Home
ქართული | English
დეკემბერი 2020
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

მულტიმედია

კომენტარები

საქართველოს თეთრი ღვინოები. მალხაზ ხარბედიას ლექცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში

30 ივლისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსში საქართველოს ღვინის კლუბის მორიგი, მიმდინარე სეზონის ბოლო, საჯარო ლექცია ჩატარდა. საგანმანათლებლო ხასიათის ლექციას, თემაზე - „საქართველოს თეთრი ღვინოები. მიმოხილვა, პრობლემები, მომავალი“, უძღვებოდა საქართველოს ღვინის კლუბის პრეზიდენტი, მალხაზ ხარბედია. 

მომხსენებელმა განიხილა საქართველოს თეთრი ღვინოები რეგიონების მიხედვით. ისაუბრა მათს ძლიერ მხარეებსა და ძირითად გამოწვევებზე. მანვე ვრცლად მიმოიხილა როგორც პოპულარული და გავრცელებული, ასევე, იშვიათი თეთრი ყურძნის ჯიშები - რქაწითელი, ცოლიკოური, ჩინური, გორული მწვანე, ხიხვი, ჭყაპა, წულუკიძის თეთრა, ჩეჭიფეში, საკმიელა და სხვ. ისაუბრა მათს ჯიშურ თავისებურებებზე, თვისებებზე, რომლებიც აყალიბებენ აღნიშნული ღვინოების სტილისტიკას.  

საჯარო ლექციის ერთ-ერთი ძირითადი ფოკუსი იყო ქართული თეთრი ღვინოების სტილისტიკა. მალხაზ ხარბედიამ საკმაოდ ვრცლად ისაუბრა საქართველოს რეგიონების შიდა სტილურ მრავალფეროვნებაზე. მაგალითად, კახეთში მან გამოყო შემდეგ სტილის ღვინოები - გარეკახურები, ქიზიყურები, ლაგოდეხურები, გურჯაანულები, თელავურები, ყვარლური, ნაფარეულისა და ახმეტის. ქართლში კი - მუხრანული, კასპი / გორი, ატენური და სხვ. იმერეთში - ზემოიმერულები, ბაღდათი-ზესტაფონი, ვანი, თერჯოლა-ოკრიბა და სხვ. ისაუბრა ნიადაგისა და კლიმატის თავისებურებებზე, რომლებიც განაპირობებს ღვინოების ხასიათს. 

როგორც აღვნიშნეთ, მომხსენებელმა ისაუბრა თეთრი ღვინოების აქტუალურ პრობლემებზეც. მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტი დასვა ავთენტური, თავისთავადი ჯიშური მახასიათებლებისა და გემოვნური თვისებების სისუსტეზე, განსაკუთრებით, ადგილწარმოშობის დასახელების ზოგიერთი ღვინის შემთხვევაში. მანვე გაამახვილა ყურადღება კვლევებისა და ბაზრის დივერსიფიკაციის საჭიროებაზე, დიდი კომპანიებისა და მცირე მარნების კოლაბორაციის აუცილებლობაზე. ხარბედიას თქმით, მნიშვნელოვანია, ერთგვარად, კონვენციური დამოკიდებულებების შემუშავება იმ მეღვინეობებს შორის, რომლებიც ერთსა და იმავე რეგიონებსა და მიკროზონებში აწარმოებენ ღვინოს. ამის საილუსტრაციოდ კი მან მოიშველია cru-ს ფრანგული გამოცდილება. cru  არის ვენახი, ან ვენახთა ჯგუფი, რომელთა მოსავლებიდან წარმოებულ ღვინოებს, როგორც წესი, გამოკვეთილი სახე და უნიკალური თვისებები აქვს. 

საჯარო ლექციის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო ის, რომ როგორც ღვინის მწარმოებელთა, ასევე, მომხმარებელთა მხრიდან ვენახების ფაქტორს უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს. 

პრეზენტაციაში გამოყენებული იყო „საქართველოს ღვინის კლუბის“ მდიდარი თვალსაჩინო მასალა - რუკები და ინფო გრაფიკები, რომლებიც ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია ჩვენს ვებგვერდზე. 

სექტემბრიდან „საქართველოს ღვინის კლუბი“ განაგრძობს ახალი წევრების მიღებას და საინტერესო შეხვედრებს ჰპირდება ღვინის ენთუზიასტებს. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული