Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"ეს გამოფენა ქართული ღვინის მიმართ დიდი ინტერესის ერთგვარი გაგრძელებაა" - ქართული ღვინო პორტუგალიაში

Simplesmente Vinho - "უბრალოდ ღვინო" წელს მეთორმეტედ ჩატარდა. წელს ეს ფესტივალი ჩვენთვის, საქართველოსთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ სწორედ საქართველო უნდა ყოფილიყო მასპინძელი ქვეყანა.

5 დღის განმავლობაში პორტუგალიის საუკეთესო მეღვინეები, იმპორტიორები და ზოგადად ღვინოსთან დაკავშირებული პირები (რესტორნის და ბარების მფლობელები, ღვინის მწერლები თუ სხვა) ძირითადად საქართველოზე საუბრობდნენ. 22 თებერვალს შედგა მნიშვნელოვანი კონფერენცია სადაც მეღვინემ, ზურაბ თოფურიძემ, თავის პორტუგალიელ კოლეგასთან ერთად წარადგინა ქვევრში და ტალიაში (Talha) ღვინის უძველესი დაყენების მეთოდი. საღამოს კი გაიმართა ვახშამი სადაც ასევე საქართველო იყო მასპინძელი, ქართული გასტრონომიით და პოლიფონიური სიმღერით, რომელიც ანსაბლმა შვიდკაცამ შეასრულა. შემდეგი 3 დღის განმავლობაში პორტუგალიელ, ასევე ევროპის და სხვადასხვა ქვეყნის სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაეგემოვნებინათ 11 ქართული მარნის მიერ წარმოდგენილი ღვინოები.

კონფერენციის დასრულების შემდეგ დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო. საქართველოს მეღვინეობის  რვაათასწლიან ტრადიციებზე გადაღებული ფილმი „ჩვენს ძარღვებში ღვინო სჩქეფს“  ამერიკელმა კინორეჟისორმა ემილი რელსბეიკმა (Emily Railsback) 2017 წელს გადაიღო და მისი პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.

გამოფენაზე სულ 112 ღვინის მწარმოებელი იყო წარმოდგენილი ესპანეთიდან, პორტუგალიიდან და საქართველოდან. როგორც მამუკა მაისურაძე გვესაუბრება, ფესტივალის შემდეგ ქართული ღვინის ცნობადობა კიდევ უფრო გაიზრდება: "მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაციას უკვე რამოდენიმე წელია წარმატებით ახერხებს საქართველოს მოქალაქე, გიო ჩეჟია (Gio Chezhia), რომელმაც ცნობილი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა დარჩენილიყო პორტოში. გიო რამოდენიმე წელია ქართული მცირე მარნების ღვინის დისტრიბუციას ახდენს პორტუგალიაში. წელს გიომ მოახერხა და ფესტივალის ორგანიზატორებთან ერთად შემდეგ ეტაპზე გადაიყვანა ქართული ღვინის ცნობადობა. ამიტომ ვფიქრობ, რომ რამოდენიმე წელიწადში პორტუგალიაში ქართული ღვინის რეალიზაციის წილი გაიზრდება."

მამუკა აღნიშნავს იმასაც, რომ ფესტივალის შემდეგ თითქმის ყველა საინტერესო რესტორანმა და ღვინის ბარმა გამოთქვა სურვილი თავიანთ მენიუში შეეტანონ ქართული ღვინო: "მახსენდება პერიოდი, როდესაც ევროპაში მოგზაურობის დროს, არცთუისე შორეულ წარსულში, ალბათ 7-8 წლის წინ, თითქმის არავინ არ იცოდა ქართული ღვინის შესახებ. რესტორნებში და ბარებში ხომ წარმოუდგენელი იყო მათი ნახვა. რამოდენიმე დღის წინ ევროპის ერთ-ერთ ბოლო წერტილში, პორტუგალიის პატარა ქალაქში, ფაროში (Faro) , მცირე ზომის ღვინის ბარში მე და მისი მესაკუთრე ერთ საათზე მეტ ხანს ვსაუბრობდით ქართული ღვინის შესახებ. ეს სწორედ ასეთ ფესტივალებში მონაწილეობით არის შესაძლებელი. უახლოეს მომავალში გიოსთან ერთად ვგეგმავთ რამოდენიმე ღვინის ბარსა და რესტორანში თემატური საღამოების ორგანიზებას, სადაც ქართული ღვინოები იქნება წარმოდგენილი. ეს იქნება ერთგვარი გაგრძელებაა, უკვე არსებული ძალიან დიდი ინტერესისა ქართული ღვინის მიმართ." - გვიამბობს მამუკა.

შოთა ლაგაზიძე "ლაგაზიდან" კი გვიყვება, რომ ბევრს შანსი ქართული ღვინო გაესინჯათ, სწორედ ამ გამოფენაზე მიეცათ: "გამოფენამ ძალიან კარგად ჩაიარა. ქართველი მეღვინეების ამხელა გამოფენა პორტუგალიაში პირველი იყო. ჩვენ წარმოდგენილი გვქონდა ცოლიკოური 2021 და 2022 წლის, ასევე პეტნატი რქაწითელი და საფერავი. პორტუგალიელებს დაბალალკოჰოლური და ნაკლებად სხეულიანი ღვინოები უფრო მოსწონთ, რადგან უფრო მჟავიანობაზე არიან ორიენტირებულნი. პორტუგალიის ბაზარი ასეთია, უფრო ცოცხალ, ცინცხალ ღვინოებს ეძებენ. ჩვენი ჭაჭაზე დიდი ხნის განმავლობაში დავარგებული ღვინოები მათთვის ცოტა მძიმე და თავისებურია, თუმცა მაინც მოსწონთ. უმეტესობამ უკვე იცის ქვევრი, ამფორებიდან და ტალიიდან გამომდინარეც. ბევრი პორტუგალიელი აღნიშნავდა, რომ ქართული ღვინის გასინჯვა აქამდე ძალიან სურდათ და სწორედ მაშინ მიეცათ პირველად ამის შანსი."

ლისივაინი-მესხიშვილის მეღვინეობიდან ოთხი სახის ღვინო ჰქონდათ წარდგენილი, მათ შორისაა ხიხვი, რომელიც ილია მესხიშვილის, მეღვინეობის დამფუძნებლის, თქმით სტუმრებს ყველაზე მეტად მოეწონათ:

"ამ გამოფენაზე ყველაზე მეტი დისტრიბუტორი, მაღაზიების, ბარების წარმომადგენლები და ღვინის მწერლები იყვნენ. ის, რომ საქართველო მასპინძელი ქვეყანა იყო, კიდევ უფრო აძლიერებდა სტუმრების ინტერესს ჩვენი ღვინის მიმართ. კარგი შედეგებია იმ მხრივ, რომ გარკვეუწილად რაღაც შეთანხმებებს უკვე მივაღწიეთ, მიწოდების სურვილი მათი მხრიდანაც გაძლიერებულია. რქაწითელს, საფერავს, ხიხვსა და როზეს შორის ყველაზე მეტად ხიხვი მოეწონათ, რაც თავიდან ნამდვილად არ მეგონა. პორტუგალიაში ზოგადად ძალიან მოსწონთ ევროპული ღვინოები, თუმცა ნელ-ნელა იქაც შევიდა ქარვისფერი ღვინის კულტურა და მოთხოვნა ინტერესთან ერთად ცალსახად გაიზარდა."

საქართველოდან 11 მარანი იყო წარმოდგენილი, ესენია ბაიას ღვინო, იბერიელი, თევზას ღვინო, ლაპატი, ოქროს ღვინო, ორი მარანი, ლაგაზი, ლისივაინი- მესხიშვილის მეღვინეობა, ბუას ღვინო, ჭონას მარანი და ნიკოლაძეების მარანი.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული