Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინო უყვარდა წითელი და აქვნდა უკლეველი ხოდაშნური და ყვარული

პლატონ იოსელიანი

ცხოვრება გიორგი მეცამეტისა

(ფრაგმენტი)

მეფის ძე გიორგი, დროთაგან ყმაწვილობისა, ვიდრე 40 წლამდე ცხოვრებისა თვისისა, იყო ტანით წვრილი, მაღალი და ბრგე. 1785 წელიწადიდამ შევიდა სიმსუქნეში, განსქელდა დიდად და თუმცა ესრეთმა სიმსუქნემან უფრო ახოვანჰყო იგი, გარნა ვეღარ ჯდებოდა ცხენსა თავისუფლად და ვერცა იქმნებოდა მარდი, ვითარცა პირველ. შემდეგ შეეჩვია შინა ყოფნასა, და მოთხოვნილებისა გამო დიდისა გვამისა მიიღებდა სანოვაგესა მრავლად და მადიანად მარადის. ჩვეულებასა ამას შეუდგა მდიდრად სადილისამზადება და ხანგრძლივ მირთმევა სადილისა მეჯლიშისა წესითა. პური სადილისა მისთვის იყო გამტკიცული თეთრი და ყოველ დღე ცხვებოდა სახაბაზოსა. ბრძანებისამებრ მისისა აქვნდათ ნება ყოველთა ქალაქისა მცხოვრებთა მხოლოდ სნეულთათვის და ავათმყოფთა წარეღოთ პური სახლად თვისად. ყოველ დღე ხსნილისა დღეთა, მცნებისამებრ მართლმადიდებელისა ეკკლესიისა, იკვლოდა ძროხა, ფლავი ქათმითა და ზირიშკითა შემზადებული, მიერთმოდა ყოველ დღე; ეგრეთვე შემწვარი და აფხაზური. დიდად უყვარდა ზაქი წლეული ანუ უფრო მოდიდო, სილბილისა, სითეთრისა, გემოვნებისათვის მისისა ხორცისა; უმეცარნი და მეშურნენი და მტერნი მისნი ჩუმნი და ფარულნი ეცინოდნენ მას ამისათვის და იტყოდნენ სიცრუით: "მრთელსა ზაქსა სჭამსო". წესისამებრ სადილობისა ძველისა და ახლისა, პირველ მეფეს მიერთმეოდა კერძი და რადგანაც ზაქისა და საუკეთესოისა საჭმლისა ნაჭერნი მიერთმეოდენ მას მრავლად აქედამ, შედგა ცილისწამებაცა: მრთელსა ზაქსა შეჭამდაო. აქვნდა მას ჩვეულება, ვითარცა დადიანისა კარზედაც მინახავს, რომელ მიიღებდა ნაჭერსა დიდსა თვით, და სხვათა თვითვე დასახელებითა სტუმართა, უბოძებდა, ნიშნად პატივისცემისა და სიყვარულისა. ნაცვლად ხბოისა მიირთმევდა ზაქისა წლეულისა ანუ მეტისა ხორცსა. ზაქის ხორცი არის დიდად ლბილი, ფრიად გემოვანი და ფერით დიდად თეთრი, მრავლით უკეთესი ხბოს ხორცისა.

ღვინო უყვარდა წითელი და აქვნდა უკლეველი ხოდაშნური და ყვარული, რომელსაცა ცალკედ დიდად განწმენდილისა ქვევრში შეამზადებდნენ საწელიწდოდ კარისათვის მეფისა. თვით მიირთმევდა არა უმეტეს ერთისა ჩარექისა ანუ თუნგისა მეოთხედისა. დათრობა მას სძაგდა ვითარცა სიბილწე, და ხუმრობით და სიცილითა დაუწუნებდა სადილსა მისისა მეინახეთა, უკეთუ ვინმე გაურევდა წყალსა და წყალსხმულსა დალევდა ღვინოსა. "გაიგონე რა გიამბო, - იტყოდა განგრძელებულისა ხმისა კილოთი: - თუ გინდა ღვინო წყლიანი, მდაბალი სვი ღვინოო; კარგი ღვინო არ უნდა წახდეს წყლისა შერევითა". არაყი არ იყო ჯერეთ დიდსა ხმარებაში, გარნა ურჩევდა არა სვან ვითარცა მაწყინებელი აგებულებისა და არცა სასარგებლო, თუმცა მტკბარი თაფლითა, მურაბისა მირთმევის დროს, - ქართველთა ჩვეულებისა წესითა. ორაგული უყვარდა დიდად და სწყინდა მარადის. მკურნალნიცა აყენებდენ ორაგულისა მირთმევისაგან და არა ერთგზის განკურნესცა წყინებისაგან ორაგულისა. აქაცა შექცევისათვის და ხუმრობითა წარმოიტყოდა სიტყვასა: "ოთახისათვის დარბაზი ვის დაუქცევიაო?"

სადილი მისი არ იქმნებოდა თვინიერ მღვდლისა, რომელიც მარადის მამაო ჩვენოსა თქმითა, აკურთხევდა დაგებულსა სუფრასა, და რადგან იცოდა მცირედ ბერძულიცა, ამისათვის ხშირად თვით იტყოდა ბერძულად "მამაო ჩვენოსა" და აკურთხევინებდა სუფრასა მღვდელსა. ჩვეულებრივ მეინახენი სადილისა მისისა, იქმნებოდენ ოცი და ოცდახუთამდე კაცი დღე-ყოველ.

დიდოს ლეკნი თთვე ყოველ მაისიდამ და კვალად ზამთრამდე მოგვრიდენ თვისთა ცხვართა და თოხლთა, ვითარცა გემოვანთა დიდად და მრავლით უგემრიელესთა სხვათა მთათა ზედა ნაკვებთა ცხოვართა. მეფე დაასაჩუქრებდა მათ ცხვრებითვე სამეულად; უბოძებდა სამოსთა მათ და ცოლთა მათთათვის. ოდესმე ზაფხულსა მოსძებნიდენ მეფესა ლილოზედ, ოდესმე ქვემო ავჭალასა, სადაც ხშირად განატარებდა სახლობითა ზაფხულისა თვეთა. აქა ჰქონდა სადგურად გურამიშვილის ზაალის სახლი ციხე გალავნიანი მტკვრისა პირსა ნაშენი, სიყრმიდგანვე არ უყვარდა ნადირობა. მონადირეთა დიდ-კაცთა უწოდებდა "კაცთა უსაქმოთა, მოცლილთა". – "დევნა მხეცთა და პირუტყვთა შეაჩვევს მტერობასა და მესისხლეობასაო, განაბოროტებს გულსაო". შვილთაცა თვისთა არ ურჩევდა ნადირობისა შეჩვევასა და მართლად არცა ერთი მათგანი, რომელთაცა მე ვიცნობდი, არ იყვნენ მონადირენი, გარნა მეფის ძისა ილიასი, და ესეცა შეჩვეოდა ნადირობასა რუსეთში.

არ უყვარდა ჯირითობაცა, რომელსაცა უწოდებდა "საგანსაცდელოსა რასამე", და ამისთვის მხდალად ხადოდენ მიმალულნი მეტოქნი მისნი.

დილითა, შემდგომად ცისკრისა დღე-ყოველ მოსმენისა, მიირთმევდა ჩაისა ილით და დარიჩინით მოდუღებულსა; ჩინეთისა ჩაისა, რომელიც მოერთმოდა რუსეთიდამ, მიიღებდნენ სნეულებისა დროსა სამკურნალოდ, და იშვიათად, ყავა თურქთა წესითა, სტუმართათვის იხმარებოდა ხშირად.

შაქარი დროთა ამათ იხმარებოდა ყანდისა, რომელიცა მოაქვნდათ ვაჭართა სპარსეთიდამ და მისირადამ. – ევროპიისა შაქარსა იშვიათად მოუტანდნენ, რადგან უძვირეს სპარსულისა იყიდებოდა. ესრეთი ევროპიისა შაქარი შემოვიდა სავაჭროდ ახალციხისა გზით, ეგრეთვე ყავა და თამბაქო, თალათინის ტყავები, საპონი მარანდული (ზეთისა) და სხვანი ესე ვითარნი.

* * *

სხვათა და სხვათა ჭურჭელთათვის, ღვინისათვის სახმართა საქართველოს დაწერა ლექსად შაირი მღვდელმან ეფრემ ალექსიევმან, მეფისა გიორგისა სახლობისა მოძღვრისა შვილმან. დაუკარგველობისათვს დავურთავ მას აქა:

("მიმველ და ვნახე" – ამ ხმაზედ ითქმის სიმღერა ესე):

ბახუსმა რანიც მოგვცა სასმური,

ეს არს აწ ნახე, ლიტლიტად ჭური,

ზენათ ქვე ვრიცხოთ ნოეს დასტური,

ცრუმ ბილწმა მახმედ, რას დროს ჰყო შური,

არსო ბოროტი კივის მაცთური,

უმანკო კარგსა არქვა საცთური,

ჩვენ გვრჩა ფიალი სმა საამური,

ხმობს დიდო, ქისტი, ფშავი, ხევსური

თუ დაგვახელა დავრთოთ ზედ პური.

მუნჯი ხვიხვინებს, სულთ მანიშნურებს,

აჯა მისმინეთ, მეცა ვარ მწყური;

ჰკრა ბაზარ-ბაზარ ფეშანამ ყური

ფერხთა სიმალით, იქმნა მაშური.

სთქვა, ვსვამ, თუნდ მარტყან წიხლი კახური,

მთლივ დასტა ქანჩით, კრულჰყო ნათხზური,

შესვა, იქმნა დრკუ ლაღად ნახური,

სმათ არა სჯერა, ეს უსახური,

კვლავ მოდრკა, თხარა ყველა ბახური.

ამისგანვე თქმული, მარანზედ დასაწერი:

ეს ნეკტარი წყარო, ყოველთ სასური.

რას იქმს აწ ნახე, ლიტლიტად ჭური

ამაზედ სჯულმან, მოგვცა დასტური:

ეგოდენ შესვი, ვინემ ხარ მწყური,

ეს სჯულია, ქართულ-კახური

რა რომ შეიქმნა, მით განახური,

მეტს ნუღარ იხმევ, მიუპყარ ყური

რომ არ გაგხადოს მან უსახური.

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.