Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება ბიომევენახეობაში

იაგო ბიტარიშვილი 

საქართველოს ინტენსიური მევენახეობის რაიონებში, უკანასკნელი 25-30 წლის მანძილზე მკვეთრად გაუარესდა ეკოლოგიური სიტუაცია. ქიმიური სასუქებისა და პესტიციდების უკონტროლო მოხმარებამ, მძიმე მექანიზაციის ინტენსიურმა გამოყენებამ, ნიადაგის ინტენსიურმა დამუშავებამ და სხვა ფაქტორებმა განაპირობა ნიადაგის ფიზიკურ-ბიოლოგიური დეგრადაცია და გარემოს დაბინძურება სპილენძის, ტყვიის, თუთიისა და კადმიუმის ნაერთებით.

ამასთან ცნობილია, რომ მონოკულტურა მოსავლიანობას 25-30%-ით ამცირებს, ხოლო ჰუმუსის მოძრავი ფორმების შემცველობას - 40-50%-ით. დღეისათვის მდგომარეობა არასახარბიელოა: ვენახის ნიადაგის სტრუქტურა დარღვეულია, დაქვეითებულია ჰუმუსისა და საკვებ ნივთიერებათა შემცველობა, წარმოქმნილია სახნავი ფენის ქვედა გამკვრივებული ფენა, გაუარესებულია ნიადაგის თვისებები - წყალგამტარობა, ტენიანობა, აერაცია და სხვა. ასეთ დეგრადირებულ, "გადაღლილ" ნიადაგებზე გაშენებულ ვენახში მოსავლიანობა 30-35%-ით ეცემა.

რა უნდა გაკეთდეს ასეთ სიტუაციაში? თითქმის ბოლო პერიოდამდე მოქმედი პრინციპი - "რაც მეტი, მით უკეთესი" დღეს აღარ გამოდგება: ხშირია შემთხვევები, როცა აზოტოვანი და ქიმიური სასუქების მაღალი დოზით გამოყენების ხარჯზე გაზრდილი მოსავლიანობის ფონზე ეცემა ყურძნისა და ღვინის ხარისხი, და პირიქით, აზოტოვანი სასუქების რაოდენობის შემცირება (90-100 კმ/ჰა-დან 40-50 კგ/ჰა-მდე), ყურძნის შაქრიანობის 0,5-1,5%-ით მატებას იწვევს. ეს ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ მევენახეობაში, და ზოგადად სოფლის მეურნეობაში, საჭიროა ახლებური მიდგომების დანერგვა.

ჩვენი სტატიის მიზანი არ გახლავთ მევენახეობაში არსებული პრობლემების მთელი სპექტრის განხილვა, შევეხებით მხოლოდ ერთ საკითხს, კერძოდ - ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნებას. ვენახში ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნების ბიომეთოდებიდან აღსანიშნავია: ნიადაგის მთლიანი ან რიგგამოშვებით დაკორდება. მწკრივთაშორისებში ბალახნარევისა და პარკოსნების შეთესვა, მულჩირება, სიდერაცია და სხვა.

ბოლო ხანებში, ეკოლოგიურ მევენახეობაში, ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნების მიზნით, სულ უფრო ხშირად იყენებენ ორგანული ნარჩენებისაგან დამზადებულ კომპოსტს, ნაკელს, ნასხლავს, დაქუცმაცებულ ლერწს, ყურძნის ჭაჭას. კომპოსტის გამოყენების მთავარი ეფექტი გამოიხატება ნიადაგის ჰუმუსით გამდიდრებაში. ცნობილია, რომ ნიადაგში ჰუმუსით გაღარიბება რეგულარულად მიმდინარეობს. კომპოსტი კი შეიცავს მცენარისათვის აუცილებელ ყველა მაკრო- და მიკროელემენტს. მჟავე ნიადაგებისთვის დასაშვებია ბუნებაში არსებული მინერალური წარმოშობის სასუქების გამოყენება (გრანიტის, კაჟის) კალციუმის შემცველი სასუქებიდან დასაშვებია დოლომიტი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს მიკროელემენტებს.

რაც შეეხება ვენახის მწკრივთა შორის ბალახნარევისა და პარკოსნების შეთესვას, ამ მეთოდის ღირსებები ნაკლებადაა ცნობილი და ჩვენთან საერთოდ არ მიმართავენ. ამიტომ უფრო დაწვრილებით შევეხებით მას. მწკრივთა შორის ბალახნარევისა და პარკოსნების შეთესვის უმთავრესი დანიშნულება ნიადაგის ორგანული ნივთიერებებითა და აზოტით გამდიდრებაა. აზოტფიქსატორი მცენარეები (პარკოსნები) ფესვებზე არსებული კოჟრის ბაქტერიების მეშვეობით ჰაერის აზოტს აფიქსირებენ და მცენარისათვის შესათვისებელ ფორმად გარდაქმნიან. მწვანე საფარი ამდიდრებს ნიადაგს ორგანული ნივთიერებებით, აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას, მიკროფლორასა და ტენიანობას, ამცირებს ეროზიას. ნიადაგში ზედაპირული ჩახვნისას, მიკროორგანიზმებისა და ბაქტერიების ზემოქმედების შედეგად, მწვანე მასა იშლება და ჰუმუსით ამდიდრებს ნიადაგს. ვენახში ნიადაგის გაკორდება შესაძლებელია რიგგამოშვებით, ანუ პირველად ბალახნარევი ითესება კენტ (ან ლუწ) რიგთაშორისებში, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ (4-6 წელი) გაკორდებული რიგები იხვნება, რის შემდეგაც მეზობელი რიგთაშორისების გაკორდება ხდება.

არჩევენ ორი სახის გაკორდებას:

◆ ბუნებრივს, როცა ვენახში თავისუფლად იზრდება ყველანაირი მცენარე

◆ ნათესბალახოვან კორდს, როდესაც წინასწარ შერჩეული თანაფარდობით ითესება პარკოსანი და მარცვლოვანი ბალახების სპეციალურად შერჩეული სახეობები და ჯიშები.

მოსაზრება, თითქოს ვენახში ნიადაგის გაკორდება მცენარეს ასუსტებს და მოსავალს კი ამცირებს, არასწორია. მევენახობა-მეღვინეობის დარგში ჩატარებული სამეცნიერო ცდების თანახმად, ნიადაგის გაკორდებას 8 წლის მანძილზე ვენახის ეკონომიური მაჩვენებლების გაუარესება არ გამოუწვევია, მოსავლიანობა მხოლოდ ბოლო 2 წლის განმავლობაში შემცირდა. ამასთან აღინიშნა ყურძნის შაქრიანობის მატება, რაც შეეხება ნიადაგის ნაყოფიერებას, აღსანიშნავია, რომ ჰუმუსის შემცველობამ, შემცირების ნაცვლად, მოიმატა და მიკროფლორა გააქტიურდა. კორდის მოხვნის შემდეგ ნიადაგის ფიზიკური თვისებები გაუმჯობესდა, ნაზარდის მასა და მოსავლიანობა გაიზარდა. ყოველი სიახლის დანერგვას, როგორც წესი, სიძნელეები ახლავს. როგორც უკვე ითქვა, ნიადაგის გაკორდების მეთოდს ჩვენში არ იყენებენ. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ "შეჩვეული ჭირის" ფსიქოლოგიის დაძლევა და მეურნეობაში სასარგებლო სიახლეების თამამად დანერგვა ბიომეურნეობის, კერძოდ ბიომევენახეობის, განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა.

 © “ბიომეურნე”

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული