Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ზაქარია ალექსანდრეს ძე ჯორჯაძე

გიორგი ბერიძისა და თემურ ღლონტის წიგნიდან, „ქართველი მეღვინეები“, 1974.

ზაქარია ალექსანდრეს ძე ჯორჯაძე დაიბადა 1847 წელს, სოფელ საბუეში (ამჟამად ყვარლის რაიონი), საკმაოდ შეძლებული თავადის ოჯახში.
მშობლების სურვილი იყო ზაქარიას სამხედრო განათლება მიეღო, ისიც დამორჩილდა მშობლების წადილს და ახალგაზრდობის წლები სამხედრო სამსახურში გაატარა. თუმცა გული ვერ დაუდო, რადგან იმთავითვე იყო დაინტერესებული სოფლის მეურნეობით.
ზ. ა. ჯორჯაძე, აგრონომიული ცოდნის შეძენის სურვილით ავსტრიაში მიემგზავრება. იგი სწავლობს და მუშაობს გამოჩენილი მეცნიერის, ბაბოს ხელმძღვანელობით, მევენახეობისა და მეღვინეობის ცნობილ ცენტრში - კლოსტერნოიბურგში. დილის საათებს ზ. ა. ჯორჯაძე თეორიულ მეცადინეობას ანდომებს, დღის დანარჩენ ნაწილს კი ატარებს ვრცელ სარდაფებში, სადაც ამავე დროს მუშაობს და პრაქტიკულად იყენებს თეორიულ ცოდნას.
1875 წელს ზ. ა. ჯორჯაძე მუშაობს ღვინის სარდაფში ქ. დიუბლიგში, ვენის მახლობლად.
მალე ზაქარია ჯორჯაძე მტკიცე თეორიული და პრაქტიკული ცოდნით შეიარაღებული სამშობლოში ბრუნდება და მიმართავს მრავალ ღონისძიებას ქართული და საზოგადოდ, კავკასიური მეღვინეობის გაფართოებისა და განვითარების მიზნით.
ზ. ა. ჯორჯაძე აარსებს სავაჭრო ფირმას: "ზ. ა. ჯოჯრაძე და კომპანია”, ამ ფირმის ღვინის სარდაფი დაარსებულ იქნა თბილისში, გოგოლევის ქუჩაზე ("სამტრესტის” ყოფილ №2 ღვინის ქარხანა). ეს ფირმა ამზადებდა ღვინეობს გაუმჯობესებულ, სრულქმნილ საწყისებზე.
ზ. ა. ჯორჯაძემ დ. ზ. სარაჯიშვილთან ერთად დიდი შრომა და ენერგია მოანდომა საკონიაკე საქმის განვითარებას, კერძოდ, ქარხნის აშენებას წყნეთის ქუჩაზე (ამჟამად სამტრესტის ლიქიორის ქარხანა).
1882 წელს ზაქარია ჯორჯაძემ დაიწყო ღვინის სარდაფის აშენება კახეთში, სოფ. საბუეში. სარდაფს ეკავა საკმაოდ დიდი ადგილი. მასში მოთავსებული იყო ღვინის დასადუღებელი და გადასამუშავებელი განყოფილება, ბნელი სარდაფები ძველი ღვინოების შესანახად. სარდაფის თავზე მოწყობილი იყო ფარდული ყურძნის მისაღებად და გადასამუშავებლად, აქედან ყურძნის წვენი მილების საშუალებით მიედინებოდა პირველ სართულზე და კასრებში თავსდებოდა. ღვინის სარდაფთან იყო სამი-ოთხი ნაგებობა მეღვინეებისათვის.
სარდაფის დასავლეთ ნაწილში ინახებოდა კახური ტიპის ღვინო, ხოლო აღმოსავლეთი ნაწილი სპეციალურად დათმობილი ჰქონდა ევროპული ტიპის ღვინოებს. ამავე ნაწილში ტარდებოდა ცდები სუფრის ღვინოების დასაყენებლად. გარდა ადგილზევე დაყენებული ღვინოებისა, ზ. ჯორჯაძეს ურმებით ჩამოჰქონდა საბუეში მაღალხარისხოვანი ღვინომასალები.
ზ. ა. ჯორჯაძეს ჩამოყალიბებული ჰქონდა მეპაიეთა სააქციონერო საზოგადოება, რომლის საშუალებითაც ხდებოდა ყურძნისა და ღვინომასალების შესყიდვა. ეს შემსყიდველს აძლევდა საშუალებას თვითონ განესაზღვრა დაკრეფის დრო.
ზაქარია ჯორჯაძემ სწორედ საბუის ღვინის სარდაფში დაყენებული ღვინო გაიტანა მსოფლიო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე ბრიუსელში 1888 წელს, რისთვისაც მის ავტორს მიენიჭა უმაღლესი ჯილდო – დიდი ოქროს მედალი.
მეღვინეობის არც ერთი საკითხი, არც ერთი წამოწყება ზაქარია ჯორჯაძის მონაწილეობის გარეშე არ წყდებოდა. იგი იყო სოფლის მეურნეობის კავკასიის საზოგადოების ვიცე პრეზიდენტი.
ზ. ჯორჯაძის აქტიურმა და დაუღალავმა მოღვაწეობამ დიდი როლი ითამაშა ქართული ღვინის უდიდეს წარმატებასა, აღიარებასა და გავრცელებაში სრულიად რუსეთის ბაზარზე.
ზ. ჯორჯაძე, ევროპაში განსწავლული და მტკიცე თეორიული და პრაქტიკული ცოდნით შეიარაღებული სპეციალისტი, ყოველთვის ეყრდნობოდა ქართველი ხალხის საუკუნეებით შემუშავებულ გამოცდილებას. იგი დიდად აფასებდა ქართველი გლეხკაცის საქმიანობასა და ცოდნას, არ თაკილობდა თავისივე საბუელი მეზვრე-მევენახეებისაგან მიეღო კონსულტაციები.
ამის მაგალითად გამოდგება მისი ახლო ურთიერთობა გრემელ ადამო კახაშვილთან, რომელიც ჯორჯაძეთა მოურავი და ამავე დროს კარგი დეგუსტატორი იყო.
აი, რას მოგვითხრობს ამის შესახებ ზაქარიას ასული ნინო ჯორჯაძე: "...ერთ სასეირო შემთხვევას ჰყვებოდა მამა: მეღვინეობის ერთ-ერთ ყრილობაზე პეტერბურგში მამამ თან წაიყვანა თავისი მარჯვენა ხელი, ჭკვიანი და საზრიანი გლეხი ადამო კახაშვილი... პეტერბურგში ყრილობის დელეგატთა შორის მისი გამოჩენა მოეჩვენათ უცნაურად (ქართული არწივისებური გამოხედვით და ეროვნულ ახალუხში გამოწყობილი არ შეიძლება შეუმჩნეველი დარჩენილიყო).
- რატომ ჩამოიყვანეთ და რაში გჭირდებოდათ ეს გლეხი? – ეკითხებოდნენ მამას...
დეგუსტაციის დროს დაიწყეს გამოცდა, ურევდნენ ღვინოებს, ცდილობდნენ მის შეცდენას, მაგრამ ის ყოველთვის უშეცდომოდ არჩევდა ღვინეობს. ბოლოს დარწმუნდნენ, რომ საქმე ჰქონდათ გამოცდილ პრაქტიკოსთან და ამ ეგზოტიკური სტუმრისადმი პატივისცემით განიმსჭვალნენ”.
ზაქარია ჯორჯაძემ ხმა აღიმაღლა ღვინის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ. იგი მოხსნებით წარსდგა მეღვინეობის ერთ-ერთ ყრილობაზე პეტერბურგში (ხელნაწერი ინახება ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში).
"ღვინის ფალსიფიკაციის საკითხმა უკანასკნელ ხანს ევროპის მთელი რიგი სახელმწიფოები მოიცვა. რაღაც ათეული წლის განმავლობაში ამ საკითხსის ირგვლივ მთელი ლიტერატურა შეიქმნა. მიუხედავად ამისა, ფალსიფიკაციის ბევრი საკითხი რჩება გაურკვეველი” – გულისტკივილით აღნიშნავდა ზაქარია ჯორჯაძე. ამ მოხსენებაში იგი განიხილავდა ფალსიფიკაციის სახეებს, მათი დადგენის გზებსა და მათ წინააღმდეგ ბრძოლისაკენ მოუწოდებდა ყველას.
"ფალსიფიკაცია იქაა, სადაც მისდევენ მეღვინეობას, მაგრამ არ არის ვენახები, ხოლო იმ ადგილებში, სადაც ვენახებია, არ არსებობს არავითარი ფალსიფიკაცია”, - წერდა ზაქარია ჯორჯაძე.
ზ. ჯორჯაძეს მიაჩნდა, რომ ღვინოების ფალსიფიკაცია ყოვლად მიზანშეუწონელი იყო, ვინაიდან ყალბი ღვინეობის შეიცავენ მავნე ნივთიერებებს ადამიანის ჯანმრთელობისათვის. "ღვინო არის ხელოვნების პრუდუქტი”, წერდა ზაქარია ჯორჯაძე და ამით ამბობდა, რომ ფალსიფიკაცია ღვინოებისა არის ამ ხელოვნების დამახინჯება და ამდენად ყოვლად მიუტევებელია.
ზაქარია ჯორჯაძე ქართული მეღვინეობის მომავალს დიდი იმედით უყურებდა. იგი იყო თავდადებული და ერთგული მოღვაწე ქართული მეღვინეობისა. მისი ოცნება იყო ენახა კახეთი მთლიანად ვენახებით დაფარული, გარდაექმნა იგი აყვავებულ მხარედ, მაგრამ ნაადრევმა სიკვდილმა ფრთები შეაკვეცა ამ ჭეშმარიტად თავდადებულსა და ღირსეულ მამულიშვილს. ზ. ა. ჯორჯაძე გარდაიცვალა 49 წლის ასაკში – 1895 წელს.
 
პუბლიკაცია ხორციელდება “ღვინის კლუბის” საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.