ტოკაის განძი
თანამედროვე უნგრეთის ტერიტორიაზე ყურძნის მოყვანა ჯერ კიდევ ძველმა კელტებმა დაიწყეს, რომლებიც ცენტრალურ ევროპაში ორნახევარ ათას წელზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდნენ. უნგრული ბუნება ყოველთვის სწყალობდა მეღვინეებს და თბილი, მზიანი ზაფხულით, გრილი ზამთრითა და ნაყოფიერი ნიადაგით ანებივრებდა.
აღმოსავლეთ ევროპა მრავალი ასწლეულის მანძილზე ჩვენი თხრობის მიღმა რჩებოდა. მის შესახებ საუბარი მხოლოდ იმის გასახსენებლად იწყებოდა, რომ აქ ჯერ ბერძნებმა მოახდინეს ყველაზე უფრო ხელმისაწვდომი მიწების კოლონიზირება, ხოლო მოგვიანებით რომაელებმა, რომლებსაც მეღვინეობის ახალი, განვითარებული ტექნოლოგიები შემოჰქონდათ. შემდეგ რომაელები გერმანელებმა შეცვალეს, ხოლო დიდი სტეპი ერთიმეორის მიყოლებით აფრქვევდა ჰუნების, ვანდალებისა და გუთების ურდოებს; მათი მემკვიდრეები - თათარ-მონღოლები, მოგვიანებით კი თურქებიც - ახალ-ახალ მიწებს იპყრობდნენ და ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებოდნენ ევროპის შუაგულს.
ეს ტალღა მხოლოდ 1683 წელს შეაჩერეს, როდესაც თურქები ვენიდან უკუაგდეს (ხოლო მათი ყავის მარაგი ევროპულ დედაქალაქებში გავრცელდა).
IX საუკუნის ბოლოს ვოლგისპირეთის სტეპებიდან თანამედროვე უნგრეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ მომთაბარე მადიარები. მათ აქაურობა ისე მოეწონათ, რომ მომთაბარეობას თავი დაანებეს. მადიარებთან ერთად ვოლგიდან მოვიდა სამიწათმოქმედო და მეღვინეობის ხელოვნებით განთქმული კალიზების ბულგარული ტომიც.
ამ რეგიონის მივიწყება, სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ აქ მეღვინეობაც დაკნინდა. საეჭვოა, რომ მას შემდეგ, რაც ბერძნებმა შავი ზღვით შემოიტანეს ყურძენი, დუნაის ველი ღვინის გარეშე რჩებოდა. მრავალი ასწლეულის შემდეგ, პანონიაში ვენახების გაშენების დროს, სწორედ აქ აღესრულა რომის იმპერატორი პრობუსი. ბერძნები სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მიიწევდნენ - დუნაით და მისი შენაკადი ტისეთი, რომაელები - დასავლეთიდან, პანონიის ვაკით, და ვენახების სახით ტოვებდნენ კვალს ბალატონის ტბის ნაპირებზე, პეჩაში, ვილანსა და სეკსარდეში, ქვემო ავსტრიასა და მორავიაში. მათი მემკვიდრეობა მეღვინეობის პროცესზეც ვრცელდება: დასავლეთ უნგრეთში არსებობდა ღვინის წნეხის გამოყენების ტრადიცია, მაშინ როცა აღმოსავლეთში, დუნაის გაღმა, ყურძენს ბერძნების მსგავსად ჯერ კიდევ უბრალოდ წურავდნენ. არც ატილა და მისი ჰუნები, არც ავარები, რომლებიც მათ კვალს მოჰყვებოდნენ (და დროთა განმავლობაში კარლოს დიდმა გაანადგურა) და არც უნგრული ერის დამაარსებელი მადიარები არ აპირებდნენ უარის თქმას ადგილობრივი ვენახებისგან მიღებულ სიხარულზე. კარლოს დიდის შესახებ ლეგენდა გადმოგვცემს, თუ როგორ აღაფრთოვანა იგი ავარულმა ღვინოებმა, და როგორ წაიღო თან წაიღო ვაზი გერმანიაში გასაშენებლად.
სამეფო პატრონატი
შუა საუკუნეებში ეკლესიამ თავისი ჩვეული როლი შეასრულა მეღვინეობის გავრცელებასა და სტაბილიზაციაში. ამას ისეთი განათლებული მონარქებიც უწყობდნენ ხელს, როგორიც იყო ბელა IV. იგი ქვეყანაში იწვევდა იტალიელ და ფლამანდელ მეღვინეებს, რომლებსაც თან ჩამოჰქონდათ ახალი ვაზი და, რაც ყველაზე მთავარია, თავიანთი გამოცდილება და ცოდნა. შემორჩენილია ჩანაწერები, რომლებშიც ვკითხულობთ, რომ XIII საუკუნეში, მეფე ბელა IV-ის დროს იტალიელებმა თან ჩამოიტანეს უცნაური სახელწოდების მქონე ყურძენი, "ფურმინტი", რომელიც უფრო გაჯერებული გემოს მქონე ხარშლეველსა და ცოტაოდენ მუსკატთან ერთად ქმნის თანამედროვე ტოკაის.
უნგრული ისტორიული თქმულებების საყვარელი გმირი, კეთილი მეფე, მათიაშ კორვინი, რომელიც ქვეყანას 1458-1490 წლებში მართავდა (მისი სამფლობელო ბოჰემიიდან კარპატებამდე იყო გადაჭიმული), საფრანგეთის მეფის, ჰენრი IV-ის მსგავსად, ღვინისადმი თავისი სიყვარულით იყო ცნობილი. მათიაში დარწმუნებული იყო, რომ მთელი ერი ღვინოს უნდა სვამდეს, და მევენახეებს დიდ პატივისცემით ეპყრობოდა. ყმები, რომლებიც კეთილსინდისიერად ამუშავებდნენ თავიანთ ყურძენს, აქ ისევე იღებდნენ პრივილეგიებს, როგორც მათი თანამედროვეები რეინის ხეობის მეღვინეობის სოფლებში. მთის ვენახები გასაგები მიზეზების გამო ვაკის ვენახებზე უკეთესად ითვლებოდა, და მათი გაშლილი თემები ერთობ დემოკრატიული გახდა, - ისინი ფლობდნენ მემკვიდრეობისა და ბაზარზე პრივილეგირებული შესვლის უფლებას, ხოლო სანაცვლოდ უნდა გამოეჩინათ ერთგულება, ემსახურათ ჯარში და დასწრებოდნენ კრებებს მათი ღვინის ხარისხის შესამოწმებლად. ვენახები გარშემორტყმული იყო ღობეებით, რომლებიც ნათლად მიუთითებდა ამ ტერიტორიების პრივილეგირებულობაზე. აი, ესოდენ საოცარი იყო პროდუქციის ხარისხის კონტროლირებისკენ მიმავალ გზაზე გადადგმული ადრეული ნაბიჯები. შედეგად, შოპრონის, შომლოს, ეგერისა და დებრეს თემების რეპუტაცია გავრცელდა უნგრეთის საზღვრებიდან შორს - ჩრდილოეთისკენ, ქვეყნებში, რომლებსაც საკუთარი ღვინის წარმოება არ შეეძლოთ. პოლონეთი, რუსეთი, შვედეთი და ბალტიის ქვეყნები სწორედ უნგრეთში ყიდულობდნენ, მაგალითად, ჩრდილოეთ საფრანგეთში წარმოებულზე ბევრად უფრო მაგარ და არომატულ ღვინოებს. უნგრეთში ზაფხული ცხელია, მისი კონტინენტური კლიმატი რბილდება ხმელთაშუა ზღვის გავლენით. უნგრეთის ბორცვიან ადგილებს ისეთი ღვინოების მოცემა შეეძლო, რომლებიც რაღაც საშუალო იყო ჩრდილოეთის სუსტ ღვინოებსა და ძვირფას ბერძნულ მალვაზიებს შორის.
საომარი დროის მეღვინეობა
ბრწყინვალე პერსპექტივას ბოლო მოეღო 1526 წელს, როცა ოსმალეთის იმპერიის მმართველმა, სულეიმან II-მ მოხაჩის ველზე დუნაისთან ახლოს უნგრელი რაინდები გაანადგურა. 160 წლის მანძილზე თურქეთმა უნგრეთის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპირება მოახდინა. მევენახეობა მთლიანად არ მოსპეს (თურქები გადასახადებზე უარის თქმას არ აპირებდნენ, და თავადაც არ სძულდათ ღვინო), მაგრამ ქვეყნის უმეტეს ნაწილში იგი დაკნინდა. გამონაკლისი იყო ჩრდილოეთ საზღვარი, სადაც ეგერის მიერ ალი ფაშას ალყისთვის გაწეული სახელგანთქმული წინააღმდეგობის გამო, ადგილობრივმა ღვინომ მიიღო საპატიო სახელწოდება - "ხარის სისხლი" და, სადაც, ტისისა და ბოდროგის ნაპირებზე აღმართული ტოკაი-ჰედალიას ბორცვებმა დამპყრობლები ნანატრი ჯილდოთი არ დაასაჩუქრეს. მთავარი საფრთხე აქ თურქი მონათვაჭრების თავდასხმები იყო: უნგრელები ძვირად ფასობდნენ სტამბულის ბაზრებზე.
ამ ხელსაყრელ ადგილას წარმოებული ღვინო დიდებული უნდა გამოსულიყო, მაგრამ თურქების შემოსევამდე ის არ იყო განსაკუთრებულად გავლენიანი, სანამ ალყაშემორტყმული უნგრეთისთვის შემოსავლის ერთ-ერთ იშვიათ წყაროდ არ იქცა. თურქეთთან აქტიური საომარი მოქმედებების დროს უნგრელები საერთოდ არ ყიდდნენ ღვინოს, ვინაიდან საკუთარი ჯარისკაცების წყურვილის დაკმაყოფილება ყველაზე მთავარი იყო. მაგრამ XVI საუკუნეში უნგრელების კომერციული ინსტინქტები უნდობლობით აილაგმა და, მდგომარეობამ კომიკური სახე მიიღო, როცა ისინი ცდილობდნენ პოლონელების დარწმუნებას ჩამოსულიყვნენ და ადგილზე ეყიდათ ღვინო, ხოლო პოლონელები უარს ამბობდნენ გარიგებაზე, სანამ უგრელები თავად არ ჩაიტანდნენ საკუთარ საქონელს მათ ქვეყანაში. პოლონელებს მოუხდათ მოხეტიალე შოტლანდიელების, "შკოცების" დაქირავება, რომლებიც აგენტებივით მოქმედებდნენ და ღვინოს უნგრეთში, აღმოსავლეთით მოლდავეთში, კარპატებს მიღმა და საბერძნეთშიც კი ყიდულობდნენ. მოლდავეთი აწ დავიწყებული ღვინის, მაგარი "მწვანე" კოტნარის წყარო იყო, რომელიც ოდესღაც ტოკაის მოწინააღმდეგედ მიიჩნეოდა. პოლონეთის უძველესი დედაქალაქი, კრაკოვი, ღვინით ვაჭრობის ცენტრი იყო, მაგრამ XVI საუკუნის მიწურულს მან თანდათანობით ვარშავას დაუთმო ადგილი. ორ მხარეს შორის შუამავლებად ებრაელები, ბერძნები და შოტლანდიელები გვევლინებოდნენ.
მაღალ საზოგადოებაში გამოსვლა
უნგრული მეღვინეობის დიდებული ხანა ჯერ კიდევ წინ იყო. XVII ასწლეულის დასასრულის ომები, რომლებმაც ბრიტანელები აიძულა უარი ეთქვათ ფრანგულ ღვინოებზე და პორტვეინი როგორც საკუთარი ხვედრი, ისე მიეღოთ, ევროპის მეორე ბოლოში ხელს უწყობდნენ სხვა, არანაკლებ ორიგინალური და ისეთივე კეთილშობილი სასმელის წარმატებას. 1703 წელს, ტრანსილვანიის თავადმა ფერენც რაკოციმ მოაწყო აჯანყება უნგრეთის დამპყრობელი ავსტრიელი კათოლიკების წინააღმდეგ.
ლუდოვიკო XIV-მ ეს კონფლიქტი თავისთვის სასარგებლოდ მიიჩნია. მის მტერს, ავსტრიელ იმპერატორს ახლა ორ ფრონტზე უნდა ეომა. გარდა ამისა, მეფე-მზე აღფრთოვანებული იყო ღვინით, რომელიც მას საჩუქრად გამოუგზავნეს რაკოცის ვენახებიდნ, - ღვინით, რომელიც უკვე განთქმული იყო აღმოსავლეთ ევროპაში, მაგრამ ჯერ კიდევ უცნობი გახლდათ პარიზში. ორიგინალური უნგრული დასახელების გამარტივების შემდეგ იგი ტოკაის სახელით მოიხსენიებოდა.
რაკოცის ოჯახის მატიანე 1617 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც მან შეიძინა შაროშპატაკის მამული, და რეგიონში მეღვინეობის მონოპოლიზაციის ფართო გეგმის განხორციელება დაიწყო. ოცდაათი წლის შემდეგ რაკოცები ტოკაის ყველაზე ძველ კოშკსაც დაეუფლნენ. რა თქმა უნდა, მხოლოდ სამი წლის შემდეგ, თურქების მოსალოდნელი თავდასხმის საბაბით, მათ მმართველს შემთხვევით არც მოსავლის აღება გადაუდია. ასე გადმოგვცემს ლეგენდა კეთილშობილი სოკოს Botrytis cinerea-ს აღმოჩენის ამბავს, რომელმაც ყურძენი დაჩამიჩებამდე მიიყვანა, შეარბილა მისი კანი და მსოფლიოში ყველაზე ტკბილი ღვინის შექმნა გამოიწვია. თუ ეს სიმართლეა, ამგვარად დაასწრეს უნგრელებმა 120 წლის შემდეგ გერმანიაში, რეინჰაუში გაკეთებულ აღმოჩენას.
თურქები მაინც უტევდნენ 1678 წელს და რეგიონი ერთიანად გაძარცვეს. ეს იყო მათი უკანასკნელი თარეში - ხუთი წლის შემდეგ ისინი ვენასთან გაანადგურეს, რასაც სიამოვნებით შეუწყო ხელი პოლონეთის მეფემ, - ხოლო 1686 წელს მათ დატოვეს ბუდაპეშტი. ჰაბსბურგების დინასტიამ ისინი გააქცია. იმ დროისათვის ტოკაი-ჰედალიაში მევენახეებმა თავიანთი ბორცვების ვულკანური წარმოშობის ქვაში გათხარეს არცთუ ისე დიდი გვირაბები, რომლებიც უნიკალური იყო ღვინის სარდაფების მშენებლობის მსოფლიო გამოცდილებაში. ისინი იმდენად დაბალია, რომ გამართულად დგომა (მით უმეტეს იატაგანის ქნევა) შეუძლებელია. ერთი კედლის გასწვრივ დგას პატარა კასრები, გიონცები (ბონდარის სოფელ გენცის პატივსაცემად). ამ კასრებში დასაძველებლად ჩასხმული ღვინის გადავსება არ ხდება, ამის ნაცვლად, საფუარის წვრილი ფირფიტის ქვეშ მას აძლევენ თანდათანობით დამჟავების საშუალებას. ეს ფირფიტა არც ისე ფაფუკია (ყოველ შემთხვევაში ამ ცივ სარდაფებში), როგორც ხერესის თეთრი flor-ი, მაგრამ არომატის მსუბუქად შეცვლაში მსგავს როლს ასრულებს.
სწორედ ამ ღვინოს იყენებდა ფერენც რაკოცი დიპლომატიური იარაღის სახით თავის მცდელობებში, რათა თურქეთის უღლისგან ახლახან გათავისუფლებული უნგრეთი ავსტრიის დამპყრობლური მადისგან გადაერჩინა. მას ეს არ გამოუვიდა; ავსტრიამ მოკავშირეებთან ერთად (ინგლისის ჩათვლით) ომი მოიგო, და ჰაბსბურგებმა მრავალტანჯულ უნგრეთში კოლონიური მმართველობა დაამყარეს.
ტოკაი იმპერიის საუკეთესო ღვინო იყო, რომელიც დალმაციიდან პოლონეთამდე იყო გადაჭიმული. ჰაბსბურგებმა მიითვისეს ჩინებული ვენახები და შთაბეჭდილების მოსახდენად და უცხოელი ბერების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, ისევე იყენებდნენ მათ, როგორც ბურგუნდიელი ჰერცოგები ბონს. პეტრე დიდი და ფრიდრიხ პრუსიელი ადვილად მიეჩვივნენ ამ ღვინოს. სანქტ-პეტერბურგში უნგრული ღვინოების კომისიაც კი დაარსდა, რომელსაც უნდა უზრუნველეყო მომარაგების რეგულარულობა. რუსი ხელმწიფეები იჯარით იღებდნენ ვენახებს (იმპერიამ უცხოელებს მათი შესყიდვა აუკრძალა) და საკუთარი ტოკაის ყურძნის გასაშენებლად, ვაზი ყირიმში მიჰქონდათ. ღვინოს, რომელიც ვენაში, მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ვარშავაში, ბერლინში ან პრაღაში არ მოხვდებოდა, იტაცებდნენ ინგლისელი, ჰოლანდიელი და ფრანგი დიდებულები. მსოფლიოში არც ერთ ღვინოს არ შეეძლო ტოკაის ღვინოს სიტკბოში გატოლებოდა, გარდა რეინზე რომელიმე ეპისკოპოსის სარდაფში შემონახული იშვიათი კასრისა. პორტვეინი მაინც blackstrap-ი იყო (ბადაგთან შერეული რომი), ხოლო ტოკაი - ყურძნის საოცარი, არომატული სიროფი.
ძვირფასი ესენცია
ტოკაის ღვინის შექმნის ზუსტი მეთოდი და ხერხი, რომლითაც განისაზღვრება და იზომება მისი სიტკბო და ინტენსიურობა, ღვინის სამყაროში უნიკალურად რჩება. ისინი ფალერნულში კონცენტრირებული სიტკბოს სხვადასხვა გრადაციის აღწერის პლინიუსეულ მეთოდს უფრო ჰგავს, ვიდრე მეღვინეობის რომელიმე თანამედროვე ტექნოლოგიას. ყველაზე უფრო ლეგენდარული სასმელი გახლავთ (ყოველ შემთხვევაში იყო ასეთი) ტოკაი Eszencia, ანუ ესენცია. მას იღებენ მხოლოდ წვენის სქელი ტკბილი წვეთებიდან, რომლებიც ყურძნის კასრიდან - თუკი ყურძენი შეიძლება ეწოდოს დაჩამიჩებულ მასას, რომელიც ნახევრად ქიშმიშია, ნახევრად კი სოკო - მისი საკუთარი წონის ზემოქმედებით გამოიწურება.
ამ პირველ წვეთებში შაქრის პროცენტი ისეთი მაღალია, რომ ისინი დაცულია ფერმენტაციისგან. გრილ პირობებში ისინი უბრალოდ წარმოუდგენლად ტკბილ და მეტისმეტად არომატულ, ბადაგივით სქელ და საერთოდაც ბლანტ ყურძნის წვენად რჩება. ეს უფრო ინგრედიენტია ნარევისთვის, ვიდრე სასმელი. თუმცა, მისი იშვიათობა, აგრეთვე მწველი სიტკბო მას ლეგენდარულ ფუფუნებად აქცევს. მეფეები და ერცჰერცოგები მზად იყვნენ სიხარულით დაეჯერებინათ, რომ ამ ელექსირით ნებისმიერი ჩამქრალი ძალის აღდგენა შეიძლებოდა. ურიცხვ ისტორიას ჰყვებოდნენ დაუძლურებული და ღრმად მოხუცებული აზნაურებისა და ეკლესიის მსახურებზე, რომლებსაც Eszencia-ს წვეთი ლოგინიდან წამოხტომას აიძულებდა - და ოთხმოცი წლის მოხუცებზე, რომლებიც დიდი ოჯახების მამები გახდნენ.
გარდა ამისა, მიჩნეულია, რომ ღვინით მოვაჭრეები, იმისათვის, რომ სქელი სითხე სასმელად უფრო ვარგისი გაეხადათ, ხშირად ამატებდნენ მასში ბრენდის. ეს Eszencia-ს ფერმენტაციის უმცირეს საშუალებასაც კი არ აძლევდა და პაციენტზე (საეჭვოა, აქ სიტყვა "გურმანი" გამოდგეს) ელექსირის გამაჯანსაღებელი ძალა კიდევ უფრო მეტ შთაბეჭდილებას ახდენდა. უნდა ითქვას, რომ ამ შეხედულებას აქტიურად უარყოფდნენ ჩინოვნიკები და ექსპერტები, მაგრამ შატორალიაუიხეეში სახელმწიფო სარდაფების, ტოკაურის ამჟამინდელი შტაბ-ბინის მცველმა ზემოხსენებული ფაქტი გასაკვირად არ მიიჩნია.
ტოკაურს, რომელიც იყიდებოდა როგორც ღვინო, და არა როგორც საიმპერატორო ელექსირი, უნგრულად ასუ (Aszú), ხოლო გერმანულად - აუსბრუხი (Ausbruch) ეწოდება. მისი მიღების პროცედურა ასეთი იყო: უნდა დალოდებოდნენ, სანამ შემჭკნარი ყურძნიდან წამოვიდოდა ესენცია, შემდეგ დანარჩენი ყურძნის წვენი უნდა ჩაესხათ "ასუს პასტაში" და ერთად გამოეწურათ. ამ პირველი გამოწურვიდან მიღებული ტკბილი, ფერმენტაციის შემდეგ ასუს იძლეოდა. ნორმალურად დამწიფებული ყურძნის წვენთან ერთად იმავე "პასტის" მეორე გამოწურვიდან უფრო დაბალი ხარისხის ღვინო გამოდიოდა, რომელსაც მაშლაში (Maslas) ეწოდებოდა. ამ ორ ღვინოს შორის იყო ხარისხით არც ისე მკაფიოდ გამოხატული ღვინო ფორდიტაში (Forditas). საიმპერიო ტოკაური (მას "სუფრის" ღვინო ეწოდებოდა, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, რომელ საჭმელთან შეიძლებოდა მისი გამოყენება), რომელსაც ვენაში იმპერატორები სვამდნენ, ცოტაოდენ Eszencia-სთან შერეულ ასუს წარმოადგენდა.
დღეს ღვინის მდიდარი ხასიათი რეგულირდება ფორმულით. იგი განსაზღვრავს ასუს კონცენტრირებული ტკბილის წილის დადგენილ რაოდენობას (ხელკასრები, რომელთაც ეწოდება პუტონიოში/puttonyos), რომელიც ცვლის "ნორმალური" წვენით სავსე კასრს. ხელკასრების მაქსიმალური რაოდენობაა ექვსი, შედეგად კი მიიღება ინტენსიურად ტკბილი ღვინო დაძველების თითქმის უპრეცედენტო პოტენციალით. საიმპერიო სტილის ღვინო ძალზე მცირე რაოდენობით ჯერ კიდევ იყიდება "Aszú Eszencia-ს" იარლიყით.
განსაკუთრებით ხელსაყრელ წლებში ასუსთვის გვიან დაკრეფილი ყურძნის მთელ მოსავალს "კეთილშობილური სიმყაყე (ობი)" დაჰკრავს. მდინარეების, ბოდროგისა და ტისის შესართავთან ბორცვების განლაგება ხელს უწყობს შემოდგომის ნისლს - იმავე შედეგით გარონა და პატარა მდინარე სირონი ანაწილებენ ნოტიო ჰაერს სოტერნსა და ბარსაკზე. სხვა წლებში, როდესაც შემოდგომა მზიანია და უნისლო, ყურძენი უკეთ შრება და ნაკლებად ლპება; ესენცია ნაკლებია, ასუს კი ისეთი ტკბილი გემო არა აქვს.
მთელი XVIII საუკუნის განმავლობაში ტოკაურისადმი სიყვარულის ცენტრი იყო ვარშავა. ფუკეს ცნობილ სავაჭრო სახლს, როგორც მტკიცდება, 1606 წლიდან ყოველი მოსავლისთვის ცალკე სარდაფი ჰქონდა, ბოთლებს ინახავდნენ ვერტიკალურ მდგომარეობაში და საცობებს ყოველ ექვს წელიწადში ერთხელ უცვლიდნენ. ტოკაიზე ყოველთვის დიდი მოთხოვნილება იყო, მიუხედავად ჰაბსბურგების ეჭვიანობისა, რომელთაც გამოსცეს ბრძანება, რომ ქვეყნიდან გატანილი თითოეული კასრი კეთილშობილი უნგრული ღვინოსთან ერთად, საზღვრებს გარეთ უნდა გაყიდულიყო ასევე ერთი კასრი საკმაოდ უხალისო და მოსაწყენი ავსტრიული ღვინო.
მაგრამ ეს მხოლოდ ეპიზოდებია, სინამდვილეში კი ტოკაი ისტორიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. სხვა ღვინო შეიძლება თავისით გაჩენილიყო, თუკი მას ასეთი უნიკალური ბუნებრივი პირობები და კეთილშობილი მფარველის დახმარება ხვდებოდა წილად. მაგრამ ესოდენ გასაოცარ ღვინოს შეეძლო გამოეწვია პოლიტიკური შედეგები. და მთელი ქვეყანა, უფრო ზუსტად კი - ყოველი მიწიერი აატალახებდა მისი მარნის კართან მისასვლელ ბილიკს. ტყუილუბრალოდ არ დაუდგამთ საფრანგეთის ღვინის ბარონებს უნგრული ვაზისთვის თვალი და, არც ისაა შემთხვევითი, რომ ახლა ისინი ადგილობრივი ვენახების თუნდაც ნაწილის შესყიდვას ცდილობენ.
© „მარანი“
თქვენი კომენტარი