ქეთო ნინიძე
გიორგი (გოგი) დაქიშვილი ოცი წელია, მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში მუშაობს. დღეს ის „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ მთავარი მეღვინეა.
სამი შვილის მამაა და როცა ვეკითხები მათი ოჯახური მეღვინეობის სამომავლო გეგმების შესახებ, ძალიან მშვიდად და დამაჯერებლად მპასუხობს, რომ მისი დიდი სურვილის მიუხედავად, აღეზარდა მომავალი მეღვინეები, არასდროს ჩარეულა და არც აპირებს, ჩაერიოს შვილების გადაწყვეტილებებში.
თუმცა, როგორც ჩანს, გოგის ლიბერალურმა დამოკიდებულებამ და მისმა პერსონალურმა მაგალითმა უფრო კარგად იმუშავა და უფროსმა შვილმა, თემურ დაქიშვილმა თავისი ცხოვრება - განათლებითა და საქმიანობით - ღვინოს დაუკავშირა. მან შექმნა საინტერესო ბრენდი „Vita Vinea“. ამაზე - მოგვიანებით, ცალკე ვისაუბროთ.
როდესაც ოჯახურ ტრადიციებზე ვსაუბრობ, გოგის გარდა, ცხადია, მოვიაზრებ მის ვაჟს, თემურს, უკვე დამოუკიდებელ მეღვინეს და გოგის მეუღლეს, ილონა დაქიშვილს. მათ ოჯახს კი, თავის მხრივ, ახლო და შორეული წინაპრების უწყვეტი ტრადიცია უდევს საფუძვლად.
გოგის მამა, თემურ დაქიშვილი ქისტი იყო წარმოშობით, პანკისიდან, სოფ. ჯოყოლოდან. აღმსარებლობით - ქრისტიანი. მამაც მეღვინე იყო და მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოესწრო შვილის მოღვაწეობას ამ სფეროში, ადრეული წლებიდანვე დიდი როლი ითამაშა მისი ხედვების ჩამოყალიბებაში. პაპა, სიმონ დაქიშვილი, ჯოყოლოს ეკლესიის მღვდელი, წითელი რეპრესიების დროს დახვრიტეს. დედის მამა, მევენახე და მეღვინე, არჩილ ჭუაძე, ახმეტაში ცხოვრობდა. მას მე-20 საუკუნის 30-იან წლებში გაშენებული ვენახი ჰქონდა და აქ მოწევნილი ყურძნით აყენებდა ღვინოს თავის უძველეს მარანში, სადაც მე-18 საუკუნის ქვევრები იყო დარგული. გოგის დღემდე ცხადად ახსოვს ბავშვობის პერიოდის ყველა რთველი, როგორც დიდი ზეიმი. 5-6 წლის ასაკში მოხდა მისი „ინიციაცია“, როცა პაპამ პირველად დააწურინა საწნახელში ყურძენი. ამის შემდეგ ის რთველსა და მაჭრის გადაღების პროცესში მონაწილეობდა, როგორც პროცესის ჩვეულებრივი, სრულფასოვანი წევრი. ამ დღეების სურნელი და არომატები კი ღრმად და საფუძვლიანად დაილექა მის მეხსიერებაში.
გოგის დამთავრებული აქვს ლომონოსოვის სახელობის კვების მრეწველობის ინსტიტუტის ენოლოგიის ფაკულტეტი უკრაინაში, ქ. ოდესაში. აქ მან ისეთი ენოლოგის სკოლა გაიარა, როგორიც იყო პროფესორი რუსაკოვი, საბჭოთა კავშირში განთქმული გერასიმოვის მოწაფე. რუსაკოვის დეგუსტაციებს გოგი იხსენებს, როგორც არტისტულ პროცესს, მასტერკლასსა და სანახაობას, რომელსაც არამხოლოდ ენოლოგები, არამედ - სხვა სპეციალობის სტუდენტებიც ესწრებოდნენ. რუსაკოვი იყო გიჟი დეგუსტატორი, ვისაც შეეძლო ღვინის არომატების მიხედვით საოცარი ნიუანსების ამოცნობა, მაგალითად, რა ეტაპები ჰქონდა გავლილი ყურძენს ვენახში, როდის მოუწია წვიმამ და მსგავსი მისნობები.
უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ გოგიმ განაგრძო ისეთივე მიზანმიმართული შრომა, როგორც - მანამდე, ბავშვობაში. პატარაობაში ის ქიმიას და ბიოლოგიას განსაკუთრებული ენთუზიაზმით სწავლობდა, რომ მეღვინე გამხდარიყო. ასევე მიზანმიმართულად მან 1995 წელს თელიანის სახელმწიფო ღვინის საწარმოში მუშად დაიწყო მუშაობა. მალევე დაწინაურდა - ერთი წლის შემდეგ გახდა მუშა-ბრიგადირი, წლის ბოლოს კი - უკვე - მეღვინე ტექნოლოგი. ამ პერიოდში მისმა მეგობრებმა დააარსეს კომპანია „თელიანი ველი“, სადაც 1997 წელს მიიწვიეს და 2009-მდე მუშაობდა.
2000 წელს აშშ-ში, ქალაქ დევისში, კალიფორნიის უნივერსიტეტში გაიარა საფუძვლიანი ტრენინგები, სადაც გაეცნო თანამედროვე მეღვინეობის უახლეს ტრენდებს. ეს სწორედ ის ეტაპია საქართველოში, როცა მრეწველობის სხვადასხვა დარგები, მათ შორის მეღვინეობა, 90-იანი წლების კრიზისული პერიოდიდან ცდილობს „გამოძვრომას“ და თანამედროვე მრეწველობისათვის ფეხის აწყობას.
გოგი დაქიშვილს სხვადასხვა დროს უმუშავია ღვინის სხვადასხვა კომპანიებში - „თელიანი“, „თელიანი ველი“, „წინანდალი“, „მილდიანი“, „ვინოტერა“. „შუხმან ვაინს ჯორჯიაში“ ის დაარსების დღიდან, 2008 წლიდან მუშაობს მთავარ მეღვინედ და საკუთარ გამოცდილებას, რაც მოგზაურობებისა და მსოფლიო ღვინის კერების ტრადიციებთან მიახლოების შედეგად დაუგროვდა, ფრთხილად და მოზომილად ცდის საკუთარ პრაქტიკაში. თუმცა, როდესაც ენოლოგიის თანამედროვე მიდგომებისადმი მისი დამოკიდებულების შესახებ ვეკითხები, ამბობს, რომ ეს ყველაფერი ქართული მეღვინეობის ტრადიციისათვის „კარგად დავიწყებული ძველია“. ეს, რაც შეეხება, ღვინის წარმოების ტექნოლოგიას. გარდა ამისა, ცხადია, არსებობს შავი ხვრელებიც, მაგალითად, მარკეტინგი, სადაც ქართული ღვინის წარმოება მეტად განვითარებას, საერთაშორისო პრაქტიკებთან დაახლოებას საჭიროებს, არა პირდაპირი კალკირების ფორმით, არამედ - ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით.
და აი, მივადექით ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს - ქვევრის ღვინო, რასაც ის უყურებს, როგორც ელიტურ პროდუქტს - ვიწრო, მაღალ სეგმენტზე ორიენტირებულ ღვინოს, რომელიც არასდროს გაუყადრებს თავს სუპერმარკეტის ვიტრინებს. ქვევრის ღვინო არც რაოდენობრივად და არც თვისებრივად არ პასუხობს მასობრივ გემოვნებას. მეღვინეს ის ფაქტი ახარებს, რომ მსოფლიოში ჩამოყალიბდა ქვევრის ღვინის გულშემატკივართა გარკვეული წრე, საიდანაც საერთაშორისო ღონისძიებებზე ყოველი ახალი ვინტაჟის ღვინოებს ყოველწლიურად ელოდებიან, გამოთქვამენ მოსაზრებებს მათ შესახებ, ინიშნავენ გემოვნურ თავისებურებებს, მოკლედ, პროცესს აკვირდებიან.
გოგის ამოცანაა, უპასუხოს სხვადასხვა გემოვნების მოთხოვნას - შინ და გარეთ, ამიტომ ქმნის მრავალსახოვან სტილს - ქვევრის სხეულიანი და ინტენსიური ღვინოებიდან - მსუბუქ ევროპულ თეთრებამდე. თუმცა, მისი დიდი გატაცება, როგორც აღვნიშნეთ, ქვევრია. ის ერთადერთი მეღვინეა საქართველოში, ვინც გარისკა და ქვევრის წარმოებას განსაკუთრებული მასშტაბები შესძინა. დღეისათვის ის აწარმოებს 150 000 ლ-მდე ქვევრის ღვინოს - რქაწითელს, მწვანეს, ქისსა და წითლებიდან - რა თქმა უნდა, საფერავს.
გოგი დაქიშვილის მთავარი ფოკუსი, საბაზისო პრინციპია ის, რომ ღვინის წარმოება ვენახიდან იწყება. მისი თქმით, მაღალი ხარისხის ყურძენი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ღვინის წარმოების პროცესს ნაკლები ჩარევა დასჭირდეს, უშუალოდ, საწარმოში. დღეს ყველა განვითარებული ქვეყნის მეღვინეობა ამ პოზიციაზე დგას, რომ ღვინის ხარისხი 80 %-ით ყურძნისაზეა დამოკიდებული. ამიტომ ის საჭიროდ თვლის, რომ თითოეულ მწარმოებელს ყურძნის ნედლეულის საკუთარი მიწოდება ჰქონდეს, თავად იყოს ყურძნის დამწიფების პროცესის დამკვირვებელი და მოსავლის აღების პროცესში - გადაწყვეტილების მიმღები. ის ვენახში არასდროს იყენებს ჰერბიციდებს და მაქსიმალურად ცდილობს, აარიდოს თავი სისტემურ პრეპარატებს. გოგი დაქიშვილი არ არის მეღვინე, ინსტრუქტორი, ვინც საწარმოს კედლებს არ გასცდება. ის მნიშვნელოვან დროს ატარებს ვენახშიც. აკვირდება ვაზის განვითარებას, უშუალოდ მეთვალყურეობს მუშების საქმიანობას, რასაც, დამეთანხმებით, დიდი ნებისყოფა სჭირდება ასეთი მასშტაბის წარმოების შემთხვევაში.
გოგი თავისი ოჯახით თელავში ცხოვრობს და თავისუფალ დროს, როცა სამსახურში არ არის, საკუთარ ვენახში მუშაობს თემურთან ერთად. მამისა და უფროსი ძმის საქმიანობაში ჩართულია მისი უმცროსი ვაჟი, დავითი, რომელიც დიდი სიხარულით ეგებება მათ დავალებებს - ეხმარება მცირე ქვევრების დარეცხვაში, მარანსა და ვენახში.
ეს მართლაც, საინტერესო პორტრეტია, სადაც ერთმანეთს ხვდება ტრადიცია და ახალი პრაქტიკები, ნატურალური ესთეტიკა და მეცნიერული წესრიგი. ამ შემთხვევაში ღვინო ადამიანისთვის უაღრესად საპატიო საქმეცაა, ტრადიციების გაგრძელებაც და სულიერი ეკოლოგიის ნაწილიც.
© ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
თქვენი კომენტარი