Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პურის სახლის უჩაქაფულო გაზაფხული

გიგო მესხიშვილი      

"პურის სახლის" წინ გადათხრილი დაგვხვდა ყველაფერი. ალბათ ძეგლთა მიგრაცია ჯერ არ დამთავრებულა და ამჯერად ნიკო ფიროსმანის სკულპტურას უპირებენ სადმე გადატანას. ზედა დარბაზში, "სათავადოში" ბანკეტი იყო და ქვემოთ, რესტრონის წინ ავიღეთ მაგიდა. ჰაერზე.

აპრილის თბილი საღამოა, სიმწვანე ძალაში შედის, მენიუსაც კი ყდაზე გაზაფხული აწერია... ერთი სიტყვით, კარგ ხასიათზე ვართ. ვათვალიერებთ კერძების ჩამონათვალს და პირველი იმედგაცრუების ჯერიც დგება. აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა სალათა ბულგარული წიწაკითაა მომზადებული – ხბოს, ქათმის და ა.შ. მხოლოდ ერთს არ ეწერა ბულგარული, ამიტომ სწორედ მას დავადგით თვალი. უბრალო მწვანე სალათი (8.00 ლარი) – დაფლეთილი სალათის ფოთლები, ზეთი, ლიმნის ნაჭრები, მთლიანი შავი ზეთსიხილები, წვრილად დაჭრილი კიტრი. შატო მუხრანის გორული მწვანეს წრუპვა უკვე დაწყებული გვქონდა და ამ სალათამაც დროზე მოგვისწრო.

ორაგულის წვნიანის (15.00 ლარი) ჯერიც დადგა. პირველი, რამაც ამ წვნიანში ყურადღება მიიქცია, დიდი რაოდენობით ბაჰარი იყო (ჩვენთან რო დუშისტი პერეცს ეძახიან). კამა, სტაფილო, ცხიმიანი წვენი. ორაგულის ხორცი ძალიან დონდლო და მოფამფალებული იყო, ზუსტად ისეთი, ჩვენს მარკეტებში ასე გავრცელებულ საშენის კალმახს რომ აქვს ხოლმე მოხარშვის შემდეგ. ალბათ მოგიხარშავთ ეს კალმახი და გახსოვთ მისი ფაფისებრი კონსისტენცია. თავად წვენი გემრიელი იყო, განსაკუთრებით მჟავიანობა მეამა გადაღლილზე და მსუბუქ ნაბახუსევზე.

შემდეგი ბოსტნეულის მწვადი მოვიდა (8.00 ლარი). პირველ რიგში პამიდორი გადავიღე და ძალიან მესიამოვნა ცეცხლის გემო, რომელიც ნაკვერჩხალზე შემწვარმა პამიდორმა დამიტოვა, კარგი იყო შემწვარი ბულგარულები, წითელი და მწვანე, ქამა სოკო და ბადრიჯანი.

ძალიან დაგვწყდა გული და გაგვიკვირდა, როცა აღმოვაჩინეთ, რომ ბატკნის ჩაქაფული არ ჰქონდათ. თანაც ამ გაგანია სეზონზე, ბრწყინვალე შვიდეულში, მაშინ, როცა მთელი ერი ბატკნის ჩაქაფულს ითხოვს. ძალიან სუსტი იყო ტოლმა ვაზის ფოთოლში (13.50 ლარი). არ ვიცი, შეიძლება ძველიც იყო, იმდენად უსიამოვნო გემო დატოვა ტოლმამაც და ნივრიანი მაწვნის საწებელმაც.  ჩემს მეგობარს ძალიან გადაბერებული ეჩვენა ვაზის ფოთოლი, რაშიც მართალი იყო, მე კი ხორცის შიგთავსთან მქონდა ძირითადი პრეტენზია. ერთი სიტყვით, სომხეთიდან ჩამოსული მეგობარი რომ მიიყვანო პურის სახლში, აუცილებლად გეტყვის: У вас не умеют готовить Толма. სხვათა შორის, მწვადზეც იმავეს გეტყვის, რადგან აქაური ღორის მწვადიც (11.00 ლარი) ძალიან უნიათო რამეა – დამწვარი კიდეები, მაგარი ხორცი, ნახშირი და ძვალი. საერთოდ, ბოლო დროს მწვადი ჩიხში შევიდა ქართულ კვების დაწესებულებებში. იშვიათად მომწონს ხოლმე.

კარგი იყო მწყერი მაყალზე (6:50 ლარი), თელავის მარნის საფერავსაც მოუხდა და პიკანტური გემოც კი გაუჩინა ღვინოს. მწყერს სუნზე მოყვა ადგილობრივი ქუჩის კატა, რესტორნის საკვებით ნაპატივები. სხვაზე არაფერზე ჰქონდა რეაქცია, როგორც ჩანს, განსაკუთრებით მწყერი უყვარს. ჩემმა მეგობარმაც უშურველად დაუყარა ძვლები. კატამ გაილაღა.

ყველის ასორტი (14.00 ლარი) ჩავარდნა იყო. პრინციპში ამას არც ეთქმოდა ასორტი. აბა სადაური ასორტია სამნარი ყველისგან შემდგარი (იმერული, სულგუნი და შებოლილი სულგუნი) 6 ნაჭრიანი თეფში.

ღვინოებს რაც შეეხება, როგორც გითხარით, მუხრანის გორული მწვანე ავიღეთ, ერთი ბოთლი. გარდა ამისა, აქცია ჰქონდა რესტორანს და თელიანის სამშვენისი გაგვასინჯეს, კლასიკურად, ევროპულად დაყენებული. ძალიან დუნე ღვინო აღმოჩნდა, რომელიც აშკარად დაჯაბნა შატო მუხრანის წყალწყალა, მაგრამ სურნელოვანმა ღვინომ. ქვევრის სამშვენისი ზედმეტად იყო მუხის ტონებით დამშვენებული, თუმცა წიწაკის სიცხარე დაამარცხა და ტოლმასა და შემწვარ ბოსტნეულსაც მოუხდა.

ღვინის ბარათში კომპანიების რაოდენობა აქაც შეზღუდულია, მხოლოდ რამდენიმე ბობოლა, და ერთი უსახელაური და ერთიც ბიო–საფერავი. ცქრიალა ღვინო სამწუხაროდ მარტო თელიანი ველისაა. სამაგიეროდ Dom Pérignon აქვთ 480 ლარად და Moët & Chandon 180 ლარად. სულ ესა ვართ?

ისევ უნდა ვთქვა ჭიქით ღვინის გაყიდვაზე. აქ, ზოგიერთი ღვინო ერთი ჭიქა 12–16 ლარი ღირს. მაგ. შატო მუხრანის ან თელიანის რომელიმე თეთრი 11–12 ლარი შეიძლება ღირდეს, ბოთლი კი 29–31 ლარი. მერე მოვა მიმტანი და ეშმაკურად შემოგთავაზებს – "ბარემ ბოთლი აიღეთ, უფრო იაფი დაგიჯდებათ". მე კიდე ნერვები მეშლება ასეთ ხრიკებზე, იმიტომ, რომ ეს ამბავი პირველ რიგში ქართული ღვინის ცნობადობას აკნინებს. ქვეყანაში ხომ ისედაც 2–3%–ია ბოთლის ღვინის მოხმარება... ამას დაუმატეთ ქართული ღვინოების ხარისხისა და ფასის სრული შეუსაბამობა და მიხვდებით რატომაცაა ასეთ დღეში ქართული მეღვინეობა და გასტრონომიული კულტურა.

კერძის ფასებზეც ბევრი რამის თქმა შეიძლება, თუმცა ეს უფრო ზოგადი ტენდენციაა და ამაზე ცალკე სტატიის დაწერაც შეიძლება.

პურის სახლი  –რესტორანი

გორგასლის ქ. 7

უბანი: აბანოთუბანი

ტელ: (+995 32) 30 30 30

სამზარეულო: ქართული

საათები: 12:00 – 02:00 (ბოლო სტუმრის გაცილებამდე)

ბარათები: მიიღება

ფასი: 100–150 ლარი (სადილი ორ კაცზე, ღვინის და სერვისის ჩათვლით)

პარკინგი: რესტორნის წინ

ელ-ფოსტა: breadhouse@mgroup.ge

საიტი: http://www.breadhouse.mgroup.ge/

© tabula



მკვეთრად შეიმჩნევა რომ ავტორს განსაკუთრებუოლად არ უყვარს ბულგარული წიწაკა. :)


მარტო სიყვარულზე არაა :) მაგალითად, მშვენიერია ნაკვერჩხალზე შემწვარი ბულგარული, ზეთში შემწვარი, ნიახურ–ნიორ–ძმართან ერთად, ოსტრიშიც არაუშავს. მაგრამ რაც შეეხება სალათებს და ტევზს, ნამდვილი დანაშაულია, როდესაც პაპრიკით გემოს უკარგავ ყველაფერ ამას.


მართალია. მარტო სიყვარულზე არაა, მეც ვეთანხმები

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული