 მილიონ ჰექტოლიტრად, რაც 4.8%-ით ნაკლებია 2023 წელთან შედარებით. ეს არის ზედიზედ მეორე მკვეთრი ვარდნა და ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 1961 წლის შემდეგ. ძირითადი მიზეზები იყო ექსტრემალური ამინდი: ადრე დამდგარი ყინვები, ძლიერი წვიმები, გვალვები და სეტყვა.

ევროპის მაგალითი

ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ევროკავშირის ქვეყნების საერთო წარმოება 2024 წელს 138.3 მილიონ ჰექტოლიტრად შეფასდა, რაც 3.5%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით და ყველაზე დაბალია 2000 წლის შემდეგ. კლიმატური ზემოქმედება რეგიონების მიხედვით განსხვავდებოდა: ზოგან ძლიერი გვალვები იყო, სხვაგან – უხვი ნალექი და ქარიშხლები. ამან დაავადებათა გავრცელება და ვენახების დაზიანება გამოიწვია.

იტალია ლიდერობს მსოფლიოს ღვინის მწარმოებელ ქვეყნებს შორის – 2024 წელს წარმოებამ 44.1 მლნ ჰექტოლიტრს მიაღწია, რაც 15%-ით მეტია წინა წელთან შედარებით, თუმცა მაინც 6%-ით ნაკლებია ხუთწლიანი საშუალო მაჩვენებელზე. ძლიერმა სეტყვამ ჩრდილოეთ იტალიაში გარკვეულწილად შეზღუდვა ზრდა.

საფრანგეთში წარმოება 36.1 მლნ ჰექტოლიტრს ჩამოცდა – 23.5%-ით ნაკლებია 2023 წელთან შედარებით და თითქმის 18%-ით დაბალია ხუთწლიანი საშუალო მაჩვენებელზე. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 1957 წლის შემდეგ. კლიმატურმა სირთულეებმა – ხშირმა წვიმამ, სოკოვანმა დაავადებებმა, ცუდმა ყვავილობამ, გვალვებმა და სეტყვამ – მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ფრანგულ ვენახებს.

ესპანეთის წარმოებამ 31.0 მლნ ჰექტოლიტრი შეადგინა – 9.3%-ით მეტია წინა წელთან შედარებით, თუმცა კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება ხუთწლიან საშუალო მაჩვენებელს წყლის დეფიციტის გამო, მიუხედავად იმისა, რომ Castilla-La Mancha და Extremadura-ში მოსავალი გაუმჯობესდა.

სხვა ევროკავშირის ქვეყნები ძირითადად შემცირებულ წარმოებას აღნიშნავენ: გერმანია (7.8 მლნ ჰექტოლიტრი), პორტუგალია (6.9), რუმინეთი (3.7) და ავსტრია (2.2) – კლიმატური გამოწვევების, ყინვების და ძლიერი წვიმების შედეგად. უნგრეთი (2.7) და საბერძნეთი (1.4) გამონაკლისებია, რომელთაც წინა წელთან შედარებით მცირე ზრდა აღნიშნეს.

ევროკავშირის მიღმა

რუსეთში 2024 წელს 5.4 მლნ ჰექტოლიტრი ღვინო აწარმოეს, რაც თითქმის 20%-იანი ზრდაა და ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2015 წლის შემდეგ. საქართველოშიც მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა – წარმოებამ 2.4 მლნ ჰექტოლიტრი შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 26%-ით მეტია. კლიმატური პირობები ქვეყნის მთავარ რეგიონებში განსაკუთრებით ხელსაყრელი იყო. მოლდოვაში, პირიქით, მკვეთრი ვარდნა მოხდა – წარმოება 1.1 მლნ ჰექტოლიტრამდე შემცირდა, რაც თითქმის 40%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.

ჩინეთში ღვინის წარმოება 17%-ით შემცირდა და 2.6 მლნ ჰექტოლიტრს შეადგენდა – ადგილობრივი გამოწვევები კვლავ ზემოქმედებს სექტორზე.

ამერიკა

აშშ-ში ღვინის წარმოება 21.1 მლნ ჰექტოლიტრამდე დაეცა – 17%-იანი ვარდნა წინა წელთან შედარებით და 15%-ზე მეტი ვარდნა ხუთწლიან საშუალოსთან შედარებით. კალიფორნიაში რთველი განსაკუთრებით დაზარალდა ექსტრემალური სიცხის გამო – ეს ყველაზე მცირე მოსავალი იყო 2004 წლის შემდეგ. სამხრეთის ქვეყნებში ღვინის მთლიანი წარმოება 2024 წელს მხოლოდ 45.8 მლნ ჰექტოლიტრი იყო – თითქმის 4%-ით ნაკლები წინა წელთან შედარებით და 14%-ით ნაკლები ხუთწლიან საშუალოზე, რაც ბოლო ორი ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებლად ითვლება.

არგენტინამ ლიდერობა მოიპოვა 10.9 მლნ ჰექტოლიტრით – 2023 წლის რთული სეზონის შემდეგ 23%-იანი აღდგენა, თუმცა კვლავ ოდნავ დაბალი ხუთწლიან მაჩვენებელთან შედარებით. ჩილეში წარმოება 15%-ზე მეტად შემცირდა და მხოლოდ 9.3 მლნ ჰექტოლიტრი შეადგინა – დაგვიანებული რთველისა და გვალვების ფონზე. ბრაზილიაში ვარდნა ყველაზე მკვეთრი იყო: 2.1 მლნ ჰექტოლიტრი – 40%-ზე მეტი ვარდნა, რაც გამოწვეულია ჭარბი წვიმით გაზაფხულზე და გავრცელებული დაავადებებით. სამხრეთ აფრიკაში ღვინის წარმოება 5%-ზე მეტად შემცირდა და ცხრა მილიონ ჰექტოლიტრზე ნაკლები იყო – ქვეყნის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2005 წლის შემდეგ. ყინვები, წვიმები, ძლიერი ქარი და სოკოვანი დაავადებები კრიტიკულ ზრდის ეტაპებზე გავლენას ახდენდა.

ავსტრალია და ახალი ზელანდია

ავსტრალიამ 10.2 მლნ ჰექტოლიტრი აწარმოა – მცირედი გაუმჯობესება წინა წლის ისტორიულად დაბალ მაჩვენებელთან შედარებით, მაგრამ მაინც მნიშვნელოვნად დაბალი საშუალოზე. პრობლემა კვლავ არასახარბიელო კლიმატია. ახალი ზელანდიის წარმოება მკვეთრად, 21%-ზე მეტად შემცირდა და მხოლოდ 2.8 მლნ ჰექტოლიტრი შეადგინა – ყვავილობის პერიოდში დაფიქსირებული ყინვების გამო, რაც განსაკუთრებით მარლბოროს რეგიონს შეეხო. OIV ხაზს უსვამს, რომ ეს მონაცემები არა მხოლოდ კლიმატურ, არამედ საბაზრო დინამიკას ასახავს – მომხმარებელთა პრეფერენციების ცვლილება და საერთაშორისო ვაჭრობის გაურკვევლობა აგრძელებს ზეწოლას სექტორზე. ჯონ ბარკერის თქმით, მიუხედავად გამოწვევებისა, ვითარება ღვინის სექტორს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს : ეს არის ინოვაციებს მდგრადობა, ახალი ბაზრების ძიება და გაძლიერებული საერთაშორისო თანამშრომლობა რეგიონებისა.

OIV აერთიანებს ორმოცდაათზე მეტ ქვეყანას, რომლებიც მსოფლიოს ღვინის წარმოებისა და მოხმარების 75%-ზე მეტს ფარავენ. ორგანიზაციის როლი მონაცემთა შეგროვებასა და პოლიტიკის კოორდინაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ გლობალურ რეალობაში.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული