Home
ქართული | English
სექტემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართველი ნატურალისტი მეღვინეების ფრანგული თავგადასავალი

ლევან სეფისკვერაძე

27იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით, საფრანგეთში ნატურალური ღვინის ტრადიციული გამოფენები – la dive boutielleდა las penitentes- გაიმართა, სადაც მონაწილეობას ქართველი მეღვინეებიც იღებდნენ. ნატურალური ქართული ღვინო საფრანგეთში ქართულმა მცირე მარნებმა: “იაგოს ღვინო”, “ხოხბის ცრემლები”,“ნიკოლაძეების მარანი”,“ანთაძეების მარანი”, “გაიოზ სოფრომაძის მარანი” და “ჩვენი ღვინო” წარმოადგინეს. გამოფენებზე დასწრება სპეციალური მოსაწვევებით იყო შესაძლებელი.

მასპინძლობა ფრანგულად

ქართველ მეღვინეებს ოთხმა ფრანგმა ნატურალისტმა მეღვინემ უმასპინძლა. პიერ-ოლივიე ბონჰომმა, ერვე ვილემადმა, ტიერი პუზელამ და ფილიპ ტესიარმა, ქართველი სტუმრების მიღება-დაბინავებისა და სხვა ხარჯებიც, საკუთარ თავზე აიღეს. ფრანგმა მასპინძლებმა ქართველ მეღვინეებს არაერთი ღვინის მარანი და ვენახი დათვალიერებინეს და რა თქმა უნდა, მსოფლიოში ცნობილ ფრანგულ კულინარიასაც აზიარეს. ფრანგული ყველითა და კერძებით მოხიბლული ქართველი მეღვინეები ნახევარად ხუმრობით ამბობენ, რომ საფრანგეთი მსუბუქი კვების მოყვარულებისათვის და ვეგეტარიენლთათვის ნამდვილად არ არის “სამოთხე.”

ლუარას რეგიონში ჩატარებულ ღონისძიებებს ევროპაში ცნობილი ღვინით მოვაჭრეები, ღვინის სპეციალისტები და ექსპერტები დაესწრნენ. როგორც გამოფენების მონაწილე ქართველი მეღვინეები ამბობენ, ქართულმა ნატურალურმა ღვინომ ევროპელი ღვინის სპეციალისტები ძალიან დააინტერესა და არაერთმა ნეგოციანტმა (ღვინით მოვაჭრემ) გამოთქვა ქართული ღვინის შეძენის სურვილი. თუმცა, საქართველოში ნატურალური ღვინო დღეს სამწუხაროდ იმდენად მცირე რაოდენობიოთ იწარმოება, რომ ქართველი მეღვინეების დიდ ნაწილს, ღვინის ძირითადი მოცულობა უკვე გაყიდული აქვთ.

როგორც ჩვენთან საუბარში, გამოფენის ერთ-ერთმა მონაწილე, კომპანია “ხოხბის ცრემლების” მფლობელი, ჯონი ვურდემანი ამბობს, გასულ წლებში აღნიშნულ გამოფენებში, საქართველოდან მხოლოდ კომპანია “ხოხბის ცრემლები” იღებდა მონაწილეობას. თუმცა, ბოლო წლებში ქართული ღვინისადმი ინტერესი ევროპაში ძალიან გაიზარდა და ამ საინტერესო გამოფენებში ბატონმა ჯონიმ თავისი მეგობარი ქართველი მეღვინეებიც ჩართო.

ჯონი ვურდემანი, მეღვინე: ”წელს უკვე ბევრნი ვიყავით საქართველოდან წასული და ევროპელებს ჩვენი ღვინოები გავაცანით. გამოფენის ბევრი სტუმარი, ჩვენმა ღვინომ განსაკუთრებული და უნიკალური თვისებებით დააინტერესა. ევროპაში ბევრი შესანიშნავი ღვინო მზადდება, მაგრამ ბევრი ღვინო გემური თვისებებით ერთმანეთს გავს. ქართული ნატურალური ქვევრის ღვინო კი, სრულიად გამორჩეულია და ეს არაერთმა ევროპელმა აღიარა.

ლუარას მხარეში გამართული გამოფენის დროს, არაერთი ადამიანი გვეკითხებოდა, რა არის ის “საიდუმლოება”, რაც ქართულ ღვინოს ასე გამოარჩევს სხვა ღვინოებისაგან. ღვინის კახური წესით ქვევრში ექვსთვიანი დადუღება ბევრისათვის დიდი სიახლე იყო და ვფიქრობ, რომ ეს განსაკუთრებული ნიშა, ჩვენმა ღვინომ არ უნდა დაკარგოს.

საფრანგეთში ძალიან კარგი მასპინძლები გვყავდა, რომლებმაც არაერთი ღვინის ბარი, საწარმო და ვენახი დაგვათვალიერებინეს. ნატურალური ღვინის ფილოსოფია ადამიანებს შორის მეგობრობასა და ურთიერთგაგებას უწყობს ხელს. შეიძლება ითქვას, რომ ევროპაში ნატურალისტები ერთი დიდი ოჯახი არიან.”

“საფრანგეთში მეღვინე დაფასებული კაცია”

საფრანგეთში ქართველმა მეღვინეებმა 50-მდე შედარებით დიდი და მცირე კომპანიების მარნები დაათვალიერეს. ნახეს ისეთი მცირე ღვინის მარნებიც კი რომელთა მფლობელობაში სულ 2-3 ჰექტარი ვენახი იყო. ეს მასშტაბები საფრანგეთისათვის ძალიან მცირეა, თუმცა, ნატურალური ღვინის ევროპელი მოყვარულები პირველ რიგში კონკრეტული ღვინის ხარისხს აფასებენ და არა ამათუიმ კომპანიის წარმოების მასშტაბებსა და შესაძლებლობებს.

“ყველაზე მეტად რაც საფრანგეთში მომეწონა, ეს არის, რიგითი მოქალაქეების დამოკიდებულება ღვინისა და მეღვინეებისადმი. ფრანგული კანონმდებლობის მიხედვით, როდესაც ადამიანი საფრანგეთის საზღვარს გადაკვეთს, მას მხოლოდ რამდენიმე ბოთლი ღვინის შეტანის უფლება აქვს. პირადად მე, 20 ბოთლზე მეტი ღვინო მქონდა წაღებული. როდესაც მესაზღვრებმა გაიგეს, რომ ქართველი მეღვინეები ვიყავით და ღვინის გამოფენებში უნდა მიგვეღო მონაწილეობა, ღვინო უპრობლემოდ შეგვატანინეს. მეეჭვება ქართველ მესაზღვრეებს მსგავსი რამ ექნათ.

საფრანგეთში ყოველი ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა მეღვინეებისადმი პატივისცემა. დაწყებული რიგითი მოქალაქიდან და პოლიციელებთ დამთავრებული. ფრანგული პოლიცია ბევრად გაგებით ეკიდება მეღვინე მძღოლებს, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში. მაგალითად საქართველოში პატრულმა თუ გაიგო, მეღვინე რომ ხარ, წამსვე ალკოტესტს იშიშვლებს და ჩაბერვას გიბრძანებს. საფრანგეთში კი, მეღვინე განსაკუთრებულად დაფასებული და პატივცემული კაცია.

პარიზსა და ლუარას რეგიონში არაერთი ღვინის ბარი, რესტორანი და საწარმო დავათვალიერეთ. პირველ რიგში რაც თვალში მოგვხვდა, ეს არის ნატურალური ბარებისა და რესტორნების უბრალოება. ფრანგები ღვინის ბარების დიზაინსა და “სიბრჭყვიალეს” ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. მათთვის მთავარი ღვინო და ღვინის ხარისხია. ვნახეთ 400 და 300 წლიანი ისტორიის მქონე ღვინის ბარები და თეთრი შურით შეგვშურდა იმ ქართველ მეღვინეებს, რომლებმაც პირველი ნატურალური ღვინი ბარი თბილისში სულ რაღაც ერთი წლის წინ გავხსენით.” - იხსენებს ფრანგულ შთაბეჭდილებებს ქართველი მეღვინე, მცირე მარნის, “ნიკოლაძეების მარანის” მფლობელი, რამაზ ნიკოლაძე.

ნატურალისტთა ერთობა

საფრანგეთში ნატურალური ღვინის ერთ-ერთი გამოფენა სახელწოდებით - la dive boutielle, გამოქვაბულში მოწყობილ უძველეს ღვინის სარდაფში გაიმართა. შატო, რომელსაც ეს გამოქვაბული და მარანი ეკუთვნის, ისტორიულ წყაროებში ჯერ კიდევ მე-11 საუკუნიდან ფიქსირდება. მე-16 საუკუნიდან კი აღნიშნულ შატოში, ღვინის წარმოებისათვის მუდმივი ხასიათი მოუციათ. გამოფენაში ქართველი მეღვინეების გარდა, მონაწილეობას მეღვინეები და ნეგოციანტები: იაპონიიდან, ჰოლანდიიდან, ბელგიიდან, იტალიიდან, თურქეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და რა თქმა უნდა, საფარანგეთიდანაც იღებდნენ. ლუარაში თითქმის მთელი მსოფლიოდან ჩასულმა დაახლოებით სამასმა მეღვინემ, ნატურალური ღვინის მოყვარულებს საკუთარი ღვინო გააცნო და როგორც უკვე ავღნიშნეთ, ფრანგულ გამოფენებზე ქართული ღვინის ასეთი მრავალფეროვანი ნიმუშები, პირველად იყო წარმოდგენილი.

ქართველი მეღვინეებისათვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო ის აღმოჩენა, რომ ფრანგი ნატურალური ღვინის მწარმოებლები ღვინოში გოგირდს თითქმის არ იყენებენ და თუ იყენებენ – პრაქტიკულად უმნიშვნელო რაოდენობით. როგორც რამაზ ნიკოლაძე აღნიშნავს, გოგირდის გამოუყენებლობაში ფრანგების ასეთი “გამბედაობა” მისთვის და მისი მეგობრებისათვის, შეიძლება მისაბაძი გახდეს.

რამაზ ნიკოლაძე: “ღვინოში გოგირდის გამოყენების საკითხი ქართველ მეღვინეებში დღემდე კამათისა და განსჯის საგანია. ფრანგმა მეღვინეებმა ნათლად დაგვანახეს, რომ შეიძლება საერთოდ არ იხმარო გოგირდი და ამით ღვინის ხარისხი არათუ არ გაფუჭდეს, არამედ გაუმჯობესდეს კიდეც. ბევრ ქართველ მეღვინეს გამბედაობა გვაკლია, რაც ფრანგებს, როგორც ჩანს, ჩვენზე მეტი აქვთ.

მიუხედავად იმისა, რომ ღვინის წარმოებაში ნატურალური ღვინის სეგმენტი მთელს მსოფლიოში ჯერ კიდევ ძალიან სუსტია, საფრანგეთში გამართულმა გამოფენამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროპაში სულ უფრო ბევრი მეღვინე გადადის ნატურალური ღვინის წარმოებაზე და ვენახის “ბიო” მეთოდებით მოვლაზე, რაც უდავოდ მისასალმებელი ფაქტია.

ასევე მისასალმებელი და მოსაწონია, ფრანგი მეღვინეების ერთმანეთისადმი დამოკიდებულება. ეს ადამიანები ერთმანეთს ყოველთვის მხარში უდგანან და ერთმანეთს პარტნიორებად უფრო განიხილავენ, ვიდრე კონკურენტებად. საფრანგეთში გავიცანით მეღვინეები, რომლებსაც ცალკ-ცალკე იმდენი ფული არ ჰქონდათ, რომ მეღვინებისათვის საჭირო დანადგარები და ატრიბუტები სათითაოდ შეეძინათ. ამიტომ, ეს ჭკვიანი ხალხი შეამხანაგდა, ფული ააგროვეს და ერთად იყიდეს ეს ნივთები. როდესაც მეღვინეებს შორის ასეთი თანადგომა და ძმური დამოკიდებულებაა, ეს მათ მიერ დაყენებულ ღვინოზეც დადებითად აისახება.”

მიუხედავად იმისა, რომ ქართველი მეღვინეების ფრანგული თავგადასავალი სულ რაღაც ორი კვირა გაგრძელდა, მათ მიერ საფრანგეთში ჩატანილი ქართული ღვინით უკვე იმდენი ევროპელი ღვინით მოვაჭრე დაინტერესდა, რომ მომავალში საქართველოში ჩვენი ღვინით გატაცებულ არაერთ უცხოელ ღვინის მოყვარულს უნდა ველოდოთ. იმედია გავამართლებთ ამ ნდობას. ნდობის მოპოვებაზე რთული, ნდობის შენარჩუნებაა!   

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული