Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თაკო ჟურული, ჟუკა-სანოს მარანი, მცირე მარნების ანთოლოგია (64)

როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

სახლი გვინდოდა  ქალაქგარეთ გვქონოდა, თბილისიდან გასაქცევი ადგილი. იმის გამო, რომ ქალაქთან ახლოს ძვირი ღირდა, მოშორებით დავიწყეთ ძებნა.  ჩემმა დეიდაშვილმა, აკო ნარიმანიძემ, გვირჩია კახეთში მოგვეძებნა შესაბამისი ადგილი. თელავთან ახლოს ძველი სახლი ვიყიდეთ, მარნით და მიტოვებული ვენახით. წარმოდგენა არ გვქონდა, ვენახისთვის როგორ უნდა მოგვევლო. დავიწყეთ სწავლა, მოძიება და ამ ჩვენმა საყვარელმა პატარა ვენახმა მიგვიყვანა ახლა უკვე ჩვენთვის უძვირფასეს ადამიანებამდე - ნატურალისტ მეღვინეებამდე, რომლებიც მგონი შევაწუხეთ ჩვენი შეკითხვებით. ასევე, „ღვინის კლუბამდე“ და შემდეგ უკვე „ასოციაცია ბუნებრივ ღვინომდე“, სადაც  ბევრი საოცარი ადამიანი გავიცანით.  სწორედ მათი რჩევებით, ასევე „ღვინის კლუბის“ ძველი წიგნებისა  და ახალგამოცემული ლიტერატურის დახმარებით, ნელ-ნელა შევუდექით საქმეს და 2017 წელს დავაარსეთ „ჟუკა-სანოს მარანი“. ჟუკა - რადგან ჟურული ვარ - მეგობრები ბავშვობიდან ასე მეძახიან, ჩემი ქმარი კი სანოძეა, მეგობრებისთვის - სანო.

ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

ჩვენს ვენახში, ძირითადად, რქაწითელი ხარობს, უფრო ცოტა მწვანე და სულ რამდენიმე ძირი იყალთოს წითელი. შარშანაც გავაშენეთ ვენახი, რომელიც ჯერ არაფერს ისხამს, მაგრამ უკვე ხასიათი აქვს და ძალიან შემაყვარა თავი.

რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

ღვინოს მეექვსე წელია ვაყენებთ. რითაა გამორჩეული, ვერ გეტყვით, ალბათ, იმით, რომ კონკრეტულ ადგილზე მოწეული ყურძნისგანაა დაყენებული. ამ  ადგილას  მზის, კლიმატის და მიწის ისეთი ერთიანობაა, როგორც არსად სხვაგან, სულ ახლომდებარე მეზობლის ვენახშიც კი. ამიტომაც,  ადგილს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ღვინისთვის. ღვინოში ჩანს სწორედ ადგილი, ე.წ. ტერუარი, შემდეგ მეღვინე. ამით არის გამორჩეული  ყველა ბუნებრივი ღვინო.

გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

პირველად ღვინო „ჯივინოსა“ და „ღვინო ანდერგრაუნდში“ გაიყიდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი, „ანდერგრაუნდი“ ჩემთვის არის გამორჩეული მეღვინეებისა და მათი ღვინოების სახლი. იმ ოჯახივითაა, რომლის ნაწილიც ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი.  ერთ მშვენიერ დღეს იქ სოლიკო ცაიშვილის, კახა ბერიშვილის, იაგოს, რამაზ ნიკოლაძის ღვინოების გვერდით, ჩემი „რქაწითელის“ დანახვა აღუწერელი სიხარული იყო.

გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

ჩვენი ღვინო გერმანიაში იყიდება.

რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

სირთულეებზე ვერაფერს ვიტყვი. რთველისა და დაწურვისას, შემდეგ ჭაჭის ჩარევისას, ქვევრებიდან ღვინის ამოღებისას,  ცისტერნებში გადატანილი ღვინის მოვლისას,  დაღლასა და ღამეების თენებას თუ არ ჩავთვლით, მოვლენები ჩვენი მარნის გარშემო ადვილად განვითარდა. შეიძლება ითქვას, თითი არ გაგვინძრევია ღვინის პოპულარიზაციისთვის, გასაყიდად. თავისით მოხდა ყველაფერი. ქეთო ნინიძეა ჩვენი კეთილი „მეკვლე“. ის გვესტუმრა ერთ საღამოს მარანში, მაშინ მუშაობდა  წიგნზე  სახელწოდებით „ნელი დუღილი“, ქალ მეღვინეებზე წერდა. იმ საღამოს დააჭაშნიკა ჩვენი ღვინო, ძალიან მოეწონა და მას მერე დაიწყო წინსვლა.

თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

მე ვფიქრობ,  ქართული ღვინის კულტურის განვითარება იწყება და მთავრდება მევენახე-მეღვინით, მარნით, ვენახის და ღვინისადმი ჩვენი დამოკიდებულებით. ტრადიციის შენარჩუნების პარალელურად, მუდმივი განვითარების წყურვილი და ცნობისმოყვარეობაც მნიშვნელოვანია. ღვინოში ჩანს მეღვინის პატიოსნება და მისი დამოკიდებულება სამყაროსადმი. ეს თავისთავად გააადვილებს გზას,  განავითარებს ქართული ღვინის კულტურასაც და ჩვენი მარნებიც მთელ მსოფლიოს დააინტერესებს.

რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

მე თვითონ დამწყები მევენახე-მეღვინე ვარ, რჩევის მიცემა გამიჭირდება. ყველას ვუსურვებ მოთმინებას, მხნეობას და ღვინოსთან პატიოსნებას.

 

მარნის დასახელება: ჟუკა-სანოს ღვინო

მარნის მისამართი: თელავი, სოფ. რუისპირი

ტელეფონი: 558910368

ელფოსტა: takojuruli@gmail.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი: Zhuka-Sano Wine /ჟუკა-სანოს მარანი

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული