Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო "ტვიში”

გეოგრაფიული მდებარეობა _ მევენახეობის სპეციფიკური ზონა "ტვიში” მდებარეობს ლეჩხუმში, ცაგერის ადმინისტრაციულ რაიონში, მდ. რიონის მარჯვენა სანაპირო ზოლში; ჩრდილო განედის 42031׀ დააღმოსავლეთ გრძედის42054׀კოორდინატებზე, ზღვის დონიდან 435 მ სიმაღლეზე. სპეციფიკური ზონა მოიცავს რაჭის ქედის უკიდურესი დასავლეთი დაბოლოებისა და ხვამლის მასივის აღმოსავლეთ დაქანებებს. იგი მოიცავს სოფლებს: ტვიშსა და ალპანას.

კლიმატი _ ხასიათება ნოტიო კლიმატით, ზომიერად ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი თბილი ზაფხულით.
მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 1900-2000 საათის, სავეგეტაციო პერიოდში კი 1400-1500 სთ-ის ფარგლებშია. ჰაერის საშუალო წლიური ტემეპრატურა 14,20. ყველაზე თბილი თვის (აგვისტო) საშუალო ტემპერატურა 22,20, ყველაზე ცივი თვისა (იანვარი) კი +0,50-ზე ნაკლები არ არის.
ჰაერის საშუალო დღე-ღამური ტემპერატურის 100-ზე ზევით მდგრადი გადასვლა აპრილის პირველ დეკადაში (7.IV), ტემპერატურის 100-ზე ქვევით დაცემა ნოემბრის პირველ დეკადაში (2.XI) აღინიშნება. ამრიგად, სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 209 დღეს უდრის. აქტიურ ტემპერატურათა ჯამი საშუალოდ 37000 აღწევს. ასეთ შემთხვევაში, 4 წელიწადში ერთხელ 38000-ზე მეტია.
მოსული ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი 1095 მმ უდრის, აგვისტოში მოსული ნალექები თითქმის უთანაბრდება მათ აორთქლებას, რაც მიგვითითებს ცალკეულ წლებში, ზაფხულის ამ თვეში – ვენახების მორწყვის საჭიროებაზე.
სეტვყიან დღეთა რიცხვი სავეგეტაციო პერიოდში 0,8-ს უდრის (ცაგერი), სეტყვა შედარებით ხშირად მაისში და ივნისში (0,3-0,3) მოდის. მოსული ნალექების ჯამი ჭარბობს მის შესაძლო აორთქლებადობას.
რიონის ხეობის მერიდიანული მიმართულების გამო, ქარები უმთავრესად ხეობის გასწვრივ ქრის. აქ ძირითადად გაბატონებულია სამხრეთ-დასავლეთის (22%), სამხრეთის (17%) ჩრდილო-აღმოსავლეთის (12%) ქარები და მათი პერპენდიკულარული ჩრდილოეთის 14% და ჩრდილო-აღმოსავლეთის 12% ქარები. ქარის საშუალო წლიური სიჩქარე 1,0 მ/წმ არ აღემატება. ასეთი ზონები მიეკუთვნება სუსტად მოქმედი ქარების III ჯგუფის რაიონებს.
ჰაერის ტემპერატურის წლიური აბსოლუტური მინიმუმების საშუალო -150 უდრის. 10 წელიწადში ერთჯერ მინიმალური ტემპერატურა შესაძლოა -200-მდე დაეცეს, რაც ვაზის მოზამთრე ერთწლიანი რქების მნიშვნელოვან დაზიანებას გამოიწვევს. სპეციფიკურ ზონაში აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა -240ჩ-მდე უდრის, თუმცა ასეთი შემთხვევა ძალზე იშვიათია.
 
ნიადაგები _ ღვინო "ტვიშის” წარმოების სპეციფიკური ზონა დასავლეთ საქართველოს და კერძოდ რაჟა-ლეჩხუმის გორაკ-ბორცვიან ზონაშია წარმოდგენილი, რომელიც მდინარე რიონის მარჯვენა მხარეზე მდებარეობს. რელიეფურად ეს ადგილები სხვადასხვა ექსპოზიციის სუსტად და საშუალოდ დაქანებულ ფერდობებს წარმოადგენენ მცირე ტერასისებური გავაკებებით. საერთო დახრილობით კი ძირითადად მიმართულია სამხრეთ-აღმოსავლეთით და აღმოსავლეთისაკენ.
ძირითადად წარმოდგენილია ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები თავისი ნაირსახეობითა და სახესხვაობებით, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან როგორც პროფილისა და ჰუმუსიანი ფენის სისქით, ასევე მექანიკური შედგენილობის მიხედვით, ხირხატიანობით და დაქვიანების ხარისხით. შედარებით მცირე ფართობით წარმოდგენილია დელუვიური და ყომრალი ნიადაგები თავისი ნაირსახობითა და სახესხვაობებით.
ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები, რომელიც ძირითადად გორაკ-ბორცვიან ზონაშია წარმოდგენილი საკმაოდ მრავალფეროვნებით ხასიათდება პროფილის სისქით, ხირხატიანობა-დაქვიანების ხარისხით და მექანიკური შედგენილობის მიხედვით. ამ ნიადაგების პროფილის სისქე ძირითადად 50-80 სმ-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 20-40 სმ-ის ფარგლებშია. ზოგიერთ მონაკვეთებზე კი, სადაც რელიეფი ძლიერი დაქანებით ხასიათდება და ადგილი აქვს ეროზიული პროცესებს, ნიადაგები მცირე სისქის პროფილით ხასიათდება და 40-50 სმ-ზე ნაკლებია, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 15-20 სმ-ს არ აღემატება. განვითარებული არიან ძირითადად კირნარ თიხებზე და კირქვების ნაშალ მასალაზე. მექანიკური შედგენილობის მიხედვით ეს ნიადაგები ძირითადად მძიმე თიხნარებსა და თიხიანების ჯგუფს მიეკუთვნება, სადაც ფიზიკური თიხის შემცველობა (<0,01 მმ ფრაქცია), ძირითადად 45-75 %-ის ფარგლებში მერყეობს. გამონაკლის შემთხვევაში კი თიხნარებია და თიხის შემცველობა 35-45%-ს შეადგენს.
ჰუმუსის შემცველობა ამ ნიადაგებში მცირე მაჩვერნებლით ხასიათდება და ძირითადად 2,5-1,5%-ის ფარგლებშია. ნიადაგის აქტიურ ფენაში, ქვევით კი თანდათან უფრო მცირდება. ძირითადად დაბალი მაჩვენებლებით ხასიათდებიან ძირითადი საკვები ელემენეტების (NPK) შემცველობის მიხედვით. ჰიდროლიზური აზოტის შემცველობა ამ ნიადაგებში 6,0 მგ-ს არ აღემატება 100 გ ნიადაგში. ძალზე ღარიბია ხსნადი ფოსფორის შემცველობითაც და მეტწილად კვალის სახითაა წარმოდგენილი. მცირე რაოდენობით შეიცავენ გაცვლით კალიუმსაც და 10 მგ-ს არ აღემატება 100 გ ნიადაგში. საშუალო და მცირე რაოდენობით შეიცავენ კალციუმის კარბონატებს და ძირითადად 2-20%-ის ფარგლებში მერყეობს. ნიადაგის არეს რეაქცია პH კი სუსტი და საშუალო ტუტეა და პH-ის მაჩვენებელი ძირითადად 7,3-8,2-ის ფარგლებში მერყეობს.
მცირე ფართობი წარმოდგენილია დელუვიური ნიადაგებით, რომლებიც ძირითადად ლაქების სახით გვხვდება ფერდობების ქვედა კალთებზე. ეს ნიადაგები შედარებით უფრო ღრმა სისქის პროფილით (70-100 სმ) ხასიათდებიან და კარბონატების უფრო დაბალი შემცველობით, ზოგიერთ მონაკვეთებზე კი კარბონატები საერთოდ გამორეცხილია და მხოლოდ ქვედა ფენებშია უმნიშვნელო მცირე რაოდენობით. დანარჩენი მახასიათებლებით ჰუმუსისა და ძირთითადი საკვები ელემენტების (NPK) შემცველობის მიხედვით ეს ნიადაგებიც დაბალი მაჩვენებლებით ხასიათდება, როგორც ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები.
შედარებით მცირე ფართობი წარმოდგენილია აგრეთვე ყომრალი ნიადაგებით, რომელიც მეტწილად საშუალო და მცირე სისქის პროფილით ხასიათდება. ამ ნიადაგების პროფილის სისქე ძირითადა 40-80 სმ-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 20-30 სმ-ის ფარგლებშია, მექანიკური შედგენილობით მძიმე თიხნარების და თიხიანებს მიკუთვნებიან და ფიზიკური თიხის შემცველობა ძირითადად 50-70%-ის ფარგლებში მერყეობს. ჰუმუსის შემცველობა ამ ნიადაგშიც მცირეა და აქტიურ ფენაში ძირითადად 2,5-1,5%-ის ფარგლებშია, ქვედა ფენებში კი თანდათან უფრო მცირდება. კარბონატებს არ შეიცავენ. ნიადაგის არეს რეაქცია ძირითადად ნეიტრალურია და პH-ის მაჩვენებელი 6,2-7,1-ის ფარგლებშია. ძალზე ღარიბია ძირითადი საკვები ელემენტების (NPK) შემცველობითაც.
 
 
აგროტექნოლოგიური რეგლამენტები
 
"ტვიშის” დასახელების ღვინის მისაღებად, ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დაცული უნდა იქენს შემდეგი აგროტექნოლოგიური რეგლამენტები:
 
ჯიში ცოლიკოური
გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 500-800 მეტრამდე
დარგვის სქემა: 2,0 X 1,5; 2,5 X 1,5
შტამბის სიმაღლე: 80-100 სმ
სხვლის ფორმა: ორმხრივი ქართული, თავისუფალი
დატვირთვის ნორმა: 1მ2 8-10 კვირტი
მოსავალი: 1 ჰა-ზე 6-7 ტონა
 
ნიადაგის მოვლა-დამუშავება:
საშუალო და დიდი დაქანების ფერდობებზე ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება: ნიადაგის მინიმალური და ნულოვანი დამუშავება, ბალახიან-კორდიანი სისტემა, ნიადაგის მულჩირება.
 
განოყიერება
ორგანული და მინერალური სასუქების გამოყენება რეგლამენტით.
 
ფიტოსანიტარული რეგლამენტი:
ძირითადი დაავადებები: ნაცარი, ჭრაქი, ანთრაქნოზი
მავნებლები: ტკიპები, ვაზის ცრუფარიანა, ყურძნის ჭია.
ბრძოლის ღონისძიების გატარება: საქართველოში რეგისტრირებული, კონტაქტური და სისტემური პრეპარატებით.
 
ჯიში ცოლიკოურის სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება
ცოლიკოური _ თეთრყურძნიანი დასავლეთ საქართველოში ფართოდ გავრცელებული აბორიგენული საღვინე ვაზის ჯიშია, საგვიანო სიმწიფის პერიოდის, საშუალოზე ძლიერი ზრდის და უხვმოსავლიანი. გავრცელების ძირითად რაიონებში საშუალო საჰექტარო მოსავალი 6-7 ტონას შეადგენს. მტევნის საშუალო წონა 150-160 გ, მწიფე ყურძენში შაქრიანობა 200-250 გ/დმ3-ს აღეწევს 7,5-9,5 გ/დმ3 მჟავიანობის შენარჩუნებით.
 
ღვინო "ტვიში” _ "ტვიში” - ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი ნახევრადტკბილი ღვინოა. იგი მზადდება ცოლიკოურის ჯიშის ყურძნისაგან, ტკბილის არასრული დადუღებით.
ღვინო "ტვიში” ხასიათდება ღია ჩალისფერიდან ჩალისფერამდე შეფერვით, ნაზი ჰარმონიული გემოთი, ხილის ტონებით, ჯიშური არომატით და სასიამოვნო სიტკბოთი.
ღვინო "ტვიშის” ქიმიური მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მაჩვენებლებს:
მოცულობითი სპირტშემცველობა, % _ 10,-11,5
შაქრების მასური კონცენტრაცია - არა უმეტეს 30-50 გ/დმ3
ტიტრული მჟავიანობა – 5,5-7,0 გ/დმ3
აქროლადი მჟავიანობა - არა უმეტეს 1,0 გ/დმ3
დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია - არა ნაკლებ 16 გ/დმ3
დანარჩენი ნორმატივები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საკანონმდებლო აქტებს და ევროსაბჭოს 1999 წლის 17 მაისს ¹1493/1999 დადგენილებას.
 
სპეციფიკური ზონის ფართობი
"ტვიშის” სპეციფიკური ზონის ფართობი შეადგენს დაახლოებით 15 კმ2.
განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობა, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე შექმნილი მიკროკლიმატი, ნიადაგების სიჭრელე, ცოლიკოურის ჯიშური არომატი, სასიამოვნო სიტკბო და დამზადების წესი, განსაზღვრავს ღვინო "ტვიშის” განსაკუთრებულ თვისებებს. 
 
© “საქპატენტი”

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული