Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ტერმინ ქვევრის დაწერილობის ტრანსლიტერაციის შესახებ

შეგახსნებთ, “გამოხმაურების” რუბრიკით დაბეჭდილი სტატიები შესაძლოა არ ასახავდნენ გაზეთ “მარანის” რედაქციის პოზიციას და არ ეთანხმებოდნენ ჩვენი გაზეთის მიერ დამკვიდრებულ სტილს.

გიორგი ბარისაშვილი

თავშივე გვინდა ვთქვათ, რომ აღნიშნული საკითხის გარშემო პრობლემა რომ არ შექმნილიყო, ეს მოკლე სტატიაც არ დაიწერებოდა და ჩვენს მკითხველს, თუნდაც მცირედი ხნით ნამდვილად არ მოვაცდენდით, მაგრამ, როგორც ჩანს, საკითხის გარშემო არსებული გაურკვევლობა სწორედ ხელს აძლევს მავანს და ამის გამო, გვინდა პირველად შევეხოთ იმ თემას, რომელსაც ტერმინ ქვევრის ტრანსლიტერაცია ეწოდება. წინამდებარე სტატია მეცნიერულ ხასიათს არ ატარებს და განკუთვნილია, როგორც ქართველი, ისე უცხოელი ადამიანების იმ კატეგორიისათვის, რომლებიც თავიანთი საქმიანობით მეტ-ნაკლებად დაკავშირებულნი არიან ქვევრთან და ქვევრის ღვინოსთან.    ტერმინ „ტრანსლიტერაციის“ განმარტებისათვის მივმართეთ ქართული ენის ენციკლოპედიას (თბილისი, 2008. გვ. 460.), სადაც განმარტებას თან ახლავს ინგლისური ენის ბაზაზე ენათმეცნიერების ინსტიტუტში შემუშავებული ტრანსლიტერაციის სისტემა, რომელსაც აქვე გთავაზობთ:

 თუკი ამ სისტემას, რომელიც ნამდვილად სარწმუნო წყაროს წარმოადგენს, თვალს გადაავლებთ, მაშინ რა თქმა უნდა მიხვდებით, რომ ამ მხრივ დღევანდელ საქართველოში ნამდვილად არასახარბიელო მდგომარეობაა. ერთ-ერთ მაგალითად იმ საგზაო მაჩვენებლების მოტანაც შეიძლება, რომლებზეც ქართულ-ინგლისურადაა მინიშნებული საქართველოს სოფლები, ქალაქები, მდინარეები და სხვ. ხსენებულ ნიშნულებზე დაწერილი სიტყვების შესწავლიდან გამომდინარე ცხადი ხდება, რომ ხშირ შემთხვევაში სამარცხვინო სიტუაციაში ვიმყოფებით...

თუმცა მოდით დავუბრუნდეთ ტერმინ ქვევრსა და მის მართებულ გამოთქმასა თუ ტრანსლიტერაციას.

 უკვე რამდენიმე წელია, რაც საქართველოში აღორძინების გზაზეა ქვევრში ღვინის დაყენება. ეს ტრადიცია, მართალია შეწყვეტილი არასოდეს ყოფილა და დაახლოებით 8000 წელი გრძელდება, მაგრამ ასეთი ღვინის ბოთლებში ჩამოსხმა და უცხოეთში გატანა კი ჯერჯერობით ნამდვილად სიახლეა და ამ პროცესს ერთი ათეული წლის გამოცდილება თუ ახლავს (იგულისხმება ოჯახურ მარნებში წარმოებული და ჩამოსხმული, ბოლო პერიოდის ქვევრის ღვინო). ამ შემთხვევაში უცხოეთის ბაზარზე მეტად მნიშვნელოვანია ქართული ღვინის მართებულად წარდგენა, რაც დღემდე, უმრავლეს შემთხვევაში სამწუხაროდ არ ხერხდება. პრობლემას კი არა მხოლოდ ტერმინ ქვევრის ტრანსლიტერაციის საკითხი წარმოადგენს, არამედ მისი არასწორი, განგებ დამახინჯებული ე.წ. „თარგმანი“, რომლის დროსაც ღვინის ბოთლის ეტიკეტის ინგლისურ თარგმანში სიტყვა „ქვევრის“ მაგივრად წერია, მაგალითად „ამფორა“, რაც, როგორც უკვე ითქვა, არის უხეში შეცდომა, ხოლო მეორე მხრივ კი მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა. ამფორა და ქვევრი ორი ერთნამეთისაგან რადიკალურად განსხვავებული და სხვადასხვა დანიშნულების ჭურჭელია. ამფორა ესაა ბერძნული წარმოშობის თიხის ორყურა ჭურჭელი, რომელიც გამოიყენებოდა ზეთისა და ღვინის ტრანსპორტირებისათვის და მისი მოცულობა მერყეობდა დაახლოებით 5 -დან 30 ლიტრამდე. ქვევრის ამფორად „გადანათვლას“ ზოგიერთ შემთხვევაში ახლავს კიდეც თავისი შეძლებისდაგვარი განმარტება, რასაც ძირითადად იმით ხსნიან, რომ თურმე უცხოელ მომხმარებელს სიტყვა „ქვევრის“ გამოთქმა უჭირს და სხვ. უნდა ითქვას, რომ ამგვარი მიზეზები არაერთია, ხოლო ქართული ღვინო თანდათანობით ფეხს იკიდებს ევროპის ბაზარზე, თუმცა არასწორი, განგებ დამახინჯებული სახელდებით... კი მაგრამ რამდენ უცხოელსაც, რომელიმე ქართული სიტყვის გამოთქმა გაუჭირდება, როგორ მოვიქცეთ, გადავარქვათ სახელები ყველაფერს? თუმცა, რომ არა ამ ყველაფერზე ჩვენი „კეთილი ნება“, საქმე აქამდე ნამდვილად არ მივიდოდა. ასეთ შემთხვევაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ და უარი ვთქვათ ტერმინ „ქვევრის“ არასწორ და ზოგიერთ შემთხვევაში გაურკვეველი განმარტებებისაგან. ნუთუ ის, ვინც თავისი ღვინის ბოთლის ეტიკეტზე ქვევრის მაგივრად „ამფორას“ აწერს ერთხელ მაინც არ დაფიქრებულა - სად ქართული ქვევრი და სად ამფორაო? გასაგებია, რომ ხშირ შემთხვევაში ეს თავად იმათი მოთხოვნაა, ვინც ჩვენს ღვინოს ყიდულობს, ანუ უცხოელებისა, მაგრამ დალოცვილისშვილო, დღეს რომ „ამას“ გთხოვენ და თანახმა ხარ, ხვალ რომ „იმას“ მოგთხოვენ, იმაზეც თანახმა იქნები? და ეს მაშინ, როდესაც ზოგიერთი უცხოელი მეღვინე, რომელიც საქართველოდან გატანილ ქვევრებში ღვინოს აყენებს, მადლიერების გრძნობით თავისი ღვინის ეტიკეტზე მართებულად აწერს kvevr -ს. თუკი საქართველოში არ მოიძებნება მისაბაძი ადამიანი, უცხოელებისაგან მაინც ავიღოთ სწორი მაგალითი.

თუმცა არსებობს გაცილებით დიდი პრობლემა, რასაც ტერმინ ქვევრის ტრანსლიტერაცია წარმოადგენს. როგორც აღინიშნა დღემდე ეს პრობლემა ღიაა და მისი მოგვარება ჯერჯერობით არ მოხერხდა. საქმე ისაა, რომ ჩვენი ქართული ქვევრის ინგლისური ტრანსლიტერაციაა Kvevri და არა Qvevri, რასაც, შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი აქვს. სამწუხაროდ, საქართველოში უმეტესწილად მცდარი ვერსიაა გავრცელებული. ამის შესახებ ქართველი, თუ უცხოელი სპეციალისტების მიერ არაერთხელ გამოითქვა შენიშვნა, რომ ტერმინი ქვევრის ინგლისური ვერსიის “Q”-თი გამოთქმა არასწორია, მაგრამ მათ ყური არავინ ათხოვა. ქართული ასობგერა „ქ“ -ს შესაბამისი ინგლისური შესატყვისი, მხედველობაში გვაქვს ტრანსლიტერაცია, არის “K”  და არა“Q”. ეს უკანასკნელი კიინგლისურ ენაში ქართულ „ყ“-ს გადმოსცემს და ამრიგად თავად გააკეთეთ დასკვნა... ჩვენ კი კვლავაც გავიმეორებთ, რომ ლიტერატურულად გამართული ინგლისური ტერმინ ქვევრის ტრანსლიტერაციაა „Kvevri“ და არა „Qvevri“.  საქართველოში ქვევრის ღვინის წარმოება სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება და, აქედან გამომდინარე, ქვევრის გარშემო ხშირია  ქართული თუ უცხოური გამოცემები. ინგლისურენოვან ზოგიერთ გამოცემაში მართებულ ტერმინს ვხვდებით, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ უმეტეს შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს არასწორად დაწერილ ტერმინთან. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში არაერთი გაერთიანება ჩამოყალიბდა, რომლებიც ამ მხრივ ეწევიან საქმიანობას. მართალია, ამგვარი გაერთიანებების უცხოურ დასახელებებში ხშირად ქვევრის დასახელება სწორედ „Q“ - თი იწყება, მაგრამ ამის გამოსწორება სწორედ ახლაა იოლი, რადგან ჯერ დიდი დრო არ გასულა და ხალხიც ამ დასახელებას ჯერ არ მისჩვევია. მეორეა ის, რომ ამ ყველაფერს შესაძლოა „ვინმე“ უდარაჯებდეს და ჩვენი შეცდომა თავის სასიკეთოდ გამოიყენოს...

ამ მხრივ არა მხოლოდ ხსენებული ტერმინი, არამედ ბევრი სხვა სიტყვა თუ სახელია გასამართავი და ამგვარი პრობლემა იმისი ბრალი უფროა, რომ დარგის სპეციალისტების აზრს არავინ ითვალისწინებს. ალბათ თავდაპირველად შიგნით უნდა მოგვარდეს ყველა პრობლემა, რასაც თავისთავად მოჰყვება ამ საკითხის უცხოეთში დარეგულირებაც. და რახან სიტყვამ შიდა პრობლემა მოიტანა, არ შეიძლება არ აღინიშნოს ის გულისტკივილი, რომელიც ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის (ქეგლი) ახალი გამოცემის, თვალის, თუნდაც ერთი გადავლების შემდეგ დამეუფლა. რა თქმა უნდა, მევენახეობა-მეღვინეობის ტერმინოლოგია მაქვს მხედველობაში, სადაც არაერთი შეცდომაა დაშვებული. აქაც, რაღა თქმა უნდა, საქმე გვაქვს დარგის სპეციალისტების ან იგნორირებასთან ან მათ არასწორად შერჩევასთან... იმედი ვიქონიოთ, რომ ლექსიკონის მომდევნო ტომებზე მუშაობისას სარედაქციო ჯგუფში ჩაერთვებიან მევენახეობა-მეღვინეობის დარგებში მომუშავე კომპეტენტური ადამიანები და ამრიგად გამოირიცხება ის უხერხული შეცდომები, რომლებსაც ვხვდებით ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის ახალი გამცემის (ხუთტომეულის) პირველ (2008წ.) და მეორე (2010წ.) ტომებში.

დასასრულს, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ ყველაფრის თავი და თავი ის უნდა იყოს, რომ მავანი ჭკუას ეკითხება არა იმას, ვინც ქართულ ფესვებს, ტრადიციებსა და, რაც უმთავრესია, ამ ყოველივეს მნიშვნელობას იცნობს, არამედ მათ, რომლებსაც საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობასა და მისი ისტორიისათვის ევროპასა თუ აშშ-ში მოუკრავთ ყური. სამწუხაროა, რომ ასეთებმა უკვე მრავლად მოიყარეს თავი ქართული ვაზისა და ღვინის გარშემო. საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობა ამგვარ რთულ ყოფაში შაჰ-აბასის დროსაც კი არ ყოფილა...

იმედი ვიქონიოთ, რომ სოფლის მეურნეობის ამ სფეროების მართვის სათავეებთან ამის შემდეგ მაინც მოიყრიან თავს ქართველი სპეციალისტები.

© ღვინის კლუბი/Weekend



არ ვიცი, ამ ტრანსლიტერაციის კანონები თავის დროზე ვინ მოიგონა. არც ინგლისური ენა ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ინგლისელები "ყ"-ს საერთოდ ვერ გამოთქვამენ. ამიტომ ვერ გავიგე Q რატომ შეესაბამება "ყ"-ს, ხოლო K - "ქ"-ს. მე პირადად ქვევრის ინგლისურენოვან აღმნიშვნელად Qvevri უფრო მომწონს, რადგან Q მოყვანილობით ქვევრს ჰგავს და მისგან საყოველთაო სიმბოლოს გამოდნობა შეიძლება. ამავე დროს, თუკი თვით ქეგლში ვპოულობთ პატივცემული ენათმეცნიერების მიერ დაშვებულ უხეშ შეცდომებს, რატომ არ შეიძლება, თავის დროზე არანაკლებ პატივცემულ ტრანსლიტერაციის კანონმდებლებსაც დაეშვათ შეცდომა, როდესაც ბეჭდით დაამოწმეს, რომ Q = ყ -ს.


ალეკო Q ქვევრს საიდან მიამგვანე, თავიდან, ბოლოდან თუ იზომეტრიაში? :) აქ იმაზე არაა საუბარი, თუ ვის რა უფრო მოსწონს, არამედ იმაზე, რომ ყველაფერს თავისი წესია აქვს! ტრანსლიტერაციის ის სისტემა, რომელზეც მე ვსაუბრობ არა მხოლოდ "პატივცემული ტრანსლიტერაციის კანონმდებელის" შექმნილია, არამედ სარედაქციო ჯგუფისა, რომელიც დაკომპლექტებული იყო რედკოლეგიით: ზურაბ აბაშიძე, ავთანდილ არაბული, შუქია აფრიდონიძე, გენადი ბურჭულაძე, გიორგი გოგოლაშვილი, ნანა ლოლაძე, ზურაბ სარჯველაძე, ავთანდილ საყვარელიძე, ვალერი სილოგავა, მიხეილ ქავთარია. ხოლო ამ ენციკლოპედიაზე ძირითადი სამუშაოები გასწიეს: ირინე აბაშიძემ, ნოდარ გიოშვილმა, თამაზ დვალმა, მარინე თუშიშვილმა, ოთარ ლაბაძემ, მთვარისა სილაგაძემ, შორენა ანჯაფარიძემ, თამარ დოლიძემ, მანანა მაკალათიამ, რუსუდან ფოფხაძემ, ნელი ქაფიანიძემ. ენციკლოპედიის რედაქტორია გუჩა კვარაცხელია. ენათმეცნიერების ინსტიტუტში დამუშავდა ქართული ანბანის ინგლისური ტრანსლიტერაციის სისტემა, რომელსაც საქართველო-აშშ II საბიბლიოთეკო კონფერენციაზე ოფიციალური რეკომენდაცია მიეცა - ISO სათვის წარსადგენად. ეს სისტემა აპრობირებულია ინგლისურენოვან ქართველოლოგ-კავკასიოლოგთა მიერ. პრაქტიკულად ამ სისტემით სარგებლობენ ამჟამად უცხოელი სპეციალისტები ქართული ანბანის ტრანსლიტერირებისას ქართული ტექსტების გამოცემებში. სანამ ამ სტატიას დავწერდი საუბარი ერაერთ ენათმეცნიერთან მქონდა, რომლებმაც დამიდასტურეს ტრანსლიტერაციის "სიმართლე ქვევრთან მიმართებაში"... რაც შეეხება ქართული ენი განმარტებით ლექსიკონს, არაერთხელ აღმინიშნავს და კიდევაც გავიმეორებ, რომ არაერთ უხეშ შეცდომას ვაწყდები ხოლმე მისი კითხვისას, რაზედაც ძალიან მწყდება გული. ლექსიკონში მოყვანილია მაგალითად ციტატები "ფორუმ-გე"-დან. ვიღაც ტიპი მეორე ტიპს წერს, რომ "მანქანის მატორში შლანგს რომ ჩაყოფ და ამოიღებ..." და ასე შემდეგ. თუმცა მე მხოლოდ მევენახეობა-მეღვინეობის ტერმინოლოგიას მივტირი... რაც შეეხება Q = k ვიმეორებ, ჩემთვის გასაგებია, რომ არსებობს აზრთა გარკვეული სხვადასხვაობა, მაგრამ წესი წესია! დავთქვათ და ჩამოვყალიბდეთ რაცაა მართებული და გამართული ტერმინი, დავეთანხმოთ ამას ყველა და მერე ვისაც რა უნდა ის დააწეროს ბატონო, არც აქამდე გიშლიდათ ვინმე და არც ამის მერე დაგიშლით. ისე კი საინტერესოა რას ფიქრობს მავანი, მაგალითად Georgia -ს შესახებ... უკეთესი ხომ არაა, რომ ამიერიდან ეს უკანასკნელი დავწეროთ Weorgia? თუ W -ს გადმოვატრიალებთ მივიღებთ M -ს , რომელიც ძალიან გავს კავკასიონის მთებს და კონკრეტულად კი უშბას...ან რატომ იწერება ინგლისურად სიტყვა ღვინო - Wine? უფრო ლამაზი არ იქნებოდა დაგვეწერა -Sine? S ხომ ხეზე აშვებულ, ან ჭიგოზე შემოხვეულ ვაზს წააგავს? აბა კიდევ ვის რა აზრი მოუვა თავში?


სწორედ ავთანდილ არაბულია ქეგლის ახალი რედაქციის ხელმძღვანელი, ხოლო პატივცემული შუქია და სხვანი და სხვანი ვინც ჩამოთვლილი გყავს, იქვე არიან რედკოლეგიაში. ასე რომ, თუ ქეგლში არის უხეში შეცდომები (და შენი წერილებიდან ვიცი, რომ ნამდვილად არის), ტრანსლიტერაციის კანონების შექმნისასაც ვერ გამოვრიცხავ იგივე შეცდომებს იგივე ხალხის მიერ დაშვებულს. ასე რომ, ამ შეცდომებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ საკითხავია, რა როგორაა. ზოგადად, რა თქმა უნდა, აჯობებს ყველანი შევთანმხდეთ, Qvevri დავწეროთ თუ Kvevri. ამაზე ორი აზრი არ უნდა არსებობდეს. მეც დაუშვებლად მიმაჩნია, ერთ ბოთლზე Qvevri ეწეროს და მეორეს - Kvevri. ეს მომხმარებელს, განსაკუთრებით კი - უცხოელს, ძალიან დააბნევს. ასე რომ, შეთანხმება აუცილებელია!!! მე იმაზე მეცინება, რომ Q გვინდა თუ არა "ყ"-ს უდრის და Qvevri გამოდის ყვევრი :) ვინ დაადგინა ეს, საინტერესოა. :)))


ნამდვილად სასაცილო მდგომარეობაში ვართ...თუმცა ჩემი დასმული საკითხი ამათი გადაწყვეტილი არ არის მხოლოდ და ეგ მაიმედებს. უცხოელ სპეციალისტებთანაც მქონდა ამ რამდენიმე თვის წინ კონსულტაცია (ყველაფერს ხომ არ დავწერ აქ) დაისინიც ამ აზრზე არიან რაც მე დავწერე. მოკლედ "ა ბურთი და ა მოედეანი", ან კიდევ მთლად უკეთესი: "ა ღვინო და ა ყანწი" :)


ქართული ასოების, კერძოდ ქ'ს ტრანსლიტრეაცია დიდი ხანია დადგენილია ჩვენი ენათმეცნიერების მიერ(მე-20 საუკუნის 30-იან წლებში),ასე რომ ინგლისური ტრანსლიტერაციით მართებული ფორმაა Kvevri და არა Qvevri. მგონი ყველა განათლებაზე პრეტენზიის ინდივიდმა უნდა იცოდეს რა განსხვავებაა k და Q გრფემებს შორის და რა კანონზომიერი ტრანსლიტერაციული წესები არსებობს სალიტერატურო ქართულში. პრობლემა ისაა,რომ დღეს ვისაც როგორც უნდა, ვისაც როგორ ესმის, ისე წერს და ლაპარაკობს.ასეთ საკითხებზე ენათმეცნიერებს,ეთნოგრაფებს და მეღვინეებს კი არ ეკითხებიან,არამედ სრულიად შემთხვევით პირებს, რომელთა მიზანი ლამაზად ლაპარაკი და საზოგადოების წინაშე თავის მოწონებაა.


გიორგი ღვინის კულტურის ცენტრში როდეასც ამ საკითხებს განიხილავდნენ შენც ხომ იქ იყავი, მაშინ გეთქვა შენი შეხედულებები ჯობდა. ვეთანხმები ბატონ ალეკოს. ენათმეცნიერებმა მაშინ QVEVRI ამნაირად სახელდვეს და განმარტეს: „როგორადაც გამოითქმის და ისმის ისე უნდა გადმოიცესო, ამის საშუალებას Q-იძლევაო. ქვევრია და არა კვევრიო“


მამაო მაშინ მე მართლაც ვესწრებოდი შეხვედრებს და ჩემი შეხედულება გამოვთქვი კიდევაც და ადრეც მქონდა ნათქვამი. სანამ ჩვენ შეხვედრებს დავიწყებდით მანამდე მე გამოვეცი ინგლისურენოვანი წიგნი "ღვინის დაყენება ქვევრში" ანუ "Making Wine in Kvevri". (შეგახსენებთ, რომ ეს წინგნი დაურიგდათ ქვევრის ღვინის პირველი სიმპოზიუმის ყველა უცხოელ დელეგატს.) ასე რომ მე ჩემი პოზიცია უკვე დიდი ხნის წინათ დავაფიქსირე ამ გამოცემით, თუმცა ამ შემთხვევაში ჩემი აზრი არავინ გაითვალისწინა. მინდა ვთქვა, რომ, როდესაც ჩემი წიგნის ინგლისურენოვანი თარგმანი გამოიცა მაშინ მე მთლად კარგად არ მქონდა გათვითცნობიერებული K და Q და ამიტომაც ამ საქმის პროფესიონალს მივენდე, მაგრამ როდესაც საქმე გართულდა მერე ამ საქმეს ძირეულად "ჩავუჯექი". დავეკითხე რჩევა ენათმეცნიერებს და დავწერე ეს სტატია. არის ორი ვარიანტი, ჩემს სტატიაში დაწერილი ან სიმართლეა და ან მცდარი აზრია. ერთი კია, რომ ესაა ჩემი აზრი! მე ყოველთვის იმის მომხრე ვარ, რომ შევიკრიბოდ და ერთობლივად მივიღოთ გადაწყვეტილება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ჩემი აზრის გაუთვალისწინებლად მოხდა... ამის შესახებ ქალბატონმა რუსუდან წურწუმიამაც მოგვწერა სამუშაო ჯგუფს შარშან, აბა გაიხსენეთ თუ არა ვარ მართალი. მან გვითხრა, რომ ნომინაციის ინგლისური თარგმანი ისე გაიგზავნა იუნესკოში, რომ მისთვის არ უჩვენებიათ და ასევე დასძინა, რომ Q არასწორია და უნდა იყოს K... გთხოვთ ყველას გადაავლოთ თვალი ჩვენს მაშინდელ მიმოწერას და თავად დარწმუნდებით ჩემს სიტყვებში. მოკლედ! იმის თქმა მინდა, რომ ჩემი მხრიდანაც და ასევე სხვა სპეციალისტების მხრიდანაც გამოითქვა მოსაზრება და იქ დამსწრეთა ნაწილი დღემდე თვლის, რომ მართებულია Kvevri. ასერომ იმას მაინც ვერ ვიტყვით, რომ არავის არაფერი უთქვამს და იმიტომ გადაწყდა ესეო. მე ჩემი მხრიდან ისევ იმ აზრზე ვარ. ამის გარდა დავწერე წიგნი, რომელსაც ასე დავარქვი და სხვათა შორის ჩვენი შეხვედრების დროს ეს წიგნი უკვე ნანახი ქონდა თითქმის ყველას. და მეორე დავწერე ეს სტატია. მე ეს სტატია იუნესკოში არ გამიგზავნია და არც ვაპირებ. ხვალ და ზეგ ვინმე უცხო აუცილებლად გვეტყვის, კი მარა ერთ ადამიანს მაინც გამოეთქვა აზრი ამის შესახებო და მართალიც იქნება ბატონო. ხოდა ის ერთი ადამიანი ამ შემთხვევაში მე ვარ. მოდით და გამოვასწოროთ ეს საქმე. მე ერთადაც რომ ვიყავით მაშინაც ვთქვი ჩემი სათქმელი და ამის გარდა ყველას ცალ–ცალკეც გამოვკითხე აზრი. თუ არა და გაარკვიეთ და ნახავთ, რომ ასეა. ვესაუბრე ყველას და არაერთ ადამიანს წინასწარაც გადაუგზავნე ჩემი სტატია... ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან.


ჩვენ, "ასოციაცია ქვევრის ღვინის" წარმომადგენლებმა შეხვედრაზე დავაფიქსირეთ, რომ უნდა იყოს Kvevri და ახლაც ამ აზრზე ვართ. ხოლო Q რომ ყ-ს შეესაბამება ამის ერთი მაგალითია ქვეყანა ყატარი- Qatar


ჩვენ ქვევრის ფონდის სხდომებზე რამოდენიმე შეხვედრის შემდეგ ხმათა უმრავლესობით დავადგინეთ ქვევრის დაწერა ლათინური Q -თი. ზოგირთმა წევრმა არ გამოთქვა თანხმობა, თუმცა საბოლოოდ ყველა დაჯერდა ხმათა უმრავლესობის ფორმულირებას.


საინტერესო დისკუსიაა,მაგრამ ხომ არ ვართულებთ საქმეს?! ეს აქამდე უნდა გარკვეულიყო,მით უმეტეს თუ იუნესკოში "ქ"-თი გვაქვს გაგზავნილი და დაუშვათ დაგვიმტკიცდა - Qvevri,ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ,გვაპატიეთ და 8000 წელი "ქვევრი" კია მაგრამ - "კვევრი" ყოფილა უფრო მართებულიო?! ამასობაში,თუნდაც ჩვენი მოძმე მეზობელი უკეთესად გადაწყვეტს - ვის,რა - დაარქვას და იუნესკო აღარ უშველის საქმეს.ხშირ შემთხვევაში ქართული ენის ასო-ბგერები,ხომ არ შეესაბამებიან სხვა ენებში არსებულ ასო-ბგერებს,მაგ: რუსულ ენაში-"კ" და "ქ"- ერთაირად ითარგმანება. მაგ: Кувейт - ქუვეითია და არა კუვეიტი, Кварели - ყვარელია და არა ქვარელი...


ესე იგი შევაჯამოთ ზემოთ მიმდინარე დისკუსია და დავსვათ რიტორიკული კითხვები: ავთანდილ არაბული ქეგლის რედაქციასაც რედაქტორობს და ტრანსლიტერაციის კანონებსაც ადგენს - თუკი ქეგლში უხეშ შეცდომებს უშვებს, ტრანსლიტერაციის კანონების შედგენისას რით ვართ დაზღვეული მსგავსი შეცდომებისგან? kvareli ყვარელია თუ კვარელი? Qatar თუ "ყატარია", ესე იგი Qvevri აუცილებლად "ყვევრი" იქნება? და თუ Kvevri უნდა დავაწეროთ ეტიკეტს, ინგლისელენოვანი მომხმარებლისთვის ეს იქნება "ქვევრი" თუ "კვევრი"? მე პირადად არ მინდა, წარწერა ისე იკითხებოდეს როგორც "კვევრი" მაშინ როდესაც ინგლისურენოვან მომხმარებელს მშვენივრად შეუძლია, ბგერა "ქ" სწორად გამოთქვას. რაც შეეხება Q-ს მოყვანილობას და მისგან ბრენდ-სიმბოლოს შექმნის საკითხს, ამაზედ გიორგი მეკითხებოდა, რით მიამსგავსეო და ბარემ აქვე ვუპასუხებ - ქვევრივით არის გაბერილი :)))


ძალიან სამწუხაროა, როცა ადამიანები თვითონ ვერ ერკვევიან რაღაცაში და სხვას სდებენ ბრალს. მაინც ვერ ვიგებ, რა დანაშაული მიუძღვის ენათმეცნიერების ინსტიტუტსა და ბატონ ავთანდილ არაბულს იმაში, რომ ვიღაცა ტრანსლიტერაციის წესებს სწორად ვერ იყენებს. ენციკლოპედიაშიც და ავთანდილ არაბულის წიგნშიც „ქართული მეტყველების კულტურა“ თვალნათლად არის მითითებული, რომ ქართული ქ ინგლისური ტრანსკრიფციით უნდა გადმოიცეს k-თი. ვერც ინსტიტუტი და ვერც მისი თანამშრომლები ვერ გაეკიდებიან ცალკეულ მოქალაქეებს და მათ მიერ დაშვებულ შცდომებზე პასუხს ვერ აგებენ (თუმცა მე არ მინახავს კონსულტაციაზე მოსული პიროვნება უყურადღებოდ გაეშვათ ინსტიტუტიდან). რაც შეეხება განმარტებითი ლექსიკონის ახალ გამოცემას (ხუთტომეული არ არის!), მასში თბილისის ფორუმიდან „ტიპების“ დიალოგები არავის შეუტანია. მართალია, ილუსტრაციები გამოიყენება ამ და სხვა ფორუმებიდანაც, მაგრამ მკაცრი შერჩევითა და შეზღუდვით (იმ შემთხვევაში, თუ ამა თუ იმ ფუძის შემცველი სხვა ილუსტრაცია არ იძებნება). ამასთანავე, ტერმინების წყაროდ გამოყენებულია სხვადასხვა ტერმინოლოგიური ლექსიკონი, შინამრეწველობის მასალები... და ასეთ შემთხვევაში რედაქცია სწორედ ამ ავტორებს ეყრდნობა (და არა მოყვარულების მიერ შედგენილ ლექსიკონებს). აღსანიშნავია, რომ არა მხოლოდ მევენახეობა-მეღვინეობის, არამედ უამრავი დარგის ტერმინოლოგია შედის განმარტებით ლექსიკონში. ინსტიტუტის ძალებს აღემატება, მოიწვიოს და ახალ რედაქციაში ჩართოს ყველა დარგის სპეციალისტი, რაც არა მარტო განმარტებითი ლექსიკონის ახალი რედაქციის წევრთა, არამედ ინსტიტუტის თანამშრომელთა რიცხვსაც გადააჭარბებს (თანაც, რომელ მოწვეულ (თუ მოწვევის მსურველ ამბიციურ) სპეციალისტს ეყოფა ენთუზიაზმი იმუშაოს იმ პირობებში, როგორშიც ინსტიტუტის თანამშრომლებს უწევთ მუშაობა).


ქალბატონო ნათია თქვენ ალბათ ინსტიტუტის თანამშრომელი ბრძანდებით არა? მე პირადად ბატონ ავთანდილთან არა მაქვს რაიმე პრეტენზია. მე ჩემს სტატიაში ვსაუბრობ იმ პრობლემებზე, რაც მართლაც სამწუხაროდ და მტკივნეულად მიმაჩნია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ერთია სამოყვარულო დონეზე დაწერილი, ან ლექსიკონი ან სხვა რაიმე წიგნი, მაგრამ მეორეა ქეგლი. უკაცვარად, მაგრამ ვერაფერი არგუმენტია "ინსტიტუტის ძალებს აღემატება"... ეს საქმე სერიოზული და ამავდროულად სტრატეგიული მნიშვნელობის საქმეა და იგი იმან უნდა გააკეთოს ვის ძალებსაც ეს არ აღემატება. თუ რაიმე აღემატება ჩემს ძალებს, მაშინ მე ვეკითხები იმ ხალხს, ვინც ესა თუ ის საკითხი ჩემზე კარგად იცის. (ან საერთოდ არ ვაკეთებ ასეთ რამეს.) რაც შეეხება ფორუმ-გედან ვიღაც ტიპების საუბარს ეს სიმართლეა! ვერ გავიგე თქვენი პოზიცია, თან ამბობთ, რომ მსგავსი არაფერია ლექსიკონშიო და თან ამბობთ, რომ ხანდახან ასეთი რამ შეიძლება იყოსო. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე პირადად ამოვიკითხე ამგვარი ტიპების გამონათქვამები ლექსიკონში "მატორში ზეთიანი შლანგი" (და სხვა მრავალი...) და ამიტომაც დავწერე. თუმცა, როგორც ვთქვი მე ამ ეტაპზე მევენახეობა-მეღვინეობის ტერმინოლოგიას ვეხები. ბარემ ერთ შეკითხვას აქვე ადვსვავ რედკოლეგიის მიმართ. ლექსიკონის პირველ ორ გამოცემაში შესულია ქართული ვაზის ჯიშების მხოლოდ ერთი ნაწილი და ზოგიერთი ქართული ვაზის ჯიში საერთოდ არაა ნახსენები. რატომ ხდება ასე? მე სწორედ ამას ვთვლი უხეშ შეცდომად და ვამბობ, რომ ამგვარი რამ დაუშვებელია. როგორც ჩანს რედკოლეგიიდან რომელიმემ თვითნებურად გადაწყვიტა, რომ ესა თუ ის ვაზის ჯიში შეეტანა ქეგლში და სხვები არა? იქნებ აგვიხსნათ რატომ ამოიღეს ლექსიკონიდან ქართული ვაზის ჯიშები: ბათომურა, ბუზა, ახალაკი და სხვები? ქეგლის თითოეულ ტომში ასეთი "სადაო" ტერმინი, თუ სტატია შესაძლოა სულ 50 - 100 იყოს და ნუთუ არ შეიძლება, რომ ეს ტერმინები და სტატიები გადაუგზავნონ ინსტიტუტისავე მიერ შერჩეულ დარგის სპეციალისტთა ჯგუფს და მათ დააზუსტონ ასეთი საკითხები? იქნებ ვინმემ ფული მოითხოვა ამ საქმეში ან დროის უქონლობის გამო უარი გითხრათ? მევენახეობა-მეღვინეობის სპეციალისტებს არ ეკითხებიან, სპორტსმენებს არ ეკითხებიან, ექიმებს არ ეკითხებიან, ინჟინრებს არ ეკითხებიან... რედკოლეგია აბსოლუტურად ყველა დარგის სპეციალისტია და ყველაფერი თავად იცის? (სპორტს რაც შეეხება: კალათბურთის თამაში ადმყარებულია ერთ ძალზე მნიშვნელოვან მომენტზე, ესაა "გარბენი". შეიძლება ითქვას, რომ ესაა კალათბურთის თამაშში მთავარი ტერმინი და ასევე მომენტიც და ეს ტერმინი რაღატომ ამოიღეს ლექსიკონიდან?). ებრაელების წყევლა არსებობს ასეთი: არც შენ გცოდნოდეს და არც სხვისთვის დაგეჯერებინოსო... რაც შეეხება იმ პირობებში ენთუზიასტების მუშაობას, როგორშიც ინსტიტუტის თანამშრომლებს უწევთ მუშაობა, მასეთი პირობები პირადად ჩემთვის, როგორც "მოყვარულისთვის" ძალიან კარგადაა ნაცნობი და არც ამ დარგის პროფესიონალებისთვისაა უცხო. ასერომ არც ეს არგუმენტია დამაჯერებელი, მითუმეტეს ინტერნეტის ხანაში. სთხოვეს ვინმეს და უარით უპასუხეს? მე ვერ ვიტყვი სხვა დარგებზე (თუმცა ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს), მაგრამ დამისახელოს ვინმემ მევენახეობა-მეღვინეობის დარგიდან პროფესიონალი, ვისთანაც ქეგლის რედკოლეგიას ჰქონდა საუბარი ზემოთთქმულის შესახებ. წინასწარ ჩათვალეს - რომც დავუძახოთ მაინც არ მოვლენ, და ამიტომ რაში გვჭირდება მაგათი დახმარებაო? თქვენი წერილის ბოლოში ნახსენებია "მოწვევის მსურველი ამბიციური სპეციალისტები" და დიდად სავარაუდოა, რომ თქვენ აქ მე მგულისხმობდეთ(თუმცა დარწმუნებული არა ვარ). ვიტყვი, რომ ქეგლში მიწვევაზე და მუშაობაზე ვერც კი ვიოცნებებ, რადგან ეს ჩემს კომპეტენციასა და გამოცდილებას დიდად სცილდება და გაცილებით აღემატება! იმედია მართებულად გამიგებთ და თან ბოდიშს ვიხდი თქვენს წინაშე, ამასთან მადლობელიც ვარ თქვენი წერილისათვის, რადგან იგი ჩემი სტატიის ძირითად მომენტს, ანუ ტრანსლიეტერაციის საკითხს ეთანხმება.


მაპატიეთ, მაგრამ თქვენ ვერ ერკვევით ქეგლის ფუნქციასა და შედგენის პრინციპებში. მგონი, გასაგებად გითხარით, რატომ და რა შემთხვევაში გამოიყენება ფორუმებიდან ილუსტრაციები (თქვენ მიერ ამოჩემებეულ ილუსტრაციას ქეგლ-ში ვერ მივაგენი. თუ გვერდს მიმითებთ, მადლობელი დაგრჩებით). ისიც მოგახსენეთ, რომ რედაქცია ეყრდნობა კვალიფიციური მკვლევრების მიერ შედგენილ და არა არაპროფესიონალი ავტორების ტერმინოლოგიურ ლექსიკონებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს თქვენთვის საკმარისი არ არის. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქეგლ-ის შესავალ ნაწილს, სადაც ძალიან კარგად და ვრცლად არის ახსნილი, თუ რატომ არის საჭირო განმარტებითი ლექსიკონის ახალი გამოცემა (უნდა ასახოს ენის განვითარების ტენდენციები. ამიტომ გვერდს ვერ უვლის „ფორუმების ენასაც“!), რა დოზით შედის ტერმინები და ა.შ. იმედი მაქვს, წაკითხულს კარგად გაიაზრებთ და მსგავსი კითხვები არ გაგიჩნდებათ, შესაბამისად, სხვებსაც არ შეიყვანთ შეცდომაში (მხედველობაში მაქვს ისეთი ადამიანები, ვისაც ლექსიკონთან არანაირი შეხება არ აქვთ და მის ავკარგიანობაზე თქვენგან იღებენ ინფორმაციას).


მე პირადად ვერ ვხედავ პრობლემას, თუკი ქეგლი ქართულ ენაში შემოჭრილ (დამკვიდრებულ) ბარბარიზმებზე ან ჟარგონზე მიუთითებს და წყაროებსაც დაასახელებს. თუმცა, გიორგის სრულად ვეთანხმები და დიდ პრობლემად მიმაჩნია, როდესაც ქეგლში ქართული ვაზის ჯიშების მხოლოდ ნაწილი მოხვდა, ნაწილი კი - არა. ასევე მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ტერმინოლოგია ზოგჯერ არასრულად და გაუგებრად არის განმარტებული. მაგალითად, წერია - "ასურეთული – ვაზის ჯიში ერთგვარი", როცა შეიძლებოდა უფრო ნათლად განმარტებულიყო, რა არის "ასურეთული შავი" (ჯიშს სრული სახელი ასე ჰქვია). ამ თემაზე იხ. გიორგის სტატია: http://vinoge.com/mevenaxeoba/zogierTi-qarTuli-vazis-jiSis-dasaxelebisa-... . ზოგადად, ამ სტატიაშიც უფრო მეტ მაგალითებს ვისურვებდი იმის საილუსტრაციოდ, თუ რა ხარვეზებია ქეგლში მევენახეობის მიმართულებით, მაგრამ ამ შემთხვევაში, სტატიის მიზანი, როგორც ჩანს, ამაზე საუბარი არ იყო.


უკაცრავად, მეღვინეობის სპეციალისტი არ ვარ და შემთხვევით წავაწყდი ამ პოლემიკას, მაგრამ, როგორც ფილოლოგი, ჩემს აზრს შემოგთავაზებთ. Qv და Kv ასოები ერთმანეთის გვერდით სიტყვის დასაწყისში არცერთ ინგლისურ სიტყვაში არ გვხვდება და, რამდენადაც მახსოვს, არც სიტყვის შუაში ან ბოლოში უნდა იყოს. ამიტომ ორივე დაწერილობა ნებისმიერ შემთხვევაში უცხო იქნება ინგლისელისთვის. ასევე უცხო იქნება მისთვის „ქ“ და „ვ“ ბგერების გვერდიგვერდ გამოთქმაც, რადგან ეს ბგერები ერთმანეთის გვერდით ასევე არცერთი ინგლისური სიტყვის წაკითხვაშიც არ არის. [k]-ს გვერდით გვხვდება უმარცვლო „უ“[w] (როგორიცაა ძველ ქართულ სიტყვებში „ძუელი“, „ჩუენი“ და სხვ) და არა თანამედროვე ქართული ბგერა „ვ“ [v]. ამიტომ, შესაძლოა ინგლისელმა ეს სიტყვაც ასე წაიკითხოს [kwevri] ან [qwewri], უმარცვლო უ-ებით, თუმც, არა მგონია, რომ ამის გაკეთება გაუჭირდეს. მეორე მხრივ, რუსულენოვანი მოსახლეობა, რომელსაც საერთოდ არა აქვს „ქ“ ასო და ბგერა, ამ სიტყვას დაწერს და წაიკითხავს, როგორც „квеври». რომელიმე ენაში, რომელიც ლათინურ ანბანს იყენებს, შესაძლოა არ იყოს პრობლემა Qv ან Kv ასოების და ბგერების ერთად დაწერისა და წაკითხვისაც. არის ერთი საინტერესო დოკუმენტი, სადაც განხილულია რომელი ენიდან რომელი ასო როგორ უნდა გადმოვიტანოთ ქართულში http://www.sakpatenti.org.ge/files/transliteracia.pdf ალბათ, უნდა არსებობდეს ისეთი დოკუმენტიც, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, რომელი ასო როგორ უნდა გადავიდეს თითოეულ ამ ენაში ქართულიდან. მაგრამ, რამდენადაც ჩვენ გვინდა, რომ მთელ მსოფლიოში, სადაც ლათინური ანბანი გამოიყენება, ერთნაირად დაიწეროს სიტყვა „ქვევრი“, ალბათ უპირატესობა მაინც ინგლისურ ტრანსლიტერაციას მიენიჭება. რეალობა ასეთია. ქართველოლოგია მსოფლიოში ცნობილია, როგორც Kartvelology და ქართველური ენები, როგორც The Kartvelian languages. შესაბამისად, ალბათ, სიტყვა „ქვევრიც“ ასო k-თი უნდა დავწეროთ – “kvevri”. მართალია, გეთანხმებით, რომ ქართული „ყ’“-ც ინგლისურში k-დ გადადის და, შესაძლოა, უმჯობესი ყოფილიყო „ქ“-ს აღსანიშნად განსხვავებული ლათინური ასო „q”-ს დამკვიდრება და არა “k”-ს, მაგრამ ასეთი ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სახელმწიფოებრივ დონეზე.


Q-ს შემდეგ მართლაც არ გვხვდება არა მარტო v,არამედ სხვა რაიმე თანხმოვანი.რაც შეეხება K -ს არის რამდენიმე სიტყვა ინგლისურში, მაგალითად ზმნა kvell რასაც ოქსფორდი განმარტავს, როგორც feel happy and proud, ან kvetch, რაც ნიშნავს a person who complains a great deal, ასევე რუსული კვასი - kvass. თუმცა ეს უკანასკნელი მთლად კარგი მაგალითი ვერ არის,მაინც,როგორც ჩანს, სწორია kvevri.


დღევანდელი ნომრში წავიკითხე ბ. თეიმურაზ ღლონტის გამოხმაურება გიორგი ბარისაშვილის სტატიაზე, რომელიც ტერმინ"ქვევრის" ინგლისურენოვან დაწერილობას ეხება და აღვშფოთდი . ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავა ბ. თეიმურაზის მიმართ, მისი სტატია უსამართლო ბრალდებებს შეიცავს და სიმარლისგან ძალიან შორსაა. გიორგი ბარისაშვილი დადანაშაულება არაქართული ინტერესების დაცვაში ძალიან დიდი შეცდომა და დანაშაულია. გიორგის ჩემი დაცვა არაფერში ჭირდება, ვინც მას პირადად იცნობს ან მისი საქმინაობის შესახებ რამე გაუგია კარგად მოეხსენება გიორგის ფასდაუდებელი საქმიანობი შესახებ ქართული მევენახეობა- მეღვინეობაში, რომ არაფერი ვთქვათ ადამიანურ თვისებებზე. გიორგი სამქმეს აკრიტიკებდა, ხოლოო ბ. თეიმურაზი გიორგის და მას გერმანელთა ლობირებაში ადანაშულებს, რაც ჩემის აზრით აბსურდია. P.S. რაც შეეხეპა ვიკიპედიის "სანდოობას" და მის დამოწმებას მეცნიერებაში, უკაცრავად და ცოტა სასაცილოა


მიუხედავად იმისა, რომ Q vs K-სკონკრეტულ საკითხზე განსხვავებული აზრი გამოვთქვი, სრულად ვეთანხმები პატივცემულ მოგზაურს. მართლაც არასამართლიანია გიორგის დადანაშაულება "ქართული ინტერესების წინააღმდეგ" გამიზნულ მოქმედებებში. მის საქმიანობას და პოზიციებს ყველანი კარგად ვიცნობთ და ამას ვერ დავეთანხმებით. ზოგადად, როგორც წინამდებარე წერილში, ისე ბატონი თეიმურაზის გამოხმაურებაში ბევრი რამ არის უტრირებული, რითაც ეს ორი წერილი ერთმანეთს ჰგავს. მაგალითად, გიორგი ბარისაშვილის ფრაზა: "საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობა ამგვარ რთულ ყოფაში შაჰ-აბასის დროსაც კი არ ყოფილა..." - აშკარად დღევანდელი პრობლემების მეტისმეტი ჰიპერბოლიზებაა, მითუმეტეს, სხვა წერილში – 2012 წლის მოვლენების მიმოხილვაში, იგივე ავტორი დადებით მოვლენებზე უფრო მეტს წერდა და როცა ამდენი დადებითი მოვლენაა, შაჰ-აბასის აჩრდილი აშკარად ხელს გვიშლის პრობლემების ობიექტურ აღქმაში. ვფიქრობ, ასეთივე „საშიში აჩრდილის“ სახით არის წარმოდგენილი „უცხოელები“ და "გერმანელები“ ბატონი თეიმურაზის სტატიაში და აქაც ჩემი აზრით, ზედმეტად გამძაფრებულია პრობლემა.


მოგესალმებით სტამბოლიდან, როგორ შეიძლება დავუკავშირდე "ვაზისა და ღვინის ანბანის" ავტორს ამ წიგნის შესახებ?


რაები მისწერ-დასწერეთ ?!


ელისაბედ მეორეს "ყუიიიიინ" ერქვა თქვენებურად ?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული