Home
ქართული | English
დეკემბერი 2019
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

მულტიმედია

კომენტარები

ყიდიან, მაგრამ არ იხდიან – ქართული მცირე მარნების ბედი შიდა ბაზარზე

ლევან სეფისკვერაძე

ბოლო დროს მცირე მარნების მფლობელები დაუფარავად ამბობენ, რომ საქართველოს ღვინის მაღაზიები და ბარები თანხებს დროულად არ რიცხავენ. მეღვინეები სწუხან იმაზე, რომ მათთვის კუთვნილი თანხების ანაზღაურება  ზოგიერთ ღვინით მოვაჭრეს ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხად მიაჩნიათ და არის შემთხვევები, როდესაც გაყიდული ღვინის საფასურის ჩარიცხვა მათ რამდენიმე თვით და ერთი წლითაც კი დაუგვიანიათ.

მცირე მარნების წარმომადგენლები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ ღვინის მაღაზიებისა და ბარების ასეთი არასწორი დამოკიდებულებების გამო იძულებულნი გახდნენ არაერთ ღვინის ბართან და რესტორანთან შეეწყვიტათ ურთიერთობა.

ლაშა გურული, თერჯოლელი მეღვინე, საოჯახო მარან "ენკენის" მფლობელი: "თანხის ანაზღაურების პრობლემა ხშირად შემქმნია და აქტუალურია ეს საკითხი ჩემთვის, რადგან მხოლოდ ქართულ ბაზარზე იყიდება ჩემი ღვინო. თანხის დროულად დაფარვის პრობლემა ჩემი აზრით მაღაზიის არასწორი მენეჯმენტის, ადამიანური უპასუხისმგებლობის გამო დგას. ამას ისიც ერთვის თან, რომ მაღაზიის მეპატრონემ იცის, ხანდახან მეღვინეს დიდი არჩევანი არ აქვს და ოღონდ ღვინო გაიყიდოს - თანახმაა თანხის მოგვიანებით ანაზღაურებაზეც. აღნიშნული მანკიერებები ძირითადად ახალ და გაჭირვებით მომუშავე ბარებს აქვთ. ავტორიტეტულ და გამართულ ბარებთან და მაღაზიებთან ეს საკითხი არ დგას, თუმცა ასეთები სამწუხაროდ  ცოტაა“.

მეღვინეების ხედვით, ახალი ბარების წინაშე არსებული პრობლემების  მიზეზიც უკვე კარგად იციან. ამბავი ასეთია: მეპატრონემ იქირავა ფართი, მეღვინეებს მოატანინა ღვინოები კონსიგნაციით. დაიწყო გაყიდვები. თუმცა სხვა დანიშნულებით გახარჯა თანხა და ყოველი მეღვინის გასტუმრებას უკვე სხვა ღვინოების გაყიდვით ახდენს. შესაბამისად, ეს უცნაური ბიზნესი მუდმივი უკმაყოფილების ჯაჭვში ერთვება, იქმნება მთელი რიგი სქემები, რომელიც გადავადებების საკმაოდ მოქნილ ტექნიკაზეა დაფუძნებული. ზოგიერთი ღვინის ბარი და რესტორანი ნამდვილად დაოსტატდა ამ საქმეში.

ლაშა გურული: “ახალბედა მეღვინეს უხარია, როცა მაღაზია ღვინოს უკვეთავს. ამიტომ, თანახმაა კონსიგნაციაზე. შემდეგ იგი აწყდება სირთულეებს. ყველას ვურჩევ, რომ მაღაზიების შერჩევამდე გამოცდილ მწარმოებლებთან კონსულტაცია გაიარონ. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ავტორიტეტული ღვინის ბარები ყველა ახალი მწარმოებლის ღვინოს არ მიიღებენ, თუ ის მართლაც განსაკუთრებული არ იქნება. ასე რომ, ახალ მეღვინეს მაინც ისეთ მაღაზიასთან უწევს თანამშრომლობა, რომელიც თვითონ უწესებს წესებს.

გამოსავალზეც ვიტყვი ორ სიტყვას... ნატურალური ღვინოების მწარმოებლებმა თავად უნდა გადაწყვიტონ ვისთან ითანამშრომლონ და ვისთან არა და ამ საკითხთან მიმართებაში ყველამ ერთი პირი და საერთო პოზიცია იქონიონ, თორემ ბევრი მწარმოებელი ვიცი, ვინც საზღვარგარეთ გაიტანა პროდუქცია და საერთოდ დაემშვიდობა ქართულ ბაზარს. ეს ჩვენი მეღვინეობისათვის კარგი არ იქნება“.

იგივე პრობლემის წინაშე დგას ქალი მეღვინე თამუნა ბიძინაშვილი, რომელიც ამბობს, რომ მის მსგავსად ყოველი მეორე მეღვინე ვერ ახერხებს ფინანსური საკითხების დროულად მოგვარებას, რადგან რეალიზატორები თანხის გადახდას სისტემატიურად აგვიანებენ.

თამუნა ბიძინაშვილი, “კორტავების მარანი“: “რათქმაუნდა მეც შემქმნია  მაღაზია-ბარებისგან და რამოდენიმე საუკეთესო რესტორნისგანაც თანხის დროული ჩარიცხვის პრობლემა. ეს შემთხვევები ძალიან ხშირია და სამწუხაროდ ყოველი მეორე მეღვინე ამას ამბობს. პირადად მე, მიუხედავად დიდი სურვილისა, რომ მეთანამშრომლა თითქმის ყველა პატარა და დიდ ღვინის მაღაზიასთან და ბართან, სიტუაცია კარგად შევისწავლე და მხოლოდ რამდენიმე ობიექტი დავიტოვე, რომლებიც დროულად რიცხავენ თანხას. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ იყო“.

ბევრი სხვა მეღვინის მსგავსად, ზესტაფონელი მეღვინე, არჩილ გუნიავაც ამბობს, რომ უკვე ერიდება ღვინის ახალ და უცნობ მაღაზიებთან თანამშრომლობას, რადგან კუთვნილი ანაზღაურების დროულად გადახდის პრობლემა მასაც არაერთხელ შექმნია.

არჩილ გუნიავა, “არჩილ გუნიავას მარნისმფლობელი: “ნამდვილად შემქმნია მსგავსი პრობლემები, რაც დღევანდელი ქართული ღვინით მოვაჭრეებისათვის ასეთი მნიშვნელოვანია. თუმცა უკვე ვცდილობ, რომ ჩემთვის უცნობ და ახალგახსნილ მარკეტებთან აღარ დავიჭირო საქმე და შეძლებისდაგვარად თავიდან ვიშორებ მათ. ამიტომაა, რომ ამჟამად მხოლოდ 3-4 მარკეტსა თუ ბართან ვთანამშრომლობ.

ამ პრობლემის მიზეზი ალბათ ღვინით მოვაჭრეების არაპროფესიონალიზმსა და უფრო მეტად არაკეთილსინდისიერებაში უნდა ვეძიოთ. სხვაგვარად ვერაფრით ვხსნი იმას, რომ მაღაზიაში ჩემი ღვინო გაიყიდა, ახალი ღვინოც აღარ დევს და თანხას მაინც არ მიხდიან. არადა მიტანამდე ზოგიერთი მიმტკიცებდა, რომ ის სხვებს არ ჰგავს და გადახდას არ დააგვიანებს. მერე კი ყველაფერს საპირისპიროდ აკეთებს. ახალი მეღვინეები დიდი ცდუნების წინაშე დგანან. კარგად მესმის მათი. მათ ხომ ერთი სული აქვთ როდის დამკვიდრდებიან ბაზარზე. სასურველია, რომ ისინი არ წაყვნენ ყველა შეთავაზებას,  ღვინო შეიტანონ მხოლოდ იმ რამდენიმე მარკეტში, რომელთა კეთილსინდისიერება სხვებს უკვე გამოცდილი აქვთ“.

კახელმა მეღვინემ ზურაბ ხვთისიაშვილმა უკვე შეძლო გადაეჭრა ეს პრობლემა და დღეს მხოლოდ სანდო რეალიზატორებთან თანამშრომლობს. თუმცა შემთხვევა ქონდა, როდესაც საერთოდ არ მოინდომეს მაღაზიებმა მისი ღვინო დროულად გაეყიდათ და მომხმარებელს წესიერად არც კი შესთავაზეს. მერე უბრალოდ ის მაღაზიები დაიხურა და ღვინოები მეღვინემ უკან წაიღო.

ზურა ხვთისიაშვილი, მარანხვთისიასმფლობელი: “თანხის არ ჩარიცხვის კუთხით ზოგიერთ რეალიზატორთან მცირე გაჭიანურება მქონდა და პრობლემა მოგვარდა. ეხლა ვისთანაც ვთანამშრომლობ არ მიგვიანებენ და დროულად რიცხავენ. მეღვინეებისგან კი ბევრი მსმენია, რომ მათ ძალიან უგვიანებენ და ზოგს საერთოდ არ ურიცხვავენ. მათი გამოცდილებიდან გამომდინარე ვითვალისწინებ მონაყოლს და საეჭვო რეპუტაციის ბარებში აღარ მიმაქვს ღვინოები. შემოთავაზებები კი ბევრია.

- მარკეტინგული კუთხით რას ურჩევდით იმ მეღვინეებს, რომლებიც ახლა აპირებენ საკუთარი ღვინის ქართულ ღვინის ბაზარზე გატანას. რა პრობლემების წინაშე შეიძლება დადგნენ ეს ადამიანები?

- სასურველი იქნება თუ მეღვინეები მოვილაპარაკებთ, რომ როდესაც სატესტო ბოთლი მიგვაქვს ბარში, რომელსაც სინჯავენ და მოსწონთ, ჩვენ უნდა წავუყენოთ პირობა, რომ ის პირველი 6 ბოთლი, რითაც იწყებენ ურთიერთობას, იყიდონ თავიდანვე და ეს იქნება დაფასებაც და თანამშრომლობის სურვილიც.

როდესაც მაღაზიას ღვინო თავიდანვე ნაყიდი აქვს, უკვე ჩანს, რომ დაინტერესებულია კიდეც მალე გაყიდოს და უბრალოდ თაროზე არ ედოს კოლექციისთვის, რაც ბევრგან ხდება. მაღაზიის მენეჯერმა ხშირად იცის, რომ როცა გაყიდის მაშინ უნდა ჩაგირიცხოს და არ იწუხებს თავს. მე შემთხვევა მქონდა, როდესაც საერთოდ არ გაყიდა ერთი-ორმა ბარმა ჩემი ღვინო, არც კი შესთავაზეს არავის. მერე უბრალოდ ის ბარები დაიხურა და ღვინოები უკან წამოვიღე.

ამას ემატება ისიც, რომ უკვე ძალიან ბევრნი ვართ ღვინის ბაზარზე და ჩემი აზრით საკმაოდ გაჯერდა ბაზარი ღვინოებით. აღსანიშნავია ინდუსტირული ღვინოების სიმრავლე, რომელთა ფასი გაცილებით დაბალია, ვიდრე ბუნებრივი ღვინის ფასი და ყველას არ აქვს მაღალი ფასის გადახდის შესაძლებლობა.

სამწუხაროა ისიც, რომ ღვინის ბარები და მაღაზიები ძირითადად მხოლოდ თბილისშია კონცენტრირებული. თითოოროლა მაღაზია ბათუმში და ქუთაისშიც არის, მაგრამ ჩვენი მეღვინეებიდან ვიცი, რომ თანხების გადახდაზე იქაც ძალიან აწვალებენ. ბათუმში კი კონკრეტულად ნატურალური ღვინის ბარები საერთოდ არაა. ასე რომ, მთავარი წილი მაინც თბილისზე მოდის“.

მეღვინეები ამბობენ, რომ ჯერჯერობთ ქართულ მცირე მარნებში დაყენებულ ღვინოს თავისი მომხმარებელი ჰყავს და ღვინის მოყვარულებმა კარგად იციან მისი ფასი და გემო. სწორედ ამიტომ, მცირე მარნების ღვინო ამ ეტაპზე ძალიან კარგად უძლებს დიდ კონკურენციას და საშუალო და მაღალ საფასო სეგმენტშიც კარგად უჭირავთ თავი. თუმცა, დროულად ანაზღაურების საკითხი ბევრი მცირე მეღვინისათვის ხშირ შემთხვევაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან რეალიზატორების მიერ დასაფარი თანხებით ხდება კვლავწარმოება და მარნის განვითარება. ღვინის ზოგიერთი რეალიზატორის არასწორი დამოკიდებულება კი ქართული მეღვინეობის ამ სექტორის განვითარებას მკვეთრად აფერხებს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.