Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბოჟოლე ნუვო: მართალი ღვინო წოდებრივ საზღვრებს არ სცნობს

თითქმის გავიდა ეს წელიც და ნოემბრის მესამე ხუთშაბათიც - დღე, როდესაც მთელ მსოფლიოში ერთი პატარა, სრულებით უწყინარი სიგიჟე ხდება, რომლის მიზეზიც - ბოჟოლე ნუვოა. ზუსტად შუა ღამეს, პლანეტის სხვადასხვა კუთხიდან სპეციალურად შეკრებილი ხალხი სადღესასწაულოდ ხსნის ახალგაზრდა ღვინით სავსე კასრებს შეძახილებით «le beaujolais nouveau est arrive!» - „ბოჟოლე ნუვო მოვიდა!“ - და დღესასწაულიც იწყება... 
ბოჟოლე ნუვოს პოპულარობის საიდუმლო მის უბრალოებაშია. ეს ღვინო ყველასთვის ადვილი „გასაგებია“, რადგან არ მოითხოვს არც სპეციალურ ცოდნას, არც სოლიდურ სადეგუსტაციო გამოცდილებას და არც სქელ საფულეს. ცნობილი ბურგუნდიული და ბორდოული გრან კრუებისგან განსხვებით, ეს სასმელი ყველასთვისაა და ყოველდღიურია პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით. ის თანამედროვე ადამიანს იმ იშვიათ ფუფუნებას სთავაზობს, რასაც თვითგამოხატვის შესაძლებლობა ჰქვია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ  ბოჟოლე ნუვოს პრინციპია - გამოხატო საკუთარი თავი: უბრალოდ დალიო ღვინო, ისე, რომ არ განასახიერებდე არც ყეყეჩ სნობს, არც ვინმე ესთეტს და არც მილიონერს.
 
ღვინის მეტრი
 
ამ, როგორც ფრანგები იტყვიან, „მხიარული და თავხედი ღვინის“ დღესასწაულის ტრადიცია საკმაოდ ძველია - ის სათავეს მეცხრამეტე საუკუნეში იღებს. იგი  მეორე მსოფლიო ომის დროს შეწყდა, მაშინ როცა გერმანელებმა მეღვინეებზე ძალიან მაღალი გადასახადები დააწესეს, და მხოლოდ 1985 წელს განახლდა. ამ დღესასწაულმა, კომერციულთან ერთად, ეროვნული დღესასწაულის მნიშვნელობაც შეიძინა. ბოჟოლეს პროვინციის გარდა, საფრანგეთში ამ ახალგაზრდა ღვინის დაყენებას ლიონშიც ზეიმობდნენ, სადაც კონცერტებითა და ფეიერვერკებით აღინიშნებოდა ახალი მოსავალი. მას შემდეგ კი, ფესტივალის საზღვრები ზღაპრული მასშტაბით გაიზარდა და დღეს  ბოჟოლე ნუვოს დღესასწაულს უკვე 120 ქვეყანაში აღნიშნავენ.
ბოჟოლე ნუვო ახალგაზრდა, სულ რაღაც ექვსი კვირის ფრანგული ღვინოა, რომელსაც მკვეთრი ხილის, ძირითადად წითელი კენკრის (მოცხარი, ჟოლო) და ალუბლის არომატები და ფერი აქვს. მას ერთი უცნაურობა ახასიათებს - ბაზარზე იგი ფერმენტაციის დასრულებისთანავე ჩნდება. ბოჟოლე ნუვო ბურგუნდიული და ბორდოული ღვინოებისგან განსხვავებით,  დიდხანს არ ინახება,  ალბათ ამიტომაცაა, რომ იგი ძალიან მალე ვარგდება და საუკეთესო თვისებები სწორედ სიცოცხლის საწყის ფაზაში აქვს. რის გამოც, ბოჟოლეს რეგიონის მეღვინეებმა, სასმელი რომ არ გაფუჭებოდათ, გადაწყვიტეს, სწორედ შემოდგომის ბოლო თვის მესამე ხუთშაბათს დაეწესებინათ ამ ღვინის დღესასწაული.
 ფრანგები ყოველ წელს თხუთმეტ მილიონ ბოთლამდე ბოჟოლეს უშვებენ ექსპორტზე, რომელთაგან დიდ ნაწილს აზიური ქვეყნები იძენენ. ბოჟოლეს მოსავლის ნახევარზე მეტს კი თავად ფრანგები სვამენ. 
ნიადაგის არნახულმა მრავალფეროვნებამ შესაძლებელი გახადა ათი თვითმყოფადი რაიონის გამოყოფა, რომლებიც ძალზედ განსხვავებულ ღვინოებს აწარმოებენ. ესენია: ე.წ. crus du Beaujolais — Brouilly, Cote de Brouilly, Chenas, Chiroubles, Fleurie, Julienas, Morgon, Moulin a vent, Regnie, Saint-Amour. ბოჟოლეს ვენახების საერთო ფართობი 22 500 ჰექტარია. ღვინის წარმოების საშუალო წლიური მოცულობა - 180 მლნ. ბოთლი. წარმოების 99% გამეზე მოდის. რეგიონი 12 აპელასიონსა და 3619 მეღვინეობის რეგიონს მოიცავს. ამათგან ყველაზე დიდია ბრუიი (1316ჰა), ყველაზე პატარა - შენა (280 ჰა). ყველაზე ძვირადღირებული ღვინოები АОС ფლერიში იწარმოება. მათი საშუალო ღირებულება 7 ევრომდეა. თეთრი ღვინოები მხოლოდ АОС ბოჟოლე ბლანში მზადდება, ვარდისფერი - ბოჟოლესა და ბოჟოლე ვილაჟში. 
ბოჟოლეს რეგიონში გამეს ჯიშის ყურძენი ადრეული დროიდან ხარობდა. მას კრეფდნენ და ლიონში მიჰქონდათ. აი, სწორედ ტრანსპორტირების დროს ხდებოდა ჯადოქრობა - მარცვლები ყველაზე ფრთხილ ტრანსპორტირებასაც კი ვერ უძლებდა და სკდებოდა, იჭყლიტებოდა, გამოსული წვენი კი გზაშვე იწყებდა დუღილს და როცა ყურძენი სასურველ პუნქტს მიაღწევდა, კონტეინერში და კასრებში უკვე გზაში ნაჯადოქრალი ნახევრადყურძენი და ნახევრად  დავარგებული ახალგაზრდა ღვინო იყო. ბოჟოლე ნუვოს ეს თავისებური ხასიათი ნიადაგს უკავშირდება, რომელზეც ხარობს „გამე“ - თეთრწვნიანი შავი ჯიშის ყურძენი.  სულ რამდენიმედღიანმა ღვინის დაყენებამ შეიძლება ხილის არომატების მაქსიმუმი მოგვცეს, ყოველგვარი სიმწკლარტის  გარეშე. ფერმენტაციის დროს ღვინოს სირბილე ემატება, მჟავიანობა კი იკლებს. როგორც ღვინოების უმრავლესობას, ბოჟოლე ნუვოსაც მეორადი ფერმენტაცია  საშუალებას აძლევს სტაბილურობას მოსავლის აღებიდან ერთი თვის განმავლობაში მიაღწიოს. მას შემდეგ ტექნოლოგია რამდენადმე დაიხვეწა, მაგრამ მთავარი პრინციპი უცვლელი დარჩა - ნაჟურის ნახშრმჟავული მაცერაცია, რომელიც მცირე ცისტერნებში 5-6 დღის განმავლობაში მიმდინარეობს. ზოგჯერ, პროცესის დასაჩქარებლად ჭურჭელში ნახშირმჟავას გაზსაც ამატებენ. შემდგომ ყურძენს წურავენ და ტკბილს ერთთვიანი დუღილისთვის ტოვებენ. და აი, ამგვარად, დაახლოებით ექვსი კვირის შემდგომ, ქვეყანას ძალიან უბრალო, მსუბუქი და დაბალტანინიანი ღვინო ევლინება. ბოჟოლე ნუვოს მკვეთრი გემო მისი წარმოების განსაკუთრებულობით იხსნება. ღვინის ჭაჭაზე დავარგების ფაზები ხომ სულ რაღაც რამდენიმე საათს ითვლის, მაგრამ, მაგალითად, თუ მას დათქმული დროდან სამი საათით ადრე ავიღებთ, მაშინ ღვინის სხეული ზედმეტად მსუბუქი იქნება, ხოლო სამი საათით დაგვიანების შემთხვევაში ეს ახალგაზრდა ღვინო შესაძლოა ძალიან მწკლარტე გამოვიდეს. 
 
ღვინო საზღვრების გარეშე
 
გასული საუკუნის 80-იან წლებამდე ბოჟოლე ნუვოს დღესასწაული გამორჩეულად ფრანგული ღვინის დღესასწაულად ითვლებოდა. ბოლო ათწლეულია, რაც  იგი ნამდვილ გლობალურ მოვლენად იქცა.  დღეს უკვე ყოველწლიურად დაახლ. 45 მილიონი ბოთლი ბოჟოლე ნუვოს ორას ქვეყანაში მიირთმევენ და თანაც, ბოჟოლემანიის ორბიტაზე ყოველ წელს ახალი სახელმწიფო ხვდება. გამაოგნებელი შედეგია! ეს მით უფრო საკვირველია, რადგან, შედეგი ფაქტობრივად ყოველგვარი  სერიოზული ფინანსური მხარდაჭერის გარეშე მოვიდა. თუმცაღა ამ წარმატებას ერთადერთი გონივრული ახსნა აქვს - ეს ბოჟოლეს მეღვინეების უდიდესი მოტივაცია და საკმაოდ მარტივი წარმატების ფორმულაა, რომელიც სასმელის კასტური კარჩაკეტილობის წინააღმდეგ არის მიმართული. ასე რომ, თანამედროვე სამყაროში, სადაც დემოკრატიის მიუხედავად, ფეოდალური წესრიგი მაინც უცვლელია, წოდებრივი საზღვრების გარეშე არსებული ღვინის იდეა ძალიან მისაღები აღმოჩნდა.
 
ყოველი შემთხვევისთვის
 
ბოჟოლე ნუვოს სამართლიანად თვლიან უნივერსალურ ღვინოდ, რომელსაც არ სჭირდება არც სპეციალური ჭურჭელი, არც განსაკუთრებული პირობები, არც მკაცრი გასტრონომიული რიტუალები. ამ სასმელთან მიმართებაში მხოლოდ ერთი წესი მოქმედებს - საკვები უნდა იყოს ისეთივე დემოკრატიული, როგორიც თავად ღვინოა. რაც უფრო მარტივადაა იგი მომზადებული, მით უკეთესია. მაგალითად, ახალგაზრდა ბოჟოლე საუცხოოდ ეხამება ლაბას, ხორციან ხემსებს, ისეთებს, როგორიცაა პირშუშხათი შეზავებული მოხარშული ენა, შებოლილი ან სისხლიანი ძეხვი, პაშტეტები, ტერინი და ა.შ. დაბალი ტანინიანობის გამო ღვინო არც კვერცხიან საკვებთან დაიკრავს მწარე გემოს. მისი კენკროვანი არომატი სასიამოვნოდ უსვამს ხაზს ნანადირევის გემოსაც. ასე რომ, ის თამამად შეგიძლიათ მიირთვათ ერბოკვერცხთან, ომლეტთან და ჩაშუშულ კურდღელთანაც კი. ბოჟოლე ნუვოს თამამად შეგვიძლია გავუწიოთ რეკომენდაცია ბოლონეზეს პასტასთან ან სულაც  ჩვეულებრივ მაკარონთან, წიწიბურას სოკოებით შეზავებულ ფაფასთან თუ ხორციან ღვეზელთან. ერთადერთი, რის გაკეთებასაც არ გირჩევთ, ბოჟოლეს ყველთან შეუღლებაა, განსაკუთრებით კი დავარგებულებთან. 
 
მოამზადა სოფიკო კვანტალიანმა
 
© ღვინის კლუბი/Weekend


დიდი ხანია რაც ვიცნობ ბოჟელე-ს... საზიზღარი ღვინოა!!! არ ვიცი საფრანგეთში რა ხდება, მაგრამ მის გარეთ ნამდვილად წაუსნობებენ ბოჟელემანები(აქაოდა ფრანგულია და ჩვენც ვეზიარბით ამ ”დონეს” - დაახლოებით ასეთი დამოკიდებულება არის)! მე მის ფრანგულ წარმომავლობაზე აგებული მარკეტინგი მგონია მისი წარმატების მიზეზი ვიდრე დემოკრატიული ღირებულებები. ისეთი საზიზღარი ღვინოა ადამიანობას შეგაზიზღებს !


რა ერქვა იმ ბოჟოლეს თქვენ რომ ადამიანობა შეგაზიზღათ?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული