Home
ქართული | English
ივლისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

2022 წლის რთველი სამეგრელოსა და გურიის „ღვინის სოფელში“

ლევან სეფისკვერაძე

ისევე როგორც თითქმის მთელს დასავლეთ საქართველოში, 2022 წელი საკმაოდ რთული და პრობლემებით გარემოცული იყო გურული და მეგრელი მევენახე-მეღვინეებისთვისაც. პროექტმა „ღვინის სოფელმა“, რომელსაც „ღვინის კლუბი“ ახორციელებს, საშუალებმა მოგვცა ზაფხულიდან მოყოლებული კარგად დავკვირვებოდით მეგრელი და გურული მეღვინეების ყოფას. პროექტის სამუშაო ჯგუფმა ჩვენი ქვეყნის ამ ორ კუთხეში „პროექტის ბენეფიციარი“ თითქმის ყველას ვენახი და მარანი საკუთარი თვალით ნახა, რაც გურიისა და სამეგრელოს თბილისიდან ტერიტორიულ სიშორეს თუ გავითვალისწინებთ, ნადვილად არაა ადვილი საქმე.

როგორც გურიაში, ასევე სამეგრელოში, ზედმეტად უხვნალექიანი გაზაფხული ზაფხულის ხვატმა შეცვალა. შემოდგომაზე ისევ დაიწყო წვიმების სეზონი (რომელის ნოემბრის შუარიცხვებამდე გაგრძელდა) და ამის გამო ბევრმა მევენახემ რთველი რამდენჯერმე გადადო. ზოგს საერთოდ წვიმაში მოუწია ყურძნის დაკრეფა, რაც, როგორც ცნობილია, მოსავლის ხარისხზე და ყურძნის შაქრიანობაზე მკვეთრად უარყოფითად მოქმედებს. მოხშირებული წვიმების გამო დიდი ასპარეზი მიეცათ ვაზის სოკოვან დაავადებებს და ამანაც ყურძნის ხარისხი დაბლა დასწია. ისედაც ჭარბი ტენიანობით ცნობილი დასავლეთ საქართველოს ვენახებში გარდა სოკოვანი დაავადებებისა, უხვად ნახავდით ყურძნის სიდამპლეს, რამაც რთველის დროს ბევრი მევენახე-მეღვინე იძულებული გახადა მოსავალი სათითაოდ მტევან-მტევან ხელით ერჩიათ, რათა სიდამპლეშეპარული მტევნები ჯანსაღთან ერთად არ ჩაწურულიყო.
დავიწყოთ გურიით. ჩვენ გავესაუბრეთ გურიის სამივე მუნიციპალიტეტში (ჩოხატაური, ოზურგეთი, ლანჩხუთი) მცხოვრებ მევენახეებს, რომლებიც ამბობენ, რომ 2022 ამინდების მხრივ იმდენად ცუდი წელი იყო, რომ სასწაულია ყურძენი მწიფობამდე რომ მივიდა. აღარაფერს ვამბობთ ნაკლებად უხვ მოსავალზე, რითაც გურულები არასოდეს იყვნენ განებივრებულნი.
დავით კობიძე, მევენახე-მეღვინე:რთველი ჯერ არ დაგვისრულებია. დავკრიფეთ საკმიელა, კამური, ჯანი, სხილათუბანი, ალადასტური და ჩხავერი (მოსავლის ნახევარი), ამინდებს ველოდებით, ალბათ 3-4 დღეში დავასრულებთ. რაოდენობა შარშანდელზე ნაკლებია, ხარისხი - კარგი (არა საუკეთესო). ცუდი ამინდების გამო შაქარი მერყეობს 20-დან-22%-მდე. მოსავალს ჯამში დაახლოებით 5 ტონამდე ველოდებოდი და 3-3,5 ტონა გამოგვივა. ვაზი ყვავილობის შემდეგ ჭრაქმა დააზიანა. ზაფხულიც ცუდი გვქონდა და შემოდგომაც. ჯერ იყო და გადაუღებელი წვიმები იყო, მერე საშინელი გვალვა და შემოდგომაზეც წვიმები დაიწყო. მოკლედ, წელს არ არის ვაზის წელი. ასეთი ცუდი წელიწადი ჩემზე უფროსებსაც არ ახსოვთ“.
ცუდ წელზე სწუხს „ღვინის სოფლის“ ბენეფიციარი მარნებიდან ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მემარნე, ვიტალი კილასონია, რომელიც ვენახებს ჩოხატაურის სოფელ ჯვარცხმაში მამასთან, ილია კილასონიასთან ერთად უვლის.


ვიტალი კილასონია, მევენახე-მეღვინე
: „წელს გვქონდა ზედმეტად გრძელი ზამთარი, ცუდი გაზაფხული, რთველის ყვავილობის ფაზაში - სიცივე და ნალექი. ზაფხულში დასაწყისში გვალვა, აგვისტოს ბოლოდან კი ხანგრძლივი წვიმები. განსაკუთრებით მწიფობის თვეში იყო არამდმგრადი ამინდი და ტემპერატურის ვარდნა, ასევე მთლიანობაში გვქონდა ტენიანი წელი, რაც აისახა ყურძნის მოსავალზე და ხარისხზე. შედარებით უფრო რეზისტენტული ჯიშები უფრო მედეგი აღმოჩნდა ამ პირობების გათვალისწინებით, თუმცა აღსანიშნავია, რომ წელს შეინიშნებოდა დაბალი შაქრიანობა. მსგავსი სიტუაცია იყო მთელს დასავლეთ საქართველოში.

- რა რაოდენობის მოსავალი მიიღეთ და რამდენს ელოდით?

- 15-16 ოქტომბერს ძირითადად დაიკრიფა ცოლიკოური. შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ამინდიდან გამომდინარე, უფრო გვიანაც დავკრეფდით. დაახლოებით დაიკრიფა 700 კგ. ყურძენი. მიუხედავათ ამინდისა, კარგი და ხარისხიანი (ალბათ ნორმალური ამინდის შემთხვევაში იქნებოდა უდანაკარგო). ცოლიკოური დავწურეთ იმავე დღეს. დაიწურა და გამოვიღეთ ჭაჭიდან. ამჟამად არის ნელი დუღილის ფაზაში. ჩვენ გვაქვს ახალშენი ვენახები და ძირითად მოსავალს უახლოეს წლებში იქიდან ველოდებით“.
ავთო თურქიას ვენახი და მშენებარე მარანი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აქვს. იგი იმ იღბლიან მევენახეთა შორისაა, რომელმაც წელს მოსავლის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი დაკარგა.

ავთო თურქია, მევენახე-მეღვინე: „რთველმა ნორმალურად ჩაიარა. ჩხავერი ჯერ არ დამიკრეფია. ორი დღის წინ მოვკრიფე საკმიელა. ნორმალურად ჩაიარა ყველაფერმა, მიუხედავად იმისა, რომ წელს საშინელი ამინდები იყო, ყურძნის ხარისხს მაინც არ ვუჩივი. მაქსიმუმ მოსავლის 5% გამიფუჭდა და ხარისხი სტაბილურად კარგია. დანარჩენი უკვე დაღვინების შემდეგ გამოჩნდება“.
განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება ვახუშტი მენაბდეს, რომელიც ბოლო წლების მანძილზე დაუღალავად იბრძვის გურიაში ჩხავერის პოპულარიზაციისთვის და მისი ძირითადი ინტერესიც სწორედ ამ ჯიშისკენაა მიმართული. ვახუშტი და მისი „მანაბდის მარანი“ პროექტ „ღვინის სოფლის“ ერთ-ერთი პარტნიორია.

ცუდი წელი გვქონდა. ერთი მხრივ ადრიანმა ყინვებმა შეგვაწუხა, რამაც ვაზის კვირტების ნაწილი გააფუჭა. ამას მოჰყვა წვიმიანი გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისი. საბოლოო ჯამში ამ ყველაფერმა გავლენა მოახდინა ყურძენში შაქრის შემცველობაზე. მეორე მხრივ, ჭრაქი და ნაცარი უფრო გააქტიურებული იყო. როგორც იცით წვიმის დროს სოკოვან დაავადებებთან ბრძოლა უფრო რთულია. საბოლოო ჯამში საკმაოდ დავზარალდით როგორც შაქრიანობის სიმცირის მხრივ, ასევე მოსავლის სიმცირის კუთხითაც. ახლა ვცდილობთ ამ გარემოში და ამ რეალობაში გადარჩენას. დანარჩენს მომავალ წელს ამ დროს მოგახსენებთ“ -

გვეუბნება „მენაბდის მარნის“ დამფუძნებელი, ვახუშტი მენაბდე.

რთული წელი იყო სამეგრელოშიც, თუმცა როდესაც მეგრულ ღვინოზე ვსაუბრობთ, პირველ ყოვლისა სამეგრელოს რეგიონი არ უნდა წარმოვიდგინოთ ერთგვაროვან ტერიტორიად, სადაც ყველგან იდენტური ხარისხის ყურძნის მოსავალი მოდის. სამეგრელოში მევენახეობისათვის განსაკუთრებით ხელსაყრელია მარტვილისა და წალენჯიხის რაიონები. ასევე კარგი ხარისხის ყურძენი მოდის ქალაქ ჩხოროწყუს მიმდებარე სოფლებში. თუმცა, სტატიაზე მუშაობისას ჩვენი ინტერესი მაინც ძირითადად მარტვილისკენ იყო მიმართული, რადგან სწორედ ამ მხარეში იღვიძებს მეგრული მეღვინეობა, რომელიც საბჭოთა კავშირის ეპოქიდან მოყოლებული ჰიბრიდული ვაზის ჯიშებისა და ღვინის ფალსიფიკატორების "ტყვეობაში" იყო.

მიშა ცირდავა, მარან„ობენე“: „ წელს გაზაფხულზე სულ წვიმები იყო. მაგრამ მიუხედავად ამისა, ყურძენი მაინც არ გაფუჭებულა. წელს დაახლოებით ტონაზე მეტი იშვიათი ვაზის ჯიშების მოსავალი გვინდოდა დაგვეკრიფა (სამეგრელოში ეს ჯიშები ძალიან ცოტას აქვს შემორჩენილი), მაგრამ სამწუხაროდ 500 კილოგრამზე მეტი ვერ დავკრიფეთ. ხელი გახშირებულმა წვიმებმა შეგვიშალა. იმ პერიოდში, როცა რთველი გვქონდა დაგეგმილი, ორი დღე ისეთი თავსხმა წვიმა იყო, ყურძენიც გააფუჭა და ჩვენც ხელი შეგვეშალა. რაც შეეხება მოსავლის ხარისხს - რაც გადარჩა კარგია, მაგრამ იმის ნახევარია, რასაც ველოდით“.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელი თარგამეული საუკუნეების მანძილზე მევენახეობით იყო ცნობილი. დღეს ამ სოფელში ორი მცირე მარანია. თარგამეულელი მევენახე-მეღვინეები კლიმატის და ამინდის მხრივ 2022 წელს ურთულესად თვლიან, თუმცა ამის მიუხედავად მოსავლის ხარისხის მაინც ეიმედებათ.

ზაზა გაგუა: მარანი „ღვინო მარტვილი“: „მოსავალი წინა წლებთან შედარებით მთელს საქართველოში ნაკლები იყო. ზოგან სულ გაფუჭდა, ზოგან ნახევარი დაკრიფეს, ზოგან მესამედი. წელს ჩვენმა მარანმა სულ (მთელს საქართველოში) 4.5 ტონა მოსავალი მიიღო. მათ შორის სამეგრელოს წილი იყო ძალიან ცოტა. შემოდგომაზე ვაზის სიმწიფემ ძალიან დააგვიანა. 21% შაქრიანობაზე დავკრიფეთ ოჯალეში. ფაქტობრივად ნახევარი შეგვიჭამეს ჩიტებმა.

- როგორც ჩანს სამეგრელოში 2022 ნამდვილად არ იყო კარგი წელი...

- 2022 ალბათ ყველაზე ცუდი წელი იყო, რაც ამ სფეროში ვარ. თებერვლიდან მოყოლებული იყო ძალიან ხანგრძლივი წვიმები, მუდმივად დაბალი ტემპერატურა და ამან ძალიან დააზიანა ვაზი ჯერ კიდევ ყვავილობამდე. მერე იყო ცხელი ზაფხული, წვიმიანი შემოდგომა და საერთო ჯამში გამოვიდა ზედმეტად გრილი წელიწადი მცირე მოსავლით. ერთი კი უნდა აღინიშნოს, რომ რაც გადარჩა, იმ ყურძნის ხარისხი არ იყო ცუდი. როგორი ღვინო გამოვა ჯერ არ ვიცი. იმედია ღვინის ხარისხი კარგი იქნება.


ნიკა ფარცვანია, „თარგამეულის მარანი“
: „რთველმა კარგად ჩაიარა. შარშანდელთან შედარებით კარგი მოსავალი იყო და ხარისხიც ბევრად უკეთესია. კლიმატს და ამინდებს რაც შეეხება, სამწუხაროდ ამ კუთხით არც ისე სახარბიელო წელი იყო. თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, ვფიქრობ გასულ წელთან შედარებით წელს ბევრად უკეთესი ღვინო დადგება. დაველოდოთ და ვნახოთ“.

მარტვილელებისგან განსხვავებით, გასულ წელს ნაკლებად უჩივიან წალენჯიხელები. პროექტ „ღვინის სოფლის“ კიდევე ერთი ბენეფიციარი, წალენჯიხელი მევენახე-მეღვინე გელა გვასალია ამბობს, რომ მიუხედავად არასასურველი ამინდებისა, ვაზის სწორად მოვლის გამო შარშანდელზე უკეთესი მოსავალი მიიღო.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული