Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ელგუჯა გოდერძიშვილი - გოდერძიშვილების მარანი - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (32)

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

მარანი 6 თაობაა რაც არებობს, თუმცა მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ჩვენი წინაპრის მიერ აშენებული მარანი საბჭოთა ხელისუფლების მოსვლის შემდგომ მალევე დაიკეტა, მას შემდეგ ღვინო მხოლოდ ოჯახის საჭიროებისთვის დგებოდა ქვევრებში. მარანი გამორჩეულია როგორც ისტორიით, ასევე მასშტაბებით, კედელში ჩაშენებულია ძველებური საწნახელი, ჩაყრილია 20-მდე ქვევრი (30 ლიტრიდან 3,5 ტონამდე), რომელთა საერთო მოცულობა დაახლოებით 40 ტონას შეადგენს. ასეთი ზომის წარმოება იმ პერიოდის საქართველოში თავად-აზნაურული წარმოშობის მემამულეებშიც კი იშვიათი გახლდათ. ღვინის წარმოების ტრადიციის აღდგენა 2014 წლეს გადავწყვიტეთ, რაც ქვეყანაში ვიზიტორების ზრდამ და ეკონომიკურმა წინსვლამ განაპირობა. გაიზარდა მოთხოვნა მცირე მარნების მიერ წარმოებულ ღვინოებზე. შესაბამისად გაიზარდა რეალიზაციაც. ასევე იყო ჩვენი დიდი სურვილი, რომ გაგვეგრძელებინა წინაპრების საქმე.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

დღეისათვის სოფელ ბაკურციხეში გაშენებული გვაქვს რქაწითელის (წარაფი, უროები); კახური მწვანის (უროები) და საფერავის (წარაფი) ვაზის ჯიშის ვენახები. მომავალში ვგეგმავთ გავაშენოთ რამდენიმე იშვიათი კახური ვაზის ჯიში.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

ვაწარმოებთ ბუნებრივი მევენახეობა-მეღვინეობის პრინციპებით დაყენებულ ქვევრის საფერავსა და რქაწითელს (10% კახური მწვანე); საფერავი მუქი შეფერილობისაა, სხეულიანი და ძლიერი ღვინოა, სავსე ტანინებითა და შავი ხილის არომატებით. რქაწითელი ქარვისფერი ღვინოა, საშუალოზე მაღალი ალკოჰოლი და ტანინები ახასიათებს, იგრძნობა კახური მწვანისათვის დამახასიათებელი სიხალისე და არომატულობა, ასევე კახური წესით ქვევრში დაყენებული წარაფის რქაწითელისათვის ჩვეული სიდინჯე და მწიფე ხილის არომატები.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

პირველად 2014 წელს გადავწყვიტეთ ჩამოგვესხა ღვინის სასინჯი პარტია, 200 ბოთლამდე სახელდახელოდ დამზადებული რქაწითელი “ღvino Underground”-ში მივიტანეთ, დეგუსტაციის შემდეგ მასპინძელმა 2 ყუთის მიტანა გვთხოვა. ამის შემდეგ ღვინო კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე “Vinomania”-შიც მოგვიწონეს. ასე განახლდა გოდერძიშვილების ღვინის წარმოება.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

ამ ეტაპისთვის ჩვენი ღვინის ექსპორტი ტურისტების მიერ საქართველოდან სამშობლოში წაღებული ღვინოებით შემოიფარგლება.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

პირველ რიგში საჭირო და აუცილებელია მცირე მარნების წახალისება და დახმარება, ჩვენ წარმოების მოცულობის სიმცირის გამო არ გვაქვს ფინანსური რესურსი მონაწილეობა მივიღოთ ადგილობრივ და საზღვარგარეთ გამოფენებზე, გავზარდოთ ჩვენი პროდუქციის ცნობადობა მომხმარებლის იმ სეგმენტში, რომელსაც მსგავსი ტიპის ღვინოები აინტერესებს. არადა სწორედ საოჯახო ტიპის მცირე მარნები ქმნის დღეს ქართული ღვინის ბაზრის მრავალფეროვნებას. ჩვენ უარს ვამბობთ ყურძნის  ქარხანაში ჩაბარებაზე და ჩვენივე ხელით სახელდახელოდ მოყვანილ ყურძენს ჩვენვე ვამუშავებთ.

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

გლეხს უნდა გაუჩნდეს სურვილი თავისი მოყვანილი ყურძნიდან თავადვე დაამზადოს ღვინო. ამისთვის მას უნდა გააჩნდეს ფინანსური ინტერესი. საქართველოში თითქმის ყველა ოჯახს აქვს თავისი პატარა მარანი, სადაც წლების წინ ღვინოს აწარმოებდა, თუმცა არასაკმარისი ინფორმაციისა და ფალსიფიცირებული ღვინის დაბალი ფასის გამო გლეხს ურჩევნია წარმოებული ყურძენი ქარხანას ჩააბაროს თეთრებად. ასევე აუცილებელია განხორციელდეს მევენახეობა-მეღვინეობით დაინტერესებული მცირე მეღვინეების სწავლება-გადამზადება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. სოფლად ღვინის წარმოების ძველი ტექნოლოგია უკვე მივიწყებულია, ხოლო ახალი საერთოდ უცნობია.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

თუ ღვინის წარმოებას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით რამდენად გიყვართ ეს სფერო. თუ ის საქმე არ გიყვართ, რასაც აკეთებთ ძალიან გაგიჭირდებათ. ნუ შეხედავთ საქმეს,  როგორც ფინანსური სარგებლის საშუალებას, თორემ ძალიან გაგიჭირდებათ, განსაკუთრებით პირველ წლებში. სანამ ბოთლებში ჩამოსხმას დაიწყებთ, გაასინჯეთ რამდენიმე ღვინის მცოდნეს, იცოდეთ დაავადებულ ღვინოს არავინ გაგიყიდით. თუ ფინანსებში შეზღუდული ხართ, დაიწყეთ მცირე მოცულობით, დაფიქრდით რას შესთავაზებთ ბაზარს, მიიღეთ მინიმალური განათლება მაინც მევენახეობა-მეღვინეობაში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

გოდერძიშვილების მარანი

მისამართი: გურჯაანის რაიონი, სოფ. ბაკურციხე

ტელეფონი: +995 555 55 95 99

ელფოსტა: e.goderdzishvili@gmail.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი: Goderdzishvili cellar/გოდერძიშვილების მარანი

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო 2017

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული