ალკოჰოლიზმის დასამარცხებლად, როგორც ჩანს, წარმატებული ნაბიჯები გადაიდგა - მეცნიერებმა შეძლეს ისეთი წამლის გამოგონება, რომელიც ადამიანების ალკოჰოლისადმი მიდრეკილებას თრგუნავს. როგორც პრაღაში გამართულ ევროპელ ფსიქიატრთა კონგრესზე განაცხადეს, ნივთიერება ნალმეფენი დალევის სურვილს ამცირებს. კვლევების მიმდინარეობისას გამოვლინდა, რომ ნალმეფენის მიღება, ფსიქოთერაპევტულ კურსთან ერთად, ორჯერ ამცირებდა ალკოჰოლური სასმელების მოხმარების შემთხვევებს. ბრიტანელი მეცნიერი – დევიდ კოლიერი, რომელიც ლონდონის დედოფალ მარიას უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის თანამშრომელია, აცხადებს, რომ აღნიშნულ კვლევაში ადამიანთა ორი ჯგუფი იღებდა მონაწილეობას. ერთნი უშედეგოდ ცდილობდნენ ამ პრობლემასთან გამკლავებას, ხოლო მეორეთ ალკოჰოლიზმისგან განკურნება არც კი უცდიათ. მეცნიერი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ნალმეფენის მეშვეობით შესაძლებელია ალკოჰოლის დოზირების უსაფრთხო პარამეტრების რეგულირება და ეს დადებითად აისახება ადამიანთა ჯანმრთელობაზე. პრაღაში გამართულ კონფერენციაზე ნალმეფენთან დაკავშირებული კიდევ ერთი კვლევის შედეგები წარმოადგინეს. ექსპერიმენტი ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ხუთი ევროპული ქვეყნის 604 მოქალაქე იღებდა მონაწილეობას. შედეგები ამ შემთხვევაშიც შთამბეჭდავია - ცდის პირთა მიერ ალკოჰოლის მოხმარება დღეში 84-დან 30 გრამამდე შემცირდა. პრეპარატი ნალმეფენი, რომელიც ფარმაცევტულმა კომპანია Lundbeck-მა შექმნა, ჯერჯერობით ლიცენზირებული არ არის და კლინიკური გამოცდის სტადიაშია.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი