Home
ქართული | English
ნოემბერი 2019
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

მულტიმედია

კომენტარები

კვების ატრაქციონი

ნიკ კერტისის, BBC-ის კორესპონდენტის შთაბეჭდილებები ჰესტონ ბლუმენტალის ხელოვნებაზე

- დრო ერთი საათი გვაქვს, - მოკლედ მოჭრა ბლუმენტალმა, - დასაწყისისთვის ჯერ ეს გასინჯეთ.

მან ნიკს ლამბაქით ცხელი ჩაი მიაწოდა. ნიკმა უნდობლად აიღო, დაყნოსა და ერთი ყლუპი მოსვა - ეს ჩვეულებრივი შავი ჩაი იყო. ძლიერი, ცხელი და ტკბილი.

- დალიეთ, დალიეთ, - გაამხნევა იგი ბლუმენტალმა. ნიკმა ჩაი ისევ მოსვა და თვალები გაუფართოვდა: ჩაი ცივი გახდა.

- ეს ჩვენი საფირმო ცხელი ყინულოვანი ჩაია, - შეატყობინა ბლუმენტალმა, - ხომ საინტერესო ეფექტია?

- მაგრამ, ეს ხომ შეუძლებელია, - თქვა დაბნეულმა ნიკმა. სკოლაში ნასწავლი ფიზიკა ცუდად ახსოვდა, მაგრამ იმას კი ხვდებოდა, რომ ლამბაქში ცხელი და ცივი სითხის გაყოფა შეუძლებელია - დიფუზიის კანონის თანახმად ისინი ერთმანეთს შეერევიან. თუ, რა თქმა უნდა, ცხელ ფენას ცივისგან რაღაც უხილავი მემბრანა არ ყოფს. თუმცა, იგი მზად იყო დაეფიცა, რომ ლამბაქში მსგავსი არაფერი ყოფილა.

- მართალია, - უთხრა კმაყოფილმა ბლუმენტალმა გაკვირვებულ კორესპონდენტს, - იმას ფიქრობთ, როგორ შეიძლება ორი სითხის შეთავსება? არც არანაირად. უბრალოდ, ეს სითხე არაა. ეს ორი ჟელესმაგვარი სუბსტანციაა, რომელთა სიმკვრივე ჩაის სიმკვრივემდეა დაყვანილი. პლუს ჩაის ფოთლების ექსტრაქტი. და შედეგად - ფოკუსი....

* * *

- ახლა კი ჩვენი მთავარი "ნომერი". ჰესტონმა ვერცხლის პატარა ვედროში ალუმინის სიფონიდან რაღაც თხევადი კვამლის მსგავსი ჩაასხა.

- თხევადი აზოტია, - განმარტა მან, - ცელსიუსით მინუს 189 გრადუსი. უფრო ცივია, ვიდრე ანტარქტიდა. მერე ისეთივე ალუმინის სიფონიდან კოვზზე ღიამწვანე ქაფი მოზომა, ვედროში ჩააგდო და იქიდან წამიერად იდეალური ბურთულა ამოიღო, რაღაც მწვანე ფხვნილი მოაყარა და ნიკს მიაწოდა. - სწრაფად მიირთვით, ამის ჭამა მომზადებისთანავეა საჭირო, - დააჩქარა ნიკი.

ნიკმა შეთავაზება ცოტა უნდობლად მიიღო. თავიდან მოეჩვენა, თითქოს რაღაც ნამცხვრის მსგავსს ჭამდა, მაგრამ ცივი, გამაგრილებელი ბურთულა ენაზე კი არ გადნა, არამედ, უბრალოდ, გაქრა და ლაიმისა და მწვანე ჩაის გემო დაუტოვა.

- ამით ჩვენი ნებისმიერი სადილი თუ ვახშამი იწყება, - შეატყობინა კმაყოფილმა ჰესტონმა, - წმენდს რეცეპტორებს, ნაყინს ჰგავს, მაგრამ სრულიად უცხიმოა - აქ ერთი წვეთი ცხიმიც კი არაა! ხომ წარმოგიდგენიათ ბალონი საპარსი ქაფით? ან ათქვეფილი ნაღებით? ჩვენი სიფონიც მსგავსად მუშაობს - მხოლოდ ლაიმის წვენით და ცედრითაა სავსე. თხევადი აზოტი ქაფს ყინავს, მერე ზემოდან იაპონური მწვანე ჩაის ფხვნილს მოვაყრით და... ესეც შენი გასაოცარი პრელუდია.

სანამ ტელეოპერატორები სამზარეულოს, ინტერიერის და აზოტით სავსე ბალონების გადაღებით იყვნენ გატაცებული, ნიკი ფრთხილად შეეკითხა ბლუმენტალს:

- ხომ სწორად მესმის - ესაა მოლეკულური სამზარეულო, ხომ?ყველა ეს ფოკუსი.

შეფ-მზარეული შეიჭმუხნა.

- არ მიყვარს ეს ტერმინი, - თქვა უკმაყოფილოდ, - იმიტომ მოიგონეს, რომ რაღაც უნდა დაერქმიათ. ჩვენ მანიაკები კი არ ვართ, რომლებიც გაუთავებლად რაღაცას იგონებენ. არა. ჩვენ გემრიელ სა- ჭმელს ვამზადებთ - უბრალოდ, თანამედროვე ტექნოლოგიებს ვიყენებთ. ჩვეულებრივი მზადებაა - პროდუქტი მთავარია.

- რა, - თავი ვერ შეიკავა ნიკმა, - აი ეს - ჩვეულებრივი მზადებაა? თქვენ სამზარეულო კი არა, ქიმიური ლაბორატორია გაქვთ!

- რას ამბობთ! - უფრო გაღიზიანდა ბლუმენტალი, - რა, თქვენი ოჯახის სამზარეულო ქიმიური ლაბორატორია არაა? ეს არაფერია, რომ საჭმელში ყოველთვის ნატრიუმის ქლორიდს და დისახარიდს, ანუ მარილს და შაქარს ამატებთ? ან როცა სალათს აცეტილის ჰიდრომჟავით, ანუ - ჩვეულებრივი ძმრით, კმაზავთ? თქვენ, უბრალოდ, არ იცით, რომ მათ ასე ჰქვიათ. უნდა იცოდეთ, რომ საჭმლის მომზადება ნებისმიერ შემთხვევაში ფიზიკა და ქიმიაა. როცა დილით ერბო-კვერცხს ამზადებთ, სითბოს საშუალებით პროტეინების დენატურაციას ახდენთ. როცა სალათისთვის ზეთისხილის ზეთს და ძმარს ერთმანეთში ურევთ, ამით ე.წ. სტაბილურ კოლოიდს ამზადებთ აქტიური სურფაქტანტის საშუალებით. რა მნიშვნელობა აქვს, ამას რას დაუძახებთ? თქვენ ხომ მაინც ერბო-კვერცხს და სალათს მიიღებთ. ჩვენთანაც იგივე ხდება. თუმცა, უკეთესია, აი ეს გასინჯოთ. გასინჯეთ და მითხარით, რომ ეს უგემური ან არაბუნებრივია. ნიკმა დიდი თეთრი თეფშიდან ჩანგლით ორაგულის ნაჭერი აიღო და, როცა დააგემოვნა, პატიოსნად აღიარა:

- არასდროს მიჭამია ასე გემრიელად შემწვარი თევზი.

- აჰა! - წამოიძახა ჰესტონმა, - ახლა თუ გეტყვით, რომ ჩვენ ამ კერძს 12 საათის განმავლობაში ვაკუუმში, ქიმიკოსებისთვის ჩვეულ სპეციალურ წყლის აბაზანაში ვამზადებდით, შემდეგ კი გაზის ალით შევრუჯეთ ქერქის მისაღებად - რა, ეს კერძი ნაკლებად გემრიელად მოგეჩვენებათ? - თუმცა, - დაამატა მან, - როცა ვიწყებდი, არც კი ვფიქრობდი ასეთ რამეებზე. ამის არავის სჯეროდა. ჩემ ცოლსაც კი...

* * *

- ჩვენ სადეგუსტაციო მენიუში შემდეგ კერძს "ზღვის ხმები" ჰქვია. თუ შეიძლება, საყურისები გაიკეთეთ.

ის, რაც მაგიდაზე იდო, ზღვის სანაპიროს პატარა მონაკვეთს ჰგავდა. ხის ლანგარზე თითქმის ბუნებრივი ქვიშა მოებნიათ. ზღვის ქაფში ნიჟარქვები და ხამანწკები მოჩანდნენ. ყველაფერი ეს შორეული ქვეყნების ზღვის მძაფრ სურნელს აფრქვევდა. ყოველ ლანგართან ნიჟარა იდო, რომელშიც პატარა საყურისები ჩაედოთ. სანამ ტრაპეზას შეუდგებოდით, საჭირო იყო მათი ჩამოცმა - იმავ წამს თოლიებისა და ზღვის ტალღების ხმაური ავსებდა გარემოს. "ქვიშა" ენაზე დნებოდა - იგი პოპულარული ტროპიკული მანიოკის ბურღულით მოემზადებინათ, ზემოდან გამხმარი გველთევზას მარილიანი და არომატული პაწაწინა ნაჭრები მოებნიათ. "ქაფი" შარდონეს, საკეს, კამის, კომბუს წყალმცენარეებსა და კიდევ ათიოდე ინგრედიენტს შეიცავდა. "ნიჟარქვები" საკვებად გამოსადეგი იაპონური შროშანისგან იყო დამზადებული. მასში კი განთავსებულიყო მისოსთან შერეული ვირთევზას ღვიძლი, ზღვის ზღარბის სურნელოვანი ხიზილალა, მიდიები და ცოცხალი ხამანწკა, რამდენიმე სახეობის ცოცხალი და გამხმარი წყალმცენარე... მაგრამ სტუმრებს, მგონი, ეს აღარ აინტერესებდათ. ისინი, სიამოვნებისგან თვალმოჭუტულნი, ერთმანეთს ლაპარაკს აღარ აცლიდნენ: "ეს სანაპირო ისეთია, როგორც სარდინიაში!", "არა, რას ამბობ, ეს ბელიზეს სანაპიროა...", "ქვიშა ვენესუელადანაა...", "თითქოს ლაჟვარდოვან სანაპიროზე ვიმყოფები...".

ჰესტონი სტუმრების რეაქციას ადევნებდა თვალყურს და თავს ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერ ადამიანად გრძნობდა. სწორედ ამაზე ოცნებობდა: უბრალო საჭმელი კი არა, ისეთი ატრაქციონი შეექმნა, რომ გრძნობის ხუთივე ორგანო აქტიური გამხდარიყო...

© vinoge.com/“ბიზნესი - ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები”



კოპერფილდი სამზარეულოში

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.