Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის გზა ღვინის სამშობლოში

არჩილ ნაცვლიშვილის ფოტო

ქეთო ნინიძე

უცხოელი ტურისტებისთვის „საქართველოსთან“ დაკავშირებული ერთ-ერთი მთავარი მოლოდინი, როგორც წესი, ქართული ღვინოა.

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად გაცნობიერებულია ტურისტი ღვინოში, კრიტიკოსია, თუ სტუდენტი, საფერავს ამჯობინებს თუ ქინძმარაულს, ჩრდილოეთიდანაა, დასავლეთიდან, თუ - აღმოსავლეთიდან, მან იცის, რომ ღვინო საქართველოს სავიზიტო ბარათია, რადგან მსოფლიო ამ ქვეყანას უკვე თამამად მოიხსენიებს „ღვინის სამშობლოს“ სტატუსით.  

აქედან გამომდინარე, უცხოელი ტურისტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია ის გამოცდილებები, რასაც საქართველო მათ ღვინის თემაზე სთავაზობს - მრავალფეროვანი, ან თუნდაც, ცალკეული დასახელებების („საფერავი“, „რქაწითელი“) ღვინოების დაჭაშნიკება, ტრადიციული, ან თანამედროვე მარნების დათვალიერება, სტუმართმოყვარე მევენახესთან ურთიერთობა, მასთან ადგილობრივი მეღვინეობის ისტორიასა და კონკრეტული ღვინოების დაყენების წესზე გასაუბრება, ღვინისა და ადგილობრივი სამზარეულოს შეხამება, სამახსოვრო ფოტოების გადაღება და სხვ. 

გარდა იმისა, რომ ღვინის ტურიზმს უდიდესი როლი აქვს მსოფლიო მასშტაბით ქვეყნის იმიჯის ჩამოყალიბებაში, ეს სფერო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ასევე, საქართველოში მცირე მარნების განვითარებისთვის. ტურისტული აქტივობების ფარგლებში იზრდება ღვინის ადგილზე მოხმარების მოცულობა. ეს კი განსაკუთრებული შესაძლებლობაა იმ მწარმოებლებისთვის (და ასეთები ბევრნი არიან), ვისაც საკუთარი პროდუქცია, ჯერჯერობით,  არ გააქვს ექსპორტზე. ღვინის ტურიზმი შესაძლოა, უმნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდეს სახელმწიფოსთვის იმ პირობებში, როცა დიდი მეღვინეობები წარმოების მასშტაბებს ამცირებენ და უახლოეს ხანებში, შეიძლება, დადგეს ყურძნის ჭარბი ნედლეულის ათვისების პრობლემა. ღვინის ტურიზმის განვითარება დიდად წაახალისებს ყურძნის ნედლეულის გადამუშავებას მცირე მარნების მიერ.

ღვინის სამშობლოში „ღვინის გზა“, ჯერჯერობით, ერთადერთი მასშტაბური ენოტურისტული პროექტია, რომელსაც სახელმწიფო უძღვება. პროექტი პირველად 2012 წელს განხორციელდა და ითვალისწინებდა როგორც საქართველოს რეგიონების ენოტურისტული პოტენციალის შესწავლას, ასევე ენოტურისტული მარშრუტების შემუშავებას, გზების მარკირებასა და საქართველოს ღვინის რუკის შექმნას. პროექტს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით ასრულებდნენ: ბიომეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“, მეღვინე ქალთა და ყურძნის მესაკუთრეთა ასოციაცია, ტურიზის გეოინფორმაციული ცენტრი, საქართველოს ღვინის კლუბთან თანამშრომლობით. 

პროექტის ცალკეულ დეტალებთან დაკავშირებით (მანიშნებლის დიზაინი, მანიშნებლების რაოდენობა, ობიექტის მიკვლევადობა) პროფესიული საზოგადოების მხრიდან კრიტიკული მოსაზრებებიც გამოითქვა, თუმცა ყველა ერთხმად აღიარებდა, რომ საერთო ჯამში, პროექტმა საქართველოში მცირე მარნების განვითარებაში დიდი როლი ითამაშა. 

„ღვინის გზის“ ეკონომიკური და კულტურული ბენეფიტები იმდენად კონკრეტული და ხელშესახები იყო, რომ მევენახეებს მიეცათ მოტივაცია, დაეარსებინათ ახალი, ან მოეწყოთ მამა-პაპისეული მარნები და შეექმნათ სხვადასხვა სერვისები. ასე რომ, 2012 წლის შემდეგ საქართველოში ბევრი მცირე მარანი გაჩნდა და არაერთმა დიდმა მეღვინეობამ განავითარა ახალი ტურისტული სერვისები. ამის გამო დადგა საქართველოს ღვინის რუკაზე მათი მონიშნვის საკითხი, შესაბამისად, „ღვინის გზის“ ხელახალი კვლევისა და მარკირების აუცილებლობაც გამოიკვეთა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ 2015 წლის ნოემბერში ღვინის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აღნიშნა, რომ 2016 წელს, იგეგმებოდა პროექტ „ღვინის გზის“ განახლება. 

ენოტურისტული პროექტების, მათ შორის, „ღვინის გზის“ ეფექტურად და შედეგიანად განხორციელება დღეს განსაკუთრებით აქტუალურია. საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოს წილად ხვდა პატივი, ამა წლის სექტემბერში UNWTO-ს (გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის) ღვინის ტურიზმის პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლოს. 

2016 წლის იანვარში  საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პროექტ „ღვინის გზის“ ფარგლებში ჩაატარა არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებების ტენდერი, რომელიც ითვალისწინებდა „ღვინის გზის“ პროექტის ხელახალ მარკირებას. ადმინისტრაცია მომსახურების გამწევ ორგანიზაციას, ამჯერად, არ სთხოვდა საველე კვლევის განხორციელებას და სანაცვლოდ, მარნების უკვე შემუშავებულ გარკვეულ ჩამონათვალს სთავაზობდა. 

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არაერთი სახელმოხვეჭილი მარანი, საქართველოს, ან მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც ხარისხიან ღვინოს სთავაზობს ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს, ამ ჩამონათვალში არ აისახებოდა. ასეთებია - ნიკი ანთაძის, ჯონ ოქრუაშვილის, ნიკა ვაჩეიშვილის, სტორის, ამირან ვეფხვაძის, ბაია აბულაძის, ვინსენტის, გიორგი ღვარძელაშვილის, Enpard-ის მიერ დაფინანსებული ორი ახალი კოოპერატივის - „საზანოსა“ და „თერჯოლის ღვინის“, წოდორეთის და სხვა მარნები. 

ამ მეღვინეობების გარკვეული ნაწილი ყოველწლიურად მონაწილეობს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენებზე და მნიშვნელოვანი აღიარებითაც სარგებლობს. მათ ღვინოებს მიღებული აქვს საერთაშორისო ჯილდოები და კრიტიკოსების მაღალი შეფასებები. 
სატენდერო განცხადების ეს რედაქცია მოიცავდა თბილისის ობიექტებსაც. მაგალითად, მაღაზიებს - „სარჩო“, „ღვინის სამყარო“ და რატომღაც არ გვთავაზობდა ღვინის სპეციალიზებულ ბარებსა და რესტორნებს - ღvino underground, g.Vino, აზარფეშა და სხვ. რომლებსაც Tripadvisor-ზე მაღალი შეფასებები აქვს. 

მეორე მხრივ, ჩამონათვალი მოიცავდა ისეთ მარნებს, რომლებიც, ჩვენი ინფორმაციით, არც ღვინის ხარისხით და არც რაიმე სხვა ასპექტით არიან გამორჩეულნი. ზოგიერთ შემთხვევაში მარანი ორი სხვადასხვა სახელით იყო წარმოდგენილი, მაგალითად, „სოლიკო ცაიშვილის მარანი“ და „ჩვენი ღვინო“, სიაში ცალ-ცალკე გვხვდებოდა. 

ამდენად, გაჩნდა კითხვები  ენოტურისტული ობიექტების ჩამონათვალის გარშემო - რამდენად აკმაყოფილებს ღვინის, ინფრასტრუქტურისა და სერვისის ხარისხის სტანდარტებს ის მარნები, რომლებმაც უცხოელ ტურისტებს ქართული ღვინო უნდა წარუდგინოს? ვინ და რა ეტაპზე შეაფასა მარნები? რა კრიტერიუმებით შეფასდა ობიექტები და რამდენად რეპრეზენტაციულია სია? და სხვ. 

ღვინის საინფორმაციო ცენტრმა ამ კითხვებით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მიმართა, თუმცა სანამ პასუხებს მივიღებდით ადმინისტრაციამ უკვე ჩატარებული ტენდერი, რომელიც ააიპ საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციას მოგებული ჰქონდა, გააუქმა. შესყიდვის შეწყვეტის ოქმში ვკითხულობთ, რომ ტენდერის სტატუსიდან („შერჩევა/შეფასება“) გამომდინარე, სატენდერო განცხადებაში ცვლილებების შეტანა შეუძლებელი იყო, რაც, საბოლოოდ, ტენდერის შეწყვეტის მიზეზი გახდა. 

17 თებერვალს ადმინისტრაციამ პროექტ „ღვინის გზის“ არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურების ახალი ტენდერი გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პორტალზე გამოქვეყნებული სატენდერო განცხადების ახალი რედაქცია წინამორბედისგან საკმაოდ განსხვავებულია. კერძოდ, გაზრდილია პოტენციური ობიექტების ზღვრული რიცხვი (120-130 ობიექტი). რაც მთავარია, საკუთრივ ჩამონათვალში მნიშვნელოვანი ცვლილებებია შეტანილი: ამოღებულია 19 და დამატებულია 14 ახალი ობიექტი. სიიდან ამოღებულია თბილისის ობიექტები, რომლებიც, ახალი მოთხოვნის მიხედვით, რუკაზე დაიტანება, თუმცა მარკირებას აღარ დაექვემდებარება. 

ამჯერადაც არაერთი საინტერესო მარანია სიის მიღმა დარჩენილი, თუმცა, დოკუმენტში, ძველი რედაქციის მსგავსად, აღნიშნულია, რომ ობიექტების ჩამონათვალი ექვემდებარება ცვლილებას. 

როგორც ჩანს, პირველი ტენდერის გაუქმების მიზეზი ძველ სატენდერო განცხადებაში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზები გახდა. როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, „ღვინის გზის“ ობიექტების სიის შემუშავების პროცესში ადმინისტრაციამ სხვადასხვა წყაროებიდან მოიპოვა ინფორმაცია, კერძოდ, დაუკავშირდა ყველა ასოციაციას, რომელიც ღვინის ტურიზმის მიმართულებით მუშაობს, კერძოდ,  ასოციაცია „ქართულ ღვინოს“, „ღვინის ტურიზმის ასოციაციას“, „საქართველოს ღვინის კლუბსა“ და ღვინის ეროვნულ სააგენტოს, ასევე მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებს. ზოგიერთი მარანი, მათი ინფორმაციით, თავად რეგისტრირდებოდა ადმინისტრაციის ბაზაში. 

ღვინის ტურიზმის ასოციაციის დამფუძნებელი, ელენე ბუხაიძე აღნიშნავს, რომ განახლებული „ღვინის გზის“ პროექტის დეტალების შესახებ „მარანის“ პუბლიკაციიდან შეიტყო და პროექტის კონცეფციის, ან სიის შემუშავების პროცესში თანამშრომლობისთვის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ღვინის ტურიზმის ასოციაციისთვის არ მიუმართავს. პირიქით, მისი თქმით, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საკუთარი ინიციატივით ურჩია რამდენიმე მარნის დამატება. 

იმავეს მოწმობს საქართველოს ღვინის კლუბის წარმომადგენელი, ზაზა გაგუა. მისი თქმით, ღვინის კლუბს მჭიდრო კონტაქტები აქვს მცირე მეღვინეობებთან საქართველოს ყველა რეგიონში. ამდენად, ორგანიზაციას თავიდანვე შეეძლო, მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა როგორც ღვინის გზის პროექტის კონცეფციის ჩამოყალიბებაში, ასევე, მარნების წარმომადგენლობითი და რეალური სიის შემუშავებაში, თუმცა ადმინისტრაციას  ასეთი ინიციატივა არ გამოუხატავს. ამიტომ მან თავად შესთავაზა თანამშრომლობა პროექტის ინიციატორებს.

ელენე ბუხაიძე: „...ვფიქრობ, რომ მსგავსი პროექტების განხორციელებამდე, საჭიროა დაიგეგმოს კონკრეტული დარგის სპეციალისტების სამუშაო შეხვედრა, სადაც განხილული იქნება თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს გამართული ტურისტული ობიექტი. დაწყებული ინვენტარიზაციით, დამთავრებული ობიექტის მფლობელის სურვილით და ინტერესით, ანუ რას გააკეთებენ თვითონ ობიექტები მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. აღსანიშნავია, რომ მოთხოვნები არ უნდა იყოს ძალიან გამკაცრებული, რადგან ეს გამოიწვევს გაკონტროლების სირთულეს, ან საერთოდ წარუმატებელობას... საჭიროა წელიწადში ერთხელ მაინც განხორციელდეს პროექტის მონიტორინგი, რომ დადგინდეს, ფუნქციონირებს თუ არა ისევ ობიექტი და თუ ისევ აკმაყოფილებს კონკრეტულ მოთხოვნებს.“

ზაზა გაგუა: „ღვინის გზა, რომელიც პირველად 2012 წელს შესრულდა და რომლის შემსრულებელ ორგანიზაციასაც მე წარმოვადგენ, არ გვთავაზობდა მარნების წინასწარ სიას. თითოეულ მუნიციპალიტეტში, საველე კვლევების საშუალებით ჩვენ ვსწავლობდით ახალ და ახალ მარნებს, რომელთა შესახებ, თითქმის, არავინ იცოდა. „ღვინის გზაში“ მხოლოდ იმ ობიექტების კვლევა და მარკირება, რომლებსაც, უკეთეს შემთხვევაში, ესა თუ ის ორგანიზაციები სთავაზობს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, წარმატების შანსს უკარგავს იმ ახალ მარნებს, რომელთა შესახებ სხვადასხვა ორგანიზაციებს ინფორმაცია არ აქვთ, ამიტომ, ჩემი აზრით, აუცილებელია, რომ პროექტი, წინასწარ მოცემული სიის გარდა, საველე კვლევების კომპონენტსაც ითვალისწინებდეს. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ძალიან საჭიროა „ღვინის გზის“ მობილური აპლიკაციის შექმნაც. აპლიკაცია ტურისტებს ობიექტის მიგნებასაც გაუადვილებდა და ამა თუ იმ მარნის შესახებ ინფორმაციისა და უკუკავშირის მოძიებაც შესაძლებელს გახდიდა. ვიმედოვნებთ, რომ ადმინისტრაცია ამაზეც იზრუნებს.“

ამ თვალსაზრისით ისიც საინტერესოა, რომ სატენდერო განცხადებაში თანდართული ობიექტების ჩამონათვალში ამ ეტაპზე 112 მარანია, რომელთაგან რეკომენდებული მხოლოდ 46-ია. ძირითადად, ეს არის 2012 წელს „ღვინის გზის“ პირველ ეტაპზე რეკომენდებული მარნები. დანარჩენი 66 მარნის ბედი, როგორც ადმინისტრაციაში გვიხსნიან, მას შემდეგ გადაწყდება, რაც ტენდერი ჩატარდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტენდერში მოგებული ორგანიზაციის მიერ ღვინის გზის მარკირება, რუკის შექმნა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ საკუთარი რესურსებით, მინიმუმ, 66 მარნის კვლევა და შეფასება პარალელურად წარიმართება. ობიექტები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით - ღვინის ხარისხი, ინფრასტრუქტურა-ინვენტარი და მომსახურების ხარისხი. 

მეორე საკითხია, რა შედეგები გამოიკვეთება კვლევის დასრულების შემდეგ. ჰიპოთეტურად დასაშვებია ობიექტების სიის განახევრებაც (თუკი ეს ობიექტები არ დააკმაყოფილებს ზემოხსენებულ კრიტერიუმებს), და გაზრდაც (თუკი გამოიკვეთება, რომ ამ კრიტერიუმებს 130-ზე მეტი ობიექტი აკმაყოფილებს). შესაბამისად, ან მომსახურების გამწევი ორგანიზაცია იზარალებს, თუკი წინასწარ განსაზღვრულ თანხაში შეთანხმებულზე მეტი მარნის მარკირება მოუწევს, ან - სახელმწიფო, რომელსაც გაცილებით ძვირი დაუჯდება მომსახურება, ვიდრე - იმ შემთხვევაში, თუკი ობიექტების რეალური და საბოლოო ჩამონათვალი ტენდერის ჩატარებამდე იარსებებდა. 
თუმცა მოვლენებს არ გავუსწრებთ. დაველოდებით პროექტის განხორციელებას. საყურადღებო და უდაოდ დასაფასებელია ის გარემოება, რომ ახალი პროექტის ერთ-ერთი მიზანია ძველი „ღვინის გზის“ ხარვეზების აღმოფხვრა. როგორც ადმინისტრაციაში აღნიშნავენ და ტურისტულმა პრაქტიკამაც აჩვენა, არსებული მარშრუტი, მანიშნებლების სიმცირიდან გამომდინარე, ქმნიდა გარკვეულ სირთულეებს ობიექტების მიკვლევადობის თვალსაზრისით. ახალი პროექტი ითვალისწინებს, როგორც ახალი ობიექტების მიმდებარედ გაცილებით მეტი მანიშნებლის დამონტაჟებას, ასევე  ძველი ობიექტების რეინვენტარიზაციასაც, რაც ტურისტს მარნამდე მისვლას გაუადვილებს. 

დაინტერესებულ პირებს, ვისაც არც ერთ სხვა პლატფორმაზე არ მიუღია ეს ინფორმაცია,  ვეტყვით, რომ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას აქვს ენოტურისტული ობიექტების ბაზა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეგისტრირება, ადმინისტრაციაში განცხადების წარდგენის საფუძველზე. 

თუკი თქვენს მარანში ხარისხიანი ღვინის დაგემოვნება შეიძლება, სტუმრებს დახვეწილ მომსახურებას და გამართულ ინფრასტრუქტურას სთავაზობთ და ადმინისტრაციის ბაზაშიც დროულად დარეგისტრირდებით, შესაძლოა, ღვინის გზა თქვენს მარნამდეც მოვიდეს. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



ნატურალურ წვენს საქართველოში არავინ არ ამზადებს, მისი დამზადების წესის მიხედვით შეიძლება დამზადდეს მცირე რაოდენობით და საკმაოდ ძვირი ღირდეს. მყიდველიც შეიძლება ძნელად მოსაძებნი იყოს, ვინაიდან არავის არ ჯერა რომ 100%-ით ნატყრალურია. ჩვენს მთავრობასაც არ აინტერესებს სუფთა, ნატურალური წვენების დამზადება. გურჯაანის რაიონში შევთავაზე მცირე საწარმოს შექმნა, სადაც დამზადდებოდა 100%-ით ნატურალური წვენები,კონცენტრატების და კონსერვატების გარეშე, მაგრამ ჩემთვის იაფასიანი კრედიტის მოცემა შეუძლებელი გახდა.ბიზნეს გეგმაც წარვუდგინე, მაგრამ ამაოდ.მითუმეტეს საკონსერვო მრეწველობაში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება მაქვს. ასე რომ კულასა და სხვათა მიერ წარმოებული პროდუქცია, არ არის 100%-ნი ნატურალური და მასზედ უნდა იყოს მითითებული ,ის რაც არის.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული