Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მწიფე ყურძნის აუტანელი სიმსუბუქე

ქეთო ნინიძე

Before

26.09.2015 

სანამ ზოგიერთი მევენახე უკმაყოფილოა იმით, რომ ღვინის კომპანია დამწიფებულ და მსუბუქ ყურძენს ითხოვს, სანამ ზოგიერთი მევენახე ვაზის აჩეხვით ემუქრება ტელემაყურებელთა მოდგმას, ართანაში ბიჭების ყურძენი მწიფდება. 

„ბიჭები“ - 28 წლის ბიჭები - ვახო ფაღავა, შოთა იაშაგაშვილი, ირაკლი გავაშელი - ბავშვობის მეგობრები, თანაკლასელები. განათლებით, ეკონომისტები. რომლებმაც თავიანთი ურბაბული გატაცებები (მათ შორის, საქმიანი გატაცებები) გვერდით გადადეს და თელავში საუკეთესო, ჯანმრთელი ზვრების ძიება დაიწყეს. 

2014 წლის თებერვალში მათ შეიძინეს ვენახი, თავდაპირველად, რქაწითელის 15 რიგი წინანდლის საუკეთესო ზვრებში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ძველი ვენახების ადგილას. 

შარშან ძალიან ცოტა ღვინო დააყენეს, 300 ბოთლი, მხოლოდ რქაწითელი. ღვინომ იმდენად დიდი პოპულარობა მოიპოვა ღვინის მოყვარულებში, რომ რაოდენობამ მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილა. 

ამიტომ წელს ბიჭებმა მასშტაბები გაზარდეს, გაფართოვდნენ. მათი რქაწითელის ვენახი წინანდალში დღეს 25 რიგს მოიცავს. ამას დაამატეს 10 რიგი სოფ. ართანაში, ტყისპირებში, რომელსაც ადგილობრივები ციხიაანს უწოდებენ. 

ბიჭები მოელიან, რომ წელს უკვე 1 000 ბოთლამდე რქაწითელსა და საფერავს ჩამოასხამენ. მომავალ წელს 0.5 ჰა-ზე მწვანეს გაშენებასაც გეგმავენ. 

„ჩვენ ზოგადად, უფრო მოუვლელ ვენახებს ვეძებთ. როგორც აქ ეძახიან. შხამით გაფუჭებული რომ არ იყოს და ვიწყებთ ორგანული მეთოდებით. ვიყენებთ მარტო ნახევარპროცენტიან ბორდოს ხსნარს და ზოგჯერ - გოგირდს. როცა ყვავილში შედის, მაშინ ვიყენებთ ბაქტერიებს. ბიოაგროსთან ვთანამშრომლობთ. ორგანულზე გადასვლის პროცესში ვენახს ცოტა გაუჭირდა, მაგრამ ჯანმრთელი ვენახია.“ - ამბობს ვახო ფაღავა. 

ჩვენი სტუმრობის დროს ბიჭები მარნის მშენებლობის პროცესში იყვნენ, ახლადდარგული ქვევრები ასე გამოიყურებოდა.

მარანში ქვევრები, შედარებით დიდ ტევადობაზე გათვალეს - 9 ტ.-ზე, ცალკე გარეთ აქვთ 2 ტ. მოცულობის ქვევრები. როგორც თავად ფიქრობენ, ამ მარნის შევსებას, მინიმუმ, სამი წელი მაინც დასჭირდება. 

„ბიჭების ღვინო“ - ასე ჰქვია ბრენდს. თავიანთი პირველი მოსავლის (2014) რქაწითელი მათ წლევანდელ ახალი ღვინის ფესტივალზე გამოიტანეს. ღვინი იყიდება ღvino underground-ში, რომელმაც, ვახოს თქმით, ერთ-ერთი გარდამტეხი როლი შეასრულა მათი მეღვინეობის ჩამოყალიბებაში.  

„ამდენი შთამბეჭდავი ღვინის გაცნობის შემდეგ ჩვენც გადავწყვიტეთ ღვინის დაყენება და ბევრ საჭირო რამეს ვიგებდით vinoge.com-დან, ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ეს საიტი“ - ამბობს ის. 

ბიჭების კარ-მიდამო თელავში, სოფ. ართანაში

დღესდღეობით, ბიჭები ძირითადად, ართანაში ცხოვრობენ. შოთა უფრო მეტად თბილისშია, რადგან მეუღლე და პატარა შვილი ჰყავს. ვახო და ირაკლი კი კვირაში 4 დღეს მაინც სოფელში ატარებენ. ვენახის ორგანული მეთოდებით მოვლა მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებს. ყოველ მეხუთე დღეს ბიჭები ვენახს წამლავენ დაბალპროცენტიანი პრეპარატით.

როცა ვენახთან მუშაობა ადამიანისთვის არა მხოლოდ მარკეტინგის, არამედ ეთიკის საკითხია, რა თქმა უნდა, მიუღებელია ბუნებაზე ქიმიური ძალადობა, ხელოვნური მანიპულაციები, მკვახე მოსავლის აღება - მხოლოდ და მხოლოდ რაოდენობის, მოცულობისა და ბენეფიტების გაზრდის მიზნით. 

ბიჭების მაგალითი მაფიქრებინებს, რომ მათ შეიძლება, მიმბაძველებიც გამოუჩნდნენ და მათი ხელობის შედეგიანობა იქნებ, ერთგვარი საზომიც გახდეს იმ ადგილობრივი მევენახეებისთვის, რომლებმაც ვენახი, ნებსით თუ უნებლიეთ, პოლიტიკური თამაშების სარბიელად აქციეს.

 

After

11.10.2015

დღეს, ორშაბათს, ამ სიუჟეტის გამოქვეყნებას ვაპირებდი, თუმცა გუშინ ღამით ძალიან ცუდი ამბის შესახებ შევიტყე.

დილით, ართანაში, ციხიაანის ვენახში მისულმა ბიჭებმა აღმოაჩინეს, რომ მოსავლის 70 % დაუპატიჟებელ სტუმარს გაეკრიფა, 600 კგ. საფერავი მოეპარათ ერთ ღამეში, 200 კგ.-ის მოკრეფა ვეღარ მოესწროთ. 

ამიტომ „ბიჭების ღვინის“ 2015 წლის მოსავლის საფერავი, ალბათ, 100 ბოთლსაც ვერ მიაღწევს.  

აუტანელია დაქირავებული მუშახელის მიერ „ჩასაბარებლად“ დაკრეფილი ყურძნის სიმსუბუქე. თუმცა, უფრო აუტანელია საკუთარი ხელით მისაღები პატარა და დაუცველი მოსავლების სიმსუბუქე.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი.



გასახარია ასეთი ბიჭები კიდევ რომ ჰყავს საქართველოს,მსიამოვნებს და მიხარია ამის გაგება,ასეთი ქართველების სიმრავლე არის ჩვენი ქვეყნის ფეხზე დადგომის ერთადერთი გარანტი,ბარაქალა თქვენს შრომას,ღმერთმა შეწევნა არ მოგაკლოთ, წარმატებებს გისურვებთ.


ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, ყოჩაღ ბიჭებო, ვამაყობ თქვენით, საქართველოს უმრავლოს ღმერთმა თქვენნაირი ბიჭები


ხვავი და ბარაქა ბიჭებო, წარმატებები


ქალაქელი ბიჭები სოფელში შრომობენ, ყოჩაღ, თქვენნაირი ახალგაზრდები გადაარჩენენ საქართველოს, გამრავლდით

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.