Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შემოიარე საქართველო

ნინა ახლოური

11 ივნისის საღამოს, რუსთაველზე, ყოფილი საბაგიროს შენობაში დიდი ხალხმრავლობა იყო. მოწვეული სტუმრები აქ ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიებაზე მოვიდნენ, სადაც მათ მუსიკა და კარგი ღვინოები დახვდათ. ამიტომ, გასაკვირი სულაც არაა, რომ საღამომ ხმაურიანად და ხალისიანად ჩაიარა.

ღონისძიებას ორგანიზება საქართველოს ეროვნული ტურიზმის სააგენტომ გაუკეთა. საღამოს სლოგანი, "შემოიარე საქართველო" პირდაპირ ეხმიანებოდა იმ პროექტს, რომელიც დღეს ტურიზმის სააგენტოს მიერ ხორციელდება. აღნიშნულლი პროექტის ძირითად მიზანს ჩვენს ქვეყანაში ზაფხულის სეზონის ტურისტული აქტივობების პოპულარიზაცია წარმოადგენს, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კი უკვე არსებული რესურსის საზოგადოებისთვის გაცნობა და მომავალი თვეების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობის სურვილის დანერგვაა.

ღონისძიების სლოგანის გასამართლებლად საბაგიროს შენობაში გამოფენა მოეწყო. ბოლო სართულამდე საქართველოს პანორამულ ფოტოებთან ერთად დამაგრდა "ფეხების" ინსტალაცია, რომელიც თითქოს მოუწოდებდა სტუმრებს, ემოგზაურათ მათთვის უცნობ ადგილებში. ინსტალაციის ავტორი ირინკა გაჩეჩილაძე გახლდათ.

ღონისძიების ცენტრალურ მოვლენად მსოფლიოში ყველასთვის კარგად ნაცნობი არხის, Travel Channel-ის მიერ ქართული მეღვინეობის შესახებ გადაღებული ფილმის That Crazy French Woman in Georgia პრეზენტაცია უნდა ქცეულიყო. აღსანიშნავია, რომ იზაბელ ლეჟერონი, რომელიც აღნიშნული ფილმის ავტორია და ღვინის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთ ავტორიტეტულ პერსონას წარმოადგენს, ამ პრეზენტაციისთვის სპეციალურად ლონდონიდან ჩამოფრინდა. მიუხედავად ამისა, ფილმის (რომელსაც გასული შემოდგომიდან ელოდა საზოგადოება) ნახვა შენობის კედლებზე დამაგრებული პატარა მონიტორებიდან ძალიან მოუხერხებელი და შეუძლებელიც კი იყო, ხმა კი სრულებით არ ისმოდა. სწორედ ამიტომ, ტურისტული სეზონის გახსნა მხიარული, თუმცა ნაკლებად საინტერესო გამოვიდა.

იზაბელ ლეჟერონი მოგვიანებით სიტყვით გამოვიდა. მან აღნიშნა, რომ ქართველებს არაჩვეულებრივი ქვეყანა და ღვინოები გვაქვს, ასევე გამოთქვა სურვილი, შემდგომშიც მიიღოს მონაწილეობა ქართული ტურიზმის განვითარების საქმეში. "მარანისთვის" ცნობილი გახდა ისიც, რომ Travel Channel-ი კვლავ აპირებს ერთი სერიის გადაღებას თავისი ახალი სატელევიზიო გადაცემისთვის Essential. სერიას Essential Georgia ერქმევა და ორიენტირებული იქნება საქართველოს რეგიონებში ახალი დასასვენებელი ადგილების აღმოჩენასა და მაყურებლისთვის მათ გაცნობაზე.

ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად საღამოს მასპინძელმა, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯომარემ, მაია სიდამონიძემ გახსნა თავისი მისასალმებელი სიტყვით. მან დამსწრე საზოგადოებას ტურიზმის სფეროში მიმდინარე სიახლეები და სამომავლო გეგმები გააცნო. როგორც აღმოჩნდა, ტურიზმის სააგენტოს ბევრი პროექტი აქვს დაგეგმილი, რომელთაგანაც რთულია გამოჰყო ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, საინტერესოა ის, რომ საქართველოში დაგეგმილია აქამდე ნაკლებად პოპულარული დასასვენებელი ადგილების განვითარება და პოპულარიზაცია (ეს, ძირითადად, ანაკლიას და შავი ზღვის ზოლს ეხება). ამასთან, მოხდება რუკების გაუმჯობესება - მათზე დატანილი იქნება ადგილები, რომლებიც ადრე ტურისტების ყურადღების მიღმა რჩებოდა. აქცენტი ასევე კეთდება უცხოეთში საქართველოს, როგორც ტურისტული ზონის პოპულარიზაციაზე, ამისთვის კი უკვე ხუთ ქვეყანაში (აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინაში, ლატვიასა და პოლონეთში) მიმდინარეობს სარეკლამო ფილმების ჩვენება, უახლოეს მომავალში კი საქართველოს დღეების ტურნეს გამართვაც იგეგმება.

მაია სიდამონიძის თქმით, უცხოელ ტურისტებს საქართველოში ძირითადად ექსტრემალური ტურიზმის სახეობები იზიდავთ (მაგ, ჯომარდობა). კარგი პერსპექტივები გააჩნია ასევე ეკო-ტურიზმის განვითარებასაც. ამ მნიშვნელოვან საქმეში ალბათ იზაბელ ლეჟერონის ფილმის ჩვენება არცთუ მოკრძალებულ წვლილს შეიტანს. მიუხედავად ამისა, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეც აღნიშნავს, რომ პირველ რიგში, მთავარი შიდა ტურიზმის განვითარებაა, რასაც შემდეგ საერთაშორისო მასშტაბითაც მოჰყვება წარმატებები.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული