აშშ-ში სმარტფონებისათვის ახალი, ანტიალკოჰოლური აპლიკაცია შექმნეს, რომელიც ყოფილ ალკოჰოლიკებს დაავადებისგან სრულად განკურნებაში დაეხმარება. ალკოჰოლიზმთან ბრძოლაში ეს უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია. პროგრამა A-CHESS-ს ბევრი კარგი ფუნქცია აქვს: მფლობელს ხშირად უგზავნის გამამხნევებელ შეტყობინებას; მისი დახმარებით მფლობელს საშუალება აქვს, დაუკავშირდეს მხარდამჭერთა online-ჯგუფს და პროფესიონალისაგან რჩევა ან დახმარება მიიღოს. სმარტფონს აქვს ეგრეთ წოდებული “განგაშის ღილაკი”, რომლითაც ექს-ალკოჰოლიკს ექიმის გამოძახება ან უახლოეს ადგილზე მყოფ მეგობართან დაკავშირება შეუძლია. გარდა ამისა, “ფხიზელი” სმარტფონი მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობითაც ინტერესდება და მას ტექსტურ ან ხმოვან შეტყობინებებს უგზავნის. თუკი სმარტფონმა მიიჩნია, რომ პასუხი არადამაკმაყოფილებელია, ფსიქოლოგს თავადვე უკავშირდება. აპლიკაცია ხმამაღალი სიგნალით აფრთხილებს მფლობელს, თუკი ის ბართან ან პაბთან ახლოს იმყოფება. ასევე, თუ მფლობელი გრძნობს, რომ სასმლისაგან თავს ვერ იკავებს, სმარტფონი მას ეხმარება, ყურადღება სხვა თემაზე გაამახვილოს – უგზავნის სხვადასხვა, მაგალითად, რელაქსაციის საუკეთესო საიტების ბმულებს.
სმარტფონი 8 თვის განმავლობაში 271 ადამიანზე გამოსცადეს, რომლებიც მანამდე სარეაბილიტაციო კლინიკებში მკურნალობდნენ. გამოკვლევამ აჩვენა, რომ აპლიკაცია მართლაც ეფექტურია. ჯგუფში, რომლის წევრებსაც სმარტფონები უსასყიდლოდ დაურიგეს, 78%-მა შეძლო მკურნალობა ბოლომდე მიეყვანა და სრულად განკურნებულიყო. მეტიც - ექსპერიმენტის ერთ-ერთმა მონაწილემ, 32 წლის მარკ ვიიტალამ განაცხადა, რომ ამ აპლიკაციით აღჭურვილმა სმარტფონმა მას სიცოცხლე შეუნარჩუნა. მეორე ჯგუფში, რომლის წევრებსაც სმარტფონები არ ჰქონდათ, 67%-მა მკურნალობა შეწყვიტა.
© ღვინის კლუბი /Weekend
თქვენი კომენტარი