Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ღვინოები - ფესტივალიდან ფესტივალამდე

ალეკო ცქიტიშვილი

ახალი ღვინის ფესტივალის საზეიმო განწყობამ გადაიარა და ღვინის კლუბი ჩვეულ სამუშაო რიტმს დაუბრუნდა. ყოველდღიურ საპასუხისმგებლო რუტინას დაუბრუნდნენ ღვინის კომპანიები და მარნებიც, რომლებსაც 14 მაისს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში საკუთარი თავის წარმოჩენის საშუალება ჰქონდა. ფესტივალის სტუმრებს თან გაჰყვა მრავალი შესანიშნავი ღვინის გემო. „მარანის“ იმ მკითხველებისთვის კი, ვინც ფესტივალზე მოსვლა მიზეზთა გამო ვერ მოახეხა, გადავწყვიტეთ, უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ ზოგიერთ სიახლეზე, რომელმაც გურმანების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.

ახალი ღვინის ფესტივალზე, უმეტესწილად, მაღალი ხარისხის და გამორჩეული ღვინოები იყო წარმოდგენილი. დაავადებულ ღვინოს იშვიათად ნახავდით. ეს ენოლოგებს და ღვინის მოყვარულებს საშუალებას აძლევდა, ედავათ გემოვნებაზე, რადგან როცა ღვინო დაავადებული არ არის, მისი შეფასება უკვე გემოვნების საკითხია. ეგზოტიკური და ორიგინალური ღვინოები ხშირად იწვევს აზრთა სხვადასხვაობას. არც სტაბილური და კომპლექსური ღვინოების ღირსებებია ცალსახად ყველასთვის მისაღები. ასეთ შემთხვევაში, დავა ეხება ტექნოლოგიებს. ამიტომაც ახალი ღვინის ფესტივალის სტუმართა ერთი ნაწილი ოჯახური მარნების ალალ ღვინოებს ეწაფებოდა, მეორე ნაწილი კი მსხვილი კომპანიების რაფინირებულ ღვინოებს ანიჭებდა უპირატესობას. ისეთებიც მრავლად იყვნენ, რომლებიც ასეთ მიჯნას მკაცრად არ ავლებდნენ და ღირსეულ ღვინოებს ყველგან ეძებდნენ. ფესტივალის დემოკრატიულმა ფორმატმა ყველა გემოვნების მეღვინეს და გურმანს მისცა ერთმანეთთან შეხვედრის საშუალება.

ფესტივალის სტუმრები, მათ შორის მეღვინეობის დარგის სპეციალისტები აღნიშნავდნენ, რომ ოჯახური მარნების ახალი ღვინოები ღირსეულ კონკურენციას უწევდა მსხვილი კომპანიების პროდუქციას. ეს ნაწილობრივ ღვინის კლუბის დამსახურებაა, რომელმაც ფესტივალისთვის მხოლოდ ჯანსაღი ოჯახური ღვინოები შეარჩია. თუმცა, მთავარი მაინც თვითონ ოჯახების მონდომებაა. ოჯახური მარნები მეღვინეობას წლიდან წლამდე სერიოზულად ეკიდებიან და ღვინის ბიზნესისკენ პირველ ნაბიჯებს დგამენ. ღვინის კლუბს ამ პროცესშიც თავისი მოკრძალებული წვლილი შეაქვს. რამდენიმე დამწყები მეღვინე აქტიურად მონაწილეობს კლუბის ღონისძიებებში, ესწრება ლექცია-სემინარებს და ფლობს ინფორმაციას ღვინის ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესახებ. ინფორმაციის ფლობა კი ამა თუ იმ ბიზნესში ჩართვის და წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. 

„რამდენიმე ოჯახური მარანი თვალსა და ხელს შუა ყალიბდება სერიოზულ კომპანიად. ასეთად დავასახელებდი, მაგალითად, შპს „ოქროჯგუფს“, რომელსაც ფესტივალზე „ოქროჯონის“ ბრენდით ორი დასახელების შესანიშნავი ღვინო ჰქონდა წარმოდგენილი. ჯონი ოქრუაშვილი ღვინის კლუბის აქტიური წევრია. პირველად ჩვენთან მოიტანა ღვინოები დასაჭაშნიკებლად და მოისმინა კლუბის წევრთა შეფასებები, რჩევები. ასეთი ადამიანები კლუბში ბევრნი არიან და ისინიც უკვე სერიოზულად ფიქრობენ კომპანიად ჩამოყალიბებაზე, განვითარებაზე. ჩემი პროგნოზით, მომავალი წლის ფესტივალზე ისინიც კომპანიების სახით წარსდგებიან ღვინის მოყვარულების წინაშე“, - ამბობს ღვინის კლუბის პრეზიდენტი მალხაზ ხარბედია.

კლუბის წევრი დამწყები მეღვინეებიდან მალხაზ ხარბედია ჯონი ოქრუაშვილისა და ზურაბ თოფურიძის ღვინოებს გამოარჩევს. ახალი ღვინის ფესტივალზე მათ მართლაც დახვეწილი ღვინოები ჰქონდათ. მეორე დღეს ბათუმში, ოჯახური ღვინოების კონკურსში, ზურაბ თოფურიძის „ჩხავერმა“ ვერცხლის მედალიც მიიღო. რაც შეეხება ჯონი ოქრუაშვილის „საფერავს“, იგი ტიბაანში გვიან დაკრეფილი დაჩამიჩებული საფერავისგან არის დაყენებული. ახალი ღვინის ფესტივალის შემდეგ ამ ღვინოს ბევრი ეძებს. ამიტომ შპს „ოქროჯგუფმა“ თავისი პროდუქცია თბილისის რამდენიმე ღვინის მაღაზიას მიაწოდა.

მალხაზ ხარბედია ახალი ღვინის ფესტივალის ღვინოებიდან კომპანია lukasi-ს „წინანდალს“ გამოარჩევს. ეს არის მცირე მარნის მიერ ჩამოსხმული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო. საერთოდ, ადგილწარმოშობის დასახელებების ღვინოებზე მსხვილი კომპანიები მუშაობენ. ამიტომ მცირე მარნის არჩევანი ერთი-ორად დასაფასებელია. lukasi-ს „წინანდალი“ ცოცხალი, ხალისიანი და დაბალანსებული ღვინოა, წინანდლის მიკროზონაში მოწეული რქაწითელისა და მწვანე კახურის განსაკუთრებული არომატებით.

ადგილწარმოშობის დასახელების თეთრი მშრალი ღვინის - „სვირის“ დასაყენებლად იდეალური პირობები აქვს „იმერული ღვინის კომპანიას“. მისი ვენახები გაშენებულია სოფელ მეორე სვირში, 28 ჰექტარზე. ამ ვენახებში რამდენიმე ქართულ და უცხოურ ვაზის ჯიშს შორის ნახავთ „სვირისთვის“ საჭირო ჯიშებს - ციცქას და ცოლიკოურს. რეგლამენტის მიხედვით, „სვირი“ ადგილწარმოშობისდასახელებისკონტროლი­რე­ბა­დი (ადკ)უმაღლესიხარისხისთეთრიმშრალიღვინოა. მზადდებაცოლიკოურისადაციცქასჯიშისყურძნისაგან. აგრეთვე,რეკომენდებულიაჯიშიკრახუნა.

ღვინის კლუბის რეკომენდაციით, „იმერული ღვინის კომპანიას“ ყველანაირი რესურსი აქვს, აწარმოოს სხვათაგან უსამართლოდ მივიწყებული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო „სვირი“, რომელსაც დღესდღეობით ბაზარზე ვერსად ნახავთ. ამ რეკომენდაციის საფუძველს იძლევა ახალი ღვინის ფესტივალზე ამ კომპანიის მიერ წარმოდგენილი მაღალი ხარისხის თეთრი მშრალი ღვინო, რომელიც დაყენებული იყო მეორე სვირში მოწეული ციცქასა (90%) და კრახუნასაგან (10%). ეს ღვინო შეგვიძლია, დაახლოებით იმ სიტყვებით დავახასიათოთ, რაც „სვირის“ რეგლამენტშია მოცემული: „ხასიათდებამუქიჩალისფერით,მოყვითალოელფერით, ხილისტონებით, განვითარებულიბუკეტით, ექსტრაქტულობითდა ჰარმონიულობით“.

ფესტივალზე საუკეთესო ქვევრის ღვინოები წარმოადგინა ასოციაცია „ქვევრის ღვინომ“, რომელშიც რამდენიმე მცირე მარანია გაერთიანებული. თუმცა, ამ მარნების ღვინოებს ქართულ მაღაზიებში იშვიათად წააწყდებით. გამონაკლისია „მარანი ნიკას“ „საფერავი“ და გაიოზ სოფრომაძის მარნის „ჩხავერი“, რომელთა შეძენა შესაძლებელია „ვინოთეკასა“ და „ღვინის სახლში“. ასოციაცია ამ ეტაპზე რესურსებს (და რეზერვებს) ძირითადად ქვევრის ღვინის უცხოეთში პოპულარიზაციას ახმარს, რაც რეალურად ამ გაერთიანების ნაწარმის პირველი ნაბიჯებია ექსპორტზე. 

მსხვილი კომპანიების ღვინოები, ტრადიციულად, სტაბილური ხარისხით გამოირჩევა, რასაც ისინი სხვადასხვა თანამედროვე სამრეწველო ტექნოლოგიების გამოყენებით აღწევენ. ნიშანდობლივია, რომ ახალი ღვინის ფესტივალზე წარმოდგენილი ღვინოების ხარისხის გაუმჯობესება არა მხოლოდ ოჯახური მარნების, არამედ მსხვილი კომპანიების ნაწარმსაც ეტყობოდა. გასული წლის ფესტივალზე მათ სტენდებზე ამდენი საინტერესო და ევროპული ხარისხის სტანდარტებზე ორიენტირებული ღვინო არ ყოფილა.

კომპანიების მიერ წარმოდგენილ საინტერესო ღვინოებზე გვესაუბრება ღვინის კლუბის წევრი, ენოლოგი გიორგი სამანიშვილი: „წარმოდგენილი ღვინოების უმეტესობა ადრეც მქონდა გასინჯული. ზოგიერთი კი ჩემთვისაც სასიამოვნო სიახლე იყო. „თბილღვინომ“ წელს პირველად შემოგვთავაზა ვარდისფერი ღვინო - ძლიერი ალუბლის სურნელით და ცოტა მაღალმჟავიანი. ზაფხულის სიცხეებში სასიამოვნო დასალევი იქნება. მომეწონა „თელიანი ველის“ ახალი „სამშვენისი“, რომელიც  რქაწითელით, მწვანე კახურითა და ჩინურით არის შეკუპაჟებული. ასეთი საინტერესო გადაწყვეტის შედეგად კომპანიამ ძალიან ნაზი და არომატული ღვინო მიიღო“.

ქვევრის ღვინოებიდან გიორგი სამანიშვილი გამოარჩევს ალავერდის მონასტრის მარნის „ქისს“ და „ხოხბის ცრემლების“ „ქისს“. მისი თქმით, ორივე ღვინო შეიძლება ერთნაირად დახასიათდეს: „სხეულიანია და ახასიათებს ეგზოტიკური არომატი, სასიამოვნო მჟავიანობა და გამოხატული ტანინები. ალავერდის მონასტრის მარნის „ქისი“ ცოტა ხნის წინ შვეიცარიაშიც გავსინჯე, ქვევრის ღვინოების დეგუსტაციაზე, სადაც 25-მდე ქვევრის ღვინო მონაწილეობდა, მათ შორის - უცხოეთში დაყენებული ღვინოები. დეგუსტაციის შედეგად ალავერდის მონასტრის მარნის „ქისი“ თეთრი ღვინოებს შორის პირველ ადგილზე დასახელდა“.

წითელი ღვინოებიდან გიორგი სამანიშვილი გამოყოფს უჩა ჭოტიაშვილის ოჯახური მარნის საფერავს. მისი თქმით, ეს საფერავი 2 თვის განმავლობაში იყო ქვევრში ჭაჭაზე გაჩერებული, რის გამოც ძალიან მუქი და არომატული გამოვიდა. 2 თვის შემდეგ ღვინო ქვევრიდან კასრში გადაიტანეს. აქ მას ძლიერი გემო და მუხის მსუბუქი ტონები განუვითარდა: „თავისი კომპლექსურობით და მრავალფეროვანი ბუკეტით ეს ღვინო ჰგავს „ვინოტერას“ ქვევრის „საფერავს“, რომელიც ფესტივალიდან ასევე ძალიან დასამახსოვრებელი იყო“.

ახალი ღვინის ფესტივალის შემდეგ ღვინის კლუბს რამდენიმე ოჯახური მარნის წარმომადგენელი დაუკავშირდა და აქედანვე გამოთქვა როგორც მომავალი წლის ფესტივალში მონაწილეობის, ისე კლუბში გაწევრიანების სურვილი. 2012 წლის მაისამდე ჯერ კიდევ 1 წელია. მანამდე ღვინის კლუბი არაერთ საინტერესო ღვინოს აღმოაჩენს, რომელთა შესახებ „მარანი“ გზადაგზა გიამბობთ. ბოლოს კი ეს ღვინოები ისევ ახალი ღვინის ფესტივალზე მოიყრის თავს და მათი შეფასების საშუალება თქვენც გექნებათ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული