Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რას, სად და როგორ სვამდნენ აშშ-ის პრეზიდენტები

რას, სად და როგორ სვამდნენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები, რომელი სასმელი უყვარდა ჯორჯ ვაშინგტონს, რომელი პრეზიდენტი არღვევდა “მშრალ კანონს” – თუ ვინმეს ეს საკითხები აინტერესებს, შეუძლია წაიკითხოს მარკ უილ-ვებერის წიგნი “პიტნიანი ჯულეპი თედი რუზველტთან ერთად: პრეზიდენტების საყვარელი სასმელების ისტორია”.

უილ-ვებერი ჟურნალისტებს უამბობს, რომ ამერიკის პირველ პრეზიდენტს ფილადელფიაში ჩამოსხმული პორტერი უყვარდა. დღეს ამ სასმელს კომპანია Yards Brewing აწარმოებს. 

მწერალი აღნიშნავს, რომ ვაშინგტონი ლუდში შავი ყურძნის ბადაგს ურევდა, რომ სასმელი ისეთივე ტკბილი და ბლანტი გამხდარიყო, როგორც ნამდვილი ბრიტანული პორტერი, რომლითაც ამერიკელებს დამოუკიდებლობისთვის ომამდე თავად ბრიტანელები ამარაგებდნენ. “მოგვიანებით კი მათაც ისწავლეს პორტერის მოხარშვა,” – განმარტავს უილ-ვებერი. გარდა ამისა, მწერალი იმასაც მიუთითებს, რომ სწორედ ბადაგის “დამსახურებაა”, ვაშინგტონს კბილები არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში რომ ჰქონდა.

ამერიკის თითქმის არც ერთი პრეზიდენტი მუშაობისას სასმელზე უარს არ ამბობდა, მაგრამ უილ-ვებერს ამ წიგნის დაწერის სურვილი, ამერიკის 29-ე პრეზიდენტის, უორენ ჰარდინგის ამბავმა აღუძრა. ის ხომ შტატებს “მშრალი კანონის” პერიოდში მართავდა.

“ცნობილია, რომ იმ დროს ალკოჰოლური სასმელის დალევა ან გადატანა აკრძალული იყო, თუმცა, ცხადია, ჰარდინგი სულაც არ ერიდებოდა, გოლფის ყვანჭის ჩანთაში ვისკი დაემალა, სათამაშოდ წასულიყო, იქ კი ყოველი მესამე დარტყმის შემდეგ თითო ყლუპი მოესვა. სწორედ ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ დავინტერესდი, რას მიირთმევდნენ დანარჩენი პრეზიდენტები,” – განმარტავს უილ-ვებერი.

ამერიკის მეათე პრეზიდენტს, უილიამ ჰენრი ჰარისონს, რომელმაც მხოლოდ 1 თვე მართა შეერთებული შტატები (ინაუგურაციისას გაცივდა და გარდაიცვალა), ძალიან უყვარდა მაგარი სიდრი. 1841 წელს, როცა ჰარისონი ქვეყნის პირველი პირი გახდა, ეს სასმელი ისევე პოპულარული იყო მუშათა შორის, როგორც დღესაა ლუდი ამერიკელ მუშათა რჩეული სასმელი. ჰარისონის საარჩევნო კამპანიის სიმბოლოდ მაგარი სიდრი და მორებისაგან აგებული სახლები იქცა – სწორედ ასეთ სახლებში იკრიბებოდნენ მუშები და სიდრს მიირთმევდნენ. ამის გამო ჰარისონი ხალხმა მათი წრიდან გამოსულ პოლიტიკოსად აღიქვა, რასაც ვერ ვიტყოდით მის ოპონენტ მარტინ ვან ბიურენზე.

ამერიკის 25-ე პრეზიდენტი, უილიამ მაკ-კინლი უმცროსი უპირატესობას მაგარ სასმელებს ანიჭებდა. 1896 წელს, როცა მისი საარჩევნო კამპანია წარმატებით დასრულდა, რესპუბლიკელებმა შეკრება გამართეს. იქ კი ბარმენმა გადაწყვიტა, რომ ახალარჩეული პრეზიდენტი საკუთარ, სახელობით კოქტეილს იმსახურებდა და ჭვავის ვისკის, ტკბილი ვერმუტის, ალუბლის ლიქიორისა და ცოტაოდენი აბსენტისაგან კოქტეილი “მაკ-კინლის ნეტარება” დაამზადა.

ასევე საინტერესო ამბავი უკავშირდება თეოდორ რუზველტისადმი მიძღვნილ კოქტეილს “თედის შლაპა”. მომხრეებმა ეს კოქტეილი 1912 წელს დაამზადეს, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტობის კანდიდატმა გულშემატკივრებს მიმართა: “ჩემი შლაპა ახლა რინგზეა. ბრძოლა იწყება. მე კი მზად ვარ, ბოლომდე ვიბრძოლო.”

ეს ფრაზა ძალიან პოპულარული გახდა, თუმცა რუზველტი ამ არჩევნებში დამარცხდა. კოქტეილს, რომელიც რომ San Juan-ის, მშრალი ჯინისა და აბსენტისაგან მზადდებოდა, სახელი სწორედ ამ ფრაზის სამახსოვროდ  შეურჩიეს. კოქტეილის ჭიქაც კი ლიმონის ნაჭრით ფორმდებოდა, რომელიც რუზველტის ქუდს მოგაგონებდათ. 

ასევე მეტად სახალისო ამბები უკავშირდება რიჩარდ ნიქსონსა და ფრანკლინ რუზველტს. ნიქსონი ერთ-ერთ წვეულებაზე თეთრ ხელსახოცში გახვეული ბოთლიდან მიირთმევდა ღვინოს. ბოთლს ხელსახოცი იმიტომ ჰქონდა მოხვეული, რომ მის ქვეშ ძვირადღირებული ღვინის ეტიკეტი იმალებოდა, მისი სტუმრები კი ბევრად იაფფასიან სასმელს მიირთმევდნენ.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული