Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რეტროსპექტივა - 2006 წელი - "გაღვიძების" დროა

რთველი დასასრულს მიუახლოვდა და შეჯამების დროც დადგა, უახლოეს მომავალში ჩვენს ბლოგზე ანალიტიკური წერილებიც გამოჩნდება ამის შესახებ და რაც მთავარია, კიდევ დიდხანს გაგრძელდება რთველი 2007-ის შეფასება. მანამდე კი მცირე რეტროსპექტვივას გთავაზობთ. დიანა ჩაჩუასა და ეთერ მამულაშვილის ერთიწლისწინანდელი სტატიები ვფიქრობთ გაგახსენებთ თუ რა ხდებოდა შარშან ამ დროს.

დიანა ჩაჩუა

რა გაახსენდება ქართველ მეღვინეს, როცა 2006 წელს გადაავლებს თვალს? სავარაუდოდ: რუსული ბაზრის დაკარგვა (დროებით მაინც), ფინანსური ზარალი, რთული გზა ახალ ბაზრებზე დასამკვიდრებლად და ბრძოლა ფალსიფიკაციის წინააღმდეგ. ერთი სიტყვით, ზოგი ჭირი, როგორც თავად ქართველი ბიზნესმენები აღიარებენ, გრძელვადიან ჭრილში მარგებელი უნდა აღმოჩნდეს.

ექპერტები, მთავრობა და, რაც მთავარია, ბიზნესმენები თავიდანვე შეთანხმდნენ, რომ რუსული ბაზრის დაკარგვა ტრაგედია არ არის. ქართულმა ღვინის კომპანიებმა ალტერნატიული ბაზრების ძიება დაიწყეს, მთავრობამ კი მათ საყოველთაო დახმარება აღუთქვა. ბუნებრივია, ყველაფერი არც ისე იოლია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თუმცა ქართველ მეღვინეებს თუ ვენდობით, მთავარია, რომ დარგმა "გამოიღვიძა". ფინანსური ზარალის ანაზრაურება შესაძლებელია, გაცილებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის რეპუტაციისა და ცნობადობის აღდგენა. ნებით თუ უნებლიედ, წელს ქართველი მეღვინეების წინაშე არსებული ყველა პრობლემა რუსეთის სანქციებს უკავშირდებოდა. რას ფიქრობენ ამასთან დაკავშირებით თავად ბიზნესმენები? "მარანის" კითხვებს ქართული მეღვინეობის დარგის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები პასუხობენ:

ზურაბ რამაზაშვილი (თელავის ღვინის მარანი): რა იყო უმთავრესი პრობლემა რუსეთის ემბარგოს გარდა? რა თქმა უნდა, ქართული ღვინის ფალსიფიკაცია ქვეყნის შიგნით და მის გარეთ. თუმცა ფალსიფიკაცია შედეგია, რომელსაც ზედაპირზე ვხედავთ, საფუძველი უფრო ღრმაა...

ლევან კობერიძე (GWS): რუსეთის სანქციების გარდა, უმთავრესი პრობლემა ახალ ბაზრებზე გასვლასთან დაკავშირებული საკითხებია. ამასთან, წელს - კრიზისული სიტუაციის პირობებში, ქართული ყურძნის ფასი არაკონკურენტუნარიანი გამოდგა. იმას ვგულისხმობ, რომ ისეთ პირობებში, როცა ქართველ მეღვინეებს სერიოზულ ფინანსურ ზარალთან გამკლავება მოუწიათ, ქართული ყურძნის ფასი, მსოფლიო ფასებთან მიმართებით, არაადეკვატურად მაღალი იყო.

პრობლემატური იყო ახალ ბაზრებზე შესვლაც, ვინაიდან ქართული ღვინოები ცნობადი არ არის. ამ პრობლემის მოგვარებას დრო სჭირდება.

წელს ძალიან აქტუალური საკითხი აღმოჩნდა ქვეყნის გარეთ ფალსიფიკაციის პრობლემა; კერძოდ, იმ ბაზრებზე, სადაც უკვე იყიდება ქართული ღვინოები, მაგალითად ბალტიისპირეთში და უკრაინაში. მართალია, ფალსიფიკაციის შემცირების დინამიკა შეინიშნება, მაგრამ არსებული მდგომარეობა სასურველისგან მაინც ძალიან შორსაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად შიდა კონტროლი გამკაცრდა.

ზურაბ მარგველაშვილი ("თბილღვინო"): მიმდინარე წლის უდიდესი პრობლემა იყო ღვინის ფალსიფიკაცია, რომელიც გარკვეულწილად ისევ რუსეთის ემბარგოსთან არის დაკავშირებული.

შარშან და წელს ფალსიფიკაციასთან ბრძოლის კუთხით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა. მაგალითად, ჩატარდა საწარმოების ინვენტარიზაცია, მოხდა პასპორტიზაცია. თუმცა ეს მუდმივად საკეთებელი, და არა კამპანიური ხასიათის, პროცესია. რუსეთის ემბარგოს შემდეგ დაბალხარისხიანი ღვინო სხვა ქვეყნებისკენ, მათ შორის, უკრაინისკენ და ყაზახეთისკენ დაიძრა. ბრძოლა დაიწყო, თუმცა შედეგი ჯერ არ არის.

ერთმნიშვნელოვნად რომ ვთქვათ, ის, რაც შარშან და წელს გაკეთდა, მეღვინეობის სფეროში არასოდეს გაკეთებულა. ეს მისასალმებელია, უბრალოდ არსებობს მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც ფალსიფიკაციის კონტროლი უფრო უნდა გააქტიურდეს.

არჩილ გეგენავა ("თელიანი ველი"): რუსეთის ემბარგოს შემდეგ წლის ყველაზე დიდი პრობლემა ფალსიფიკაცია იყო. ამ მიმართულებით მუშაობა კონკრეტული სამოქმედო გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს და იმედია, რომ ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ. ცოტა ხნის წინ ისრაელში, ერთ-ერთ მაღაზიაში ჩვენ თვითონ ვიყიდეთ "თელიანი ველის" ეტიკეტიანი ღვინო, რომელიც ჩვენი ჩამოსხმული არ არის. ეს ნიმუშები წამოვიღეთ და ახლა სარჩელს ვამზადებთ.

საყოველთაო რთველი

წელს საქართველო რთველის გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა მოიცვა. 2006 წლის რთველი გასული წლებისგან რადიკალურად განსხვავებული და ცოტა უცნაურიც იყო. განსხვავებული იმიტომ, რომ "რთველი 2006"-სთვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარდა, მობილიზებულები იყვნენ ძალოვანი სტრუქტურები. ყურძენს ყიდულობდა ყველა - ღვინის მწარმოებელი და კავშირგაბმულობის კომპანია, ფარმაცევტული საწარმო და მეზღვაური, ოქროს გადამამუშავებელი ქარხანა და ენერგეტიკოსი. ერთი სიტყვით, დამდეგ ახალ წელს ღვინო არავის მოაკლდება. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია - რუსული ემბარგოს მიუხედავად, წელს გლეხებმა ყურძნის რეალიზაცია სერიოზული პრობლემებისა და ექსცესების გარეშე მოახერხეს, თუმცა კახელები საბაზრო ფასით მაინც უკმაყოფილოები იყვნენ. როგორი მოსავალი მივიღეთ წელს? "მარანს" კვლავ მეღვინეები პასუხობენ:

ზურაბ რამაზაშვილი (თელავის ღვინის მარანი): საქართველოში ყოველ რთველს წინ დიდი აჟიოტაჟი უძღვის, რადგან ყურძენი და ღვინო საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.

2006 წლის ყურძნის მოსავალზე დიდი გავლენა იქონია გაზაფხულის გვიანმა ყინვამ. 29 აპრილს დილის 5.00-ზე კახეთში -10C დაფიქსირდა, რამაც ნაყოფიერი კვირტების მოყინვა გამოიწვია. შედეგად, უკვე გაზაფხულზე პერსპექტიული მოსავლის 1/3 დაიკარგა. ამას თან დაერთო უჩვეულოდ გვალვიანი და უნალექო ივლის-აგვისტოს თვეები. ჩემი ვარაუდით, ამ ორმა ფაქტორმა ჯამში ყურძნის მოსავლის ნახევარი შეიწირა.

"თელავის ღვინის მარანს" საკუთარი ვენახები კახეთის სხვადასხვა ადგილწარმოშობის ზონებში აქვს, სულ 250 ჰა. 2006 წელს ჩვენ ყურძენი მხოლოდ ჩვენი ზვრებიდან მივიღეთ. რაც შეეხება ხარისხს, ჩვენმა მევენახეებმა რიგი ღონისძიებები ჩაატარეს, რითაც თავიდან ავიცილეთ გვალვის უარყოფითი გავლენა. შედეგად მცირე, მაგრამ საოცრად არომატული და ხარისხიანი მოსავალი მივიღეთ.

ლევან კობერიძე (GWS): წელს ქვეყანაში მოწეული ყურძნის მოსავლის მოცულობა დაახლოებით იმდენივე იყო, რამდენიც შარშან. ყურძნის ხარისხიც, შარშანდელის მსგავსად, საკმაოდ კარგია.

ჩვენი კომპანია ნაწილობრივ საკუთარი ვენახებით იკმაყოფილებს თავს, ნაწილობრივ კი გლეხებისგან ყიდულობს ყურძენს. თუმცა, წელს მოსავლის ძირითადი ნაწილი ჩვენი ვენახებიდან მივიღეთ. ეს კი ისევ და ისევ რუსეთის პრობლემების გამო მოხდა.

ზურაბ მარგველაშვილი ("თბილღვინო"): ყურძნის წლევანდელი მოსავალი საკმაოდ მაღალხარისხიანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის გამო საკმაოდ დიდი მარაგი დაგვიგროვდა, წელს მაინც მივიღეთ რთველში მონაწილეობა, კერძოდ - რაჭა-ლეჩხუმში. ბოლო ათი წლის განმავლობაში (2002 წელს თუ არ ჩავთვლით) პრაქტიკულად ყოველ წელს მაღალი ხარისხის მოსავალი გვაქვს. 2002 წელს კი საკმაოდ წვიმიანი ამინდები იყო, რის გამოც შედარებით უხარისხო მოსავალი მივიღეთ.

არჩილ გეგენავა ("თელიანი ველი"): წელს მოსალოდნელთან შედარებით მცირე მოსავალი მივიღეთ. რაც შეეხება ხარისხს, საუკეთესო წელი არ ყოფილა, თუმცა არც ცუდი ხარისხის ყურძნის მოსავალი გვქონდა. მთლიანობაში რთველმა ნორმალურად ჩაიარა. ყოველ შემთხვევაში მიტინგები და გამოსვლები არ ყოფილა. გამოდის, რომ გლეხებმა ყურძენი ჩააბარეს. ჩვენ საკუთარი ვენახები გვაქვს, თუმცა ყურძენს ძირითადად გლეხებისგან ვყიდულობთ.

პირველი წელი რუსეთის გარეშე

ჩინეთი, იაპონია, ევროპის ქვეყნები, კანადა - რამდენადაც ხმამაღლა არ უნდა ჟღერდეს, რუსული ბაზრები სწორედ ამ ქვეყნებმა უნდა ჩაანაცვლონ. შევთანხმდეთ იმაზე, რომ ამას ერთი წელი არ ეყოფა, თუმცა ამ მცირე ხანში ქართული კომპანიების მიერ ბაზრების დივერსიფიკაციისკენ გადადგმული ნაბიჯები მაინც საინტერესოა. მეღვინეობის დარგის წამყვანმა კომპანიებმა დივერსიფიკაციაზე ფიქრი გაცილებით ადრე დაიწყეს, რუსეთის ემბარგომდე; და ამისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს კიდეც. ამიტომაცაა, რომ ბაზრების გაფართოების საკითხზე საუბრისას კომპანიების წარმომადგენლები ცდილობენ, სწორედ ამ ფაქტს გაუსვან ხაზი. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი კომპანიებისთვისაც კი რუსეთის ბაზრის სხვა ბაზრებით ჩანაცვლება არცთუ ისე იოლი აღმოჩნდა. ნებისმიერ შემთხვევაში ყინული დაიძრა... მაინც რა ტემპით?

ზურაბ რამაზაშვილი (თელავის ღვინის მარანი): ქართული ღვინო თავისი სტილით მშვენივრადაა მორგებული პოსტსაბჭოთა სივრცეს. აქ კარგად იყიდება ნახევრად ტკბილი და ნახევრად მშრალი ღვინოები, რაც მიუღებელია ევროპული და ამერიკული გემოვნებისათვის. შესაბამისად, თუ ქართველი მეღვინეები შეძლებენ ისეთი ღვინოების დამზადებას, რომლებიც გემოვნების საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს და, ამავე დროს, არ დაკარგავს თავისთავადობასა და განუმეორებლობას, რაც მათ სხვადასხვა ქვეყნების ღვინოებისაგან განასხვავებს, მაშინ უცხო ბაზრებზე ქართული ღვინის მასობრივი გასვლაც გახდება შესაძლებელი. ერთი სიტყვით, ქართულმა მეღვინეობამ საერთაშორისო მოდას უნდა აუწყოს ფეხი.

თელავის ღვინის მარანი უკვე დიდი ხანია წარმოდგენილია ევროპასა და ამერიკის კონტინენტზე, ასევე ახალ ზელანდიაშიც. 2006 წელს გაყიდვები დავიწყეთ ჩინეთში. შემდეგი ნაბიჯია ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები.

ლევან კობერიძე (GWS): თავიდანვე უნდა აღვნიშნო, რომ ბაზრების დივერსიფიკაცია ყოველთვის იყო ჩვენი კომპანიის სტრატეგიის კომპონენტი. ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ ვყიდდით ღვინოს ინგლისის ბაზარზე, როცა ამ ბაზარზე არავინ ფიქრობდა. ხუთი წლის წინ დავიწყეთ ღვინოების გაყიდვა იაპონიაში, ასევე აშშ-შიც. ერთი სიტყვით, დივერსიფიკაციის პოლიტიკა ჩვენს კომპანიაში ყოველთვის არსებობდა. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ რუსეთის ბაზრის წილი ჩვენს გაყიდვებში მხოლოდ 55 პროცენტს შეადგენდა. მაშინ, როცა სხვა კომპანიების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იყო. მაგალითად, ჩვენ პირველები შევედით თურქეთის ბაზარზე და ჯერჯერობით ერთადერთი ქართული კომპანია ვართ ამ ქვეყანაში. თურქეთის ბაზარი საკმაოდ საინტერესოა, მაგრამ არც ისე მაღალი მოხმარებისა და პოტენციალის მქონე. არსებობს გარკვეული სამთავრობათაშორისო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ქართველი იმპორტიორებისთვის გარკვეული შეღავათები უნდა დაწესდეს. კერძოდ, 500 ათას ლიტრ ქართულ ღვინოზე საგადასახადო შეღავათები იქნება დაშვებული. თუმცა ეს საკითხი ორი ქვეყნის პარლამენტების მიერ ჯერ არ არის რატიფიცირებული.

სხვა კომპანიებს ეტყობა ნაკლებად ჰქონდათ დივერსიფიკაციის პოლიტიკა. ზოგიერთ ბაზარზე შესასვლელად ჩვენ დიდ დანახარჯებზე, ზარალზეც კი მივდიოდით. თუმცა ის ფაქტი, რომ სხვა კომპანიებმა დივესრიფიკაციის პოლიტიკა არ აირჩიეს, ნაკლი არ არის.

წელს პირველად გავედით თურქეთის ბაზარზე, სადაც სამი გადატვირთვა განვახორციელეთ. მოლაპარაკებები პრაქტიკულად დასრულებულია და შესაძლოა, წლის ბოლომდე კანადის ბაზარზე შესვლაც მოვასწროთ. გაყიდვები გავაფართოვეთ ინგლისის ბაზარზე; იაპონიასა და ბალტიისპირეთში გავზარდეთ მიწოდება; უკრაინაში ჩვენს საქმიანობას გეგმაზომიერად ვახორციელებთ.

ქართულ მეღვინეობაში ბაზრების დივერსიფიკაციის მაქსიმალური მცდელობაა, მაგრამ პროცესი მაინც ძალიან რთულად მიდის. ეს ბუნებრივია. პირველ რიგში, ქართული ღვინისადმი ინტერესი და მასზე მოთხოვნილება უნდა გაიზარდოს. ამ პირველადი მოთხოვნილების სტიმულირებას კი ძალიან დიდი დრო სჭირდება. მყიდველი გადაწყვეტილებას მყისიერად არასოდეს იღებს.

წელს ჩვენმა კომპანიამ რუსული ბაზრის წილის დაახლოებით 20 პროცენტის ჩანაცვლება მოახერხა. პრინციპში, ასეთი კრიზისული სიტუაციისთვის ეს ნორმალური მაჩვენებელია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მოცულობა მთლიანად არ დავკარგეთ.

ზურაბ მარგველაშვილი ("თბილღვინო"): ჩვენ დივერსიფიკაციაზე ფიქრი რუსეთის ემბარგოს შემოღების შემდეგ არ დაგვიწყია. 2000 წლიდან ღვინოს, რუსეთის გარდა, მთელ რიგ ქვეყნებში ვყიდით. რუსეთს ჩვენს გაყიდვებში 50 პროცენტი ეჭირა, დანარჩენი 14 ქვეყანაზე მოდიოდა. დღეს ჩვენი ღვინოები 18 ქვეყნის ბაზარზე იყიდება, საქართველოს ჩათვლით, ამიტომ საკმაოდ დივერსიფიცირებული ბაზრები გვაქვს. უნდა აღინიშნოს, რომ ვინც ხარისხიან ქართულ ღვინოს აწარმოებს, ის ემბარგომდეც და მას შემდეგაც ბოლომდე რუსულ ბაზარზე დამოკიდებული არასოდეს ყოფილა.

ჩვენი ღვინოები შემდეგ ბაზრებზე გაგვაქვს: უკრაინა, ბელორუსი, ყაზახეთი, საქართველო, ლიტვა, ლატვია, საფრანგეთი, გერმანია, ჰოლანდია, პოლონეთი, შვეიცარია, აშშ, კანადა, ტაივანი. წელს პირველად გადავტვირთეთ პატარა პარტია ბრიტანეთში, ღვინის პარტია ასევე გადავტვირთეთ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში და პოლონეთში. ამ უკანასკნელ ბაზარზე უკვე მეორედ ვტვირთავთ პროდუქციას, არაბეთში სექტემბერში გაგზავნილი პროდუქცია მხოლოდ ახლა ჩავიდა, ასე რომ, პირველ შედეგებს ველით. კიდევ რამდენიმე ბაზარზე ვფიქრობთ შესვლას. თუმცა ჩვენი მიზანი ერთჯერადი გადატვირთვები არ არის. ჩვენი საქმიანობა სისტემატურ გადატვირთვებზე უნდა იყოს დაყრდნობილი.

წელს რუსეთის ბაზრის წილი 50 პროცენტიდან მხოლოდ 10-15 პროცენტის ჩანაცვლება მოვახერხეთ, რაც ასევე კარგი მაჩვენებელია.

მსოფლიოში ქართული ღვინის ცნობადობა ძალიან დაბალია. ამავე დროს საქართველო მაღალხარისხიანი ღვინის ჭარბწარმოებით გამოირჩევა.

აქტიურად ვმუშაობთ თურქეთის ბაზარზე გასასვლელად. ჯერჯერობით კონკრეტული შედეგი არ გვაქვს. თურქეთში ქართველი იმპორტიორებისთვის გარკვეული შეღავათები უნდა დაწესდეს, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩემი ინფორმაციით, არაფერი შეცვლილა. ერთ-ერთი ქართული კომპანია თურქეთის "დუტი-ფრის" ქსელში შევიდა, თუმცა ეს თურქეთის ბაზარზე შესვლას არ ნიშნავს.

ადგილობრივი ბაზარი ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო. თუ კომპანია ხარისხიან ქართულ ღვინოს აწარმოებს, წესით ის თვით საქართველოში უნდა იყოს ლიდერი. მიმაჩნია, რომ კომპანიები, რომლებიც საქართველოში ყიდიან ღვინოს, ცალსახად შეიძლება მივაკუთვნოთ მაღალი დონის ღვინის მწარმოებელ კომპანიებს. თუ ქართველ მომხმარებელს არ მოსწონს შენი ღვინო, გამოდის, რომ ამ ღვინის ხარისხი დამაკმაყოფილებელი არ არის.

არჩილ გეგენავა ("თელიანი ველი"): ჩვენი რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების ხარისხი თავიდანვე დაბალი იყო, დაახლოებით - 33-35 პროცენტი. წელს ჩეხეთსა და ფინეთში შევედით წარმატებით. იანვარში ექსპორტს ნორვეგიაში შევიტანთ. გავედით დიდი ბრიტანეთის ბაზარზე. აზიის მიმართულებით ვერ წავედით. თვენახევრის წინ თურქეთის "დუტი-ფრის" ქსელებში გამოჩნდა ჩვენი ღვინოები.

"გამოცოცხლების" წელი

ადრე თუ გვიან ეს უნდა მომხდარიყო. კარგი იქნებოდა, გარდატეხა გაცილებით უმტკივნეულო ყოფილიყო, თუმცა ქართველი ბიზნესმენები არც ამისგან ქმნიან ტრაგედიას. ბანალურად ჟღერს, თუმცა ფაქტია: ზოგი ჭირი მარგებელია.

ზურაბ რამაზაშვილი (თელავის ღვინის მარანი): ჩემი აზრით, 2006 წელს შეინიშნებოდა როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი მხარეები:

1. ქართული ღვინის იმიჯის შელახვა. რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ წარმოებულმა ცილისმწამებუბლურმა პროპაგანდამ ძალიან უარყოფითად იმოქმედა ქართული ღვინის არსებულ და პოტენციურ მომხმარებელზე როგორც რუსეთში, ასევე სხვა ქვეყნებში. თუ ქართული ღვინო რუსეთში დაბრუნდება, გაყიდვების ადრინდელი დონის მიღწევა ძალიან გაჭირდება.

2. ღვინის ინდუსტრიის და მევენახეობის განვითარების ტემპის შენელება. შემოსავლების კლების გამო ღვინის კომპანიებს და მევენახეებს ნაკლები თანხები რჩებათ რეინვესტიციისათვის.

3. მეღვინეობის გამოცოცხლების წელი. ღვინის კომპანიები ფაქტის წინაშე დადგნენ: საჭიროა გაათმაგებული შრომა, როგორც ღვინის ხარისხის, ასევე მარკეტინგის კუთხით, რათა ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდა მოხდეს. სხვა გზა არ არის. ეს წლის ყველაზე დადებითი მომენტია.

ლევან კობერიძე (GWS): 2006 წელი ქართველი მეღვინისთვის ფინანსურად ძალიან რთული გამოდგა. თუმცა ამ მოვლენებს დადებითი მხარეც ჰქონდა. რუსულმა ემბარგომ დარგის გამოცოცხლება გამოიწვია. გარკვეული შეხედულებების რევიტალიზაცია მოხდა. გრძელვადიან ჭრილში ეს აუცილებლად მოგვცემს დადებით შედეგს. ეს პრობლემა რომ არა, შესაძლოა, გაცილებით რთული პრობლემების წინაშე დავმდგარიყავით - ვიქნებოდით რუსეთის თაროებზე და არავინ აღარ გვიყიდდა. ჩვენ სწორედ ამისკენ მივექანებოდით. ამბობენ, ზოგი ჭირი მარგებელიაო. მედალს ორი მხარე აქვს, ხანდახან სამიც. ჩვენს შემთხვევაში დადებითი მხარეც უნდა დავინახოთ.

ზურაბ მარგველაშვილი ("თბილღვინო"): 2006 წელი ბოლო ათი წლის მანძილზე ქართული მეღვინეობისთვის ყველაზე რთული წელიწადი იყო. რუსეთის ბაზრის ჩაკეტვამ მაინც მოგვცა საშუალება, რომ მაღალი დონის ღვინის მწარმოებლები გადარჩენილიყვნენ. როგორც ამბობენ, ზოგი ჭირი მარგებელიაო...

არჩილ გეგენავა ("თელიანი ველი"): წელს ძალიან დიდ პრობლემებს შევეჯახეთ. მთავარია, რომ ბევრმა გაიღვიძა. გრძელვადიან ჭრილში 2006 წლის შედეგები მაინც პოზიტიური იქნება. თუმცა მოკლევადიან პერიოდში, სამწუხაროდ, ძალიან ბევრს შეექმნა ფინანსური პრობლემები. ეს ქართული მეღვინეობისთვის გარდამტეხი წელი იყო. როგორც იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელია...

© „მარანი“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული