Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჯესიკა ბელი – ღვინის კლუბის სტუმარი

ალეკო ცქიტიშვილი
ცნობილი ამერიკელი ღვინის ექსპერტი, ჯესიკა ბელი ღვინის კლუბმა ქართული ღვინისა და კერძების შეხამების საღამოზე მიიწვია. საღამოს 23 აპრილს სიძველეების მოყვარულმა ლუარსაბ ტოგონიძემ და მისმა ღვინის ბარმა უმასპინძლა. ქვევრისა თუ ევროპული ტიპის ქართულ ღვინოებს ჩაქაფული, ცოცხალი, მწვადი, ხაშლამა და სხვა ტრადიციული კერძები შეუწყვილდა. ქართულმა ღვინომ, სიმღერამ და სადღეგრძელოებმა სიმპატიურ ლედის გული გაუთბო. ქართული ღვინოებიდან მან ქვევრის ღვინო გამოარჩია და აღნიშნა, რომ იგი მსოფლიოს სხვა ღვინოებისგან უდავოდ განსაკუთრებულია.  

ჯესიკა ბელის გაკვეთილები


ჯესიკა ბელის საქართველოში სტუმრობა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივამ (EPI) დააფინანსა. EPI მხარს უჭერს საქართველოს, როგორც „ღვინის ქვეყნის“ წარმოჩენას და დამკვიდრებას მსოფლიო ბაზარზე. უფრო კონკრეტულად, EPI–ს გეგმებში შედის ქართული მეღვინეობისა და ღვინის ტურიზმის განვითარება. 18-19 აპრილს ღვინის ლაბორატორიაში ჯესიკა ბელმა ქართული ღვინისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის საორიენტაციო ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ სხვადასხვა ყურძნის ჯიშებს, გასინჯეს ევროპული და ამერიკული ღვინოები, რომლებიც ქართულ ღვინოებს შეადარეს, ისაუბრეს ქართული კერძების ევროპულ ღვინოებთან შეხამებაზე.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო „ღვინის სამშობლოს“ სტატუსით ამაყობს, არსებობს პარადოქსული პრობლემა – დღესდღეობით ქართველებს მეტად მწირი ცოდნა გვაქვს ღვინის შესახებ. ტურიზმის სექტორში დასაქმებულ ადამიანებს (სასტუმროების, რესტორნების, კაფე-ბარებისა თუ ღვინის მაღაზიების თანამშრომლებს) არ შეუძლიათ, ან თითქმის არ შეუძლიათ მაღაზიაში ან რესტორანში ტურისტს ურჩიონ, რომელი ქართული ღვინო გასინჯოს, რომელ საჭმელს რა უხდება და ა. შ. ამავე დროს, ეს ადამიანები საერთოდ არ იცნობენ საერთაშორისო ღვინოებს და შესაბამისად, არ შეუძლიათ, პარალელი გაავლონ, მაგალითად, ქართულ და ფრანგულ ღვინოებს შორის.
„გასაგებია, რომ ღვინის ტურიზმით დაინტერესებული ადამიანი სწორედ ქართული ღვინის გასასინჯად არის ჩამოსული, მაგრამ რომელიმე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილე ბიზნესმენმა შეიძლება, სულაც არ მოისურვოს რაიმე ახლის გასინჯვა და კვლავ მისთვის ნაცნობი ღვინო მოითხოვოს. ასეთ შემთხვევაში, ჩვენი მიმტანების ან ბარმენების პასუხი ერთია - „არ გვაქვს“, იმის ნაცვლად, რომ ტექნიკურად „შეაპარონ“ სტუმარს ადგილობრივი ღვინო და აუხსნან, რომ ჩვენც გვაქვს, ვთქვათ, თეთრი მშრალი ღვინო, რომელიც ძალიან ჩამოჰგავს სტუმრის მიერ მოთხოვნილს, და რომ ღირს მისი გასინჯვა და ა.შ. აქედან გამომდინარე, მივიჩნიეთ, რომ კარგი იქნებოდა, ჩაგვეტარებინა ტრენინგები საერთაშორისო ღვინოებზე, რომლის შედეგადაც დამსწრეები არა მხოლოდ გაეცნობოდნენ ევროპულ და ამერიკულ ღვინოებს, არამედ შეძლებდნენ მათ შედარებას ქართულ ღვინოებთან და ა.შ. გარდა ამისა, ჩვენი მიზანი იყო ტრენინგ-პროვაიდერად შეგვერჩია ორგანიზაცია, რომელსაც საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამები აქვს და გასცემს შესაბამის სერტიფიკატებს ტრენინგის მონაწილეებისთვის“, – ამბობს „მარანთან“ საუბრისას EPI–ს წარმომადგენელი ნათია ვეფხვაძე.  
მისივე ინფორმაციით, EPI–მ არჩევანი შეაჩერა ინგლისურ კომპანიაზე Wine & Spirit Education Trust (WSET), რომელსაც 50-ზე მეტ ქვეყანაში აქვს ფილიალები და აქვს სამსაფეხურიანი პროგრამები, დაწყებული ძალიან საბაზისო საკითხებით, დამთავრებული პროგრამით, რომელიც მსურველს ღვინის საფუძვლიანად შესწავლის საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, ის, ვინც ჩააბარებს უმაღლესი (ფაქტობრივად – მეოთხე) საფეხურის გამოცდას, ხდება WSET-ის აკრედიტებული წარმომადგენელი და უფლებას იღებს, თავად ასწავლოს WSET-ის პროგრამები და გასცეს სერტიფიკატები. EPI–მ, როგორც USAID-ის დაფინანსებით მომუშავე პროექტმა, შეარჩია WSET-ის ერთ–ერთი ფილიალი – ამერიკული კომპანია My Wine School („ჩემი ღვინის სკოლა“), რომელიც ჯესიკა ბელს ეკუთვნის. ჯესიკა WSET-ის პროგრამების აკრედიტებული წარმომადგენელია.  
იმის გამო, რომ ეს კურსები საკმაოდ ძვირადღირებულია, EPI–ს პროექტი მსურველებს სთავაზობს მხოლოდ II დონის პროგრამას. პროგრამა ისწავლება ინგლისურ ენაზე, რადგან WSET კრძალავს თავისი კურსების ქართულ ენაზე თარგმნას. კურსი ხუთკვირიანია და ფაქტობრივად ონლაინ–რეჟიმში ხორციელდება. ყველა მონაწილეს აქვს თავისი პაროლი და შედის შესაბამის საიტზე. გარდა ამისა, ყოველ ხუთშაბათს ტარდება ვირტუალური სემინარები, რა დროსაც WSET-ის ექსპრეტი ჯესიკა ბელი, სემინარის მონაწილებს ერთვება ამერიკიდან ვიდეოზარით და აწვდის მათ ღვინოსთან დაკავშირებულ ინფორმაციას. კურსის ბოლოს მონაწილეები ჩააბარებენ გამოცდას ჯესიკა ბელის ზედამხედველობის ქვეშ. გამოცდის შედეგები გაიგზავნება ლონდონში, WSET-ის სათაო ოფისში. წარმატების შემთხვევაში, მონაწილეები მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს და WSET-ის პირველი საფეხურის პროგრამების სწავლების უფლებას.
„გარდა WSET-ის მეორე საფეხურის ტრენინგისა, ჩვენ ვგეგმავთ  WSET-ის პირველი საფეხურის პროგრამის ჩატარებას თბილისში ტურიზმის სექტორში მოქმედი კომპანიის თანამშრომლებისთვის“, – ამბობს ნათია ვეფხვაძე, – „ასევე, ჯესიკას ვთხოვეთ, შეემუშავებინა სპეციალური კურსი, სადაც განიხილავს 5 ყველაზე პოპულარულ საერთაშორისო და 5 ყველაზე პოპულარულ ქართულ ღვინოებს. ეს კურსი განკუთვნილი იქნება ტურიზმის ინდუსტრიაში მომუშავე, ასე ვთქვათ „პირველი ხაზის“ თანამშრომლებისთვის (მიმტანი, ღვინის მაღაზიის გამყიდველი, მარნებში მომუშავე, ბარმენი, და ა.შ.). კურსის მიზანი იქნება, მონაწილეებს საბაზისო ცოდნა მისცეს ევროპულ და ქართულ ღვინოებზე ისე, რომ მათ შეძლონ ღვინის ეტიკეტის წაკითხვა, დაახლოებით იცოდნენ ღვინოების შემადგენლობა (არომატი, ბუკეტი), რომელი კერძი რომელ ღვინოსთან უნდა მიირთვა, და რაც მთავარია, შეძლონ იმდენი, რომ ჩამოსული სტუმარი დააინტერესონ ქართული ღვინის გასინჯვით. ამ ტრენინგის ჩატარება იგეგმება ივნისის დასაწყისისთვის, სავარაუდოდ – ბათუმში, ვინაიდან ბათუმი იქნება ტურისტების კონცენტრაციის ცენტრი“.
EPI-ს პროექტი ითვალისწინებს ისეთი ტრენერების მომზადებას, რომლებიც შემდგომში თვითონვე ჩაატარებენ ტრენინგებს ღვინის თემაზე. ამ მიზნით EPI თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან, რომლებსაც უკვე აქვთ საგანმანათლებლო პროგრამების ჩატარების გამოცდილება და კარგად ერკვევიან ღვინოებში. ამ ორგანიზაციებს შორის არის ღვინის კლუბიც.

„მადლობა ღმერთს, რომ მოგვასწრო ამ დღეს“    

ჯესიკა ბელს ნიუ იორკის რესტორანში The Modern Restaurant და ესპანური ღვინოების მაღაზიაში მუშაობის გამოცდილება აქვს. განსაკუთრებით კარგად ერკვევა ესპანურ და ფრანგულ ღვინოებში. არის აშშ-ში პოპულარული სატელევიზიო პროგრამების თანაწამყვანი, როგორიცაა ემის პრიზზე ნომინირებული სატელევიზიო პროგრამა Wisconsin Foodie, ასევე - Time Warner On Demand Wine Tips. ბოლო წლებში, რამდენიმე ღვინის მწარმოებელ  ქვეყანაში იმოგზაურა. საქართველო ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა, სადაც იგი აპრილის ბოლოს იმყოფებოდა.
ლუარსაბ ტოგონიძის ღვინის ბარში გამართულ საღამოზე ჯესიკა ბელმა ღვინის კლუბს ქართული ღვინისა და სამზარეულოს შესახებ საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა.
„ერთი წლის წინ არაფერი ვიცოდი იმ ქვეყნის შესახებ, სადაც ახლა ვარ. მერე წავიკითხე, რომ ქართულ სუფრაზე ბევრი უნდა ჭამო, რომ ღვინის სმას არ ჩამორჩე. მივხვდი, რომ ეს ქვეყანა მომეწონებოდა და მომინდა, ახლოს გავცნობოდი აქაურობას. მქონდა პატივი, ალავერდის მონასტერში ბერების მარანს გავცნობოდი. დიდი კომპლიმენტი იყო ჩემთვის, როცა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა მითხრა - ქართული ღვინის შეცნობაში ჯერ კიდევ ჩვილი ხარო. მართლაც, ჯერ კიდევ წინა მაქვს ამ ღვინის შესწავლის სიხარული“, - აღნიშნა ჯესიკა ბელმა.   
გაზეთ „მარანთან“ საუბრისას სტუმარმა აღნიშნა, რომ პირველი შთაბეჭდილებით, მას უფრო მეტად ქვევრის თეთრი ღვინოები მოეწონა, როგორც სრულიად განსხვავებული ფენომენი: „აქამდე რაც წამეკითხა ქვევრის ღვინოებზე, ველოდი ჭარბად ტანინიან და მძიმედ დასალევ ღვინოს. ტანინი მართლაც იყო, მაგრამ მძიმე და შემაწუხებელი - არა. ბავშვს რომ ახალ ტკბილეულს გაასინჯებ, ასეა ჩემთვის ახლა ქვევრის ღვინოები და რამდენადაც შევძელი მისი გაცნობა, უკვე შემიძლია ვთქვა, რომ მე იგი მიყვარს. განსაკუთრებით მომეწონა ალავერდის მონასტრის „ბერების ღვინო“, როგორც დაბალანსებული, ინტენსიური და კომპლექსური ღვინის ნიმუში“.
ჯესიკა ბელი ქვევრის თეთრ ღვინოებს ესპანურ ხერესს ადარებს და მიაჩნია, რომ დავარგებული ღვინოების კატეგორიაში ქვევრის ღვინო საკმაოდ კონკურენტუნარიანი იქნება მსოფლიო ბაზარზე. თუმცა, რა თქმა უნდა, საჭიროა მისი მარკეტინგული შეფუთვა ისე, რომ უცხოელი მომხმარებლისთვის გასაგები იყოს, რასთან აქვს საქმე. მისი თქმით, ქვევრის ქართული ღვინო ისეთივე ძველი და ცოცხალია, როგორც ქართველი ხალხი. ამავე დროს, ეს არის ის, რითაც უცხოელი გურმანები ქართულ კულტურას და ისტორიას შეიმეცნებენ. შესაბამისად, მარკეტინგული მესიჯებიც მდიდარ ქართულ კულტურას და ისტორიას უნდა უკავშირდებოდეს. ჯესიკა ბელს მოეწონა 2010 წელს საქართველოში ჩატარებული ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესის სლოგანი - „შეეხე ისტორიას“.  
საღამოს თამადას, ღვინის კლუბის პრეზიდენტ მალხაზ ხარბედიას ქართული ღვინის თანამედროვე მდგომარეობამ ნიკო ფიროსმანის ნახატზე მინაწერი გაახსენა - „მადლობა ღმერთს, რომ მოგვასწრო ამ დღეს“. მისი თქმით, სასიხარულოა, რომ  ღვინის კლუბი არათუ მოესწრო, არამედ თვითონვე აქტიურად მონაწილეობს იმ პროცესში, სადაც ქართული ღვინო პოულობს საკუთარ თავს. ამავე დროს, დანარჩენ მსოფლიოსაც სულ უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდება ქართულ ღვინოზე და ამ საქმეში დიდი წვლილი შეაქვთ ისეთ ავტორიტეტულ ღვინის ექსპერტებს, როგორიცაა ჯესიკა ბელი.
დაბოლოს, ჟურნალისტის სტატუსიდან გამომდინარე, რაკი ღვინის კლუბმა ჯესიკას წინ მიმიჩინა ადგილი, გეტყვით, რომ მან ძალიან უშუალო, გულთბილი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. განსაკუთრებით მომეწონა მისი სიტყვა, როცა სიყვარულის სადღეგრძელო დალია და აღნიშნა, რომ ძალიან უნდა ვისკონსინში, აშშ-ს საკმაოდ ცივ შტატში, მზიან ფერდობზე ვენახის გაშენება, მაგრამ ელოდება, როდის გაიზრდება მისი 2 წლის შვილი, რათა ვენახის მოსავლელად მეტი დრო ჰქონდეს.
ბარემ იმასაც გაგიმხელთ, რომ ქართული სამზარეულოს კერძებიდან სტუმარს განსაკუთრებით ჩაქაფული და მწვანე ტყემლის საწებელი მოეწონა. ღვინოების შეფასებისას შედარებით თავშეკავებული იყო, თუმცა, დადებითი ემოციები ვერ დამალა შპს „იბერიელის“ „ჩხავერისა“ და „ვაზი +“-ის ქვევრის ღვინის გასინჯვისას.


© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული