Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბიომევენახეობა და ბიოღვინო - გიორგი ბარისაშვილის ლექცია ღვინის კლუბში

7 თებერვალს ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, ღვინის კლუბის მორიგ შეხვედრაზე, გიორგი ბარისაშვილმა ბიომევენახეობისა და ბიომეღვინეობის ძირითად პრინციპებზე ისაუბრა. ლექციას 200–ზე მეტი მსმენელი დაესწრო, რაც ღვინის კლუბის შეხვედრებისათვის რეკორდული რაოდენობაა და ამ თემისადმი მზარდ ინტერესზე მეტყველებს.

გიორგი ბარისაშვილმა ისაუბრა იმ საკითხებზე, რაც უნდა გაითვალისწინონ მევენახეებმა, როდესაც ბიოვენახის გაშენებას ან ვენახის ბიოწესებით მოვლას გადაწყვეტენ. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის მცენარის - ვაზის თვისებების კარგად ცოდნა და ამავდროულად, სხვადასხვა გარემო ფაქტორების გათვალისწინება, რაც კი ვაზის ზრდა-განვითარებაზე ზეგავლენას ახდენს (ნიადაგი, ამინდი და ა.შ.). მევენახე, რომელიც კარგად ერკვევა ვაზის თვისებებში, მცენარეს ზედმეტად აღარ შეაწუხებს მოხვნით, რწყვით, შეწამვლითა და სხვა აგრონომიული ოპერაციებით. ვენახში ყველა სამუშაო უნდა კეთდებოდეს ვაზის საჭიროების მიხედვით და არა დაზეპირებული სქემებით. ამავე დროს, მევენახის გადაწყვეტილებები სხვადასხვა წელს სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს, იმისდა მიხედვით, თუ როგორი წელიწადია - გვალვიანი თუ წვიმიანი, როგორია ამა თუ იმ პერიოდში საშუალო ტემპერატურა და ა.შ.

საქართველოში ვენახების მოვლა-პატრონობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად გლეხები თვლიან ვენახში ამოსული ბალახის განადგურებას. ამისათვის იყენებენ პესტიციდებისა და ჰერბიციდების დიდძალ რაოდენობას, რაც დიდ ზიანს აყენებს ნიადაგს, საიდანაც შხამები ხვდება ყურძენშიც, საბოლოოდ კი - ღვინოში. გიორგი ბარისაშვილის თქმით, ბიომევენახეებისათვის ბალახი არ უნდა წარმოადგენდეს ბრძოლის მთავარ სამიზნეს. პირიქით, ზომიერი სიმაღლის ბალახი ვენახს ეხმარება მდგრადობის შენარჩუნებაში.

ბიოვენახის სერტიფიცირებას საქართველოში ახდენს „კავკასსერტი“, რომელიც სამი წლის განმავლობაში, სისტემატიური ინსპექტირების გზით მონიტორინგს უწევს ვენახს, რომელსაც სამი წლის შემდეგ ანიჭებს სერტიფიკატს. ამის შემდგომაც ვენახი „კავკასსერტის“ მუდმივი კონტროლის ქვეშ უნდა იყოს.

გიორგი ბარისაშვილმა ასევე ისაუბრა ბიომევენახეობისა და ბიომეღვინეობის შესახებ ლიტერატურის დეფიციტზე და საქართველოში ვაზის სამკურნალო ბიოპრეპარატების არარსებობაზე, რის გამოც ამა თუ იმ მავნებლისადმი ან რთული დაავადების შემთხვევაში, გამოსავალი რჩება ევროპიდან ძვირადღირებული ბიოპრეპარატების გამოწერა. ბიოვენახის ძირითად სამკურნალო საშუალებებად საქართველოში კვლავ რჩება სპილენძისა და გოგირდის შემცველი პრეპარატები, რომელთა მოხმარებაც ზომიერად უნდა ხდებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვენახში და შემდგომ ღვინოში მოსალოდნელია სპილენძისა და გოგირდის გადამეტებული კონცენტრაცია.

ბიოყურძნის დაკრეფისა და მარანში მიტანის შემდგომ, ღვინის დაყენებისას, მნიშვნელოვანია ევროკავშირისა თუ ეროვნული რეგულაციებით დაწესებული ნორმების დაცვა, რათა მიღებულ პროდუქტს ეწოდოს „ბიოღვინო“. ამ მხრივ, დაუშვებელია გენმოდიფიცირებული სელექციური საფუვრებისა და ცხოველური წარმოშობის ე.წ. გამწებავი, გასაფილტრი საშუალებების გამოყენება. ასევე - ღვინის დაავადებების პრევენციის მიზნით, რეგულაციით გათვალისწინებულ ნორმაზე მეტი დოზით გოგირდის დამატება.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



საინტერესო ლექცია იყო. კარგი იქნება, თუ უფრო ხშირად იქნება მსგავსი ლექციები. ან ფასიანი ტრენინგების სახით თუ ჩატარდება.


ფასიანი ტრენინგები მალე დაიწყება. ყურადრებით იყავით, ფეისბუკის გვერდზე და აქაც გამოქვეყნდება. პირველი ალბათ მევენახეობის მოდულს ჩავატარებთ (ტრადიციულად, ორდღიანი), შემდეგ მეღვინეობას და ა.შ.



ბათუმში თუტარდება ესეთი ტრენინბგები?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული