Home
ქართული | English
ივლისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო ბერლინში... კიკეთის გავლით

ლევან სეფისკვერაძე

Kiketi Fest ქართული ღვინის და კულინარიის გასტროფესტივალია,  რომელიც როგორც მისი დასახელებიდანაც ჩანს, თბილისთან ახლოს, კიკეთში იმართება და მცირე მარნების გარდა, საკვების მწარმოებელ ორგანიზაციებსაც აერთიანებს.

ეს ფესტივალი წლების მანძილზე მასპინძლობდა სტუმრებს მთელი საქართველოდან და ასევე მიწვეულ უცხოელ ვიზიტორებს, თუმცა მისი მასშტაბები მაინც ბევრად მოკრძალებული იყო იმასთან შედარებით, რაც წელს არის დაგეგმილი.

პირველად ისტორიაში, Kiketi Fest ევროპაში გაიმართება და მას გერმანიის დედაქალაქი ბერლინი უმასპინძლებს. ფესტივალის პრინციპი, რაც მუსიკალურ, გასტრო-კულტურულ ელემენტებს გულისხმობს, იგივე დარჩება და მასში მხოლოდ ქართული ღვინო და შესაბამისად ქართველი მეღვინეები მიიღებენ მონაწილეობას.

კიკეთის ფესტივალის პარტნიორი გახდა ღვინის მაღაზიები ცნობილი ქსელი „8000 მოსავალი“, რომელსაც ბერლინში უკვე აქვს გახსნილი საკუთარი ღვინის მაღაზია და სწორედ „8000 მოსავალი“ და მისი გუნდი იქნება Kiketi Fest-ის ერთგვარი მასპინძელიც და მხარდამჭერიც.

ირაკლი ჩხაიძე, „8000 მოსავლის“ წარმომადგენელი:  „კიკეთის ფესტივალის ორგანიზატორები დაგვიკავშირდნენ და საკმაოდ საინტერესო წინადადება შემოგვთავაზეს 6 ივლისს, კვირას, ამ ფესტივალის ბერლინში ჩატარებასთან დაკავშირებით. მათ აქვთ სურვილი, რომ ეს ღონისძიება ევროპის სხვადასხვა ქალაქში ჩატარდეს ყოველ წელს და ჩვენს სტრატეგიას მსგავსი მიდგომები მშვენივრად მიესადაგა.  ჩვენთვის კიკეთის ფესტივალის ბერლინში ჩატარება არის დამატებითი შესაძლებლობა, რომ ქართული ღვინის შესახებ ცნობადობა ევროპაში გავზარდოთ. უფრო მეტ ადამიანთან შეგვიძლია მივიტანოთ ინფორმაცია საქართველოზე, ჩვენს კულტურაზე და რაც მთავარია - ქართულ ღვინოზე“.

ფესტივალში მონაწილე რამდენიმე მეღვინეობამ (6-7 მარანი) სურვილი გამოთქვა, საკუთარი ხარჯებით ჩავიდნენ ბერლინში და ევროპელი ღვინის მოყვარულების წინაშე თავად წარმოადგინონ საკუთარი ღვინო. ზოგადად მაღაზიათა ქსელ „8000 მოსავალს“ ბერლინის მაღაზიაში 70-80 ქართული ღვინის მწარმოებელი დიდი თუ მცირე მარნის ღვინო აქვს მარაგში და როგორც ირაკლი ჩხაიძე ამბობს, სურთ „Kiketi Fest ბერლინში“ თითო მარნის მინიმუმ ერთი დასახელების ღვინო მაინც წარუდგინონ ევროპელ ღვინის მოყვარულებს, რათა არავინ დაიჩაგროს და ყველას მიეცეს თავისი ღვინის წარმოჩენის შესაძლებლობა.

ირაკლი ჩხაიძე: „ბერლინში ყოველ საღამოს მინიმუმ 70 ადამიანს ველაპარაკებით ქართულ ღვინოზე. ასევე ავაწყვეთ ადგილზე მიტანის სისტემა და 15 ევროდ ნებისმიერ ქალაქში შეგვიძლია ღვინის ჩატანა...  გზავნილი ღირს 15 ევრო და მასში ადამიანს შეუძლია 1-დან 21 ბოთლამდე ღვინო ჩაატიოს. გვაქვს სურვილი ევროპის სხვა ქალაქებშიც გავხსნათ „8000 მოსავლის“ მაღაზიები და „კიკეთის ფესტივალის“ გუნდთან ამ შემთხვევაშიც ვითანამშრომლებთ“.

საქართველოდან ღვინის ევროპაში ჩატანა მთელს რიგ პრობლემებთან არის დაკავშირებული, რაც რა თქმა უნდა, აძვირებს ღვინის პირველად ღირებულებას. „8000 მოსავალს“ ბერლინში უკვე ჩატანილი აქვს არაერთი ქართული დიდი თუ მცირე მარნის მიერ დაყენებული ღვინო და მათთვის ეს პრობლემა არ არსებობს.

6 ივლისს ბერლინში და არა მხოლოდ ბერლინში მცხოვრები ქართული ღვინის მოყვარულთათვის, გურმანებისა და მელომანებისთვის და რაც მთავარია საქართველოთი დაინტერესებული ადამიანებისთვის,  დატვირთული და საინტერესო  ღონისძიება უნდა გამოვიდეს. ამის იმედს Kiketi Fest-ის ორგანიზატორები იძლევიან. ხოლო თუ როგორ ჩაივლის ეს ღონისძიება და რა შედეგები მოჰყვება მას, ამის შესახებ vinoge.com შემდგომში გამცნობთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული