Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ზემოიმერული კერამიკა – "ღვინის კლუბის" ბიბლიოთეკა

ქეთევან ძოწენიძის წიგნიდან „ზემოიმერული ლექსიკონი“, თბ. 1974
 
კერამიკას ზემო იმერეთის სამეურნეო ყოფაში ერთგვარი ადგილი უჭირავს. დასტურდება მრავალდარგოვანი კერამიკული წარმოება: მეჭურჭლეობა, მექვევრეობა-მეთონეობა, მეკრამიტეობა-მეაგურეობა.
ეთნოგრაფიული მონაცემებითა (იხ. ლ. ბოჭორიშვილი, ზემოიმერული კერამიკა: მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის, VIII, 1956, გვ. 26-27.) და ჩვენ მიერ შეკრებილი მასალებით (მეჭურჭლეობის შესახებ მასალები შეკრებილი გვაქვს სოფელ შროშაში (ზესტაფონის რაიონი), მექვევრეობის შესახებ – სოფელ ბოსლევში (ზესტაფონის რაიონი), მეკრამიტეობის შესახებ – სოფელ ხრეითში, ხვაშითში (ჭიათურის რაიონი), პერევსა და ბაჯითში (საჩხერის რაიონი).) ირკვევა, რომ ამ დარგების ხელსაწყო-ნაგებობათა, კერამიკულ ნაწარმთა სახეებისა და მათი გამოძერწვა-მოხატვის პროცესების ამსახველი ლექსიკა საქართველოში კერამიკული წარმოების დიდი ტრადიციების არსებობაზე მეტყველებს და სოფლების მიხედვით რამდენადმე მაინც განსხვავებულია.
კერამიკულ წარმოებაში გამოიყენება აყალო, რომელიც უპირატესად არის მოწითალო ან მტრედისფერი ლაგაზი, ე.ი. წებოვანი, წყალგაუმტარი მიწა. იგი ზიტნია მიწაა - "ხელებზე საპონივით ილესება". აყალო მეტწილად არის ფიცხი, ე.ი. გაშრობისას ქარ-სიცხისაგან იბზარება, სკდება. ამიტომ მას ურევენ თირს. თირი არის მოთეთრო, მონაცრისფრო, მტრედისფერი, ზოგჯერ კიდევ აყალოსფერი, მოწითალო, ადვილად დასაშლელი, ფხვნილი, ფხვიერი, სილისნაირი, უძარღვო, უზეთო, მწირი მიწა, რის გამოც დალბობის შემდეგ თირი აყალოსავით არ ილესება ხელზე. თირი აყალოს უკარგავს სიფიცხეს, აძლევს სიმჭლევეს და აძლიერებს კერამიკული ნაწარმის სიმტკიცეს, ე.ი. მოათირებს.
რამდენადაც უფრო ფიცხობს აყალო, იმდენად მეტი რაოდენობით ურევენ მას თირს, მაგრამ, თუ თირი ზედმეტი მოუვიდათ, მაშინ კერამიკული ნაწარმი კარგავს ძარღვს – წებოვანებას. ზოგ ადგილას (მაგალითად ხრეითში) მოიპოვება აყალო-თირის ბუნებრივი შენაერთი, თირნარევი მიწა//ერთიანი მიწა, რომელსაც თირის შერევა არ სჭირდება.
თირის მაგივრად ზოგჯერ აყალოს წყლის სილასაც ურევენ და, თუ ის ხოშორია, მაშინ კერამიკული ნაწარმის ზედაპირზე გამოძერწვის დროს რჩება მისი ნაწილაკები და ჭურჭელი ხარატიანი გამოდის.
აგურისათვის აყალო არ იხმარება. იგი კეთდება შავი მიწისა, ანუ ქვაგუნდისა, და თირის შენაზავისაგან.
კერამიკული ნაწარმის ცენტრების მახლობლად ან თვით ცენტრებში მიწას ჭრიან ბარით, კირკით, თოხით. როგორც ამბობენ, ყველა ეს იარაღი სამჭინოა. მიწას ჯერ ზედაპირს გადააცლიან ბარით ან თოხით, რასაც მიწის თავის გადაცლას ეძახიან. თავს რომ გადააცლიან, შემდეგ იწყებენ მიწის ჭრას და მოჭრილ მიწას ეზიდებიან ძარიანი ურმებით, მანქანებით და ზოგჯერ ზურგითაც, როცა ახლოს არის.
იმის მიხედვით, თუ რას აკეთებს ოსტატი, იგი იწოდება მეჭურე-მექვევრედ, მეჭურჭლედ, მეკრამიტედ, მეანგურედ.
მეჭურჭლე, ჩვეულებრივ, აკეთებს თონეს და საწნახელიდან ახლად დაწურული ყურძნის წვენის – ტკბილის ჩასასხმელ ჭურჭელსაც.
 
ჭურჭელი ორი სახისა კეთდება: შეუღებავი და მოწიქული. პირველს წითელ ჭურჭელს უწოდებენ, ხოლო მეორეს – მოინგლისებულ, ანუ ინგლისის ჭურჭელს.
ნაგებობას, სადაც ოსტატი აკეთებს კერამიკულ ნაწარმს, ეწოდება ქარხანა, ხოლო სადაც გამოწვას ახდენს, – ქურა. ჭურის ქარხანას საჭურეს და ჭურის ბინასაც ეძახიან, ხოლო ჭურჭლის გამოსაწვავ ქურას მეჭურჭლეები უპირატესად საწვავს უწოდებენ. ქურა ქარხნის ტერიტორიაზევე შენდება.
ჭურჭელი ზამთრობითაც კეთდება, რადგანაც მისი ცეცხლზე გაშრობა ადვილად ხერხდება. ჭურების, ქვევრების, თორნე-თაღარის, აგურ-კრამიტის კეთებას კი იწყებენ გაზაფხულიდან, "ყივნარობა რო აღარ იქნება, მიწა რო აღარ გეიყინვება".
ქვევრ-ჭურების, თორნე-თარღის ქარხანა დაცულ უნდა იქნეს ნიავისა და ქარისაგან, ე.ი. ყუდრე ნამშრალი უნდა იყოს, რომ აყალომ არ იფიცხოს.
ადრე ჭურისა და ჭურჭლის ქარხანა ან ქვითკირისა იყო, ან ჩელტისაგან კეთდებოდა. დაასობდნენ 2-2 1/2 მეტრის სიმაღლის სარებს ერთმანეთის მიყოლებით ქარხნისათვის განკუთვნილი ფართობის ირგვლივ და რაგავდნენ წნელით სარების სიმაღლეზე, შემდეგ შელესავდნენ თიხით – ალიზით, ხურავდნენ კრამიტით, უტოვებდნენ კარებისა და პატარა სარკმლების – სასინათლოებს. ახლა იყენებენ უპირატესად სახლის ქვედა სართულს – პალატს//ქვითკირს, ზაფხულობით პალატის თუ სხვა ნამშრალის დერეფნებსაც.
კრამიტის ქარხანა სიმინდის დასარჩევ ფარდულს//პათორმას მოგვაგონებს. გადახურულია მეტწილად კრამიტით, სამი მხრიდან მორაგულია ჩელტით, წინაპირი ღია აქვს, ამიტომ მას ზოგჯერ ნალიასაც უწოდებენ.
ქარხანაში მოწყობილია საკრამიტე მიწის საზელი და კრამიტის საჭრელი დაზგა, ახლად გამოჭრილი კრამიტის გასაშრობი თაროები – ფიტვნები (ხრეითი, ბაჯითი)// რადები (რუს ряд) (პერევი)// რეინკა//რეიკა (ხვაშითი, შროშა).
ქარხნის წინა ეზოს, სადაც საკრამიტე მოჭრილ მიწას ყრიან და ფიტვნებზე შეშრობის შემდეგ კრამიტს აწყობენ, კალოს ეძახიან. აგურის ჭრის დროს კალოზეა დადგმული საანგურე დაზგა, ქარხანაში კი გამხმარი აგური ეწყობა.
გაშრობის შემდეგ კერამიკულ ნაკეთობას ჩადგამენ ქურაში, ზემო იმერეთში სამი სახის ქურა გამოიყენება. ერთი სახის ქურა კეთდება ქვევრ-ჭურებისათვის, მეორე სახისა – წითელი ჭურჭლისა და აგურ-კრამიტისათვის, მესამე სახის ქურა კი – მოინგლისებული ჭურჭლისათვის.
პირველი სახის ქურას მიწის ზედაპირზე აშენებენ ცალფა აგურისა და ალიზისაგან. იგი სამკედლოვანი, თაღოვანი ნაგებობაა, აქვს შვეულისებური გვერდები, ზურგი, ღია წინაპირი, ანუ კარი, და თაღისებური ზედა ნაწილი – ცა. ზოგიერთ ქურას მიწიდან ცამდე გარედან სიმაგრისათვის ორფერდად, ე.ი. გვერდებში, ამოშენებული აქვს ქვითა და ალიზით კედლები, რომლებსაც საბეჭდავი ეწოდება (იხ. ლ. ბოჭორიშვილი, დასახ. შრ., გვ. 30.). ქურის ცა დახურულია კრამიტით. ცა რომ არ ჩამოინგრეს, ქურა გამაგრებულია ბოძვებით, რომლებიც გადაქოჩვილია, ე.ი. გადაკრულია რკინის მსხვილი მავთულით ან მასზე ჩამოცმული ბოლოებგახვრეტილი ოთხკუთხედად გათლილი ხით – უღლით. უკანა კედელზე – ზურგში ყოველი სახის ქურას აქვს სამი ხვრელი (ერთი მაღლა, ცასთან, ორი უფრო პატარა, აქეთ-იქით, ნაპირებში) ჰაერის მოძრაობისათვის და კერამიკული ნაკეთობის გამოწვის შესამოწმებლად. მათ უწოდებენ თვალს (ბოსლივი) // გასასინჯ Gთვალს // სამთვალიეროს // სათვალეს (ხრეითი, ბაჯითი) სათვალთვალოს// სამთვარიოს (შროშა).
პატარა თვალებს ჭიჭილაქებს // კუჭნეებს ეძახიან. როცა ქურას გაჭვირთავენ გამოსაწვავი ნაკეთობით, წინაპირს აგულავენ // არაგვავენ აგურით და, სადაც მოიხდენს, იქ დაატანებენ ცეცხლის შესანთებ თვალს, ქურის სიდიდის მიხედვით ერთს, ორს ან მეტს.
წითელი ჭურჭლისა და აგურ-კრამიტის ქურაც გარეგნულად ჭურის ქურის მსგავსია ნაგებობაა, ოღონდ, ჭურის ქურისაგან განსხვავებით, ამ ქურის შიგნით ორ წყებად არის გაყვანილი აგურ-კრამიტისა და ჭურჭლის დასაწყობად აგურისაგან ნაშენი რკალისებური. ზედაპირგადავაკებული თაღები (ხრეითი) // ბოგირები (შროშა, ბაჯითი), რომელთაც კრამიტ-აგურის ქურაში ამაგრებს ქურის კედლებზე მიყრდნობილი ფეხები.
ქურის წინაპირი თაღებამდე აგურითაა ამოყვანილი, მხოლოდ შეშის მისაწოდებლად დატოვებული აქვს ჭურჭლის ქურას 1, ხოლო კრამიტ-აგურისას 2-3 თვალი, ანუ სათვალე/სამთვალიერო/სამთვარიო. ზედა ნაწილი ქურისა ღიაა ბოგირებზე/თაღებზე აგურ-კრამიტისა და ჭურჭლის შესაწყობად. ქურის ქვედა ნაწილს ცეცხლის შესანთებს უწოდებენ, ზედა ნაწილს - ჭურჭლის ან კრამიტ-ანგურის შესაწყობს.
ჭურჭლის ქურების სიდიდეს საპნობით ანგარიშობენ. საპანეში ჩადის 20 მსხვილი ჭურჭლი (მაგალითად, ჩაფი), ხოლო - 40 წვრილი ჭურჭელი, როგორიცაა: თუნგულა, დოქი, ქოთანი და სხვა.
მოინგლისებული ჭურჭლის ქურა ჭურისა და კრამიტ-აგურის ქურისაგან დიდად განსხვავდება. იგი ცალფა აგურისა და ტალახისაგან აშენებული თონის მსგავსი ნაგებობაა, რომელიც ცამდე მიწაშია ჩასმული. მხოლოდ ერთი, ქვევით მიმაგრებული მხარე აქვს მიწის ზევით. ქურას ორ ნაწილად ჰყოფს აგურისა და ალიზისაგან გაკეთებული კალო. ქვედა, ცეცხლის დასანთებ ნაწილს უწოდებენ ქვექურას, ჭურჭლის დასაწყობ ნაწილს კი – ზემო ქურას.
მიწის ზედა მხრიდან ქვექურას დატანებული აქვს ცეცხლის დასანთები კარი, ანუ თვალი, ზემოქურას - ჭურჭლის შესაწყობი, ანუ შესაძრომი კარი, რომელსაც საწვავის თვალსაც ეძახიან. კალოს შუაშია ცეცხლის ამოსასვლელი თვალი. კალოდან ცამდე ქურის კედლებში დატანებულია კვამლის გასასვლელი მილები - დუთქაშები და რამდენიმე მწკრივად, წრიულად პატარა, ოთხკუთხედის ფორმის ღრუები – სასოლეები, რომლებშიაც მაგრდება ჭურჭლის დასაწყობი თიხის ფირფიტები – სოლები სოლისვე ან კრამიტის ატოცით. სოლები განლაგებულია იმგვარად, რომ ჰაერმა თანაბრად დაუაროს ჩადგმულ ჭურჭელს და ქურაში შესულ მეჭურჭლესაც ჭურჭლის დალაგების დროს შეეძლოს თავისუფლად მიბრუნ-მობრუნება.
კრიალა შენადნობს, რომელსაც ხმარობენ ჭურჭლის მოჭიქვისათვის ეწოდება ინგლისი, ხოლო ინგლისით დაფარულ ჭურჭელს – მოინგლისებული. მოინგლისებისათვის ხმარობენ ტყვიის, კალის, ბროლის ჭიქის, ცეცხლგამძლე თიხისა და თეთრი კაჟის შენარევს.
ტყვიისა და კაჟის დასაწვავად გამოყენებულია პატარა, ვიწრო, მოგრძო აგურ-ტალახის ნაგებობა წამლის ქურა, რომელიც შედგება საცეცხურისა და საწვავისაგან თავ-თავისი კარით.
დამწვარი ტყვია-კალისა და ბროლის ჭიქის, ცეცხლგამძლე თიხისა და თეთრი კაჟის შენარევს ფქვავენ წამლის წისქვილში: მიწაში ჩასმულ ოთხ ბოძზე – ფეხებზე დაგებულია ფიცრები, რომლებზედაც წრიულად სამ მხარეს ამოშენებულია აგურის კედელი და მასზე დაყრდნობილია ნახევრად რკალისებული ხე – ქულბაქი. წისქვილის ქვები (მოძრავი საზედაო და უძრავი საქვედაო) ხელსაფქვავი ქვებისოდენაა, შუაში ჩვეულებრივი წისქვილის ქვების მსგავსად ხვრეტი, რომელსაც თვალს ეძახიან. საქვედაო ქვაში ამოდის ქვევით ფიცარზე დამაგრებული ხის ღერძი, რომელშიც ჩასმულია რკინის ღერი – ყელა, მასზე ჩამოცმულია რკინის ფირფიტა. საზედაო ქვაში ჩამჯდარია ხელის მოსაკიდებელი ხის ტარმუჭი. ყელას აწევ-დაწევით მოძრაობს საზედაო ქვა და იფქვება წამალი, ზედვე ასხამენ წყალს და ხსნარი ჩადის კედლითა და ქულაბით შემოზღუდული მხრიდან ქვეშ შედგმულ ვედროში. ამგვარად დამზადებული კრიალა შენადნობით – ინგლისით ახდენენ ჭურჭლის მოინგლისებას, ე.ი. აკეთებენ მოინგლისებულ ანუ ინგლისის ჭურჭელს.
 
პუბლიკაცია ხორციელდებაღვინის კლუბისსაგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული