Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჯეიმს ჰელიდეი და ქართული ღვინო

გუშინ ავსტრალიის მთავარ გამოცემაში, The Australian, სახელოვანი მეღვინისა და ღვინის მწერლის, ჯეიმს ჰელიდეის (James Halliday) მუდმივი რუბრიკა მოულოდნელი სათაურით გამოქვეყნდა – Georgian on my mind, ასე ქვია მის საავტორო სვეტს, რომელიც მთლიანად ქართულ ღვინოს მიუძღვნა.

საქმე ისაა, რომ ორი თვის წინ ავსტრალიაში ქართველი მეღვინეები იყვნენ სტუმრად (ოქროს ღვინო, იაგოს ღვინო, ხოხბის ცრემლები, მარიამ იოსებიძის ღვინო, ნიკი ანთაძის მარანი, ნიკოლაძეების მარანი) და სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით რესტორან Lee Ho Fook–ში ნადიმზე ჯეიმს ჰელიდეიც მიუწვევიათ. ნადიმს და ქართულ ღვინოებს განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოუხდენია ჯეიმს ჰელიდეიზე და გადაუწყვეტია, თავისი ერთი წერილი საქართველოზე დაეწერა, „ღვინის სამშობლოს წოდებაზე უმნიშვნელოვანესი პრეტენდენტისა და ღვინის 8000–წლოვანი ისტორიის მქონე“ (ჰელიდეის სიტყვებია) ქვეყნის შესახებ.

შეხვედრა რესტორან Lee Ho Fook–ში. იაგო ბიტარიშვილის ფოტო

ჰელიდეი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოში მთელი ამ ათასწლეულების განმავლობაში არ ყოფილა აუცილებლობა მეღვინეობის მეთოდები შეეცვალათ და გოგირდს თუ არ ჩავთვლით, ტრადიციული მეღვინეობა ისეთივე დარჩა, როგორიც უხსოვარ დროს იყოო. იგი ქვევრსაც ახსენებს, და ამბობს, რომ თითქმის ყველა ქართულ ოჯახშია ასეთი ჭურჭელიო. რა თქმა უნდა, ავტორი გვერდს არ უვლის იმ ფაქტსაც, რომ 3 წლის წინ UNESCO–მ ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა და ამან მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნატურალური ღვინის თაყვანისმცემლების დიდი აღტაცება გამოიწვია.

სტატიაში ჯეიმს ჰელიდეი მშობლიურ, ავსტრალიურ მეღვინეობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ უკანასკნელი 30 წლის მანძილზე ნატურალური მეღვინეობის მიმართულებით ბევრი რამ შეიცვალა მის ქვეყანაში. ბევრი ცდილობს მაქსიმალურად შეზღუდოს გოგირდის რაოდენობა ღვინოში, თავად ღვინო კი მხოლოდ ველური საფუვრებითა და ზედმეტი დანამატების გარეშე დააყენონ.

იგი სამ ასეთ ნატურალურ ღვინოს წარადგენს:

2015 Gundog Estate 'Indomitus Albus" Semillon, ჰანტერ ველიდან, რომელიც სემიიონის გარდა 2% გევურცტრამინერსაც შეიცავს, 25% ჭაჭაზეა დადუღებული და დავარგებული 6 თვის განმავლობაში. ჩამოსხმულია გაფილტვრის გარეშე. ფასი – $45. ავტორი ამ ღვინოს ძალზე მაღალ, 95 ქულას უწერს და გვირჩევს, რომ ღვინო 2025 წლამდე შეიძლება განვითარდეს.

2014 Credaro '1000 Crowns' Chardonnay, მარგარეტ რივერიდან, თვითნადენ წვენზე ფრანგულ მუხაში (აქედან 30% ახალი მუხა) დადუღებული და 9 თვის მანძილზე ლექზე დავარგებული ღვინოა. ფასი – $65. 96 ქულა. დალიეთ 2022 წლამდეო, გვირჩევს ავტორი.

2016 Vignerons Schmölzer & Brown Pret-a-Rosé 60/40% სანჯოვეზესა და პინო ნუარის ნაზავია და ძლიერი, ხილის არომატებიანი ღვინოაო. ფასი – $28. 94 ქულა. დალევა 2020 წლამდე.

შეგახსენებთ ჯეიმს ჰელიდეი მსოფლიოში სახელგანთქმული ენოლოგი და ღვინის მწერალია, მის კალამს ეკუთვნის ათეულობით პოპულარული წიგნი თუ სპეციალური გამოკვლევა, რომელიც ავტრალიურ და მსოფლიო ღვინოებს შეეხება: James Halliday Australian Wine Companion, Australia and New Zealand wine Companion, Halliday Wine Companion 2016, Setting up your own wine cellar (1992) და მრავალი სხვა. ჯიუ ჯონსონთან ერთად მან დაწერა ასევე წიგნი სახელწოდებით The Art and Science of Wine: The Subtle Artistry and Sophisticated Science of the Winemaker (2006).

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



შვილს რომ გიქებენ, ზუსტად ისე მიჩუყდება გული ღვინოს რომ გვიქებენ

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული