Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მცირე მარნები რაჭაში, ნაწილი II

ფოტოზე გოგი მარგველიძის მარანი სოფ. სადმელში

ქეთო ნინიძე

წინა პუბლიკაციაში ვისაუბრეთ მერაბ ახობაძის, კახა ვახტანგაძისა და ყიფიანების საოჯახო მარნების შესახებ. ამჯერად გაგაცნობთ სარდანაშვილების, ილია კენჭაძისა და გოგი მარგველიძის მცირე მეღვინეობებს.

სარდანაშვილების მარანი, სოფ. ხვანჭკარა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

2 წელია, რაც ოჯახური მეღვინეობა სარდანაშვილებისთვის  შემოსავლის წყაროდ იქცა. მანამდე ისინი ღვინოს მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის აწარმოებდნენ. დღეს ოჯახის ძველი და ახალი ვენახები სოფ. ხვანჭკარაში, თითქმის, ერთ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც, ჯერჯერობით, იღებენ, დაახლოებით, 300 ლ. ხვანჭკარას, ნახევარ ტონაზე მეტ წულუკიძის თეთრასა და ცოლიკოურს. კონტაქტურ პრეპარატებს ისინი იყენებენ ძველ ვენახში, სადაც ორგანული მევენახეობის პრინციპებს იცავენ, ახალში კი - სისტემურებს მიმართავენ.

ალეკო სარდანაშვილი 34 წლისაა, პროფესიით - აღმოსავლეთმცოდნე. რამდენიმე წლის წინ სირიიდან დაუბრუნდა საკუთარ სოფელს. ძველებურ სახლსა და მარანში ტურისტულ სეზონზე მცირე ჯგუფებს მასპინძლობს. მეღვინეობა მისთვის, ჯერჯერობით, არ გამხდარა ფინანსური მოგების მომტანი, თუმცა ამ საქმეს ის გრძელვადიან პერსპექტივაში ხედავს და დარწმუნებულია, რომ დროთა განმავლობაში ეს საქმე ოჯახისთვის დიდი და მრავალმხრივი სარგებლის მომტანი გახდება.

მისი თქმით, რაჭაში მცირე მეღვინეობების განვითარებას, პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეების ეკონომიკური შეჭირვება და მათ შორის ინფორმაციის სიმწირე უშლის ხელს. რაჭის მკვიდრებს ინფორმაციული წვდომა არ აქვთ ძალიან ბევრ სახელმწიფო თუ საერთაშორისო პროგრამაზე, რაც მათთვის შეიძლებოდა მეურნეობის განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ყოფილიყო. ალეკო, ასევე, თვლის, რომ მათი რეგიონის ტურისტულ პოტენციალს არასათანადო ყურადღება ეთმობა გადაწყვეტილების მიმღებთა მხრიდან. ამის გამო ბევრი მევენახე, ჯერჯერობით, სკეპტიკურად ეკიდება მეღვინეობასა და ღვინის ტურიზმს რაჭის რეგიონში, მათი დიდი ნაწილი, საკუთარი მოხმარებისთვისაც კი, ფალსიფიცირებულ ღვინოს აწარმოებს. 

გოგი მარგველიძის მარანი, სოფ. სადმელი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

კითხვაზე - როდიდან დაიწყო მეღვინეობა, გოგი მარგველიძეს პასუხის გაცემა უჭირს. დაახლოებით, 50 წელს ითვლის, ღრმა ბავშვობიდან. ოჯახური მეღვინეობა უფრო ძველია და მას ბატონი გოგის მამა და პაპა უძღვებოდნენ. ღვინის წარმოება მათთვის ბიზნესი გახდა სულ რამდენიმე წლის წინ, მანამდე, საკმაოდ დიდი რაოდენობით - 5 ტ. ყურძენს თავად მოიხმარდნენ, მოუკითხავდნენ ახლობელ ოჯახებს და რაც მორჩებოდათ, ყიდდნენ, თუმცა, ეს, ერთგვარი ენთუზიაზმი უფრო იყო, ვიდრე - ბიზნესი, რომელზედაც ისინი დამოკიდებულნი იყვნენ. 

დღესდღეობით გოგი მარგველიძეს სოფ. სადმელში, თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში აქვს ძველებური, საკმაოდ ორიგინალურად გაფორმებული მარანი აქვს, სადაც სეზონზე ტურისტულ ჯგუფებს მასპინძლობს. პარალელურად, ის მეღვინეობის გაფართოებაზე ზრუნავს. სულ ახლახანს 2500 ახალი ძირი შემატა საკუთარ ვენახს. კონტაქტურის გარდა, ის სისტემურ ქიმიკატებსაც იყენებს, ამიტომ ვაზის დაავადებები და მავნებლები მისთვის ნაკლებად პრობლემური საკითხია. 

საკუთარი ოჯახისთვის ის აწარმოებს კაპისტონს, მწვანესა და წულუკიძის თეთრას, აგრეთვე, კახურ საფერავს. ბიზნესში კი დომინანტი როლი ალექსანდროულსა და მუჯურეთულს და მისგან დაყენებულ ხვანჭკარას მიუძღვის. 

გოგი მარგველიძე მიიჩნევს, რომ უმთავრესი პრობლემა, რაც რაჭის რეგიონში მცირე მეღვინეობების განვითარებას უშლის ხელს, ეს არის მიგრაცია. მისი აზრით, ასევე, აუცილებელია ხელის შრომის ჩანაცვლება მექანიზაციით, რისთვისაც ფერმერებს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური რესურსი დღეს არ გააჩნიათ. მწირი ეკონომიკური ბაზისის გამო გლეხები ორიენტირებულნი არიან სწრაფი სარგებლის მიღებაზე, ამიტომ ისინი მეღვინეობასა და მევენახეობას შორის არჩევანს ამ უკანასკნელზე აკეთებენ.   

ილია კენჭაძის მარანი, სოფ. ჭრებალო, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

ილია კენჭაძის ოჯახური მეღვინეობის ისტორია მისი წინაპრებიდან იღებს სათავეს. 2013 წლამდე ოჯახი ღვინოს მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის აწარმოებდა, შემდეგ კი ამ საქმემ კომერციული დატვირთვა შეიძინა. 
ილია 0.7 ჰექტარ ვენახებს ფლობს, საიდანაც ყოველწლიურად, საშუალოდ, 3 ტ. ყურძენს იღებს. მოსავლის 70 %-ს შეადგენს ალექსანდროული და მუჯურეთული, 30 %-ს კი - დანარჩენი ჯიშები - რაჭული მწვანე, წულუკიძის თეთრა და ცოლიკოური. ეს ჯიშები ილიას სიახლეებისა და ექსპერიმენტებისთვის აქვს განკუთვნილი. მისი სურვილი იყო, ეწარმოებინა საინტერესო და განსხვავებული ღვინო, ამ მიზნით მან დააყენა ლეჩხუმური ცოლიკოურისა (70 %) და რაჭული მწვანის (30 %) კუპაჟი.

ილია კენჭაძეს რაჭის მცირე მეღვინეობთან დაკავშირებული პრობლემების საკმაოდ მკაფიო და ჩამოყალიბებული ხედვა აქვს. მისი აზრით, მთავარი ფაქტორი, რაც მევენახეებს მეღვინეობისგან აშორებს, ეს არის ენდემური ჯიშების (ალექსანდროული, მუჯურეთული) მაღალი თვითღირებულება. ეს მოცემულობა გლეხებისთვის მევენახეობას, მეღვინეობასთან შედარებით, უფრო მიმზიდველს ხდის. მეორე პრობლემა ტექნოლოგიური ხასიათისაა - ოჯახურ მარნებში ოპტიმალური ტემპერატურული რეჟიმის მიღწევა, რაც, ილია კენჭაძის თქმით, რეგიონის კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდ სირთულეებს უქმნის მცირე მეღვინეობებს. მესამე - შესაბამისი აღჭურვილობის არქონაა. დაბოლოს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა - ცოდნის დეფიციტი და ღვინის ცნობიერებასთან დაკავშირებული პრობლემები, ხელს უწყობს ფერმერებს შორის მცირე მეღვინეობებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. 

---------------------------------------------------------------------------------------------------

რაჭველი ფერმერებისთვის განსაკუთრებით ნიშანდობლივი უნდა იყოს ის ტენდენცია, რასაც 2014 წლის სტატისტიკა ავლენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2014 წელს ხვანჭკარას ადგილწარმოშობის ღვინომ, 2013 წელთან შედარებით, 36 %-იანი ვარდნა აჩვენა. ეს კი ციფრებში ასე გამოიხატა:

2013 წლის ექსპორტის მონაცემები - 1 296 681 ბოთლი
2014 წლის ექსპორტის მონაცემები - 833 212 ბოთლი

კლების ტენდენცია გრძელდება. ღვინის დიდი კომპანიების ყურადღება ნაკლებადაა მიმართული ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ძვირადღირებულ ჯიშებზე. მით უმეტეს, რომ ხვანჭკარას  ჩანაცვლება პოსტ-საბჭოთა ბაზრებზე საკმაოდ წარმატებით შეიძლება ნახევრადტკბილი  ქინძმარაულის ადგილწარმოშობის ღვინოთი. ამას გვიმოწმებს სტატისტიკა, რომლის მიხედვით, ქინძმარაულის გაყიდვები, თითქმის, თერთმეტჯერ აღემატება ხვანჭკარას ექსპორტის მაჩვენებელს, სავარაუდოდ, სწორედ, ამ უკანასკნელის კლების ხარჯზეც. 

მეორე მხრივ, ქართული ღვინის ყველაზე დიდ საექსპორტო ბაზრებზე - რუსეთსა და უკრაინაში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბაზრების დივერსიფიკაციის საჭიროება. დიდი კომპანიები, რომელთა მოთხოვნაზე სასიცოცხლოდაა დამოკიდებული რაჭის მევენახეობა, ცდილობენ ახალი ბაზრების მოძიებას, სადაც, შესაძლოა, გაცილებით ნაკლები იყოს ნახევრად ტკბილი წითლების საჭიროება. მშრალ წითელ ღვინოებში კი რაჭული ჯიშები, ღვინის დიდ ინდუსტრიაში, ნაკლებად კონკურენტუნარიანია ყურძნის სხვა ჯიშების წინაშე საქართველოში, თუნდაც, მხოლოდ რაოდენობრივი თვალსაზრისით. 

ნებისმიერ შემთხვევაში, რაჭველ მევენახეებს მოუწევთ საკუთარი ბიზნეს-ხედვებისა და დამოკიდებულებების გადაფასება. შესაძლოა, ჩვენ მიერ წარმოდგენილი შემთხვევები მათთვის საინტერესო მაგალითი აღმოჩნდეს, თუკი ისინი გააცნობიერებენ, რომ, თუნდაც, მცირე მასშტაბის, ორგანულ მევენახეობა-მეღვინეობას საკმაოდ დიდი პერსპექტივები აქვს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, ცხადია, დიდ ინდუსტრიასთან თანამშრომლობის პარალელურად. თუმცა, მათი ნების გარდა, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ რეგიონში გადადგას ინფრასტრუქტურული განვითარების პირველადი ნაბიჯები და შექმნას მდგრადი ტურიზმისა და ეკოტურიზმის განვითარების გარკვეული პირობები. ეს ხელს შეუწყობს რეგიონში ენოტურიზმის განვითარებას, რაც, თავის მხრივ, შეიძლება გახდეს მევენახეობის რესურსების სწორი მართვის, გლეხებისათვის პოტენციურ კლიენტების მოზიდვისა და მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის აღდგენის წინაპირობა. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

P.S. საინფორმაციო მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით გიორგი ბარისაშვილს.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.