Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართლის 2011–2022 მოსავლის წლების მიმოხილვა

მალხაზ ხარბედია, ლევან სეფისკვერაძე

2011

ამ წელს ქართლში ზამთარი ზომიერად ცივი და უნალექო იყო, გაზაფხული და ზაფხული კი ყველაზე წვიმიანი და ცივი გამოდგა ბოლო წლების მანძილზე. ყურძენი გვიან დამწიფდა, რთველი აქტიურ ფაზაში, ოქტომბრის დასაწყისში, ოქტომბრის შუა რიცხვებში შევიდა. შედარებით გვიანი რთველის შედეგად ზოგიერთმა ძალიან ძლიერი, 14%–იანი ღვინოც კი მიიღო.           

2012

ამ წელს ერთ–ერთი ყველაზე ცივი ზამთარი გამოიარა ქართლმა. გაზაფხული ზომიერად ნალექიანი, ხოლო ზაფხული საკმაოდ ცხელი იყო. თავიდანვე გამოჩნდა, რომ მოსავალი გაცილებით ადრე დამწიფდებოდა. აგვისტოში ყურძენი უკვე სიმწიფეში შევიდა, ყოველ შემთხვევაში, ვიზუალურად. საბოლოო კონდიციას ქართლის ყურძენმა სექტემბრის ბოლოს მიაღწია.

2013

ზამთარი ზომიერად ცივი, მაგრამ უნალექო იყო. ზამთრის განმავლობაში უთოვლობა ნიადაგის გამოშრობას იწვევს, რაც ქართლში ხშირ შემთხვევაში ვენახების გახმობის მიზეზიც კი ხდება ხოლმე. გაზაფხული საკმაოდ გრილი იყო, ისევე, როგორც ზაფხული. ბევრ მევენახეს არც ახსოვს ქართლში ასეთი გრილი ზაფხული. არც დაავადებების მხრივ იყო პრობლემური წელიწადი და არც სეტყვა მოსულა. გრილი ზაფხულიდან გამომდინარე მევენახეები ვარაუდობდნენ, რომ რთველი ჩვეულებრივზე გვიან დაიწყებოდა, მაგრამ ტრადიციულად - სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში ჩატარდა რთველი. ყურძნის შაქრიანობა გასულ წელთან შედარებით ნაკლები იყო, მოსავლიანობის მხრივ კი 2013 წელი ერთ-ერთი ყველაზე უხვმოსავლიანი წელიწადი იყო ბოლო დროის მანძილზე.

2014

ამ წელს ქართლში ზამთარი მცირეთოვლიანი ან სულაც უთოვლო იყო. გაზაფხული ნალექიანი გამოდგა, შიდა ქართლში, მარტ–აპრილში თითქმის ყოველდღიურად წვიმდა მთელი ერთი თვის განმავლობაში, რამაც საკმაოდ კარგი წინაპირობა შექმნა დაავადებების განვითარებისთვის. ეს განსაკუთრებით ბიო–მევენახეეებისთვის იქცა პრობლემად. ვინც დიდ ყურადღებას არ უთმობდა ვენახის მოვლას და დროულად არ ატარებდა პროფილაქტიკურ ღონისძიებებს, საგრძნობლად დაზარალდნენ. გვალვები ივნისის ბოლოდან სექტემბრამდე გაგრძელდა, თუმცა, როგორც ჩანს, გაზაფხულზე მოსული დიდი ნალექის ხარჯზე, ვენახები ისე ძლიერად არ დაიგვალა, როგორც კახეთში. შაქრიანობა ყურძენს შედარებით დაბალი ჰქონდა, მიუხედავად სიცხეებისა, მჟავიანობა კი მაღალი. შემოდგომა ძალიან ცივი იყო. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ადგილობრივი მევენახეები 2014 წელს ერთ–ერთ ყველაზე უცნაურ წლად მიიჩნევენ უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე.

2015

ერთ–ერთი საუკეთესო წელი გამოდგა, თუმცა უცნაურობები ამ წელსაც საკმაოდ იყო. გაზაფხული, როგორც წესი, ადრე მოვიდა, კვირტი ადრე გაიშალა, თუმცა ამას რთველის ვადაზე არ უმოქმედია (ადრე არ დაწყებულა). წვიმიანი იყო გაზაფხული ქვემო ქართლში, მაის–ივნისში კი რამდენჯერმე დაისეტყვა ვენახები და ძლიერმა ქარიშხალმაც დააზიანა ზოგიერთი სოფელი. ქართლში ზაფხული ძალიან ცხელი და მშრალი იყო, თითქმის უნალექო. ცხელი ზაფხულის შემდეგ გრილი სექტემბერი დადგა, რის გამოც ყურძენმა კარგად ვერ დააგროვა შაქარი, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც საკმარისი აღმოჩნდა ხარისხიანი მოსავლისთვის და ღვინისთვის. მავნებლებისა და სოკოვანი დაავადებების მხრივაც ერთ–ერთი საუკეთესო წელი იყო 2015 წელი. ფაქტობრივად პრობლემები არ შექმნია ვენახს და უმრავლესობამ ძალზე ხარისხიანი მოსავალი მიიღო.

2016

ცივი ზამთარი იყო, მცირედი ნალექით, გაზაფხული კი გრილი და საკმაოდ ნალექიანი დადგა. კვირტი ნორმალურად განვითარდა. ქართლში გაზაფხულზე ზოგიერთ ადგილას ვენახები მოყინა. გაცილებით ნალექიანი გაზაფხული იყო ატენის ხეობაში, შიდა ქართლში კი სეტყვაც მოვიდა. მაის–ივნისში სამჯერ დაისეტყვა ქვემო ქართლიც. ივნისის მშრალ ამინდებში ვაზი კარგად დაყვავილდა, გვალვა და სტრესი მხოლოდ ძალზე ხირხატიან ნიადაგებზე გაშენებულმა ვაზმა განიცადა, აგვისტოს დასაწყისში. აგვისტოში გვალვა იყო ატენის ხეობაშიც, ბევრს გაუფუჭდა მოსავალი. შემოდგომაზე ხეობაში მკვეთრად აგრილდა. რთველი ოქტომბრიდან დაიწყო, თეთრი ჯიშები კარგად დამწიფდა (მაგ. მუხრანის ველზე), წითლებს კი ცოტათი შეფერვა აკლდათ. ოქტომბრის შუა რიცხვებში მკვეთრად აცივდა, თუმცა ამ დროს უმრავლეს რაიონებში ყურძენი უკვე დაკრეფილი იყო.

2017

ამ წელსაც ცივი ზამთარი იყო, მცირედი ნალექით, ზომიერად ნალექიანი გაზაფხულით. ივნისამდე გაცილებით ნალექიანი ამინდები იყო ქვემო ქართლში. აპრილის ბოლოსკენ (26 აპრილი) ვენახები მოიყინა, რამაც საკმაოდ დააზიანა ქვემო და შიდა ქართლი და მუხრანის ველი. ამას დაემატა ძლიერი ქარებიც, რომელიც აპრილის ბოლოს 8 დღის მანძილზე ქროდა. ყვავილობა კარგ პირობებში დაიწყო, თუმცა მოყინვის კვალი ძლიერი იყო და ამან საკმაოდ დაატყო ხელი საბოლოო მოსავალს. წვიმიანი იყო გაზაფხული ქვემო ქართლში, მაის–ივნისში კი რამდენჯერმე დაისეტყვა ვენახები და ძლიერმა ქარიშხალმაც დააზიანა ზოგიერთი სოფელი. მთელმა ზაფხულმა მშრალად ჩაიარა, რის შედეგებმაც უკვე გვიან შემოდგომაზე, დადუღებისას იჩინა თავი. ბუნებრივი საფუვრებით ბევრგან გაძნელდა დადუღება. შემოდგომაზე, სექტემბრის მეორე ნახევარში აცივდა, თუმცა შემდეგ, ოქტომბრის შუა რიცხვებამდე კარგი ამინდები შენარჩუნდა. წლის მთავარი პრობლემა უნალექო ზამთარი და გვალვიანი ზაფხული იყო. კვიტრი ადრე გამოდიოდა და შესაბამისად, ვენახი გაზაფხულის მოყინვების მსხვეპლი ხდებოდა ხოლმე.

2018

ქართლში ზამთარი ასეთი თბილი და უნალექო არასდროს ყოფილა (ბოლო წლებში სულ აღნიშნავენ ამას მევენახეები). ყინვა თითქმის არ ყოფილა, რაც საკმაოდ იშვიათია ქართლში, თუმცა მარტში რამდენიმე დღე ძლიერი ქარები ქროდა. კვირტობის პერიოდიც გვალვიანი იყო და ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ გაზაფხულმა უნალექოდ ჩაიარა. ქვემო ქართლშიც (ასურეთი), შიდა ქართლშიც (ატენი) და მუხრანის ველზეც მშრალი აპრილი იყო, თუმცა შიდა ქართლში მოყინა და ძლიერი ქარებიც დაერთო. მაისი წვიმიანი და ქარიანი გამოდგა, თუმცა კვირტობა–ყვავილობაში მაინც ვერ დააზიანა მომავალი. ივნისი წვიმიანი იყო, თვის ბოლოს კი ზოგიერთ რეგიონში (მაგ. ქვემო ქართლში) სეტყვაც მოვიდა. ივნისში დამწვრობაც შეინიშნებოდა აქტიური მზის გამო. ივლისში გამოჩნდა შავი სიდამპლე, რასაც გვალვა დაერთო და აგვისტოს უნალექობა. ივლისის ბოლო–აგვისტოს დასაწყისი საკმაოდ ნალექიანი იყო შიდა ქართლში, განსხვავებით ქვემო ქართლისგან. ქართლში ზოგადად მშრალი შემოდგომა იყო, გრილი ღამეებითა და თბილი დღეებით. ზოგ რეგიონში ყურძენმა საკმაოდ მაღარ შაქრიანობას მიაღწია (მაგ. მუხრანის ველზე – 24), სხვაგან მწიფობისას დაზიანდა კიდეც ყურძენი, დაჩამიჩდა (ოკამში, მუხრანის ველზე), თუმცა ამის მიუხედავად, მაინც მოსავლიანი წელი ეთქმოდა. ზოგიერთ მარანში 14–15%–მდე ავიდა ღვინის ალკოჰოლი. წითელ ღვინოებს (შავკაპიტოს, თავკვერს) კარგი შეფერვა ჰქონდათ და კარგადაც დადუღდნენ.

2019

როგორც შიდა, ასევე ქვემო ქართლის მევენახეობისთვის 2019 წელი ვერ იყო მთლად კარგი. თბილ ზამთარს გაზაფხულზე დაემატა ძალიან ძლიერი სეტყვა, რამაც გორის მუნიციპალიტეტის დაახლოებით 12 სოფელში შავკაპიტოს, ჩინურის, გორული მწვანეს მოსავლის 80 % გაანადგურა. გარდა ამისა, მთელი ზაფხულის განმავლობაში საკმაოდ ხშირი იყო წვიმა და ქარიანი ამინდები. მიუხედავად ამისა, ზოგმა მევენახემ მაინც მოახერხა მოსავლის მიღება.

მევენახეობით განთქმულ კასპის სოფელ ოკამში და სამთავისში სეტყვამ ძალიან დააზიანა როგორც ყურძნის მოსავალი, ასევე თვითონ ვაზის ძირები და პრობლემები შეუქმნა გარკვეულწილად მომავალი წლის მოსავალსაც. ზაფხულში ცვალებადი ამინდები და ქარი ხელს უწყობდა ნიადაგის გამოფიტვასაც და ამანაც გარკვეულწილად თავისი გავლენა იქონია ყურძნის ხარისხზე.

ქარელში, ხაშურში, მარნეულსა და ბოლნისში წინა წელთან შედარებით ნაკლები მოსავალი იყო რაოდენობრივად, ხოლო ხარისხით მაინც ნორმალურად შეიძლება შეფასდეს. შაქრიანობის მხრივ, ქარელში და ხაშურში მოკრეფილი ყურძენი წინა წელთან შედარებით უფრო მისაღები იყო და საშუალოდ 21% შეადგენდა. კვირტი ახალი გადაქცეული იყო ფოთლად, როდესაც დაისეტყვა გორი, კასპი, ქარელი და ხაშური. ასევე ამ მხარეში შავმა სიდამპლემ ბევრი ვენახი დააზიანა.

ქვემო ქართლში ზაფხული დაიწყო საშუალოზე ცხელი ამინდებით, თუმცა ივლისი-აგვისტო სტაბილური სითბოთი გაგრძელდა. ძირითადი გამოწვევა რა თქმა უნდა იყო უწყლობა. ამასთანავე ამორტიზებული და განადგურებულია ქარსაფარი ზოლები, რაც მშრალ ამინდებთან ერთად ხელს უწყობს გვალვას და ნიადაგის გამოშრობას.

სეტყვამ ნაწილობრივ დააზარალა ქსნის ხეობა და იქ მდებარე ვენახები (საუბარია ქსნის ხეობის ქვედა წელში მდებარე იმ ვენახებზე, რომლებიც ოკუპაციას გადაურჩა და კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს) თუმცა სეტყვისგან მიღებულ ზარალს მასშტაბური სახე არ ქონია.

 

2020

პრობლემები არც ქართლის მევენახეობას აკლდა. ეს პირველყოვლისა, ცხადია, სეტყვაში გამოიხატა, რომლის შედეგადაც გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში არაერთი ვენახი დაისეტყვა.

ქართლში მცირედ თოვლიანი ზამთარი და წვიმიანი გაზაფხული იყო. ვეგეტაცია აპრილის ბოლოს დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ქართლის მთელი რიგი სოფლები დაისეტყვა და ყურძნის მოსავალი განადგურდა, კონკრეტულ სოფლებსა და მუნიციპალიტეტებში (მაგალითად, მცხეთის და კასპის) მაინც კარგი მოსავალი მოვიდა, დუღილიც ხარისხიანად წარიმართა და ადგილობრივი მეღვინეები არც ყურძნის ხარისხს ემდუროდნენ.

ქვემო ქართლში 2020 წელი მაღალი მოსავლიანობით იყო გამორჩეული, რაც ვაზისადმი მევენახის გაწეული შრომისა და ოპტიმალური კლიმატური პირობების შედეგია. რაც შეეხება ყურძენსა და მისგან მიღებულ ღვინოს – იგი მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა. ადგილობრივები 2020 წლის მოსავლის ბოლნური რქაწითელის განსაკუთრებული სიტკბოზე (რთველისას დაახლოებით 26%) საუბრობენ.

2020 წელი განსაკუთრებით მძიმე იყო დიდი და პატარა ლიახვის ხეობის ოკუპირებულ და მტრის მიერ მთლიანად განადგურებული სოფლებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ქართულ ნასოფლარებში აქა-იქ შემორჩენილი ხეხილი და ვენახი რუსეთიდან შემოტანილი სპეციალური ტექნიკით მთლიანად გაკაფეს. თავიდან იყო ვარაუდი, რომ დიდი ლიახვის ხეობის ზემო წელის ცხრა სოფლის ადგილზე საოკუპაციო რეჟიმს ახალი ხეხილის ბაღები და სოფლის მეურნეობის საწარმოები უნდა შეექმნა, თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა. 2021-2022 წლებში ეს ადგილები გატყევდა და ფაქტობრივად გაუვალმა ჯაგნარმა დაფარა.

 

2021

ქართლის ვენახებში ვეგეტაციის პერიოდი მაისის მეორე კვირას დაიწყო. ზამთარი ცივი იყო, გაზაფხული კი სუსხიანი. მაისში ტრადიციულად ბევრჯერ იწვიმა და ამან ჭრაქს მისცა გასაქანი. ჭრაქისა და ნაცრის გამო, ქართლელებმა მოსავლის დაახლოებით 10-15% დაკარგეს. ივნისში კასპისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ალაგ-ალაგ იყო სეტყვა, თუმცა წინა წლისგან განსხვავებით ამას დიდი ზარალი არ მოუტანია. ქართლში ზაფხული როგორც წესი მცხუნვარე და გვალვიანია. ამ მხრივ არც ეს წელი ყოფილა გამონაკლისი. სამწუხაროდ, გვალვის გამო ვენახების ხმობა შიდა ქართლში ლამის ჩვეულებრივ ამბად ითვლება.

ქვემო ქართლშიც ცივი ზამთარი და უკიდურესად ცხელი ზაფხული იყო. ბოლნისში რქაწითელის შაქრიანობამ ზოგგან 27% კი შეადგინა, რაც მეღვინეებისთვის როგორც წესი დიდ თავსატეხს წარმოადგენს. ყურძენში მაღალი კონცენტრაციის შაქრის დაშლა და ბოლომდე მშრალი ღვინის მიღება განსაკუთრებით მცირე საოჯახო მარნებისთვისაა დიდი გამოწვევა.

კარგი წელი იყო გორელი მევენახეებისთვის. მართალია ზაფხული ტრადიციულად ზედმეტად ცხელი ჰქონდათ, თუმცა შემოდგომა ზომიერად გრილი იყო და ყურძენიც ბოლომდე დამწიფდა. ატენში ჩინური 23-24% შაქრიანობის დროს დაკრიფეს. დაახლოებით ამდენივე შაქრიანობა ჰქონდა გორულ მწვანეს და შავკაპიტოს.

ცუდი წელი არც კასპელებსა და მცხეთელებს ჰქონიათ. რომ არა ვენახის მავნებლების განსაკუთრებული მომრავლება, იდეალურად კარგ წელზეც შეიძლებოდა გვესაუბრა.

2021 წელს ქართლში რთველი დაგეგმილ ვადებში ჩატარდა და ამ მხრივ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ოქტომბრის ბოლოს, ქართლის ღვინო უკვე ჭურჭელში იყო და დუღდა.

 

2022

ქართლში, მტკვრის ხეობის სოფლებში ზომიერად თბილ ზამთარს სუსხიანი გაზაფხული და წვიმიანი მაისი მოჰყვა. ლიახვის და დასავლეთ ფრონეს ხეობის სოფლებში მთავარი პრობლემა მთელი წლის მანძილზე კვლავინდებურად გვალვა იყო. გვალვა აწუხებდათ თეძამისა და ლეხურას ხეობელებსაც. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის კი გვალვა და მისი თანმდევი ვენახის ხმობა, წლების მანძილზე ცხოვრების თანმხლები და რაც მთავარია მოუგვარებელი პრობლემაა. ივნისში კასპის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მცირე სეტყვაც მოვიდა. მთელი ზაფხულის მანძილზე ქართლელი მევენახეები ჭრაქს და ნაცარს ებრძოდნენ. ვენახები წელს განსაკუთრებით ჭრაქმა შეაწუხა. იშვიათად იყო ვენახის სიდამპლე.

2022 წლის მოსავლის რაოდენობა საშუალოდ შეიძლება შეფასდეს. კასპის და მცხეთის სოფლებში რთველი დაიგეგმა ოქტომბრის დასაწყისში, ერთი კვირით ადრე წინა წელთან შედარებით, გამომდინარე იქიდან, რომ წელს დაემთხვა გვალვიანი ამინდები. ასეთი ამინდებიდან გამომდინარე მოსავალიც ნაკლები იყო სხვა წლებთან შედარებით, ხოლო ყურძნის ხარისხი იყო მაღალი. ქართლში ყურძნის საშუალო შაქრიანობამ 23-25%-შეადგინა.  

გორის სოფლებში უჩვეულო გაზაფხული იყო. თოვლიანი ზამთრის სიცივე არა მხოლოდ აპრილში, მაის-ივნისშიც იგრძნობოდა. გაზაფხულიდან ზაფხულის დასაწყისამდე გაგრძელებულ სიცივეები უცებ მცხუნვარე დღეებმა შეცვალა, რამაც გარკვეული პრობლემები შექმნა და ამის გამო რთველი ცოტა დაგვიანდა. მოსავალიც არაორდინალური გამოვიდა - ჩინურს თხელი, მაგრამ ტკბილი მარცვლები ჰქონდა. გორში რთველი ოქტომბრის შუაში ჩატარდა და ღვინის დუღილს პრობლემა არ შექმნია.

ქვემო ქართლში 2022 წელს ძალიან კარგი ამინდები დაემთხვა. ზოგ ადგილებში კი გადაიწვა ყურძენი, თუმცა ბოლნისში მოსავლის ხარისხით, მისი სიტკბოთი (დაახლოებით 25%) და მჟავიანობით მისაღები იყო.

© ქართული ღვინის გზამკვლევი, საქართველოს ღვინის კლუბი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული