Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

WinExpo Georgia 2012 დიდი ოქროს მედლით დასრულდა

ალეკო ცქიტიშვილი

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა-კონკურსი WinExpo Georgia წლიდან წლამდე სულ უფრო მრავალფეროვანი და წარმომადგენლობითი ხდება. წელს, 22-24 სექტემბერს, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ 70-მდე სხვადასხვა კომპანიამ თუ ორგანიზაციამ მოიყარა თავი. ღვინისა და სპირტიანი სასმელების გარდა, წარმოდგენილი იყო: ვაზისა და ვენახის მოვლის ტექნიკა, საწარმოო დანადგარები, შესაფუთი ტექნოლოგიები, ნერგები და სხვა მრავალი პროდუქტი, რაც მევენახეობა-მეღვინეობას უკავშირდება. გამოფენა-კონკურსში აქტიურად იყვნენ ჩართული ტურ-ოპერატორები, რომლებიც ღვინის ტურებზე მუშაობენ. დამთვალიერებელთა რიგები იდგა იმ მონაწილეებთან, რომლებმაც სხვადასხვა ტექნოლოგიებით დამზადებული ქართული ყველი წარმოადგინეს.

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მეხუთე საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia2012-ს თან მოჰყვა მეოთხე საერთაშორისო კონკურსი, სადაც წარმოდგენილი ღვინოები ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეაფასა. ყველაზე მაღალი, 92,3 ქულა დაიმსახურა „მეღვინეობა ხარებას“ ღვინომ - „საფერავი პრემიუმი 2009“, რომელსაც დიდი ოქროს მედალიც გადაეცა. „ვინექსპოს“ ისტორიაში ეს არის მეორე დიდი ოქროს მედალი (გადაეცემა ღვინოს, რომელსაც ჟიური 90 ქულაზე მეტს უწერს). ისიც საინტერესოა, რომ აგერ, უკვე ოთხი წელია, „ვინექსპოზე“ დიდი ოქროს მედალი არავის მიუღია.

ჟიურის წევრთა შეფასებით, წლევანდელ კონკურსზე წარმოდგენილი ღვინოები მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა. „სიამოვნებით მივიღე მოწვევა, ვყოფილიყავი ჟიურის თავმჯდომარე. ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად ხუთი კატეგორიის ღვინო დავაგემოვნეთ. წელს ბევრმა ღვინომ მოიპოვა მაღალი შეფასება. ღვინის მაღალმა ხარისხმა სასიამოვნოდ განმაცვიფრა. გამოვყოფ უმაღლესი ჯილდოს მფლობელ „მეღვინეობა ხარებას“. მისი ღვინო - „საფერავი პრემიუმი“, რომელმაც 92 ქულა მოიპოვა, განსაკუთრებული არომატით გამოირჩევა და არის უმაღლესი ხარისხის. ამიტომ შეუძლია, სხვა საერთაშორისო დეგუსტაციებშიც მოიპოვოს გამარჯვება“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ენოლოგმა გეორგ ბინდერმა, ჟიურის თავმჯდომარემ.

კონკურსზე 15 ოქროს და 16 ვერცხლის მედალი გაიცა. ოქროს მედლებით დაჯილდოებულ კომპანიებს შორის წელსაც არიან უცხოური კომპანიები, კერძოდ - აშშ-დან და ჩეხეთიდან. ამავე დროს, ამერიკულ კომპანიას Eristavi Winery ქართველი დამფუძნებელი, ვადიმ ერისთავი წარმოადგენდა. პროფესიით ქიმიკოსი ქართველი ემიგრანტი 2006 წელს კალიფორნიაში ღვინის ბიზნესში ჩაერთო. ღვინის  პირველი პარტია 2009 წელს ჩამოასხა. „ყურძენს კალიფორნიაში რამდენიმე მევენახისგან ვყიდულობ და წელიწადში 120 000 ბოთლამდე ღვინოს ვაწარმოებ. აშშ-ის მასშტაბებით მცირე საწარმოდ ვითვლები. ღვინოებს ვაზის რამდენიმე ჯიშის ყურძნისგან ვაყენებ,  მათ შორის 1500 ბოთლამდე მაქვს კალიფორნიაში მოწეული ქართული ვაზის ჯიშის, რქაწითელის ყურძნისგან დაყენებული ღვინოც. ვცდილობ, მაღალი ხარისხის ღვინო ვაწარმოო და არ შევარცხვინო არც გვარი და არც ქვეყანა. ჩემმა ღვინოებმა რამდენიმე საერთაშორისო კონკურსზე უკვე მედლებიც აიღო“, - გვითხრა ვადიმ ერისთავმა, რომლის ერთმა ღვინომ (ვერდელიო 2011) – ოქროს მედალი, ორმა კი (სირა 2009, ზინფანდელი 2009) ვერცხლის მედალი აიღო „ვინექსპოზე“.

WinExpo Georgia-ს კონკურსზე უკვე მეორედ გაიცა მედლები ნომინაციაში „ქვევრის ღვინო“, სადაც ჟიურიმ უფრო მეტად თეთრი მშრალი ღვინოები დააჯილდოვა. ქვევრის წითელი მშრალი ღვინოებიდან კი ერთადერთი ოქროს მედალი კომპანია „შუხმანის ღვინოების“ ცნობილ ბრენდს „ვინოტერა - საფერავს“ (2009) გადაეცა. ეს ტენდენცია, შესაძლოა, ქვევრში დაყენებული წითელი ღვინოებისადმი ჟიურის უცხოელი ექსპერტების სუბიექტურ დამოკიდებულებაზე მიუთითებდეს. უცხოელმა ენოლოგებმა ქვევრის თეთრი ღვინოები უფრო გაითავისეს და რამდენიმე ქვევრის თეთრ ღვინოს საკმაოდ მაღალი ქულებიც დაუწერეს. მაგალითად, „მეღვინეობა ხარებას“ „მწვანე 2010“-მა მაქსიმალური 90 ქულა მიიღო და ამ კომპანიას სულ ცოტა დააკლდა მეორე დიდ ოქროს მედლამდე. ამ ნომინაციაში, ასევე, მაღალი შეფასება დაიმსახურა „ხარებას“ კიდევ ერთმა ღვინომ „კრახუნამ“ – ერთადერთმა იმერულმა ჭურის ღვინომ, რომელმაც წლევანდელ კონკურსში ოქროს მედალი მიიღო. ტრადიციულად ჟიური მოხიბლა ალავერდის მონასტრის ქვევრის ღვინომ, ამჯერად - „ქისმა“ (2010).

მე პირადად ველოდი, რომ „ვინექსპოს“ ჟიური კიდევ ერთხელ დააფასებდა ალავერდის მონასტრის თამამ ექსპერიმენტს – ჭაჭა-კლერტზე დადუღებულ ქვევრის „საფერავს“, რომელიც განსხვავებული ხასიათით გამორჩევა. როგორც ალავერდის მონასტრის მეღვინემ, მამა გერასიმემ გვითხრა, საფერავის კლერტი აუცილებლად მწიფე უნდა იყოს, რათა ღვინოს საუცხოო არომატი შესძინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუმწიფებელი კლერტი ღვინოს მკვახე, უსიამოვნო არომატს მისცემს. ასეთი ტექნოლოგიით დაყენებულმა „საფერავმა“ წინა „ვინექსპოზე“ ვერცხლის მედალი მიიღო. მერე ის ლონდონში ცნობილმა ღვინის ექსპერტმა, ჯენსის რობინსონმა გასინჯა და დაწერა, რომ მას 17-დან 25 წლამდე დავარგების პოტენციალი აქვს.

„ქვევრში ღვინის დაყენებისა და დაძველების მივიწყებული ტრადიციების ასაღორძინებლად ექსპერიმენტებს უნდა მივმართოთ“, - ამბობს მამა გერასიმე, - „ჩვენ დღეს არ ვიცით, თანამედროვე მოთხოვნებს დააკმაყოფილებს თუ არა ქვევრში რამდენიმე წლის განმავლობაში დაძველებული ღვინო. ამიტომ ეს უნდა ვცადოთ და ვნახოთ. 2007 წლის მოსავლის „რქაწითელი“ ჩვენ 3 წელი ქვევრში გავაჩერეთ და მერე „ბადაგონის“ იტალიელ მეღვინეს დონატო ლანატის გავასინჯეთ. ასე თქვა - 30 წელია, მეღვინეობაში ვარ და ასეთი საოცარი ღვინო ჯერ არ მინახავსო“.

ტრადიციული ქართული ტექნოლოგიით დაყენებულ ნატურალურ ღვინოებს „ვინექსპოზე“ რამდენიმე მცირე და ოჯახური მარანი წარმოადგენდა. ოჯახური მარნები განვითარების გზას ადგანან და წარმატებით ითვისებენ ბოთლში ღვინის ჩამოსხმის კულტურას. მართალია, „ვინექსპოს“ კონკურსში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ, მაგრამ გამოფენაზე წარმოდგენილი რამდენიმე ნიმუში, კონკურსში გამარჯვებულ ღვინოებს ტოლს არ უდებდა. გამოვყოფდი „პეტრიაანთ მარნის“, ანუ რეზო პეტრიაშვილის ოჯახის მიერ ჩამოსხმულ „რქაწითელი/მწვანეს“, 65-35% შეფარდებით. ეს მარანი ღვინის კლუბმა ორი წლის წინ ახალი ღვინის ფესტივალისთვის აღმოაჩინა, „ალავერდის მონასტრის მეგობრებს“ შორის. მას შემდეგ რეზო პეტრიაშვილი ვენახს მხოლოდ კონტაქტური პრეპარატებით წამლავს, ღვინოს კი აბბა ალავერდელი მიტროპოლიტის, მეუფე დავითის ლოცვა-კურთხევით ტრადიციული კახური ტექნოლოგიით, ქვევრებში, ყოველგვარი დანამატების გარეშე აყენებს. 2012 წლიდან „პეტრიაანთ მარანი“ ასევე ჩართულია ტურიზმის დეპარტამენტის პროექტში „საქართველოს ღვინის გზა“, რომელიც ღვინის ტურებში ოჯახური მარნების მონაწილეობას გულისხმობს. 

„ალავერდის მონასტრის მეგობრებიდან“ WinExpo Georgia-ზე ასევე წარმოდგენილი იყო „დერგი“, რომელიც უკვე ერთ წელზე მეტია, დამოუკიდებელ, მცირე კომპანიად ჩამოყალიბდა. ღვინოებს აწარმოებს ტრადიციული წესით ქვევრებში, შეზღუდული რაოდენობით. ეს კომპანიაც, ისევე როგორც ყველა მცირე მარანი, რომლებსაც ჩვენ სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ, გაფართოებას აპირებს და ინვესიციების ძიებაშია.

მედლის გარეშე არ დარჩენილა სიღნაღელი ამერიკელის, ქართული ტრადიციული მეღვინეობისა და ვაზის ჯიშების გულშემატკივრის, ჯონ ვურდემანის კომპანია „ხოხბის ცრემლები“. მისმა ორმა ღვინომ - „რქაწითელი 2011“ და „მწვანე 2011“ ვერცხლის მედლები დაიმსახურა. ზაფხულში „ხოხბის ცრემლებმა“ ასოციაცია „ქვევრის ღვინოსთან“ და ჯაყელების მცირე მარანთან ერთად გალაკტიონის ქუჩაზე ნატურალური ღვინოების მაღაზია-ბარი „ღvino underground“ გახსნა. ნატურალური ღვინოების მოყვარულებმა ოქტომბრამდე ნელ-ნელა თითქმის მთლიანად იყიდეს ამ მაღაზია-ბარში წარმოდგენილი მცირე მარნების ღვინოები. ამიტომაც იყო, რომ ასოციაცია „ქვევრის ღვინო“ WinExpo-ზე მხოლოდ რამდენიმე ღვინით იყო წარმოდგენილი.

WinExpo Georgia 2012-ს სტუმრობდა რამდენიმე იმპორტიორი, რომლებიც ორგანიზატორმა „ექსპო ჯორჯიამ“ გამოფენაზე სპეციალურად მოიწვია. „ხარებას“ წარმომადგენლის, ნატალია გოგოლაძის თქმით, ეს კომპანიები დაინტერესებული არიან ქართული ღვინის გატანით სხვადასხვა ქვეყნებში. იყო კონკრეტული წინადადებები ჩინეთიდან და ლატვიიდან. გარდა ამისა, „ხარებას“ და გამოფენაში მონაწილე სხვა კომპანიების ღვინოები ღვინის მრავალმა გურმანმა დააჭაშნიკა, რაც საუკეთესო საშუალებაა ამა თუ იმ ღვინის ცნობადობის ასამაღლებლად.

WinExpo Georgia 2012 პოლიტიკურად აქტიურ პერიოდს დაემთხვა – ე. წ. ციხის სკანდალს, რომელმაც ათასობით თბილისელი, განსაკუთრებით კი – სტუდენტობა ქუჩაში გამოიყვანა. ამიტომაც ღვინის საერთაშორისო გამოფენას უფრო მეტად საქმიანი და ნაკლებად საფესტივალო ელფერი დაჰკრავდა. იმედია, მომავალ წელს პოლიტიკა ხელს აღარ შეუშლის ყველაზე საერთაშორისო ქართულ გამოფენას და ღვინის გურმანებს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის და მრავალფეროვანი ღვინოების დაგემოვნების საშუალება ექნებათ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული