Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ამბები – გადაცემა "ღვინის გზამკვლევი" (19) 25.01.2013

 
ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ, რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან ქართული დელეგაციის შეხვედრის ზუსტი თარიღი ცნობილია. ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მოსკოვში, 28 იანვარს გაიმართება. ქართულ დელეგაციას რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის ოფიციალური წარმომადგენელი - ზურაბ აბაშიძე უხელმძღვანელებს. მოლაპარაკებებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმოამდგენლებიც დაესწრებიან. თუმცა, ჯერ-ჯერობით უცნობია, რუსეთის სანიტარული სამსახურის წარმომადგენლების გარდა, რუსეთის მხრიდან კიდევ ვინ მიიღებს მონაწილეობას ამ მოლაპარაკებებში. გენადი ონიშჩენკო თვლის, რომ ქართული დელეგაციის წევრების კომპეტენტურობა მათ საშუალებას მისცემს მათთვის მნიშვნელოვან ბევრ კითხვას უპასუხონ. შეხვედრის შემდეგ, სხვა მნიშვნელოვან ტექნიკურ საკითხებთან ერთად, გადაწყდება, ზუსტად როდის გაიხსნება რუსული ბაზარი ქართული პროდუქციისთვის. საქართველოს წარმომადგენლობა, ემბარგოს მოხსნის სავარაუდო პერიოდად მიმდინარე წლის მარტს ასახელებს.
 

<<<<<<<<<<<< 

ქართულ ნატურალურ ღვინოებს საფრანგეთში სპეციალურ დეგუსტაციაზე წარადგენენ. მოწვევა ქვევრის ღვინის ქართველმა მწარმოებლმებმა ფრანგი მეღვინისგან - ტიერი პუზელასგან მიიღეს. ის 2012 წლის ზაფხულში საქართველოში იმყოფებოდა და თავად დააგემოვნა ქართული ნატურალური ღვინო. ამის შემდეგ, მან გადაწყვიტა ქართული ქვევრის ღვინო ფრანგი მეღვინეებისთვისაც წარედგინა. აღნიშნულ დეგუსტაციაზე დასასწრებად, ქვევრის ღვინის ქართველი მწარმოებლები - იაგო ბიტარიშვილი, რამაზ ნიკოლაძე და სოლიკო ცაიშვილი სწორედ დღეს გაემგავრნენ. ისინი ფრანგებს საკუთარ მარანში დაყენებულ ჩინურს, ციცქას და წარაფს გააცნობენ. ღონისძიების საინფორმაციო ბიულეტენის მიხედვით, ხვალ, დეგუსტაციის პირველ დღეს, პარიზის ერთ-ერთ ღვინის ბარში მხოლოდ ქართულ ნატურალურ ღვინოებს წარმოადგენენ. 2 და 3 თებერვალს კი მეღვინეები „შატო დანჟერში“ ( Chateau D’Aangers) გადაინაცვლებენ, სადაც ქართულ ღვინოსთან ერთად, ნატურალური ფრანგული ღვინოებიც გამოიფინება. იაგო ბიტარიშვილის თქმით, საფრანგეთში ყოფნის განმავლობაში ქართველი მეღვინეები იმ საწარმოებსა და მარნებსაც ესტუმრებიან, სადაც დღეს ნატარალური ფრანგული ღვინო იწარმოება.

<<<<<<<<<<<<<<<< 

 „მწვანე კვირეულში“, რომელიც ბერლინში 18 იანვარს გაიხსნა, მონაწილეობა ქართულმა ღვინის კომპანიებმაც მიიღეს. ეს არის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც გერმანიის დედაქალაქში ყოველწლიურად იმართება და მას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება. ქართულ დელეგაციას, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის - დავით კირვალიძისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის გარდა, ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ შორის აღსანიშნავია - ქინძმარაული, ტიბანელი, ბადაგონი, შატო მუხრანი, მილდიანი, შუხმანის ღვინოები, GWSდა ელკანა. „მწვანე კვირეული“ 1926 წელს დაფუძნდა და წელს ის, უკვე 78-ჯერ იმართება.

<<<<<<<<<<<<<<<<<< 

22 ინვარს, ღვინის კლუბში,  2013 წლის სალექციო სეზონი ღვინის მწარმოებლებისთვის მეტად მნიშვნელოვანი საკითხის განხილვით გაიხსნა. ენოლოგ მიშა მესხის მოხსენება ღვინის დაწმენდა-დასუფთავება-სტაბილიზაციას მიეძღვნა. მომხსნებელმა დეტალურად განიხილა ყველა ის ტექნოლოგიური ოპერაცია, რომელსაც ღვინის დაწმენდა-დასუფთავება-სტაბილიცაზიის პროცესი გულისხმობს. ეს არის - გადაღება, ეგალიზაცია, დაწმენდა (პროფილაქტიკა დამხმარე მასალებით), ფილტრაცია და თერმული დამუშავება. ტექნიკური ინფორმაციის გარდა, ღვინის კლუბში შეკრებილებს მიშა მესხმა ის დამხმარე საშუალებებიც გააცნო, რომელიც ღვინის დაწმენდისთვის გამოიყენება. მან ამ ტექნიკური საშუალებების დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბრა. მიშა მესხის თქმით, ქართველმა ღვინის მწარმოებლებმა ღვინის დაწმენდა-დასუფთავება-სტაბილიზაციის ეტაპი, სპეციალური წესების დაცვით უნდა გაირონ, რადგან მისი სწორად შესრულება პროდუქტის ერთ-ერთი ძირითადი საგარანტიო მახასიათებელის სიმყარეს განაპირობებს, რომელსაც ღვინის მწარმოებელი მყიდველს სთავაზობს.

<<<<<<<<<<<<< 

სიდნეის „ნატურალური პროდუქტების ფესტივალის“ ორგანიზატორებმა, ღონისძიების ჩატარებამდე ერთი თვით ადრე განაცხადეს, რომ ამ წლიდან, მის დასახელებაში სიტყვას „ნატურალურს“ სიტყვებით „ცოცხალი“ და „ადამიანის ხელით მიერ წარმოებული“ განმარტებებით შეცვლიან. ამ ინიციატივას ავსტრალიელი მეღვინეებიც ეთანხმებიან და ისინი საკუთარ წარმოებაში ამ ტერმინის დანერგვას გეგმავენ. „ნატურალური პროდუქტების ფესტივალი“ ავსტრალიაში 17 თებერვალს გაიხსნება. ფესტივალის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, წელს ფესტივალზე 30 მწარმოებლის 100-მდე ღვინოს წარმოადგენენ. ნატურალური პროდუქტების გამოფენაში, ყოველწლიურად მონაწილეობენ ღვინის კულტურის მქონე ისეთი მსხვილი ქვეყნები, როგორებიც არიან - ახალი ზელანდია, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, საბერძნეთი, სლოვენია და აშშ.

<<<<<<<<<<<< 

ახალ ამბებს „მარანის“ ახალი ნომრის ანონსით დავასრულებთ. გაზეთის მთავარ თემააა - რეპორტაჟი აგრარული ბაზრებიდან, სადაც ღვინის აქტიური რეალიზაცია მიმდინარეობს. ჟურნალისტი ლევან სეფისკვერაძე  სწორედ ასეთ ბაზრებს ესტუმრა და რამდენიმე მოვაჭრეს ესაუბრა. ჟურნალისტი, სტატიაში ამ ბაზრებისთვის დამახასიათებელი ტრადიციებისა და იქ წარმოდგენილი ღვინის ხარისხის შესახებ უყვება მკითხველს. გიორგი ბარისაშვილი ამჯერად ვარდისუბნისა და საბუეს კოშკ-მარნებს გაგაცნობთ. გაზეთის გვერდებზე უძველესი, სახელგანთქმული ღვინის, მადერას ისტორიასაც გაეცნობით. აქვე იანვრის ღვინოების დახასიათებსაც იხილავთ. ფოტოგალერეა, ამჯერად ღვინის ორიგინალურ სადგამებს გაგაცნობთ. ახალ კულინარიულ რეცეპტებს კი ტრადიციულად, გაზეთის ბოლო გვერდზე ნახავთ.

 

© რადიო "ცხელი შოკოლადი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული