Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფაეტონში – ნაახალწლევს

გიგო მესხიშვილი

ახალი წლის სადღესასწაულო ტაშ–ფანდური 2 დღის მონელებული გვქონდა, რომ კარს შობა მოგვადგა, რელიგიური დღესასწაული, რომელიც ენო–გასტრონომიულ ენაზე ნიშნავს დასვენებულების ენერგიულ შემოჭრას ასპარეზზე და გადაღლილების სევდიან თვალყურის დევნებას, თუ როგორ ეწაფებიან მარხვით გაცისკროვნებული მეგობრები ყველაფერ იმას, რაც შენ, ცოდვილმა უკვე მოიბეზრე ბოლო ერთი კვირის მანძილზე.  ყველაზე მძიმეა მეგობართა შემოტევის მეორე ტალღის გაძლება, მათი, ვინც 31–ში ან 1 იანვარს ტელეფონსაც კი არ იღებდნენ ცდუნებისგან თავის დასაცავად, 6–7–ში კი პირიქთ, აგრესიული პატიჟი დაიწყეს.

სანამ კიდევ ერთი განსაცდელი, ძველით ახალი წელი მოვიდოდეს, ქართველ კაცს ერთი–ორი დღე რჩება, სადღაც 9–12 იანვარს შორის, როცა შეუძლია დაისვენოს, ცოტათი ამოისუნთქოს და გაოცებულმა გაანალიზოს თუ როგორ გადარჩა.

სწორედ ასეთ ანალიტიკურ დღეებში მივაკითხეთ მე და ჩემმა მეგობარმა რესტორან „ფაეტონს“ და ეზოში შესვლისთანავე აღმოვაჩინეთ, რომ ერი ისვენებდა საბოლოო, საკონტროლო დარტყმის წინ. ჯერ ერთი, სადგომზე საერთოდ არ იდგა მანქანები, შიგნით ვერც მომსახურე პერსონალს მოვკარით სადმე თვალი, დარბაზში კი მხოლოდ ერთი სევდიანი სუფრა იყო გაშლილი, სადაც ძველი თაობის დეიდები სადღეგრძელოებს ჩურჩულებდნენ. მიმტანი დიდხანს ვეძებეთ და როგორც იქნა ვიპოვეთ, დავიკავეთ ადგილი, გადავშალეთ მენიუები და ვთხოვეთ მაქს. 5 წუთში მოეხედა ჩვენთვის. მიმტანი ისევ დაიკარგა, 20 წუთის თავზე კი ძლივს გამოვიჭირეთ სულ სხვა მიმტანი, ჩავაწერინეთ შეკვეთა და ვთხოვეთ, ამასობაში ერთი ჭიქა ჩამოსასხმელი ღვინო გაესინჯინებინა ჩვენთვის. „მანავი“ – ასე ამაყად უხმობენ თავიანთ ჩამოსასხმელს „ფაეტონში“, რომელიც, მოკლედ რომ ვთქვათ, არ დაილეოდა.

გადავხედეთ ღვინის ბარათს, რომელიც მართალია თავიდან საკმაოდ მრავალფეროვნად გამოიყურებოდა, რადგან ათამდე კომპანიის ღვინო იყო წარმოდგენილი, მაგრამ ბოლოს მაინც ისე გამოვიდა, რომ ასარჩევი მაინც არაფერი იყო. ჰარიფი ხომ არა ვარ 67 ან 104 ლარიანი ქართული ღვინო ავიღო უბრალო ვახშმისთვის? რაც მთავარია არც ერთი ღვინო ჭიქით არ იყიდებოდა, რაც, ჩემი აზრით, დიდი შეცდომაა. კახური ტრადიციული მხოლოდ ორი კომპანიის ღვინო ჰქონდათ, ისიც საკმაოდ დაბალხარისხიანი. ავიღეთ ბადაგონის მწვანე და მაგრად ვინანეთ, რადგან ღვინო საოცრად უფერული და უხასიათო მეჩვენა. ცოტა სხვანაირი „მწვანე“ მახსოვდა ბადაგონისგან.

პირველი მწვანე სალათა შემოვიდა. მოვაწურეთ ლიმნები და გზა გავუხსენით ჩიხირთმას, რომელიც ძმრიანი მოვიდა, არადა ჯობდა ძმარი ცალკე მოეტანათ, იქნებ არ მიყვარს ძმრიანი! წვენს არაუშავდა, აცოცხლებდა, ხორცი კი როგორც თითქმის ყველა ქართული რესტორნის ჩიხირთმაში, მშრალი იყო და უგემური (ეჰ, სადა ხართ გარდასულ დროთა სოფლის ქათმებო!). შემდეგ ლობიო მოვიდა, ჩვენი ეროვნული ტკივილი. რატომ ტკივილი? იმიტომ, რომ ბოლო წლების მანძილზე კარგი ქოთნის ლობიოს დაგემოვნება თითქმის შეუძლებელი გახდა, ყველგან სალობიანე ლობიოსგან მომზადებული, უცნაური, მონაცრისფერო, ძალიან ცხარე, ბლომადმწვანილმოყრილი ფსევდო–ლობიო მოაქვთ ხოლმე. ახლა მჭადს არ იკითხავთ? გაციებული იყო, შესაძლოა წინა დღის გამომცხვარიც.

თევზისა და ხორცის მოლოდინში ჭარხლის ფოთლის ფხალიც გამოვჩანგლეთ ერთიორჯერ – ძალიან სასიამოვნო, საშუალო სიმწარის, მსუბუქ ფხალი. საოცრად სურნელოვან კალმახსაც შევეგებეთ. თევზი რა თქმა უნდა სუნელებში იყო შემწვარი და ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ტბის კალმახზეა საუბარი.

ხორცის ჯერიც დადგა – ბატკნის მწვადმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა იმდენად შთამბეჭდავი იყო, გემრიელი იყო ღორის მწვადიც, თუმცა ვერაფრით გაგვაკვირვა. ხორცეულს საფერავი ჩავაყოლეთ და ბოლოს საქართველოს სადღეგრძლოთი დავამთავრეთ, ვადღეგრძელეთ ქვეყანა, რომელიც გვამძიმებს, მაგრამ მაინც გვიყვარს. ასევეა ქართული სამზარეულოც, გვამძიმებს, მაგრამ მაინც ვეტანებით.  სიმძიმეს კი პირველ რიგში ღვინო უხდება, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ჭირს ქართულ რესტორნებში. ვიმეორებ, მიუხედავად მოჩვენებითი მრავალფეროვნებისა ღვინის ბარათში.

ფაეტონირესტორანი

ბელიაშვილის ქ., თბილისი

უბანი: დიღომი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო

ტელ: +995 595  4310  20; +995 32 24520  13

სამზარეულო: ქართული

საათები: ყოველ დღე, 10:00-12:00, ბოლო სტუმრამდე

ბარათები: მიიღება

ფასი: 80-100 ლარი (სადილი ორ კაცზე,

ღვინის, სერვისის და მუსიკის ჩათვლით)

პარკინგი: რესტორნის წინ

ელ-ფოსტა: phaetonibohema@gmail.com

საიტი: www.phaetoni.ge

© tabula



ეეეეეეეეეეეეეეეეჰჰჰ

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული