Home
ქართული | English
ივლისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სტუდენტების საკურსო ღვინოების დეგუსტაციამ ტრადიციის სახე მიიღო

ლევან სეფისკვერაძე

 

4 ივლისს, თბილისში, აბაშიძის 60 ნომერში მდებარე „8000 მოსავლის“ ღვინის მაღაზიამ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების საკურსო ღვინოების დეგუსტაციას უმასპინძლა. ღონისძიება აგრარული უნივერსიტეტისა და „8000 მოსავლის“ ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა. მასში მონაწილეობა ღვინით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს შეეძლო წინასწარ შეძენილი ბილეთით.

 

ეს გახლდათ ერთგვარი ღია დეგუსტაცია, რომელიც საკუთარ თავში ღვინის მცირე გამოფენის იდეასაც ატარებდა. ღონისძიების ფარგლებში აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ დაყენებულ 30-მდე ღვინო გაისინჯა. სხვათა შორის, ეს ღვინოები საზოგადოების წინაშე ბოლო ახალი ღვინის ფესტივალზე უკვე იყო წარმოდგენილი.

მნიშვნელოვანია, რომ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების საკურსო ღვინოების დეგუსტაციამ უკვე ტრადიციის სახე მიიღო. უნივერსიტეტის მეღვინეობის პროგრამის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და „აგრარული უნივერსიტეტის“ პროფესორი დავით ჩიჩუა ამ ახალგაზრდებზე დიდ იმედებს ამყარებს.

დავით ჩიჩუა, მეღვინე, „აგრარული უნივერსიტეტის“ პროფესორი: „სტუდენტების საკურსო ღვინოების საჯაროდ გამოტანა უკვე ჩვენი ტრადიციაა. აგრარული უნივერსიტეტი წლებია ვთანამშრომლობთ მაღაზიათა ქსელ „8000 მოსავალთან“ და ვსარგებლობთ ამ მაღაზიათა ქსელის ძალიან კარგი შემოთავაზებით, რომ ჩვენი სასწავლო პროგრამის სტუდენტების ღვინოები საზოგადოებას გავაცნოთ.  ჩვენი სტუდენტების ღვინოების პირველადი წარდგენა ხდება მთაწმინდის პარკში გამართულ ყოველწლიურ „ახალი ღვინის ფესტივალზე“, სადაც ღვინო უფრო ფართო პუბლიკისთვის არის განკუთვნილი. ამის  შემდეგ ვიწრო წრისთვის და მოწვეული პროფესიონალებისთვის კეთდება ეს ღონისძიება. გვინდა, რომ პროფესიული წრის და ჩვენი სტუდენტების გადაკვეთა აქ მოვახდინოთ. ეს ძალიან სიმბოლური და ლამაზი ღონისძიებაა იმ კუთხითაც, რომ აქ ის გარემოა, სადაც ამ ახალგაზრდებს მთელი ცხოვრება მოუწევთ მუშაობა. მათთვის ეს არის ერთგვარი „საბრძოლო ნათლობა“.

დავით ჩიჩუას თქმით, აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობის პროგრამის სტუდენტები ყოველ წელს ერთმანეთზე უკეთესები არიან. ბოლო 10-15 წელში ისეთი ტენდენციაც შეინიშნება, რომ სტუდენტების  ნაწილს უკვე საზღვარგარეთ მუშაობის გამოცდილებაც აქვს: „2016 წელს, როცა სტუდენტებმა პირველი სადიპლომო ღვინოების გამოფენა გააკეთეს, მაშინ ეს იყო ერთგვარი „საკუთარ წვენში ხარშვა“. მათ მაშინ მაქსიმუმ რომელიმე ქართული ღვინის ქარხნების ღვინოები ჰქონდათ გასინჯული. ახლა კი ამ ნაკადიდან, სულ მცირე, 10 ბავშვი მაინც მოიძებნება, ვისაც გაცვლითი პროგრამით აქვთ უცხოეთში გატარებული გარკვეული დრო, ან რთველზე არიან ნამყოფები და სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, გასინჯული აქვთ უამრავი ერთმანეთისგან  განსხვავებული ღვინო. ამან გაზარდა მათი თვალსაწიერი. ამ ბავშვებს მათ მიერ დაყენებულ ღვინოში, ქართულის გარდა, გამოყენებული აქვთ უცხოური ვაზის ჯიშები, უცხოური იდეები და სწორედ ამ ყველაფერს მოაქვს პროგრესი“.

დეგუსტაციაზე ღვინით დაინტერესებული საზოგადოება მომავალ მეღვინეებს შეხვდა. გავიცანით ეს ახალგაზრდები, გავეცანით მათი მუშაობის პრაქტიკას, მეთოდოლოგიას, მათ იდეებს და ეს ყველაფერი  სტუდენტებისთვის დამატებითი მოტივაცია და ერთგვარი წახალისებაც გახლდათ.

კატო მეუნარგია: „ჩემს ჯგუფთან ერთად (ქეთი ჩიქოვანი, გიორგი კახოიძე და მარიამ კორკელია) წარმოვადგინე საკურსო ღვინოები და ყველაზე მეტად რაც გვინდა, ისაა, რომ გვითხრათ როგორ მოგწონთ და ისიც გვაინტერესებს რა შენიშვნები გექნებათ. გვაქვს ლეჩხუმური ცილიკოური, რომელიც არის ჩვენი სამი ღვინიდან ყველაზე მსუბუქი და ასე ვთქვათ, საზაფხულო ღვინო. შემდეგი არის რქაწითელი ქვევრის ტექნოლოგიით და გვაქვს ასევე შავკაპიტოსგან დამზადებული ღვინო, რომელიც არის ე.წ. სისხლის გამოდინების ფრანგული მეთოდით დაყენებული. ჩვენი ღვინოებიდან ყველა ძალიან მომწონს, მაგრამ პირადი პრეფერენციებით ზაფხულში ლეჩხუმურ ცოლიკოურს უფრო დავლევდი“.

სტუდენტები 3-4 კაციან გუნდებად იყვნენ დაყოფილი. ყველა გუნდს უნდა შეექმნა სათანადოდ ბრენდირებული სამღვინიანი სეტი. სეტი ცხადია მსუბუქი თეთრი ღვინით იწყებოდა, კახური ტრადიციული, ჭაჭაზე დაყოვნებული ქვევრის ღვინით გრძელდებოდა და წითელი ღვინით სრულდებოდა.

გვანცა ქურციკიძე: „ჩვენ ჯგუფს ჰქვია „ციალი“, როგორც ჩრდილოეთის ნათება. წარმოდგენილი გვაქვს კლასიკური ღვინო ცოლიკაურის ჯიშისგან დაყენებული და ეს არის ნახევრადმშრალი ღვინო. ასევე გვაქვს ქვევრის ღვინო (დაყენებული ხიხვისგან და წულუკიძის თეთრასგან). ხოლო სამი წითელი ვაზის ჯიშის ყურძნისგან (ალექსანდროული, მუჯურეთული და ძელშავი) დავამზადეთ შემაგრებული ღვინო, რომელიც ვფიქრობ განსხვავებული იქნება. გვაინტერესებს საზოგადოების აზრი ჩვენს ღვინოებზე და გვიხარია, რომ ინტერესი დიდია“.

სტუდენტების უმრავლესობა ცდილობდა საკუთარი „კოზირები“ გამოეყენებინა და იმ კუთხის ღვინოზე გაეკეთებინა აქცენტი, რომელსაც თავად წარადგენდნენ. თუმცა, ყველა შემთხვევაში დაცული იყო პრინციპი, რომ გუნდებს სამი ერთმანეთისგან განსხვავებული ღვინო უნდა წარმოედგინა.

ელენე ბენდელიანი: „ჩვენი გუნდის სახელია „ბაბუაწვერა“. ისე მოხდა, რომ ამ გუნდში სტუდენტები ვართ საქართველოს სამი სხვადასხვა კუთხიდან (სამეგრელო, ქართლი და კახეთი). ამიტომ გადავწყვიტეთ სამი სხვადასხვა კუთხის ჯიშისგან დაგვეყენებინა ღვინო. გვაქვს თეთრი კლასიკური ღვინო, რომელიც გორული მწვანესა და ჩინურისგან დავაყენეთ. კახურებიდან გვაქვს ქისის და ხიხვის კუპაჟი და წითლებიდან კი დავაყენეთ მეგრული ოჯალეში. ეს ჩვენი პირველი ღვინოებია და ცხადია, ემოციებიც მეტია. თუმცა, ვფიქრობთ, ღვინის მოყვარულებისთვის ეს ღვინოები საინტერესო უნდა იყოს“.

ღონისძიების დასასრულს აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორებმა და ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა გამოფენაში მონაწილე მომავალ მეღვინე სტუდენტებს გამორჩეული ღვინოების დაყენებისთვის წამახალისებელი სიგელები გადასცეს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა