Home
ქართული | English
მაისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მარტიაშვილის მარანი - მცირე მარნების ანთოლოგია (100)

- მოგვიყევით თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ მეღვინე გამხდარიყავით?

- ჩემი ვენახი მდებარეობს ახმეტაში მდინარე ილტოს მარჯვენა სანაპიროზე. გარშემო ულამაზესი კავკასიონის  მთები აკრავს და ბუნება განსაკუთრებულ კლიმატს ქმნის ვაზისთვის. აქ უხსოვარი დროიდან უვლიდნენ ვაზს და აყენებდნენ გამორჩეულ ღვინოებს. ბევრი ადგილობრივი ენდემური ჯიშებია გამოყვანილი, ხიხვი, ქისი, ახმეტის წითელი... ვაზის მოვლა და ღვინის დაყენება პაპამ მასწავლა ბავშობიდან ჩართული ვიყავი ყველა პროცესში, რაც კი ამ სფეროს შეეხება. ერთხელ თუ დარგავ ვაზს ან ღვინოს დააყენებ, მერე მთელი ცხოვრება ვეღარ დაანებებ თავს, განსაკუთრებით მაშინ თუ სხვებსაც მოსწონთ შენი დაყენებული ღვინო. ამან მომცა მოტივაცია, რომ სერიოზული სახე მიმეცა ამ საქმიანობისთვის. გავწევრიანდი "ბუნებრივი ღვინის ასოციაციაში", წელს პირველად ჩამოვასხი ჩემი ღვინო, მონაწილეობა მივიღე რამდენიმე ფესტივალში და შემოდგომიდან ვაპირებ ღვინის მაღაზიებში შეტანას. 

- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას? რაიმე განსაკუთრებული რიტუალი ხომ არ გაქვთ ვენახის მოვლის ან ღვინის დაწურვის დროს?

- გაშენებული მაქვს ხიხვი და რქაწითელი. მომავალში ვაპირებ "ახმეტის წითლის" გაშნებას, ამ ჯიშისგან ძალიან საინტერესო ღვინო გამოდის. რთველი განსაკუთრებული დღესასწაულია ჩვენთან, დიდიხნით ადრე ვემზადებით ხოლმე ამ დღისთვის. ვიკრიბებით ოჯახის წევრები, მეგობრები, ყველა ერთად ვმხიარულობთ და ვკრეფთ ყურძენს. ბავშობაში გვქონდა ხოლმე ერთი რიტუალი, რთველის დასრულების დროს ვინც ყველაზე პუტკუნა იყო უნდა გაგორებულიყო რიგებს შორის, რათა მომავალ წელს ვაზს მასავით პუტკუნა მტევნები დაესხა. რა თქმა უნდა, თავისი ნებით ამას არავინ აკეთებდა, ჩვენ ძალით ვაგორებდით ხოლმე და ამაზე ძალიან ვხალისობდით.

- რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

- ამ ეტაპზე ორი სახეობის ღვინოს ვაწარმოებ ხიხვს და რქაწითელს. ყველა მიკრო ზონას თავისი განსაკუთრებული თვისებები აქვს. ჩვენი ზონა შედარებით მცირე მოსავლიანია და ამიტომ კარგი ხარისხის ყურძენი მოდის. გამოირჩევა მდიდარი არომატებით მაღალი შაქრიანობით.

- რა არის თქვენი საყვარელი პროცესი რთველიდან ღვინის ბოთლში ჩამოსხმამდე, რომელსაც სიამოვნებით, დაუღალავად აკეთებთ?

- ზოგადად სასიამოვნოა მთლიანი პროცესი დაწურვიდან დაღვინებამდე, როცა აკვირდები როგორ გარდაიქმნება ტკბილი წვენი ღვინოდ. ძალიან მიყვარს დალუქული ქვევრის გახსნის პროცესი, პირველ ჭიქას რომ გასინჯავ და მიხვდები, რომ ტყუილად არ გიწვალია მთელი წელი.

- გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

- ჯერ არ მაქვს ეს გამოცდილება, შემოდგომაზე ვაპირებ შეტანას რამდენიმე მაღაზიაში.

- რა სახის სირთულეები/დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

- ძალიან დიდი რისკებია ამ სფეროში დაწყებული ვენახიდან, როცა არ იცი წლის ბოლომდე შეინარჩუნებ თუ არა მოსავალს. ხან სეტყვა აფუჭებს მოსავალს და ხან სხვადასხვა დაავადება. შემდეგი ეტაპი ღვინის შენახვაა,ძალიან რთულია ისე შეინახო ღვინო, რომ არ გაგიფუჭდეს, მე 2019 წლის ღვინო გამიფუჭდა, 1000 ლიტრი, რაც მწარე გამოცდილება იყო ჩემთვის.

- რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად?

- მაღალი ხარისხის ღვინო მიიღება მხოლოდ მაღალი ხარისხის ყურძნისგან. ყურძენი თუ იქნება ბიოლოგიურად სუფთა და საღი აუცილებლად კარგი ღვინო გამოვა.

- თქვენი აზრით. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

- ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან. განსაკუთრებით დამწყები მეღვინეებისთვის,აუცილებელია უფრო მეტად დაფასდეს ნატურალური პროდუქციის მწარმოებლები, რადგან უფრო მეტს რისკავენ.

- რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

- ზოგადად ასეა, უნდა გიყვარდეს და გსიამოვნებდეს ის საქმე, რასაც აკეთებ და ყველა დაბრკოლებას უფრო ადვილად გადალახავ.

მარნის მისამართი: ახმეტა,გ.ლეონიძის 7
ტელეფონი:571151599
ელფოსტა:sosomartiashvili@gmail.com
ვებ/ფეისბუკ გვერდი: https://www.facebook.com/MartiashvilisCellar

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული