Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პარიზობა

გადაცემის აუდიო ჩანაწერი შეგიძლიათ მოისმინოთ აქ

პაატა ქურდაძე

რთველი ყველგან დღესასწაულია, სადაც ღვინო უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მხოლოდ  დასათრობ საშუალება.  ბევრმა შეიძლება არც დაიჯეროს, რომ პარიზში ყოველ შემოდგომაზე რთველის დღესასწაული  იმართება,  მხოლოდ  რეგიონებიდან ჩამოსული დელეგაციები კია არა, ადგილოვრივ ვენახებიდან მოწეული ვაზი იკრიფება.

პატარა ვენახები  რამდენიმე უბანშია,  მათ შორის ყველაზე პატარა ძველ, სენ ჟერმენის სააბატოს ეზოში, - სულ რაღაც ათი ადლია, ფრანგები ვენახის ფართობის საზომ ერთეულად დღემდე ხშირად  ადლს (ანუ ბიჯს, ნაბიჯს) იყენებენ. ვენახები  აგრეთვე არის  ბელვილის,  ბერსის, ჟორჟ ბრასანსის პარკებში... ისინი ყველა მუნიციპალიტეტს ეკუთნის, და იქ მოწეული ღვინო, მერიების მარნებში ინახება. თუ არ ჩავთვლით ერთად ერთ, ბაგატელის კერძო ვენახს  ბულონის ტყეში.

პარიზი ევროპაში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია, სადაც ყოველ კვადრატულ მეტრს ოქროს ფასი აქვს. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს,  თუ  რაოდენ სიმბოლური დატვირთვა აქვს ვენახს ქალაქში, სადაც ერთი კვადრატული მეტრი მიწის ფასი ერთ–ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში და ამის გათვალისწინებით, ალბათ კიდევ უფრო დასაფასებელია პარიზელების პატივისცემა თავიანთი ქალაქის მიმართ,  რომელიც ღვინის გარეშე იგივე იქნებოდა, რაც დღესასწაული მუსიკის გარეშე. 

ყველაზე დიდი ვენახი მაინც მონმარტზეა. მთელი 1700 ადლი! აქ რთველის დღესასწაული  წელს უკვე სამოცდამეცხრამეტეჯერ  იზეიმეს. მისიკით, ღვინით, ჯამბაზებით, კლოუნებით. აღლუმით... რომელშიც  ყველა ნაციონალობის მუსიკოსები და არტისტები მონაწილეობენ, ქართველებიც კი, ჩოხებით და ხევსურული კაბებით. ძალიან ლამაზი საყურებელი იყო.

მონმარტრი მეთექვსმეტე საუკუნეში პარიზელი მეღვინეების დასახლება იყო, როგორც ფრანგები ეძახიან, პატარა, სუფრის ღვინოს წურავდნენ. სიმღერაც კი ქონდათ ესეთი:

                        ეს მონმარტრის ღვინოა!

                        ერთ ჭიქას დალევ და

                        ერთ ტიკს მოფსავ!

მერე წისქვილების, კლოშარების, ბანდიტების, და საროსკიპოების უბანი გახდა. არტისტებისაც რა თქმა უნდა. მაშინდელი არტისტები პოლიტკორექტულები არ იყვნენ, ბევრს სვამდნენ, მეძავებთან და ბანდიტებთან მეგობრობდნენ, ჩხუბობდნენ... მაგრამ სამაგიეროდ რა არტისტები იყვნენ!...  სოლისა და სან ვინსენტის ქუჩების კუთხეში   ერთი პატარა სიმპათიური  კაბარეა, რომელსაც სასაცილო სახელი ქვია Le Lapin Agile რაც დაახლოვებით ითარგმნება როგორც  «შებერტყილი კურდღელი». მისი სიმბოლო დიდი კურდღელია, რომელიც ქვაბიდან გარბის... ეს კაბარე საფრანგეთის რევოლუციამდეც არსებობდა, მხოლოდ მაშინ «მკვლელების კაბარე ერქვა», სანამ მეცხრამეტე საუკუნეში სახელი არ გამოუცვალეს. ვინ არ დადიოდა აქ, პიკასო, აპოლინერი, მოდილიანი...

ამ ძველი მკვლელების კაბარეს წინ ერთი ქუჩის ერთ მხარეს ძალიან პატარა გალავან შემოვლებული სენ ვანსენის სასაფლაოა. ქუჩის მეორე საპირისპირო მხარეს კი ვენახი. მართლა მაგარი უბანია ეს მონმარტი. აქაურები დღემდე ისე უფრთხილდებიან უბნის იდენტობას, როგორც არსად.

ყველაფერი  ოციან წლებში დაიწყო, რამდენიმე მხატვარმა, იუმორისტი გრაფიკოსის, ჟო ბრიჯის ინციატივით, გადაწყვიტა ხელოვნებაში მოდერნიზმის თავხედური და ზღვარგადასული შემოჭრისაგან თავის დასაცავათ შეექმნათ «პაციფისტური ხასიათის რეაქციონერული ორიენტაციის მოძრაობა და მათ 1921 წელს    მონმარტრის რესპუბლიკა დააარსეს! თავისი დროშით, ჰერალდიკით და ჰიმნით. რესპუბლიკა ერქვა, თორემ ისე ჩვეულებრივი ასოციაცია იყო, რომელმაც მიუსაფარ  ბავშვთა დისპანსერი გახსნა, და მათ ჰოგიენით, ტანსაცმლით, საკვებით უზრუნველყოფდა, ბავშვებისთვის დღესასწაულების მოწყობის ტრადიციასაც მაშინ ჩაეყარა საფუძველი: მართავდნენ საახალწლო მეჯლისებს. სპექტაკლებს კაბარე მულენ ღუჟში და ცირკ მედრანოში. მოაწყეს სათამაშო მოედანიც ბავშვებისათვის, იქვე "შებერტყილ კურდღელთან"... მაგრამ ეს მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტის ყურადღება მიექციათ. ამიტომ 1933 წელს კომუნის მერის თანადგომით რესპუბლიკა მონმარტმა თავისი ვენახი გააშენა. 1934 წელს კი პირველი რთველი მოეწყო, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ალბერ ლებრუნი ესწრებოდა, აგრეთვე დიდი ფერნანდელი და მომხიბვლელი მისტანგეტი.

მას შემდეგ ყოველი შემოდგომის ოქტომბრის თვეში  რთველის დღესასწაული იმართება მონმარტრზე. დაახლოებით 1000 კილოგრამ პინო ნუაღს წურავენ და მისგან «კლო დე მონმარტრს» აკეთებენ, რომლის ნახევარლიტრიანი ბოთლის ყიდვა მე–18 ოლქის მერიაში შეგიძლიათ,  დაახლოებით 40 ევროდ, ძვირია, მით უმეტეს დიდი არაფერი ღვინო არ არის, მაგრამ სამაგიეროდ მონმარტრის ღვინოა... და მთავარი ეს არის! შემოსული თანხა, რა თქმა უნდა, ქველმოქმედებას ხმარდება...

პირველი რთველის შემდეგ გარეგნულად თითქოს ბევრი არაფერი შეცვლილა მონმარტის ამ პატარა გზაჯვარედინზე. ქვით მოკირწლულ  ქუჩებს იგივე სახელები ქვიათ, ყოფილ მკვლელების კაბარესაც, ერთი ციცქნა სასაფლაოც არსად გადაუტანიათ, ეს 1700 ადლიანი ვენახიც, რაღაც უცნაურ სოფლის იდილიას ქმნის... მადლობა ღმერთს, არავინ აპირებს მის გაჩეხვას და მის ადგილზე შუშის შერატონ მონმარტ პალასის აშენებას... თუმცა ვინ ააშენებინებს?... ან ვინ გაბედავს... ერთი კია, ცოტა მეტი სისუფთავეა, მეძავები აღარ დგანან, იაპონელი ტურისტები ერთგვარი მორიდებით  აჩხაკუნებენ თავიანთ ფოტოაპარატებს... მორიდებით, რადგან, ამ უბანში, მიუხედავად ტურისტების დიდი რაოდენობისა, გაცილებით მეტად იგრძნობა ის, რასაც ქალაქის ნამდვილ სულს ეძახიან... ნამდვილი კი ყოველთვის რიდს იწვევს.  აქ ჯერ კიდევ წააწყდებით  ისეთ სახეებს, როგორსაც  მონმარტის გარდა სხვაგან ვერსად ნახავთ, ეს ერთი ციცქნა ვენახიც ხაზს უსმევს, რომ თქვენ დისნეი ლენდში კი არა, ნამდვილი ცოცხალი ადამიანების ქალაქში, ნამდვილ უბანში ხართ... და აუცილებლად გაგახსენდებათ თქვენი ქალაქი, მითუმეტეს თუ თბილისიდან ხართ... შეიძლება ისიც კი იფიქროთ, რომ თბილისში პარიზზე ბევრად მეტი ვაზია. ყოველ შემთხვევაში, მე ესე მახსოვს... «უბესეტკო» ეზოს იშვიათად ნახავდით. განსაკუთრებით გარეუბნებში. თუმცა კორპუსების აივანზე ამოყვანილი ადესაც ხშირად მინახავს. ცოტა  ღვინოსაც წურავდნენ ხოლმე მონმარტრელებივით... მხოლოდ სამზარეულოში, და სამლიტრიან ქილებში აყენებდნენ...

არასდროს არ მესმოდა, რატომ ქვია თბილისობას თბილისობა. როცა იქ თბილისური არაფერია, მე უფრო კახეთობას დავარქმევდი, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, პირიქით, პარიზში მაგალითად მსგავს დღესასწაულს ბოჟოლეს დღესასწაული ქვია, ნოემბერში იმართება ხოლმე, რომლის დროსაც მთელ ქალაქში  უფასოდ შეგიძლიათ გადაჰკრათ ერთი ორი ჭიქა ახალი ღვინო და ამ რეგიონის ძეხვეული და ყველი დააყოლოთ... რესტორნებში თითო ჭოქა მაჭარს თითქმის ყველა სვავს... უამრავი ღვინო ისმევა ამ დღეებში ბოჟოლეს რეგიონის ხათრით... მაგრამ პარიზის რთველი პარიზისაა, და არა ბოჟელეს, ბორდოს, ან ბურგონის... აქ  სულ რამდენიმე ასეულ ლიტრ ღვინოს წურავენ და გულწრფელად ხარობენ ამით, იციან, რომ ქალაქის სული ესეთ პატარა სათუთ დეტალებში ცოცხლობს, და მას პოსტმოდერნის მოტანილი დაუნდობელი  მონდიალიზაცია ვერაფერს დააკლებს, სანამ «მონმარტრის რესპუბლიკაში» ერთი ადლი მოვლილი ვენახი მაინც დარჩება.

© რადიო "ცხელი შოკოლადი"

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული