Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ProWein -2010 და ქართველები

თემურ იობაშვილი

ქართულმა კომპანიებმა დუსელდორფში მონაწილეობა წარმატებულად შეაფასეს
 
პროვაინი (ProWein) – მსოფლიოში უდიდესი საერთაშორისო სპეციალიზირებული გამოფენაა, რომელიც გერმანიის ქალაქ დუსელდორფში 1994 წლიდან მოყოლებული ყოველ წელს ტარდება და მასში მონაწილეობას ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიები იღებენ. როგორც ღვინის და ალკოჰოლური ბიზნესის სფეროში მყოფი ადამიანები ამბობენ, დიუსელდორფში მიმდინარე გამოფენა ყველასთვის მნიშვნელოვანია, ვინც საერთაშორისო ბაზარზე აპირებს პროდუქციის გატანას. პროვაინზე ხდება როგორც მნიშვნელოვანი ურთიერთობების დამყარება, ასევე ხელსაყრელი კონტრაქტების გაფორმება. შესაძლებელია სხვადასხვა სასმელის პრეზენტაციაზე დასწრება და მნიშვნელოვან კონფერენციებში მონაწილეობა. დამსწრეებს საშუალება ეძლევათ თავად დააგემოვნონ როგორც ადგილობრივი წარმოების, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი უამრავი ნიმუში.
ზოგადად, ამ გამოფენაზე წარმოდგენილია ხოლმე როგორც ჩვეულებრივი ღვინო, ასევე - პორტვეინი, ვერმუტი, შამპანურის ტიპის ცქრიალა ღვინოები, არაყი, კონიაკი, ბრენდი და სხვა ალკოჰოლური სასმელები.
წელს პროვაინის გამოფენა 21-23 მარტს გაიმართა და მასში მონაწილეობა ქართულმა კომპანიებმაც მიიღეს. საქართველოს წარმომადგენლები დაახლოებით 10 წელია რაც ამ გამოფენას ესწრებიან. წელს დუსელდორფში ქართულ კომპანიებს საკუთარი სასმელები ძირითადად 1 სტენდზე ჰქონდათ გამოფენილი.
სტენდის დაქირავების ხარჯები დაფარა ევროკავშირის დაფინანსებულმა პროგრამა "სი-ბი-აი"-მ. ამ პროგრამის წარმომადგენლებმავე შეარჩიეს 8 ქართული კომპანია, რომლებმაც საკუთარი სასმელები წარადგინეს გამოფენაზე. ეს კომპანიებია "ტფილისის მარანი", "თბილღვინო", "თელავის ღვინის მარანი", "ვაზი+", "შატო მუხრანი", "კახური", "ბესინი", "დუგლაძეების ღვინის კომპანია". გამოფენაში მონაწილეობა მიიღო ასევე რამდენიმე ქართულმა კომპანიამ, თუმცა მათ ცალკე სტენდი ეკავათ. იყო ცქრიალა ღვინოების მწარმოებელი კომპანია "ბაგრატიონი".
გამოფენას დაესწრნენ იმ ზოგიერთი კომპანიის წარმომადგენლებიც, ვისაც გამოფენაზე საკუთარი სასმელი არ ჩაუტანია.
ჩვენ გავესაუბრეთ რამდენიმე ქართული საწარმოს მესვეურს, ვინც პროვაინზე მონაწილეობა მიიღო. ყველა მათგანის წარმომადგენლები გამოფენაში მონაწილეობას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ და აცხადებენ რომ მათი საქმიანობისთვის დუსელდროფში ჩასვლა ძალიან მომგებიანი იყო.
გიორგი სამანიშვილი, "ტფილისის მარანი", აღმასრულებელი დირექტორი: "ალკოჰოლური სასმელების უამრავი გამოფენა არსებობს, სადაც სხვა რამეს აქცევენ ყურადღებას, პროვაინი კი სუფთად ღვინის და ალკოჰოლური სასმელების პროფესიონალური და მაღალი იმიჯის მქონე გამოფენაა. კომპანია თუ ადამიანი, რომელიც გამოფენაში მონაწილეობს, ნიშნავს რომ ამ სფეროში რაღაცას წარმოადგენს.
ეს გამოფენა არის საშუალება, რათა კომპანიებმა ნახონ ახალი მყიდველები, ძველ კლიენტებს შეხვდნენ და მათთვის საინტერესო საკითხები გაიარონ. პროვაინზე ხდება ახალი პროდუქტის წარდგენა. გამოფენა იძლევა საშუალებას, რომ კომპანიებმა იმუშაონ როგორც გაყიდვების გაზრდაზე, ასევე საკუთარი იმიჯის ამაღლებაზე".
რაც შეეხება გამოფენიდან მიღებულ კონკრეტულ შედეგს, გიორგი სამანიშვილი ამბობს, რომ შედეგი მომენტალურად გაყიდვებზე არც აისახება, რადგან გამოფენაზე დაწყებული საქმიანი ურთიერთობები შედეგს დროთა განმავლობაში მოიტანს. თუმცა, "ტფილისის მარანმა" კონკრეტული შედეგიც ნახა. სამანიშვილის თქმით, სლოვაკეთში არსებული საწყობიდან ღვინის გარკვეული რაოდენობა ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში გაიყიდება.
უკვე ათი წელია პროვაინზე მონაწილეობას ღებულობს "თბილღვინო". როგორც კომპანიის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, ევროპაში არსებულ გამოფენებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ დუსელდორფში ყოველწლიურად გამართული გამოფენაა.
გიორგი მარგველაშვილი: "პროვაინზე ჩვენ დავდივართ 2001 წლიდან. ეს არის ადგილი, სადაც მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოდიან იმპორტიორები. ანუ, ეს არ არის ლოკალური მნიშვნელობის გამოფენა. ევროპა იცნობს 3-4 დიდ გამოფენას. არის გამოფენა ბორდოში, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ ტარდება, გამოფენები ასევე იმართება ლონდონში და ვერონაში. თუმცა ლონდონის და ვერონას გამოფენები ძირითადად ლოკალური ხასიათისაა: მათთვის – ვისაც აინტერესებს იტალიის ან ბრიტანეთის ბაზარზე შესვლა. ამიტომ, გაცილებით დიდი მიშვნელობა დუსელდორფში გამართულ გამოფენას აქვს.
სწორედ პროვაინზე წლების წინ გავიცანით ჩვენი ლიტველი და ბელორუსი პარტნიორები; ასევე გერმანელი იმპორტიორი, დავუახლოვდით გერმანელ ახალ იმპორტიორს... ამ ღონისძიებაზე ჩამოდიან იმპორტიორები, ღვინის აგენტები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან".
როგორც გიორგი მარგველაშვილი ამბობს, გამოფენაზე ყოფნა კომპანიისთვის დროის და ხარჯის მნიშვნელოვანი დაზოგვის საშუალებაც არის. უამრავ შეხვედრაზე სხვადასხვა ქვეყანაში სიარული არ ხდება საჭირო და 2-3 დღეში ერთ ქალაქში ბევრი მნიშვნელოვანი მოლაპარაკების გამართვაა შესაძლებელი.
"წელს წინასწარ დავგეგმეთ 14 შეხვედრა. აქედან 11 შეხვედრა არსებულ იმპორტიორთან გვქონდა. პროვაინი კარგი შესაძლებლობაა, რომ წახვიდე და ხარჯის საკმაო დაზოგვით 3 დღეში ყველას შეხვდე. დუსელდორფში შვხვდით 3 პოტენციურ პარტნიორს, რომლებთანაც გარკვეული კონტაქტი უკვე გვქონდა, მაგრამ დავთქვით, რომ საბოლოო გადაწყვეტილება პროვაინზე შეხვედრისას მიგვეღო.
რამდენიმე ახალი კონტაქტიც დაისახა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან. კანადელ პარტნიორებს შევხვდით. მათთან შარშანდლიდან ვთანამშრომლობთ, მაგრამ ფიზიკურად შეხვედრილები აქამდე არ ვიყავით".
გერმანიაში გამართული გამოფენით კმაყოფილია "თელავის ღვინის მარანი". კომპანიის ხელმძღვანელი ზურაბ რამაზაშვილი ამბობს, რომ პროვაინს ერთ-ერთი დიდი მნიშვნელობა იმიტომ აქვს, რომ ტარდება ევროპაში ღვინის ყველაზე დიდ იმპორტიორ ქვეყანაში.
"გერმანია ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორია და ქვეყანაში ყოველწლიურად დაახლოებით 1,1 მილიარდი ლიტრი იმპორტირებული ღვინო იყიდება. ასევე ყველა კომპანიისთვის მნიშვნელოვანია გამოფენაზე მონაწილეობა, რათა დაინახოს თუ რა ახალი ტენდენციებია მსოფლიო მეღვინეობაში. ჩვენმა კომპანიამ გამოფენის მანძილზე რამდენიმე საქმიანი შეთავაზებაც მიიღო", - ამბობს ზურაბ რამაზაშვილი.
 
რომელი ქართული ღვინოები აინტერესებთ ევროპაში
 
როგორც პროვაინზე მონაწილეებმა გვითხრეს, გამოფენაზე ქართული კომპანიები ერთ სტენდზე იყვნენ წარმოდგენილი და ერთმანეთის მიმართ კონკურენცია დუსელდორფში არ ყოფილა. საქმე ის არის, რომ უცხოელი მყიდველი პირველ რიგში ქვეყანას ცნობს და მხოლოდ ამის შემდეგ აკეთებს არჩევანს ქართული კომპანიების მიერ წარდგენილ ღვინოებს შორის. "ტფილისის მარანი" გამოფენაზე რამდენიმე ღვინით იყო წარმოდგენილი. გიორგი სამანიშვილი ამბობს, რომ ევროპაში საქართველოდან ის ღვინო უნდა გავიდეს, რომელიც ევროპულ ღვინოსთან არის ახლოს.
"წაღებული გვქონდა საფერავი, მუკუზანი, წინანდალი, რქაწითელი, ხვანჭკარა... ასევე აუცილებელია რაიმე ტრადიციული ღვინის გამოფენა. მაგალითად, კახური მეთოდით დამზადებული ღვინო. უნდა ვაჩვენოთ, რომ გარდა ჩვეულებრივი ღვინოებისა, ჩვენ გვაქვს ასევე უნიკალური – ჩვენი მეთოდით დაყენებული ღვინო. თუმცა ასეთი განსაკუთრებული ღვინოები ნაკლებად იყიდება და უფრო იმიჯისთვის არის მნიშვნელოვანი. ამასთან ერთად, ჩვენ წაღებული გქნოდა ღვინის ბრენდიც, ეს სხვა სეგმენტია. განსაკუთრებით მოსწონთ იმ ქვეყნებს, სადაც ახსოვთ ქართული კონიაკის გემო", - ამბობს გიორგი სამანიშვილი.
"თბილღვინოში" ამბობენ, რომ გამოფენისთვის მათაც რამდენიმე სახეობის ღვინო წაიღეს, თუმცა იყო სიახლეც.
"ჩვენ გვქონდა რქაწითელი, წინანდალი, საფერავი, მუკუზანი, წელს ასევე სიახლე იყო, რომ წარვადგინეთ ახალი ღვინო კაბერნე-საფერავი. ღვინის შემადგენლობაში ნახევარი კაბერნე-სოვინიონია და ნახევარი საფერავი", - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.
ზურაბ რამაზაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ კომპანიამ რამდენიმე ღვინო უნდა წარადგინოს და არა რომელიმე ერთი სახეობა.
2006 წლიდან რუსეთის ბაზრის დაკეტვის შემდეგ, ქართულმა ღვინომ მეტ-ნეკლებად გადალახა კრიზისი და ზოგ შემთხვევებში გაყიდვები გაზრდილიც არის. გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ 2005 წელს რუსეთის ბაზრის ჩათვლით თუ "თბილღვინომ" 1,3 მილიონი ბოთლი ღვინო გაყიდა, 2009 წელს შეძლო და რუსეთის ბაზრის გარეშე 1,4 მილიონ ბოთლამდე გაზარდა გაყიდვები. თუმცა, რუსეთის ბაზარი ღია რომ ყოფილიყო, "თბილღვინოში" გაყიდვების 3 მილიონ ბოთლამდე მატებას ვარაუდობენ. ამჟამად კი ქართული ღვინის გასაყიდ ძირითად ბაზრებად კვლავ პოსტსოციალისტური ქვეყნები რჩება. რაც შეეხება მეღვინეობის მხრივ ტრადიციულ ევროპულ ქვეყნებს, სადაც ქართული ღვინო საშუალო და საშუალოზე მაღალი ფასის ღვინის სეგმენტში შედის, იქაურ ბაზარზე ნელ-ნელა უნდა დამკვიდრდეს. ქართველი მწარმოებლები ამბობენ, ევროპაში მეღვინეობის ტრადიციებით გამორჩეულ ქვეყნებში ქართული ღვინო დიდი რაოდენობით ვერ გაიყიდება, თუმცა მეღვინეობის დიდი გამოცდილების მიღება კი შეიძლება.
დაბოლოს, ქართული კომპანიები წლევანდელი გამოფენით კმაყოფილები არიან და აცხადებენ, რომ მომავალ წლებშიც უეჭველად ესტუმრებიან პროვაინს. სავარაუდოდ, სტენდის დაქირავება და გამოფენის ხარჯები კვლავ ევროკავშირის დაფინანსებით მოხდება. თუმცა, გასულ წლებში ეს ხარჯი სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაიღო. მომავალ წელს კი, თუ დამფინანსებელი არავინ გამოჩნდა, ქართული კომპანიები ერთობლივი ძალებით აპირებენ მაინც მიიღონ მონაწილეობა ამ მნიშვნელოვან გამოფენაზე.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“
 


ხოხბის ცრემლებზე რას ფიქრობთ? მე ძალიან მომეწონა მაგათი საფერავიც და რქაწითელიც!!

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული