Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო კონფერენცია ზუგდიდში

გიორგი ბარისაშვილი

9 ივლისს ზუგდიდში ქალაქის მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა  მევენახეობა-მეღვინეობის პირველი სამეცნიერო კონფერენცია, რომლის უშუალო ორგანიზატორები იყვნენ ზუგდიდის მერიის თანამშრომელი ბესო არახამია და ასევე მიხეილ ცირდავა. შეხვედრის ძირითადი ნაწილი აღნიშნული სფეროების პრობლემატიკას შეეხო. სპეციალურად ამ დღისთვის მოძიებული იქნა მეგრული ვაზის ჯიშების ღვინოები: ოჯალეში, კოლოში, ეგუძგური, მაჭყვადინა და ჭვიტილური, რომელთა ჭაშნიკიც კონფერენციის დასასრულს გაიმართა.

რეგიონისათვის უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს ადგილობრივი ვაზის ჯიშების ფაქტობრივად არარსებობა. მართალია, მოსახლეობაში ერთეული ნარგაობის სახით შევხვდებით იშვიათ მეგრულ ვაზის ჯიშებს, მაგრამ ეს ზღვაში წვეთიც კი არ არის... როგორც გამომსვლელებისაგან, ისე დამსწრეთაგანაც გამოითქვა სურვილი და მზაობა იმისა, რომ რეგიონში გაკეთდეს სამეგრელოსა და ზოგადად კოლხური ვაზის ჯიშების საკოლექციო ნაკვეთი, საიდანაც მოხდება ადგილობრივი ვაზის ჯიშების მოსახლეობაში გავრცელება. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი ქალბატონი ლილი ბერაია და ბიბლიოთეკის სხვა თანამშრომლებიც, რომელთაც გადაეცათ მევენახეობა-მეღვინეობის ლიტერატურა. გამოითქვა სურვილი, რომ სამომავლოდ ბიბლიოთეკის ბაზაზე გაიხსნას ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკა, სადაც ჩატარდება მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში საინფორმაციო და საქმიანი შეხვედრები. ღონისძიებას ესწრებოდა ადგილობრივი მექვევრე ოსტატი დოდი თოლორაია.

სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ქვევრის მიმართ მოსახლეობის დაბალმა ინტერესმა შინამრეწველობის ეს მიმართულება თითქმის მთლიანად გააქრო, თუმცა ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ სამეგრელოში ისეთი ისტორიული დარგი, როგორიც მექვევრეობაა, კვლავ აღდგება და აღორძინდება, რადგან მეგრული ღვინო მეგრულ ქვევრში უნდა დაყენდეს! ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ზუგდიდელი მხატვარ-კერამიკოსი რობერტ აბსანძე, რომელმაც ღონისძიებაზე საკუთრი კერამიკული ნამუშევრები წარმოადგინა. კონფერენციის მსვლელობისას გადაწყდა, რომ ეს ღონისძიება ყოველწლიურად გაიმართება.

უახლოეს ხანებში ზუგდიდის მერის თანადგომით იგეგმება დოკუმენტურ-მხატვრული ფილმის გადაღება სამეგრელოს მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ, რომლის ჩვენებაც ოქტომბერში, ქალაქ ზუგდიდში გაიმართება. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ მომავალ 2018 წელს კონფერენციაზე მოსულ საზოგადოებას საშუალება ექნება, დააგემოვნონ მექვევრე დოდი თოლორაიას მიერ დამზადებულ ქვევრებში დაყენებული ღვინოც.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



მოგესალმებით.მადლობას გიხდით სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობისათვის.პატივისცემითა და მომავალი თანამშრომლობის სურვილით, ქალაქ ზუგდიდის მერიის საზოგადოებასთნ ურთიერთობის განყოფილება https://www.youtube.com/watch?v=cim4fCkaYvI&feature=youtu.be

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული