- გვიამბეთ თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ, რომ მეღვინე გამხდარიყავით?
- ჩემი ვენახი მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარში. ჩემს ოჯახს მევენახეობა-მეღვინეობა ტრადიციულ საქმედ მოსდევდა. ბაბუაჩემს ცოლიკაურის და გურული ჯიშების საკმაოდ დიდი ვენახი ჰქონდა გაშენებული. მამაჩემმაც მისი საქმე გააგრძელა და წარმატებით უვლიდა საკუთარ თუ კოლმეურნეობის მიერ გაპიროვნებულ ვენახებს. ასე რომ, ამ სფეროში ბავშვობიდან ვარ ჩართული და გადავწყვიტე, ჩემი ოჯახის ტრადიციული საქმიანობა გამეგრძელებინა. კარგი ღვინო ვენახიდან იქმნება და თუ ყურძენი კარგია, დანარჩენი თავისით მოვა — ამ პრინციპით ვხელმძღვანელობ და საქმიანობა მევენახეობით დავიწყე.
- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და თქვენთვის რომელი ჯიშია განსაკუთრებით საინტერესო?
- პირველი ვაზი 2015 წელს დავრგე და ამის შემდეგ თითქმის ყოველწლიურად ვამატებ. გაშენებული მაქვს 1.5 ჰექტარი ვენახი და აქედან ნახევარი არის ჩხავერის. მაქვს ასევე საკმიელას, ცოლიკაურის, ალადასტურის და ჯანის ნარგავები, რომლებიც მსხმოიარობაში ეტაპობრივად შედიან.
ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა ჩხავერი - ის ყოველ წელს განსხვავებული ფერის, არომატისა და ხარისხის ღვინოს იძლევა, უყურადღებობასა და პატარა შეცდომასაც კი არ გპატიობს, მასზე მუშაობა ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა და აზარტია.
- რა სახის სირთულეები, დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?
- თანამედროვე მევენახე-მეღვინე უამრავი გამოწვევის წინაშე დგას. ბოლო სამი წელია გურიის მევენახეობის პრობლემა მაისი-ივნისის უამინდობაა. ყვავილობის პერიოდში მძვინვარებს სოკოვანი დაავადებები. უამინდობის პირობებში რთულდება ვენახების შეწამლითი სამუშაოები, რადგან მე პირადად, ვენახს მხოლოდ მამაპაპური კირითა და შაბიამნით ვამუშავებ, მთელი მოსავლის 50% უკვე დავკარგე. სისტემურ საშუალებებზე და ჰერბიციდებზე დიდი ხანია უარი ვთქვით, ღვინის სფეროში ბევრი პრობლემა გაჩნდა, რისი მოგვარებაც სახელმწიფოს გარეშე გაჭირდება. სახელმწიფო მსხვილი კომპანიების ინტერესების დამცველი უფროა, ვიდრე პატარა მეურნეობებისა და მცირე მარნების.
- როგორია ღვინის დაყენების თქვენეული ტექნოლოგია და პროცესი?
- მე უფრო მევენახე ვარ, ვიდრე მეღვინე. მეღვინეობაში არანაირი განათლება და თეორიული ცოდნა არ მიმიღია. ვცდილობ, თვითნასწავლი მეღვინე გავხდე, განვვითარდე და მეტი გამოცდილება მივიღო, რაშიც ძალიან მეხმარება გამოცდილი მეღვინე ახლობლები. მაქვს მამაპაპური ღია ტიპის მარანი, სადაც რამდენიმე ახალი ქვევრი დავამატე, ძველები შევცვალე.
ღვინოს ქვევრებსა და უჟანგავი ფოლადის ავზში ვაყენებ, ნატურალურს, ყოველგვარი საფუარებისა და დანამატების გარეშე, მხოლოდ გოგირდის მინიმალური დოზით ვამუშავებ.
ვინაიდან, მოსავლის დიდი რაოდენობა ჯერ არ მაქვს და ღვინის გაყიდვის სფეროში არანაირი გამოცდილება არ გამაჩნია, მაინც გავბედე და 2025 წლის ახალი ღვინის ფესტივალში მივიღე მონაწილეობა, სადაც ჩემმა 2024 წლის მოსავლის ჩხავერმა საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. ყოველივე ამან დიდი გამოცდილება შემძინა და ჩემი საქმისადმი რწმენა კიდევ უფრო გამიმყარა.
- როგორია თქვენი და თქვენი მარნის სამომავლო გეგმები და რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?
- მე, როგორც დამწყები მეღვინე, ჩემნაირ დამწყებებს ვუსურვებდი წარმატებებს. მეღვინეობა შეცდომების გარეშე წარმოუდგენელია, მთავარია შეცდომის გააზრება და სწორი ანალიზი. სწორედ ეს აყალიბებს გამოცდილ და კარგ მეღვინეს. მთავარია, გიყვარდეს და გსიამოვნებდეს ის საქმე, რასაც აკეთებ, უნდა მიისწრაფოდე თვითგანვითარებისა და შენს საქმიანობასთან დაკავშირებით მეტი ცოდნის მიღებისკენ.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი