Home
ქართული | English
სექტემბერი 2019
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

მულტიმედია

კომენტარები

„ვენახის გაჩეხვით ჩვენ ფაქტობრივად რეგიონს ვკარგავთ“

 

სამტრესტის მმართველის მოადგილე გიორგი სამანიშვილი კრიტიკულად აფასებს სამთავრობო განკარგულებას

 
– რამდენიმე დღის წინ, ოპოზიციურმა პარტიებმა გაახმაურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყვარლისა და დედოფლისწყაროს რაიონებში სამთავრობო განკარგულებით, გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ უნდა გაჩეხილიყო ადგილობრივი ჯიშებით, საფერავითა და რქაწითლით გაშენებული ვენახები. იქნებ უფრო კარგად განვმარტოთ ამ განკარგულების არსი?
– გამოცემულია განკარგულება, რომელიც გულისხმობს ყვარლის რაიონში რქაწითლის ვენახისა და დედოფლისწყაროს რაიონში საფერავის ჯიშის ვენახის ჩანაცვლების პროგრამის დაფინასებას. ჰექტარზე, როგორც ვიცით, გამოყოფილია 2000 ლარი. განკარგულებაში მითითებულია დედოფლისწყაროსა და ყვარლის მუნიციპალიტეტები, თუმცა პრაქტიკულად საუბარია დედოფლისწყაროს რაიონის სოფლებზე: სამთაწყაროზე და ფიროსმანზე და ყვარლის რაიონის სოფ. გავაზზე.
– თქვენი აზრით, რა არის ამ გადაწყვეტილების მთავარი ხარვეზი?
– ის, რომ გაჩეხვის მიზანი არ არის გამოკვეთილი. თანაც ჩანაცვლებაში ალბათ არ უნდა იგულისხმებოდეს ვაზის სხვა ჯიშით ჩანაცვლება, რადგან შეუძლებელია რქაწითელზე და საფერავზე უკეთესი ჯიშები ვიპოვოთ ამ კონკრეტული რაიონებისთვის. ჩემი აზრით, აქ საუბარია ვაზის აბსოლუტურად სხვა კულტურით ჩანაცვლებაზე. სამწუხაროდ ამაზე ხმამაღლა არავინ ლაპარაკობს. მეორე მინუსი ის გახლავთ, რომ არ ყოფილა არანაირი წინასწარი პროცესები, არანაირი საკითხის განხილვა და ა.შ.. მე არ ვიცნობ არც ერთ პროფესიონალს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ საკითხის განხილვაში. ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიღებულია ვიწრო წრეში, სავარაუდოდ არაპროფესიონალების მიერ.
ვენახის გაჩეხვა ახალი ამბავი არაა. ჭარბწარმოების პრობლემა ყველგანაა, ეს პროცესები მთელს მსოფლიოში ხდება, თუმცა იჩეხება როგორც წესი დაბალი ხარისხის ვენახი. ჩვენთან კი არანაირი გეგმა არ არსებობს, სად რა უნდა გაიჩეხოს, რომელი ვენახი უნდა შენარჩუნდეს. ეს ყველაფერი საქართველოში ქაოსურ ხასიათს ატარებს. 4 წლის წინ, სახელმწიფო პირიქით, თანხებს ხარჯავდა საფერავისა და რქაწითლის ვენახების გაშენებაში, ახლა იგივე ჯიშების გაჩეხვას აფინანსებენ. არავინ იცის, რა იქნება გაისად.
– თუ ფლობთ რაიმე ინფორმაციას, რა ვენახებზეა საუბარი, რომელ ნაკვეთებზე, რამდენი წლის ვაზია, როგორი ხარისხის...?
– დედოფლისწყაროში საუბარია საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილ ვენახებზე, სადაც, როგორც ამბობენ, სხვა რეგიონებთან შედარებით უხარისხო მოსავალი მოდის და დიდი რაოდენობით სხვა ჯიშებია შერეული საფერავის ნარგავებში. ერთ–ერთ მიზეზად იმასაც ასახელებენ, რომ ტრადიციულად სამთაწყაროში და ფიროსმანში არ იყო ვენახები გაშენებული. თუმცა 70–იანი წლებიდან მოყოლებული იქ საკმაოდ კარგი ხარისხის ღვინო მიიღებოდა. ამ პერიოდშივე დაიწყო, მევენახეობის ბევრი ახალი ქვეყნის, მაგალითად, ავსტრალიის მასიური განაშენიანება ვაზით და ეს ქვეყნები დღეს მსოფლიო მეღვინეობის ლიდერებად მოიაზრებიან. ანუ მიზეზი, რომ დედოფლისწყაროში ვაზი არ იყოტრადიციული კულტრურა, აბსურდული მეჩვენება. საქმე ისაა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, როგორც ცნობილია, იკლო ყურძენზე მოთხოვნილებამ, შესაბამისად, როგორც ჩანს, ვენახის მოვლასაც უკლეს და მოსავლის ხარისხმაც დაიწია. ბოლო 2–3 წლის მანძილზე მუდამ პრობლემაა ხოლმე სამთაწყაროს ყურძნის ჩაბარება.
– ყვარლის, ანუ ამ შემთხვევაში სოფელ გავაზის სიტუაცია რითი განსხვავდება დედოფლისწყაროსგან? ეს ხომ ორი სრულიად განსხვავებული მიკრორაიონებია.
– ზოგადად მიღებულია, რომ ყვარლის რაიონის სხვა სოფლებთან შედარებით ნაკლები ხარისხის ღვინო დგება გავაზში. თუმცა მაინც საკვირველია, რატომ უნდა იხარჯებოდეს ეს თანხა რქაწითლის შემცირებაში. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ მოთხოვნილება თეთრ ყურძენზე ნამდვილად არის მოსახლეობაში. არ ვიცი, შესაძლოა გავაზელებს სხვა კულტურის გაშენება ურჩევნიათ და ეს კომპენსაცია მათთვის საუკეთესო მოტივაციაცაა საიმისოდ, რომ უფრო ჩქარა გადავიდნენ სხვა კულტურაზე... გავაზელი გლეხი ყურძნის გაყიდვას მაინც მოახერხებდა, მაგრამ როგორც ჩანს, სხვა კულტურა უფრო მომგებიანია მისთვის.
– ჩემი აზრით, სხვა გამოსავალი ნამდვილად არსებობდა, თანაც არაერთი. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთებულიყო, რომ ამ ყველაფერს ასეთი უცნაური ფორმა არ მიეღო და არ გამხდარიყო იგი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი.
– გავაზის შემთვევაში მე საერთოდ ვერ ვხედავდი პრობლემას და შესაბამისად გადაჭრის გზებიც არ იყო საძებარი. სამთაწყაროში ნამდვილად იყო სირთულეები, თუმცა იქაც შეიძლებოდა უკეთესი გამოსავლის მოძებნა. მთავარი პრობლემა დედოფლისწყაროში ის იყო, რომ ერთად–ერთი მოქმედი ქარხანა დალუქულია დღეს, რადგან ერთ–ერთმა კომპანიამ, რომელმაც სახელმწიფოს თხოვნით ჩაიბარა ყურძენი, შემდეგ ღვინო ვერ გაყიდა და კრედიტის გადაუხდელობის გამო ბანკმა ყადაღა დაადო კომპანიას და ჩამოართვა საკუთრება. არადა ამ საწარმოში წარმატებით შეიძლებოდა განხორციელებულიყო პირველი კოოპერატივის პროექტი. სამთაწყარო შეიძლებოდა საუკეთესო მაგალითად ქცეულიყო იმისთვის, თუ როგორ შეიძლება კოოპერატივმა გადაარჩინოს ვენახი. მევენახეების მხრიდანაც იქნებოდა დაინტერესება. ვერავინ დამარწმუნებს, რომ წვენის ან სპირტის წარმოება უფრო კარგი გამოსავალი არაა, ვიდრე ვენახის გაჩეხვა. ვენახის გაჩეხვით ჩვენ ფაქტობრივად რეგიონს ვკარგავთ, იმიტომ რომ კარგა ხანი იქ აღარავინ გააშენებს ვენახს.
მთავარ მიზეზად იმისა, თუ რატომ დაიწყო გაჩეხვების ეს ახალი ტალღა, მოსახლეობას ასახელებენ, თითქოს მათგან შემოვიდა თხოვნა, რომ გაეჩეხათ ვენახი და სანაცვლოდ კომპენსაცია მიეღოთ. ეს ის შემთხვევაა, როცა გადაწყვეტილების მიმღებს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიდრე გლეხს და ერთი ჯგუფური წერილის საფუძველზე არ უნდა შესრულდეს ეს თხოვნა.
 
ესაუბრა მალხაზ ხარბედია
 
© vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული